„თუ ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ „ოცნება“ თავისით ჩაალაგებს ჩემოდნებს და სადღაც გაფრინდება, ძალიან სასაცილოა“ - კვირის პალიტრა

„თუ ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ „ოცნება“ თავისით ჩაალაგებს ჩემოდნებს და სადღაც გაფრინდება, ძალიან სასაცილოა“

სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნებისთვის ხუთნაბიჯიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის მიზანიც პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაა. მისი თქმით, გეგმას ალტერნატივა არა აქვს და ეს პირდაპირი პასუხია საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაზე, რომლებიც უკვე სამი თვეა ხელისუფლების ანტიევროპულ პოზიციას აპროტესტებენ. გეგმა კი ასეთია: არჩევნების პირობების დაწესება; საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების "ჯარის" მომზადება; საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა; პოლიტიკური ძალების კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის; ერთიანი საარჩევნო პროგრამა - "ქართული ქარტია" და მისი პრიორიტეტები­ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ე.წ. რუსული კანონების გაუქმება და სამართლიანი სასამართლოს აღდგენა... რამდენად შესაძლებელია ამ გეგმა შესრულება და რა არის მისი უპირატესობა, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.

ირაკლი მელაშვილი: - პრობლემა ის არის, რომ რომ შეიძლება ნებისმიერი გეგმა დაწერო, მაგრამ მისი შესრულების გზები როგორია, არავინ ამბობს. ჩვენს ოპოზიციასა და საზოგადოებას, რომელიც ამდენი ხანია აპროტესტებს ხელისუფლების ქმედებებს, არა აქვთ წარმოდგენა, თუ როგორ უნდა მივიდეთ შედეგამდე. ფაქტია, ვითარება პოლიტიკურ ჩიხშია.

არის ორ პარალელურ სივრცეში მოძრავი ძალა - "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, რომელიც თავისას აკეთებს, და ოპოზიცია და ხალხი ქუჩაში, რომელიც აპროტესტებს, და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, სიმღერაში რომაა, "ზოგი ასე უბერავს­, ზოგი ისე უბერავს".

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ ჩანს, იმიტომ, რომ ამაზე არავინ ფიქრობს. ამ ყველაფერს აქვს ორი გაგრძელება - ან მინავლდება პროტესტი, ან უფრო გაძლიერდება, ამას კი შეიძლება ექსცესები მოჰყვეს.

ფაქტია, ხელისუფლებას არა აქვს საშუა­ლება, მხოლოდ რეპრესიებით შეაჩეროს­ პროტესტი, ამიტომ ქუჩაში დესტაბილიზა­ციის აღკვეთას ვერ ახერხებს, მეორე მხრივ კი, ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო საზოგადოება ქუჩაში გამოდის, იბრძვის, მაგრამ შედეგის მიღწევის ძალა არა აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ამ ვითარების­ გაგრძელებით მოგებული ვერავინ დარჩება.

თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ დრო მასზე მუშაობს, ვფიქრობ, ცდება,­ რადგან ეს ყველაფერი, სანქციები, დესტაბილიზაცია, ადრე თუ გვიან, გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ეს კი ნიშნავს, რომ სოციალური მდგომარეობა დამძიმდება. შესაბამისად, "ოცნების" მომხრეებიც­ დაინახავენ, რომ ამ ხელისუფლებას არ ძალუძს ქვეყანაში ვითარების დასტაბილურება. ეს კი, ბუნებრივია, ხელისუფლების მხარდამჭერების შემცირებას გამოიწვევს.

ამიტომაც ხელისუფლებას დიდი დრო არა აქვს და არც საერთაშორისო ვითარება უწყობს ხელს. ამიტომაც მგონია, ორივე მხარე მიხვდება, რომ პოლიტიკური კრიზისია­ და აღმოსაფხვრელად საჭიროა გადაწყვეტილებები და ცვლილებები. თუ ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ჩამოიშლება, ძალიან ცდება. თუ ხელისუფ­ლებას არა აქვს დიდი დრო, არც ოპოზი­ციას აქვს უკეთესად საქმე. იმის იმედი აქვთ, რომ გაზაფხულზე გამძაფრდება სიტუაცია და აქციებზე უფრო მეტი ხალხი გამოვა, მაგრამ არავინ იცის, რა როგორ იქნება, რადგან ერთი მომენტი ავიწყდებათ­ - ხალხს სჭირდება შედეგი, ის კი საამისო პროცესსაც ვერ ხედავს. ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ ქუჩაში დგომით შედეგი არ იქნება.

- რა შეიძლება ოპოზიციამ გააკეთოს? რა ბერკეტები აქვს?

- ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს. უპირველესად უნდა მიხვდეს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაა საჭირო. იმის ძახილი, ხელისუფლება არალეგიტიმურია და მასთან მოლაპარაკებას არ გავმართავთო, ძალიან არასერიოზულია - რომის პაპზე დიდი კათოლიკეები ნუ იქნებიან.

ჩვენი უახლესი ისტორია ავიღოთ, დისიდენტებიც არ აღიარებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას, მაგრამ ეროვნული მოძრაობა 9 აპრილის შემდეგ დაჯდა მოლაპარაკებაზე ხელისუფლებასთან, რომელმაც აქ რუსული ჯარი შემოიყვანა, რომ არჩევნებისთვის მიეღწია. ანუ შედეგზე უნდა იყოს ყველაფერი ორიენტირებული და არა პროტესტზე. ოპოზიციაში უპირველესად ეს აქვთ ჩამოსაყალიბებელი და არა ტელეეთერებში იმის ჩვენება, ვინ უფრო მეტად რადიკალია.

როდესაც ხელისუფლება დაინახავს,­ რომ პოლიტიკურ კრიზისს ვერაფერს­ უხერხებს, ოპოზიცია კი მიხვდება, რომ შედეგის მისაღწევად რაღაც უნდა გააკეთოს და შეეშვება იმ სისულელეს, რომ თურმე მოლაპარა­კება ნიშნავს აღიარებას, მაშინ შეიძ­ლება შედეგის მიღწევაზე ლაპარაკი. ნუ ვიტყვით, რომ ეს რეჟიმი უფრო უარე­სია და უფრო მეტი აქვთ დაშავებული ამ ქვეყნისთვის, რაც კომუნისტებმა დაუშავეს, და მათთან დასხდნენ მოლაპარაკებაზე, თანაც არა მხოლოდ საქართველოში, ბალტიისპირეთშიც და ასე დაანიშნინეს არჩევნები, რითაც ხელისუფლება შეცვალეს.

- დღეს ხელისუფლებასთან ლაპარაკს აზრი აქვს?

- შეიძლება დღეს ისე ჩანს, რომ აზრი არა აქვს. ამიტომ ვამბობ, უნდა დადგეს პერიოდი, როცა ხელისუფლება მიხვდება,­ რომ პროტესტს ვერ აჩერებს, ხოლო ოპოზიცია მიხვდება, რომ მხოლოდ ქუჩაში პროტესტით შედეგი არ მიიღწევა. ჩვენ ხომ შედეგი გვინდა? გვინდა პოლიტპატიმრების გამოშვება, რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება - ამ შედეგზე­ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ოპოზიცია არ უნდა დაემსგავსოს მათ, ვინც 1980-იანი წლების ბოლოს ამბობდა, საქართველო კოლონიად უნდა გამოვაცხადოთ და კოლონიზატორის არჩევნებში მონაწილეობა­ არ შეიძლებაო. ეს ხალხი იმავეს ამბობდა­ მაშინაც, როცა ბალტიისპირეთი უკვე არჩევ­ნებით იყო გათავისუფლებული. დალაპარაკება მმართველ ძალასთან, რომელიც, ფაქტობრივად, მართავს­ ქვეყანას, მის ლეგიტიმაციას­ არ ნიშნავს­. ლეგიტიმური რომ იყოს ხელისუფლება, მაშინ არც გამოსვლები იქნებოდა. მე მესმის მათი, თვეების განმავლობაში დგანან­ ქუჩაში. გასაგებია, რომ ისინი ძალიან რადიკალურად იქნებიან განწყობილი, მაგრამ პოლიტიკოსების ვალდებულებაა მათ გამოსავალი შესთავაზონ... ის, რაც ქალბატონი­ სალომეს ე.წ. გეგმაში წერია, გეგმა კი არა, კარგი სურვილებია. ჩვენ გვჭირდება ის, თუ როგორ მივიდეთ გამოსავლამდე, რაც ჯერ არ ჩანს.

- ოპოზიციამ დაკარგა "კვალიფიციური ოპოზიციის" სტატუსი, პარლამენტში არ არიან­ და მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს. მართალია, სხვა საკითხია, "ხალხის ძალა" და "ევროპელი­ სოცია­ლისტები" რეალურად "ოცნებაა" თუ არა, მაგრამ ფორმალურად ისინი არიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე ჯერ კიდევ გახარიას გუნდი... არ არის გამორიცხული, "ოცნებამ" ოპოზიციას საარჩევნო­ ნომრებიც კი წაართვას. გამოდის, ფორმალურადაც­ წაგებული არიან და რის გაკეთებას შეძლებენ? მით უმეტეს, მოდის თვითმმართველობის არჩევნები...

- ამიტომაც, პირველივე დღეს არ უნდა დაიძახო, პარლამენტში არ შევდივარო. ეს უკვე ელემენტარული ჭეშმარიტება გახდა და ამას უამრავი მაგალითი გვიჩვენებს, მათ შორის ამ ოპოზიციისავე წინა წლების საქმიანობა. პარლამენტში შესვლა-არშესვლა უნდა იყოს რაღაც გეგმის ნაწილი, აქ კი პირიქით ხდება, რაღაცას გამოაცხადებენ და მერე იწყება, რა ვქნათო. მაშინ შარლ მიშელმა უშველა და ახლა აღარც ის აპირებს ჩამოსვლას. ვიცი, რომ ევროპაშიც ძალიან დიდი უკმაყოფილებაა, რომ გაყალბებაზე მტკიცებულებად ბევრი ვერაფერი წარმოადგინეს. გადავხედოთ, ეუთოს დოკუმენტებს, ევროკავშირის განცხადებებს, სადაც პოლიტიკურ ნაწილზე უფრო მეტად არის ყურადღება გამახვილებული და ეს ბუნებრივია. ცხადია, ოპოზიციამ თავიდანვე შეცდომა დაუშვა - საკუთარი პროპაგანდის ტყვე გახდა. დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებში იმარჯვებდა და არ დაწერა საჩივარი არჩევნების მიმდინარეობის პროცესში. როგორც ჩანს, ვიღაც "გენიოსებმა" უკარნახეს, საჩივრებს თუ დავწერთ, ამან შეიძლება შედეგები გააუქმოს და "ოცნებამ" მოგება ამით წაგვართვასო. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მერე დაიწყეს გაყალბებაზე ლაპარაკი, რომლის მტკიცებულება, ფაქტობრივად, ვერ წარმოადგინეს. ამ მოცემულობას ოპოზიცია ვეღარ შეცვლის და ამიტომ მოლაპარაკება უნდა იყოს ამ ორ ძალას შორის - ხელისუფლებას და პროტესტის მონაწილეებს შორის. პროტესტის მონაწილეებში ოპოზიცია იქნება თუ არა, ეს შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს - მთავარია, შედეგი. ოპოზიციის ვალი ახლა ეს არის, რომ მოძებნოს გზა და მათ სტატუსს აღარანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

როგორც წესი, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში მიმდინარეობს, მაგრამ დღეს სულ სხვა ვითარებაა, პოლიტიკური პროცესი მიდის ქუჩაში, რომლის ერთი მხარეა ის ხალხი, ვინც აპროტესტებს, მეორე მხარესაა ხელისუფლება. ამიტომ მოლაპარაკება მათ შორის უნდა გაიმართოს. ვიღაცას უნდა დაელაპარაკო, რომ თუნდაც რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. თუ ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ "ოცნება" თავისით ჩაალაგებს ჩემოდნებს და სადღაც გაფრინდება, ძალიან სასაცილოა.

- დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, ხელისუფლებასთან დალაპარაკება შესაძლებელია?

- ჯერჯერობით არა. ხელისუფლებას კიდევ აქვს იმედი, რომ პროტესტს ჩაახშობს. მან გაზაფხულზე უნდა დაინახოს, რომ პროტესტი არ ჩერდება. გარდა ამისა, უნდა გამოჩნდეს ნიშნები, რომ ამ პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური შედეგებიც აქვს. სამწუხაროდ, საქართველოში პროცესი ასე წავიდა და ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა - ვიდრე ჩიხს არ მივადგებით, მანამდე განმუხტვის გზებს არ ვეძებთ. ამიტომ, როდესაც ამ კედელს მივადგებით, რომ ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს შედეგებს და ორივე მხარე მიხვდება ამას, შესაძლებელი იქნება რეალურ ცვლილებებზე ლაპარაკი.

რუსა მაჩაიძე