უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 თებერვალს ვაშინგტონში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად. შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გაიმართა და სანამ შეთანხმებას განიხილავდნენ, რომლითაც აშშ-ს წვდომა მიეცემოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე, ხოლო უკრაინა მისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა, პრეზიდენტებს შორის შელაპარაკება მოხდა და შეთანხმებაც ჩაიშალა. ზელენსკიმ ტრამპს უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო და მოუწოდა, არ წავიდეს "კომპრომისზე მკვლელთან", ტრამპმა, თავის მხრივ, ზელენსკის "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დასდო ბრალი და შეახსენა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინას მომგებიანი პოზიცია არა აქვს და მას მეტი მადლიერების გამოვლენისკენ მოუწოდა. გვესაუბრება ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი. - როგორ შეაფასებთ ტრამპი-ზელენსკის შეხვედრას? ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა ისიც კი დაწერა, ზელენსკი "გაფრინდა" ვაშინგტონში და კრემლში აღმოჩნდაო. - ეს იყო ტრამპის ადმინისტრაციის პროვოკაციული სცენარი, რაც თავიდანვე ჩანდა - როცა ზელენსკი თეთრ სახლში შედიოდა, ტრამპი დახვდა და ჩაცმულობაზე ირონიულად მიანიშნა. პრესკონფერენციაზეც ერთმა დამსწრემ ჰკითხა, კოსტიუმი რატომ არ გაცვიათო, უკვე ჩანდა, რომ ეს დამცირების ერთ-ერთი ტაქტიკა იყო. შემდგომ რაც მოხდა, კატასტროფაა ამერიკისთვის... ეს საგანგაშო სიგნალია ევროპისთვის, სამხრეთ კორეისთვის, ავსტრალიისა­ და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებსაც შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნათ - იქით ჩინეთია, ტაივანი, სადაც შეიძლება ანალოგიური სიტუაცია განმეორდეს, რაც უკრაინაში მოხდა. წარმოიდგინეთ, რას ფიქრობენ იაპონელები,­ კორეელები და ტაივანელები, თუ რა ელით ჩინეთისგან. ჩათვალეთ, რომ აშშ-ის სანდოობა განადგურებულია. ეს ქვეყნები ჩათვლიან, რომ ამერიკა მათი მოკავშირე აღარ არის და დაიწყებენ­ ყველაზე ცუდი სცენარისთვის მომზადებას­. ამერიკამ, როგორც თავისუ­ფალი და დემოკ­რატიული მსოფლიოს ლიდერმა, ამ საქციელით საკუთარ თავს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.­ ამერიკა აღარ არის დასავლური­ სამყაროს დასაყრდენი ძალა. ამ ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს ავტორიტარიზმის გზით იაროს. ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მესიჯები პირდაპირ კრემლის იყო, ერთი-ერთზე გაიმეორა, რომ უკრაინა­ დანგრეულია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები არ იბრძვიან და ძალით მიჰყავთ ომში... იმის მაგივრად, ზეწოლა თავდამსხმელ პუტინზე მოეხდინათ, ვინც თავს იცავს, იმას შეუტიეს. ზელენსკი თუ პუტინს უნდა დანებდეს, თუ უკრაინას ტერიტორია დასა­თმობი აქვს, ხალხი გასაყვანი ჰყავს, ჯარი გასაუქმებელი, რაში სჭირდება ტრამპი, თვითონაც შეუძლია ამის გაკეთებაო, ასეთი ლოგიკური კითხვა დაისვა შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ახალი ადმინისტრაციის მიზანი არ არის ამერიკის, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერის როლის გაგრძელება, მისი მიზანია ავტორიტარიზმისა და დიქტატურის დამყარება და აქედან გამომდინარე, დიქტატორები ერთმანეთს კარგად უგებენ - პუტინი იქნება, სი ძინპინი თუ ტრამპი, მათთვის მთავარი მტერი დემოკრატიული სამყაროა და არა ერთმანეთი. ის, რასაც ტრამპი აკეთებს, მშვენივრად ჯდება რუსეთის ინტერესებში. ის, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყდება, ამის მოლოდინი არის და ამ შეხვე­დრის შემდეგ ასეც იქნება. როგორც ირკვევა, 1 კვირის წინ თავდაცვის მდივანმა­ ჰეგსეტმა ბრძანება გასცა და რუსეთის წინააღმდეგ პენტაგონის კიბეროპერაციები შეაჩერა. ჩემი გადმოსახედიდან, ამერიკის შიგნიდან განადგურება მიდის. - რა არის ტრამპის ამოცანა, როცა პროკრემლისტურ განცხადებებს აკეთებს? - სულ რომ თავი დავანებოთ ტრამპის თითქოს აგენტობას (რაზეც საუბრობენ), ის რადიკალურად განსხვავდება ყველა წინამორბედისგან. ტრამპი პოლიტიკური სივრციდან არ არის მოსული და არც პოლიტიკური განათლება აქვს. პოლიტიკის­ ფუძემდებლურ პრინციპებს თუ იზიარებ, მთლიანად ქვეყნის ან საერთაშორისო პოლიტიკის აყირავებას არ გამოიწვევ, მით უმეტეს, როცა გლობალური დონის ძალა ხარ. ტრამპს სულ სხვა მიზნები, სხვა ღირებულებები აქვს, მისთვის ამერიკული პოლიტი­კური სისტემა აბსოლუტურად უცხოა. მას სურს ამ პოლიტიკური სისტემის დანგრევა­, უამისოდ ვერ განიმტკიცებს ერთპიროვნულ მმართველობას. არჩევნების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში, თუ არ ვცდები, ტაკერ კარლსონთან, პირდაპირ თქვა, ხომ შეიძლება ერთი დღით მაინც ვიყო დიქტატორი, სულ ერთი დღე მინდა, მეტი არაო (ხუმრობით თქვა, თუ ნახევრად ხუმრობით, ეს ღმერთმა უწყის). მის პირველ დღეებს თუ გადავხედავთ, მიხვდებით, რომ ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს ამდენი აღმასრულებელი ბრძანება არ გამოუცია. აღმასრულებელი ბრძანებით ამერიკა­ არ იმართება. ეს მეტყველებს, რომ ტრამპი არ აპირებს კონსულტაციას არც სენატთან, არც კონგრესთან, რაც მას უნდა, იმას გამოსცემს და ელოდება, როდის შესრულდება. ბევრი მისი ბრძანება არაკონსტიტუციურია და სასამართლოებმა შეაჩერეს, ახლა ამ ბრძანებების გამო რიგი დგას სასამართლოებში. მისი გუნდი კონსერვატორების ბანაკებიდან კი არ არიან, შეთქმულების­ თეორიების მომხრე ხალხია, ადვილად ექცევიან რუსული დეზინფორმაციის გავლენაში, იზიარე­ბენ, რომ ამერიკაში არსებული პოლიტიკური სისტემა კი არ უნდა გაჯანსაღდეს, უნდა დაინგრეს. მათ აქვთ გეგმა, რომელსაც თავდაპირველად ერქვა "გადავწვათ ვაშინგტონი", ანუ ამ გეგმით გათვალისწინებულია ამერიკული პოლიტიკური სისტემისა და ბიუროკრატიის­ გაწმენდა. ამ დღის წესრიგში შედის სატარიფო ომი მთელ მსოფლიოსთან, მათ შორის, ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ასეთი­ ხალხი უფრო კარგად გაუგებს პუტინს, სი ძინპინს, ხოლო ზელენსკისა და დანარჩენ მსოფლიოს ამერიკის მტრებად და დიქტა­ტორებად მიიჩნევს. ტრამპი ამავე დროს ისეთი ადამიანია, რომელსაც უნდა სწრაფი­ შედეგები და ეს თუ არ დაინახა, შეიძლება თავისი გუნდის წევრები ხელთათმანებივით გამოიცვალოს (როგორც წინა ადმინისტრაციის დროს). - ტრამპს თვითონ ამერიკაშიც (რესპუბლიკელებშიც კი) ბევრი უკმაყოფილო ჰყავს. ტრამპს შეარბილებინებენ რიტორიკას თუ სენატისა და პალატის შუალედური არჩევნები იქნება გადამწყვეტი რამის შესაცვლელად? - უნდა დაველოდოთ, ტრამპის გუნდსა­ და რესპუბლიკურ პარტიაში რომელი ბანაკი უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, იქნება ეს MAGA-ს ბანაკი, რომელიც ახლა ტრამპს აკონტროლებს, თუ რესპუბლიკურ პარტიაში მოხდება განხეთქილება, საღად მოაზროვნე რესპუბლიკელები განზე გადგებიან და ძველი გავლენის დაბრუნებას დაიწყებენ. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რა მოხდება ფედერალური შტატების დონეზე, იმიტომ, რომ ერთია პრეზიდენტი, მაგრამ შტატებში­ მისი უფლებები შეზღუდულია, ამიტომ რა მოხდება შტატებში, როგორ გაიზრდება წინააღმდეგობა ტრამპის პოლიტიკასთან, ესეც საინტერესოა. ეს წინააღმდეგობა დღითი დღე მატულობს და უკავშირდება მის რადიკალურ გადაწყვეტილებებს - საყოველთაო ჯანდაცვის გაუქმებას, სახელმწიფო მოხელეების გათავისუფლების შესახებ რადიკალურ გადაწყვეტილებას, სადაც ასიათასობით მოხელეს დაითხოვენ და წარმოიდგინეთ, როცა 60 მილიონი კაცი საყოველთაო ჯანდაცვის გარეშე რჩება, რა შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს. ყველაფერი 3-4 თვეში გამოჩნდება. სენატის შუალედური არჩევნებისკენ გამოიკვეთება საყოველთაო განწყობა მოსახლეობასა და პარ­ტიაშიც და ამის მიხედვით გადაწყდება ტრამპის საკითხი. ტრამპს ერთი რამ არ უნდა დავუკარგოთ - მან კარგად იცის, თუ არ დადგება ის შედეგი, რაც სურს, შეუძლია 180 გრადუსით შემოატრიალოს პოლიტიკა, ის ხალხი, რომელიც აქამდე ახლდა, სახლებში გაუშვას და ახლები მოიყვანოს. ამ მხრივ მას არც შეზღუდვები აქვს, არც სინდისის ქენჯნა, ასეთი ფსიქოტიპია. ერთი მხრივ, სურს სწრაფად გაატაროს მისთვის სასურველი პოლიტიკა და მეორე მხრივ, სწადია აღიარებდნენ როგორც მეფეს. უნდა დავაკვირდეთ, რას მოიმოქმედებს­ ტრამპი: 1. გაგრძელებს თუ არა შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის; 2. უკრაინასა­ და ევროპასთან ერთად რაიმე შეთანხმება თუ დაიდება და იქ გამოჩნდება, აშშ-მა= გასცა თუ არა გარანტიები; 3. შეამცირებს­ თუ არა ნატოში ყოფნას, როგორც ეს ორჯერ სურდა - 2018 და 2020 წლებში, ან გაიყვანს­ თუ არა ამერიკას ნატოდან (ეს ჯერ კიდევ 1988 წლიდან აქვს გაცხადებული). შემცირდება თუ არა აშშ-ს ჯარების ყოფნა ევროპის კონტინენტზე, გაგრძელდება თუ არა რუსეთის სანქცირება - უფრო გამძაფრდება თუ შერბილდება. უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება ზაფხულამდე და შემდგომ შეიძლება დასკვნის გამოტანა. - ახლა რა ელის უკრაინას? - ცუდია, თუ ამერიკა შეწყვეტს უკრაინის დახმარებას. უკრაინას აქვს გარანტია, რომ მას მხარს უმაგრებს ევროპა­ როგორც ფინანსურად, ახლა უფრო და უფრო სამხედრო დახმარებითაც. პრობლემა ის არის, რომ შეიარაღების მთელ რიგ კატეგორიებში ევროპას არ შეუძლია სამხედრო პოტენციალის ასე სწრაფად ჩანაცვლება, რასაც აქამდე აშშ უზრუნველყოფდა, სამაგიეროდ, ევროპას შეუძლია ამ შეიარაღების კომპენსირება სხვა ტიპის დახმარებით, სხვა ტიპის შეიარაღებით, პლუს უკრაინული სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობით. დაველოდოთ საბოლოოდ რა გაიმარჯვებს - აშშ-ის საღი აზრი, თანამშრომლობის სურვილი ევროპასთან თუ ეგოიზმი, პირადი წყენები და ამის შედეგად გადაყირავდება საერთაშორისო წესრიგი.