ზურაბიშვილის „ახალი გეგმა“ და ძველი პრობლემები?!
სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნებისთვის ხუთნაბიჯიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის მიზანიც პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაა. მისი თქმით, გეგმას ალტერნატივა არა აქვს და ეს პირდაპირი პასუხია საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაზე, რომლებიც უკვე სამი თვეა ხელისუფლების ანტიევროპულ პოზიციას აპროტესტებენ. გეგმა კი ასეთია: არჩევნების პირობების დაწესება; საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების "ჯარის" მომზადება; საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა; პოლიტიკური ძალების კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის; ერთიანი საარჩევნო პროგრამა - "ქართული ქარტია" და მისი პრიორიტეტები - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ე.წ. რუსული კანონების გაუქმება და სამართლიანი სასამართლოს აღდგენა... რამდენად შესაძლებელია ამ გეგმა შესრულება და რა არის მისი უპირატესობა, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსს, დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ.
„ვეჭვობ, ევროპა ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მოსთხოვს“
დავით ზურაბიშვილი: - გულახდილად გეტყვით, სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა და საერთოდ, ამ დღეებში ოპოზიციის რიტორიკა, დამაბნეველია. რას ვგულისხმობ: პირველი კითხვა, როდესაც ლაპარაკია, რომ არჩევნებისთვის ვემზადებით, ამ ხელისუფლების ხელში აქვს თუ არა აზრი არჩევნებს. აი, აქ ვიჭედებით, რადგან, როგორც წესი, ყველა ოპოზიციური პარტია, შეიძლება მცირე გამონაკლისის გარდა, მაგალითად, გახარიას პარტია, ამბობს, რომ ამ ხელისუფლების ხელში, საარჩევნო კომისიის ამ თავმჯდომარისა და მთელი ამ რესურსების, რაც აქვს ხელისუფლებას, არჩევნებს აზრი არა აქვს. თუ აზრი არა აქვს, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ამას როგორ ვცვლი? ამაზე პასუხი არ არსებობს. "ოცნება" არაფერს ცვლის, არჩევნებში მაინც ვმონაწილეობთ, წაგების მერე კი გავიძახით, არჩევნები გაყალბდაო. ეს ყველაფერი ერთად ცოტა გაუგებარია, მკაფიო პასუხია საჭირო. მაგალითად, 2024 წლის არჩევნებში, სხვათა შორის, იგივე იყო 2020 წლის არჩევნებშიც, რაც ოპოზიციას გათვლილი არ ჰქონდა, იყო კარუსელები და გაყალბებების ტრადიციული მეთოდები, ანუ როდესაც ხელისუფლება იწერს მეტ ხმას, ვიდრე მან რეალურად მიიღო. არ ითვლება კოორდინატორები, დაშინება, მოსყიდვა და ა.შ.
როდესაც ოპოზიციამ თქვა, რომ მაინც მოვუგებთ "ოცნებას" არჩევნებსო, იგულისხმებოდა, რომ დაშინებაც იქნებოდა და მოსყიდვაც, მაგრამ მაინც მოუგებდნენ. ეს არ გამოვიდა და მერე უცბად დაიწყო ისევ იმაზე ლაპარაკი, ხალხი დააშინეს, მოისყიდესო და ა.შ. მაგრამ ეს რომ ისევ იქნებოდა, ხომ ვიცოდით? მხოლოდ კი არ ვიცოდით, არამედ თამაშის ეს წესი მივიღეთ როგორც მოცემულობა და ვუთხარით, ამ მოცემულობითაც მოგიგებთო. ეს არ გამოვიდა... ახლაც ზუსტად იგივე გაუგებრობა გვაქვს, ვაპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას? მოდი, გულახდილად ვთქვათ - მაგალითად, არ შეცვლის ცესკოს თავმჯდომარეს ხელისუფლება. ვინ უნდა შეაცვლევინოს? დასავლეთს ყურს არ უგდებს და არ ანაღვლებს, რას ეტყვის. მაშინ დღევანდელ რეალობაში, დღევანდელი ცესკოთი, დღევანდელი კომისიებით არის თუ არა ოპოზიცია არჩევნების მომგები და უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა? მკაფიოდ უნდა ითქვას - თუ არჩევნებში მონაწილეობ, მზად უნდა იყო ასეთი არჩევნებისთვის და უნდა გჯეროდეს, რომ მოიგებ. თუ ეს არ გჯერა, მაშინ აზრი არა აქვს.
ეს ხომ არ არის ოლიმპიური პრინციპი, სადაც მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება. თუ გამარჯვებისთვის იბრძვი, და სალომე ზურაბიშვილმა თქვა, კომისიებში "ჯარი" უნდა მოვამზადოთო, იმას ნიშნავს, რომ ემზადები მონაწილეობისთვის ამ პირობებში. თუ ხელისუფლება გამოცვალე, ცესკოს თავმჯდომარე გამოცვალე, არჩევნებს ნორმალურ პირობებში ატარებ, მაშინ ამ კომისიებში რა "ჯარი" გჭირდება? თუ ჯარს ამზადებ, მაშინ ამ პირობებში მონაწილეობ არჩევნებში.
ხელისუფლებას თუ რიგგარეშე არჩევნებს დაანიშნინებ, ეს იქნება სიტუაციის გარდატეხა და უნდა თქვა, ამ პირობებითაც მოვუგებთ ხელისუფლებას, არ გვაინტერესებს ცესკოო. თუკი გაინტერესებს, ეს ნიშნავს, რომ ჯერ ამხობ ხელისუფლებას და მერე ატარებ არჩევნებს. ამიტომ მკაფიოდ ასარჩევია, ჯერ ცვლი ხელისუფლებას, წელში ამტვრევ და ნიშნავ ცესკოში ვისაც გინდა, ან არალეგიტიმურ პარლამენტს მიაღებინებ ისეთ კანონებს, რაც გინდა, და ამის მერე ატარებ არჩევნებს; ან ატარებ ამ მძიმე პირობებში, მაგრამ იმედი გაქვს, რომ მოიგებ. თუკი ისეთი გაყალბება იქნება, რომ პირდაპირ დაიწერეს, რაც უნდათ, მერე უნდა უთხრა, რომ ამას რეაგირებას გარეშე არ დატოვებ.
მაგრამ მე პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ხალხი ამისთვის მზად არ არის, და აქ შემოდის მეორე მომენტი. "ოცნებას"“ ეუბნებიან, რუსული ხელისუფლება ხარო. ეს არ არის უბრალო მეტაფორა, პირდაპირ ამბობენ, რომ ის პუტინის დავალებების შემსრულებელია. კითხვას ვსვამ: თუ ასეა, პუტინი აქ არჩევნებს მოგვაგებინებს? ანუ აქ ბიძინა წყვეტს, ვინ მოიგებს და ვინ არა, თუ პუტინი და ეფ-ეს-ბე? თუ ეფ-ეს-ბე, მაშინ ისეთი რა არჩევნები უნდა ჩაატარო, რომ ეფ-ეს-ბეს მოუგო? თუ ეფ-ეს-ბე ატარებს, მაშინ შენი ამოცანა უნდა იყოს, რომ დაარწმუნო ხალხი, ჩვენ უკვე რუსეთის სრულ ოკუპაციაში ვართ და რაღა არჩევნებზე ელაპარაკები? არჩევნები კი არა, მაშინ რევოლუცია უნდა მოაწყო.
- თქვენ რომელი ვარიანტი გგონიათ?
- ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ეფ-ეს-ბესაც უწევს ანგარიშს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი მათი ინსტრუქციებით იმართება. თვითონ ბიძინა მართავს სიტუაციას, ეს მისი ძალაუფლებაა და მისი მიზანი არ არის საქართველოს რუსეთში შეყვანა. ასე რომ იყოს, მაშინ რა უშლის ხელს, რომ რუსეთის ჯარი ახლავე შემოიყვანოს? ვინ უშლის ამაში ხელს, კობახიძე ეღობება წინ თუ ყაველაშვილი? ამაში მკაფიოდ გარკვევაა საჭირო, ნაცვლად ამისა, მეტაფორებით მიდის ლაპარაკი, რუსული ხელისუფლება, საოკუპაციო რეჟიმიო. სიტყვები "საოკუპაციო რეჟიმი" და არჩევნები ურთიერთგამომრიცხავია. ამიტომ ოპოზიციამ უნდა აირჩიოს, ან „საოკუპაციო რეჟიმი, ან არჩევნები და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. ორივე ერთად არ გამოვა, არც არასოდეს გამოსულა ერთი და იმავე მდინარეში რამდენჯერ უნდა დაიხრჩონ?!
ამომრჩეველთა დიდი ნაწილი და მათ შორის ისიც, ვისაც შეიძლება ეს ხელისუფლება არ მოსწონდეს, მაინცდამაინც არც რუსეთთან "ოცნების"“დამოკიდებულება მოსწონდეს, არ ფიქრობს, რომ ეს საოკუპაციო რეჟიმია. ვინც ასე ფიქრობს, ის დღეს ქუჩაშია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, დანარჩენ ნაწილს ამაში ვერ არწმუნებ. მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდე და უთხრა საზოგადოებას, თუკი არჩევნებზე ხარ ორიენტირებული და გინდა რიგგარეშე არჩევნები ჩაატარო, მაშინ უნდა თქვა, რომ ამას ატარებ იმ პირობებში, რაც დღეს გვაქვს. ამას ტექნოლოგიურად როგორ გააფორმებ ამომრჩეველთან კომუნიკაციაში, მეორე საკითხია. რიტორიკაა შესაცვლელი. მუდმივად იმის ძახილი, ივანიშვილი რუსეთის კაციაო, მას უფრო აძლიერებს ამომრჩევლის თვალში. ფიქრობენ, თუ მის უკან ამხელა რუსეთი დგას, არჩევნებში როგორ მოვერევითო? ამიტომაც ვისაც სჯერა, რომ მის უკან არავინ დგას და სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ბევრი ფული აქვს, სულ სხვაა, როდესაც ამხელა იმპერია გიმაგრებს ზურგს თავისი არმიით.
ცხადია, ბიძინა რუსეთთან სრულად გაუმართლებელ დათმობებზე მიდის, დასავლეთს სცილდება და ამ სივრცეში ურჩევნია, მაგრამ ბიძინას მხოლოდ რუსეთშიც არ უნდა, ჩინეთიც უნდა, თურქეთიც, აზერბაიჯანიც, არაბული ქვეყნებიც. ცდილობს დასავლეთი ამ ქვეყნებით დააბალანსოს და მაშინ რატომღა აცხადებ, გინდა თუ არა, აქ არჩევნებს რუსეთი ატარებსო? სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, აქ არჩევნები რუსეთმა ჩაგვიტარაო, და თუ ასე იყო, აღარ ჩაატარებს?
მეორე, რაც ამის მერე მოდის - თუ ამას ამბობ და ასე მიგაჩნია, მაშინ უნდა თქვა, ხალხო, არავითარი არჩევნები, აქ გვაქვს საოკუპაციო რეჟიმი, გვებრძვის რუსეთი და ქართველო, ხელი ხმალს იკარო ამას ხალხი რამდენად აჰყვება, არ ვიცი, მაგრამ სწორი და პატიოსანი გზა კი არის.
ესენი თან რუსებს ეძახიან და თან ამის დამამტკიცებელი საბუთები ვერ მოაქვთ. მხოლოდ იმას გაიძახიან, აი, ამან ეს თქვა დასავლეთზე, აქ დიქტატურას ამყარებს, ე.ი. რუსეთიაო... მაგრამ ეს არ არის დამაჯერებელი, რადგან დიქტატურა და ავტორიტარიზმი მხოლოდ რუსული მოვლენა არ არის. კი, ბევრი რაღაც შეიძლება რუსეთიდან გადმოიღო, რადგან რუსული გამოცდილება ამათთვის უფრო მშობლიურია, მაგრამ ეს არ არის მაინცდამაინც რუსული.
ამიტომაც, უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთი შეხედულებებში და აქედან გამომდინარე, გეგმებსაც ვერ ადგენენ.
- ახალი არჩევნების დანიშვნის რა შანსია და რა უნდა ქნან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით?
- ძალიან თუ არ გაუჭირდა, ბიძინა ივანიშვილი არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, თუ ჩათვალა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე მისი საქმე უარესად იქნება, მაშინ კი შესაძლებელი იქნება.
- რამ შეიძლება მას ამისკენ უბიძგოს?
- თითქმის გამორიცხული მგონია, ეს შემოდგომამდე გააკეთოს. ის ყველანაირად გაწელავს დროს. საერთაშორისო კონიუნქტურა ისეთია, ჩვენთვის არავის არ სცალია და ამერიკის დამოკიდებულება საქართველოსადმი როდის გაირკვევა, არ ვიცით. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაა, ბუჩქებში არიან დამალული. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად შეეცდება გაწელოს სიტუაცია, რომ ევროპიდან სანქციები არ იყოს. ვფიქრობ, ევროპისგანაც ნელ-ნელა გამოიკვეთება თვითმმართველობის არჩევნების საეტაპო მნიშვნელობის თარიღად მონიშვნა. ისეთი მოულოდნელობებით სავსე ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მათ შორის არც იმის, რაღაც არჩევნებამდეც ჩამოიშალოს, მაგრამ ხელისუფლებას, დიდი ალბათობით, ექნება რესურსი, რომ არჩევნებამდე მიატანოს. ზაფხულამდე ასე გორაობით თუ მიატანა, მაშინ, ალბათ, დღის წესრიგში უკვე თვითმმართველობის არჩევნები დადგება და დიდი ეჭვი მაქვს, ევროპა ოპოზიციას ამ არჩევნებში მონაწილეობას მოსთხოვს. ოპოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე უარის თქმა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. თუ მანამდე ვერ მოხერხდა სიტუაციის გარდატეხა, და შესაძლებელია, ვერც მოხერხდეს, ასევე შესაძლებელია ვერც ის მოხერხდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა განიმტკიცოს სიტუაცია და იყოს ის მდგომარეობა, როგორიც ახლაა, ანუ ქუჩაში პროტესტი, მაგრამ ისეთიც არა, რომ ხელისუფლება ინგრეოდეს, ასეთი სიტუაცია თუ შენარჩუნდება, დასავლეთიდან იქნება მოთხოვნა, მიდით და, თუ ესეც გააყალბა, მაშინ სხვანაირად დაველაპარაკებითო, და, ცხადია, იქნება სერიოზული სანქციები. დასავლეთის სანქციები თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ აისახა, არანაირი ეფექტი არ ექნება. ჩემი აზრით, ოპოზიცია გრძნობს ამას და ამიტომ არ ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მეორე მხრივ, რიტორიკა აქვთ ძალიან რადიკალური და ეს ორი რამ არ არის თავსებადი. საჭიროა ამ სიტუაციის როგორმე პოლიტიკურ მდგომარეობაში გადაყვანა, მაგრამ ამას მოფიქრება უნდა. მაგალითად, ჩემი აზრით, შეიძლებოდა პირველ ეტაპზე მოთხოვნა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. ეს აუდიტორიას გარკვეულწილად მიაჩვევდა, რომ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა და ეს აღარ იქნებოდა მოულოდნელობა, მით უმეტეს, ხვალ რომ დანიშნო არჩევნები, მომზადება ხომ სჭირდება და ორივეს ერთად ჩატარების მოთხოვნა ძალიან კარგი გამოსავალი იქნება. ეს საშუალებას მისცემს, რომ მთელი კამპანია ამ ორ არჩევნებზე ააგონ, ამ ორი არჩევნებიდან ერთი მაინც შეგრჩეს, მაგრამ ხალხი უკვე მიჩვეული იქნება და ასევე მობილიზებაც შესაძლებელი. გარდა ამისა, ამ დროისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს რომც ვერ მიაღწიო, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მოგება, იქნებოდა გაცილებით სერიოზული მიზეზი იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები შემდეგ წელს ჩატარდეს. ეს უკვე სერიოზული განაცხადი იქნებოდა.
რუსა მაჩაიძე