დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის კამერების წინაშე გამართული კამათი იმით დასრულდა, რომ ზელენსკიმ თეთრი სახლი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დროზე ადრე დატოვა. ოვალურ კაბინეტში უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის წარმოუდგენელი სკანდალით დასრულებაზე მსოფლიოს მედია ლაპარაკობს. "ტრამპმა ზელენსკი გამოაგდო... სახელმწიფო ვიზიტი კონტროლიდან გამოვიდა, ტრამპი ზელენსკის ამერიკისადმი უპატივცემულობაზე მიუთითებს... არანაირი შეთანხმება წიაღისეულზე", - წერს გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი. საგულისხმოა, რომ სკანდალური შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში გამოცემა The Washington Post-მა ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს. როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წევრმა გამოცემას განუცხადა, საქმე ეხება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებს, ავტომანქანებს, საბრძოლო მასალასა და რაკეტებს, რომლებიც უკრაინაში გასაგზავნად იყო მზად. იყო თუ არა დაპირისპირება წინასწარ განზრახული, რა იგულისხმა ტრამპმა, როდესაც შეხვედრის დასრულებისას ტელეშოუ ახსენა, როგორ გაგრძელდება უკრაინა-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა და როგორი იქნება ევროპის რეაქცია, ამ და სხვა საკითხებზე ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება: - ეს ნამდვილად შოუ იყო. საერთოდ, ასეთი მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კამერების წინ დასხდნენ ზელენკისთან ერთად, მეტყველებს, რომ ტრამპს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი შოუს გამართვა და ის, რაც კამერების წინ მოხდა, არ იყო შემთხვევითი. ამ შოუს საშუალებით ტრამპმა ზელენ­ს­კიზე ზეწოლა სცადა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრამპი ზელენსკის თავისი გუნდით დახვდა. შეიძლება ითქვას, ამერიკელებმა გუნდურად შეუტიეს უკრაინის პრეზიდენტს და გააგდეს თეთრი სახლიდან. - რა მოხდება, თუ ტრამპი პასუხისმგებლობას მოიხსნის და განზე გადგება? - ეს სპექტაკლი იმისთვის დადგა, რომ განზე გადგომის საბაბი მისცემოდა. - თუ ამერიკა განზე გადგება, რუსეთი უკრაინაში მიზანს მიაღწევს და ამით ამერიკის მსოფლიო ჰეგემონობა დასრულდება. ევრო­კა­ვ­შირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა­ ისიც კი თქვა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. - გგონიათ, ტრამპს ძალიან ადარდებს, რას ფიქრობენ მასზე ევროპელები? - მაგრამ ტრამპის უკრაინისადმი დამოკი­დებულებას მისივე პარტიის წევრები არ იზიარებენ. - რესპუბლიკური პარტიაში ნამდვილად არიან ტრამპის მოწინააღმდეგეები, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება­ მათაც სურთ. დააკვირდით, ვინ გამოეხმაურნენ ტრამპს კრიტიკული განცხადებებით, ამერიკელი ლიბერალი სენატორი ჯინ შაჰინი და ევროპელი ლიბერალი, პოლონე­თის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.­ ტრამპს გამოცხადებული აქვს ბრძოლა­ ლიბერალებთან, რამდენჯერმე განაცხადა კიდეც, რომ უკრაინის დასახმარებლად დახარჯული 350 მილიარდის საკითხს გამოიძიებს. - უკრაინელები ამბობენ, რომ მათ 350 მილიარდ დოლართან მიახლოებული­ თანხაც­ კი არ მიუღიათ ამერიკელებისგან. - დიახ, თუმცა თანხა არამიზნობრივად­ არის დახარჯული და მნიშვნელობა არა აქვს, უკრაინელებმა დახარჯეს თუ ექსპრე­ზიდენტ ბაიდენის გუნდმა. ტრამპი ებრძვის როგორც ბაიდენის პოლიტიკური ხაზის გამტარებლებს, ასევე ზელენსკისაც, თუ ის ომს არ გააჩერებს. - ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულება არავის უნდა ისე, როგორც მას, უბრალოდ, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტია, რის გაცემაზეც ტრამპი უარს ამბობს. სხვათა შორის, სკანდალური კამათის შემდეგ ზელენსკიმ­ "X"-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: "გმადლობ, ამერიკა, უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება­ და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ. გმადლობ, ამერიკა, მხარდაჭერისთვის, ამ ვიზიტისთვის. გმადლობ, დონალდ ტრამპ, კონგრესო და ამერიკელო ხალხო". - ეს არის კამათში დამარცხებული ადამიანის განცხადება. ზელენსკის გამარჯვებულის განწყობა რომ ჰქონოდა, გაცილებით შემტევი იქნებოდა. სხვათა შორის, იყო ასეთი მომენტებიც ოვალურ კაბინეტში კამათისას, ზელენსკი პრინციპულად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ტრამპის მიმართ. თქვენ ნახსენებ განცხადებაში კი თითქოს ბოდიშს იხდის და ამბობს, მეც ტრამპის მხარეს ვარო. ისიც უნდა ითქვას, რომ მას ტრამპმა საკმაოდ არადიპლომატიურად მიანიშნა, წადი და როცა მართლა მზად იქნები მშვიდობისთვის, მაშინ მოდიო. - ახლა პროცესების როგორ განვითარებას­ ელით? შესაძლებელია თუ არა ტრამპმა მხოლოდ არჩევნების ჩატარების შემდეგ, უკრაინის­ ახალ პრეზიდენტთან გამოხატოს მოლაპარაკების გაგრძელების მზაობა? ამასთან ოპოზიციონერმა ლიდერებმაც განაცხადეს, რომ ახლა უკრაინაში არჩევნების დრო არ იყო. - ტრამპისგან გამორიცხული არაფერია... რთულ ვითარებაში ჩავარდნილი უკრაინელი ხალხი ახლა ბრძოლაზეა ორიენტირებული. უკრაინელი ოპოზიციონერი ლიდერები ამ რთულ მომენტში არ მიცემენ თავს იმის უფლებას, რომ გაწირონ ადამიანი, რომელიც მათ ომში მიუძღვის წინ. აქედან გამომდინარე, ალბათ, ტრამპი ზელენსკის ლეგიტიმურობაზე კითხვის ნიშანს აღარ დასვამს. ერთადერთი, რაც შეიძლება ქნას, უკრაინას იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს. აკი გავრცელდა კიდეც განცხადება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უკვე გამზადებული სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს. - ამ განცხადებამ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ზელენსკისთან დაპირისპირება წინასწარგანზრახული იყო. რა შანსი ჰქონდა ზელენსკის, რომ ამ ხაფანგისგან თავი დაეღწია და რა აზრი ჰქონდა ძვირფასი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, თუ უსაფრთხოების გარანტიას ვერ მიიღებდა? - კი, შეიძლება ასეც ითქვას, რომ ტრამპმა ზელენსკი ხაფანგში გააბა, ეუბნება, თუ არ შეწყვეტ, იარაღს არ მოგცემო. ასეც იქნება, რატომ უნდა შეიწუხოს თავი გარანტიების გაცემით ტრამპმა, როდესაც იცის, რომ ზელენსკი ახლა გამოუვალ ვითარებაშია? ტრამპმა ეს შოუ იმისთვისაც დადგა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, იმსახურებდა თუ არა ზელენსკი დახმარებას. როდესაც ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის უთხრა, შენ რა გალაპარაკებს, უკრაინაში ნამყოფიც კი არა ხარო, ტრამპის ადმინისტრაციის სიმკაცრეს გამართლება მოეძებნა... ამ დრომდე ზელენსკი სულ იმას ამბობდა, რომ იმპერიას ებრძვის და სხვა ყველა ვალდებული იყო მას დახმარებოდა. - ტრამპის ამ ოინის შედეგად აღმოჩნდება თუ არა რუსეთი მომგებიან პოზიციაში და შეექმნება თუ არა საფრთხე ამერიკის ეროვნულ ინტერესებს? - თუ რუსეთი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, კი, რა თქმა უნდა, ამერიკის ეროვნული ინტერესები ნამდვილად შეილახება, მაგრამ ჯერ ხომ არ ვიცით, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს? სხვათა შორის, ომის გაჩერება ახლა ყველაზე მეტად რუსეთს არ აწყობს, იმიტომ, რომ ის უკრაინის ახალ-ახალ მიწებს იპყრობს. ჩვენ ჯერ მხოლოდ ის ვნახეთ, როგორ აიძულებს ტრამპი უკრაინას შეჩერებას, ახლა საინტერესოა, როგორ შეძლებს ის რუსეთის გაჩერებას. ერთი ელემენტი უკვე გამოჩნდა - ტრამპმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა... ეს მეტყველებს, რომ ტრამპს პუტინთანაც ექნება ისეთი საუბარი, როგორიც ზელენსკისთან ჰქონდა, შეიძლება უარესიც. - მაგრამ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილმა ტრამპი უკვე გამოაცხადა პუტინის მხარდამჭერად. - დიახ, ისინი არიან ტრამპთან ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები. იქიდან გამომდინარე, რომ პუტინი საერთაშორისო დამნაშავედ არის მიჩნეული, მასთან პარტნიორობა ნებისმიერი ლიდერისთვის მადისკრედიტებელია. რა თქმა უნდა, ტრამპის ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს აწყობთ მისი ამგვარად შეფასება. - ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა­ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა. უწყების ცნობით, ევროკავშირი მზად არის საქართველოში დემონსტრაციების მონაწილეებს დღეში 120 ევრო გადაუხადოს. ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ასევე ანალიტიკოსების ნაწილმა განაცხადეს, რომ რუსეთი ამ განცხადებით "ქართულ ოცნებას" ეხმარება პოზიციის გამყარებაში. - სადმე გინახავთ რუსეთი ვინმეს ეხმარებოდეს? ადრე პუტინი და მედვედევი ხშირად ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოეჩინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ასევე­ არაერთხელ მოგვისმენია, რუსი ლიდერების წამქეზებლური განცხადებები, ყოჩაღ, საქართველო, რომ დასავლეთს უპირისპირდებიო და ა.შ. რუსი ლიდერების ასეთი განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" მართლა იქნებოდა დახმარება, რუსეთს ქართველ საზოგადოებაში ისეთივე მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, როგორიც ევროპას ან ამერიკას. ამ შემთხვევაში კი რუსეთის მიზანი საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დაპირისპირებაა. კრემლის მიზანია საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანება აქტივისტებზე. - რატომ უნდა უქმნიდეს რუსეთი პრობლემებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახლა დასავლეთთან მკვეთრად დაპირი­სპირებულია? - მე არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთმა­ ხელი არ შეუწყო საქართველოს ევროპასა და ამერიკასთან დაპირისპირებას.­ რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისევ იმ ხაზს აგრძელებს და ასეთი განცხადებებით ცდილობს საქართველოსა და დასავლეთს შორის გადატვირთვის შესაძლებლობაც მოსპოს და უფრო გაამძაფროს პროტესტანტებთან დაპირისპირებაც? ამას გარდა, რუსეთისთვის პრინციპულად მიუღებელია საქართველოში ჩინეთის შემოსვლაც. ამასთან, რუსეთი უკრაინასთან ომის განმავლობაში მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა ჩინეთზე, მაგრამ ყველაფერს­ გააკეთებს, რომ საქარველოში სტაბილური გარემო არ იყოს და ხელი შეუწყოს ხავერდოვან რევოლუციას. ტყუილად გგონიათ, ხავერდოვანი რევოლუციების მოწყობა მხოლოდ ამერიკელებს ეხერხებათ, რუსებსაც კარგად გამოსდით. ხათუნა ბახტურიძე