ზელენსკის შეცდომა ანუ დგება დრო, როდესაც მშვიდობის უფრო უნდა გვეშინოდეს?! - "უკრაინისთვის ძალიან მძიმე პერიოდი იწყება..."
"სიმართლე თუ გინდათ, უკრაინელებმა თავად შესთავაზეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძვირფასი მინერალების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დახმარების სანაცვლოდ. იცოდნენ, რომ ტრამპს სხვა ვერაფრით დააინტერესებდნენ", - ამბობს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მინერალური რესურსი ამერიკის მთავარ მეტოქეს, ჩინეთს აქვს, შტატების ახალი პრეზიდენტისთვის უკრაინის სასარგებლო წიაღისეული ორმაგად მნიშვნელოვანია, თუმცა მას არ სურს საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის უსაფრთხოება. რატომ ამბობს ტრამპი უარს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიაზე, რაზე შეიძლება შეთანხმდეს ის პუტინთან და როგორ აისახება ეს ჩვენ რეგიონზე, ამის შესახებ ვერსიებს თორნიკე შარაშენიძესთან განვიხილავთ.
- მე თუ მკითხავთ, ზელენსკი იმთავითვე შეცდა, როდესაც მინერალების სანაცვლოდ ტრამპისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა. ასეთი გარანტია ბაიდენსაც კი არ მიუცია მისთვის.
ან როგორ მისცემდა, როდესაც რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, ამასთან, არსებობს ჩინეთის ფაქტორიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის დაუმთავრებელი ომი ყოველდღიურად აძლიერებს ჩინეთს. რასაკვირველია, შეთანხმება კაბალურია, რადგან უკრაინელებს წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან შემომავალი შემოსავლების 50 პროცენტის გამოყოფა მოუწევდათ, მაგრამ... არც ვიცი, სხვა რა გამოსავალი აქვთ უკრაინელებს.
- თქვენ რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ, ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვერსია, რომ ტრამპმა და ვენსმა რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარე დაიჭირეს?
- არ მიმაჩნია სარწმუნოდ, იმიტომ, რომ ჯონ ბოლტონი ტრამპმა სამსახურიდან გააგდო. არ არის მნიშვნელოვანი რას ფიქრობს ბოლტონი, მთავარია, რას ფიქრობს ტრამპი.
- რას შეიძლება ფიქრობდეს?
- ტრამპი რასაც ფიქრობდა, თქვა კიდეც - ამბობს, რომ მშვიდობის მიღწევა მსურს და არ შედის მის ინტერესებში ათწლიანი ომები და თამაშები, ზელენსკი კი მშვიდობისთვის არ არის მზად.
ტრამპის ასეთი განცხადებები ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარებას გაუყინავს, ზელენსკი იძულებული გახდება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს მოხდება ზაფხულისთვის ან შეიძლება უფრო ადრეც. მეორე მხრივ რუსეთსაც მოუწევს ყოველისმომცველ შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
- თუმცა არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც პრინციპული და ხისტი მიდგომები აქვს როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს.
- დიახ, რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დასავლეთისა და უკრაინის სამხედრო კავშირი მინიმუმამდე დავიდეს. თუმცა ეს საკითხი დასავლეთთან უფროა მოსაგვარებელი, ვიდრე უკრაინასთან.
- უკრაინა ხომ ისედაც იყო ნეიტრალური სახელმწიფო. ამასთან, 90-იან წლებში დადებული ხელშეკრულებით, ამერიკასა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან ერთად, რუსეთიც იღებდა უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, თუმცა ამას რუსეთისთვის ხელი არ შეუშლია, რომ უკრაინისთვის ყირიმი წაერთმია.
- დიახ, უკრაინას ნეიტრალიტეტი გაწერილი ჰქონდა კონსტიტუციაში, მაგრამ 2005 წლიდან ნატოში ინტეგრაცია მოინდომა. სწორედ ეს აღმოჩნდა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, რუსეთისთვის ახლა ომის შეჩერება ხელსაყრელია, რადგან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სანქციებს მოუხსნიან. პუტინს არ ანაღვლებს აღიარებენ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში უკრაინისთვის წართმეულ ტერიტორიებს. ჩემი აზრით, რუსეთი იმაზეც კი იქნება თანახმა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს, ოღონდ დასავლეთთან არ ჰქონდეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობა. ეს არის პუტინისთვის ყველაზე მიუღებელი.
- ტრამპი ახლა კი ამბობს, რომ ომის სასწრაფოდ დასრულება სურს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს მისი განცხადება, რომ მინერალების შესახებ ხელშეკრულებაზე ზელენსკის ხელმოწერის შემდეგ ის უკრაინელებს ბრძოლის გაგრძელების უფლებას მისცემდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რას გულისხმობდა ამ განცხადებაში?
- მხოლოდ ბრძოლის გაგრძელების უფლებაზე კი არა, 350 მილიარდ დოლარზეც საუბრობდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ დამატებითი თანხის გაცემას კი არა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის უკვე დახარჯულ თანხას გულისხმობდა. ზელენსკიმ თქვა და დარწმუნებული ვარ, ასეც არის, სინამდვილეში ამ თანხის 20%-ც კი არ არის ჩასული უკრაინაში, მაგრამ ამას ტრამპისთვის მნიშვნელობა არა აქვს. რაც შეეხება ბრძოლის გაგრძელების უფლებას, როდესაც მას ჟურნალისტებმა დაზუსტება სთხოვეს, აბსოლუტურად გულწრფელად თქვა, ჩვენ არა, ევროპელები დაეხმარებიანო.
ჩემი აზრით, ტრამპის სტრატეგია ემყარება რამდენიმე ფაქტორს: პირველი - როგორღაც მოაგვარებს რუსეთთან ურთიერთობას, რომ მერე უფრო ძლიერი პოზიციიდან დაელაპარაკოს ჩინეთს.
თუ დააკვირდით, ჩინეთის მიმართულებით ჯერ არაფერი გაუკეთებია; მეორე ფაქტორი - რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების შემთხვევაში ევროპას დააშინებს და უფრო მარტივად დაითანხმებს მომგებიან სავაჭრო შეთანხმებაზე. ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ევროკავშირს 300-მილიარდიანი პლუსი აქვს ამერიკასთან ვაჭრობაში. ის ამ საკითხს ბიზნესმენის თვალით უყურებს და ცდილობს მოცემულობა მისთვის სასარგებლოდ შეცვალოს. დარწმუნებული ვარ, თუ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს, აუცილებლად ეტყვის ევროპელებს, თქვენ არა ხართ მომგებიან პოზიციაში, მე შეთანხმებული ვარ რუსეთთან და თუ ჩემს დაკრულზე არ იცეკვებთ, მერე გეშინოდეთ რუსეთისო. შეიძლება ითქვას, ტრამპის მოქმედებებს საფუძვლად უდევს ჩინეთის შიში და ევროპით უკმაყოფილება. ჩემი აზრით, ეს სწორი ხედვა არ არის, იმიტომ, რომ ამერიკას ევროპის ლოიალურობა სჭირდება, ეს კი უფასოდ ვერ იქნება, მაგრამ ტრამპი ბიზნესმენია და სხვაგვარად ფიქრობს.
- ეს ხომ არ არის ის მოცემულობა, როდესაც ევროპისთვის პოლიტიკური ხაზისა და სამხედრო სტრატეგიის შეცვლა კრიტიკულად აუცილებელი ხდება?
- ტრამპს სავსებით მართებულად არ სჯერა, რომ ევროპა ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტულს გააკეთებს.
- ასე რატომ ფიქრობთ?
- სამი ფაქტორის გამო: პირველი - ევროპაში რუსეთის მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპას ეშინია. მართლაც სიგიჟეა, რუსეთმა ტანკებით გაიაროს, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, სხვა ნატოს ქვეყნები და შეიჭრას გერმანიაში, მით უფრო, არ ეშინიათ საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია, მთელმა ევროპამ ამერიკას უთხრას, აღარ გვჭირდები, ევროპულ ნატოს შევქმნით და თავად დავიცავთ რუსეთისგან თავსო.
- თუმცა არაერთხელ გახმოვანდა ევროპული არმიის შექმნის იდეა.
- ეგ იდეა 90-იანი წლებიდან სულ ტრიალებს ევროპაში, მაგრამ კონკრეტული არაფერი ხდება.
ევროპა რატომ არის კარგი და ყველასთვის საოცნებო? იმიტომ, რომ იქ ცხოვრების მაღალი დონეა, დიდი ფული იხარჯება პენსიებზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე, თავდაცვაზე კი - ცოტა. სწორედ ეს არის ევროპის კეთილდღეობის ფორმულა. ევროკავშირმა რომ ამაზე უარი თქვას, ხუხულასავთ დაინგრევა წარმოდგენები ევროპულ სამოთხეზე.
- დავუშვათ, ევროპელების მანიპულირება შეძლო ტრამპმა, მაგრამ ჩინეთის წინააღმდეგ როგორ უნდა გამოიყენოს რუსეთი, რომელიც უკრაინასთან სამწლიანი ომის შედეგად დიდწილად არის დამოკიდებული ჩინეთზე და სი ძინპინს პუტინზე ზემოქმედების არაერთი ბერკეტი აქვს?
- დიახ, მეც რომ მკითხოთ, არასწორია მოლოდინი იმისა, რუსეთი ჩინეთს ჩამოაშორო. ვთქვათ, შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი, რომ ჩინეთი ორივესთვის საფრთხეა, ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა. ბაიდენს ხომ ტრამპისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა? პუტინს რა გარანტია აქვს, რომ 4 წლის შემდეგ ტრამპის შემცვლელი მისგან რადიკალურ განსხვავებულ პოლიტიკას არ გაატარებს? ამ მოცემულობიდან გამომდინარე, პუტინს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ტრამპთან გრძელვადიან საკითხებზე შეთანხმდეს. ამას გარდა, ამერიკაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვერ მიიღებს. ასე რომ, ტრამპის წინაშეც არაერთი რთული გამოწვევაა.
- დასავლეთის დაქცევის რა მოგახსენოთ, მაგრამ შეიძლება ამერიკის იმიჯს ნამდვილად შეექმნას საფრთხე. სოციალურ ქსელებში უკრაინელები უკვე აქტიურად წერენ, თუ რა ვერაგულად მოექცა მათ ამერიკა - ჯერ აომეს, შემდეგ კი მტერს შეატოვეს.
- ტრამპი ხომ ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე ამბობდა, რომ რუსების წინააღმდეგ უკრაინელების ომს არ გულშემატკივრობდა. რაც შეეხება უკრაინელების სამართლიან გულისწყრომას, რას ვიზამთ, ასეთი დაუნდობელია საერთაშორისო ურთიერთობები და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე. ტრამპმა დიქტატორი უწოდა ზელენსკის, მაგრამ როგორც კი ზელენსკიმ ვაშინგტონში ჩასვლა დააანონსა და ტრამპმა იფიქრა, რომ ის ხელშეკრულებაზე უპირობოდ მოაწერდა ხელს, მაშინვე უარყო თავისი ნათქვამი. ძალიან ცინიკური იყო ტრამპის ლაპარაკი დემოკრატიაზე, როდესაც მას მინერალები სჭირდებოდა. ახლა მთავარია გაირკვეს, რა ელის უკრაინას, როდესაც ომი დასრულდება.
- ეს ის შემთხვევაა, როდესაც ომის დასრულების შემდეგ მშვიდობის უნდა გვეშინოდეს?
- სწორედაც ის შემთხვევაა, როდესაც მშვიდობის უნდა გვეშინოდეს. უკრაინისთვის ძალიან მძიმე პერიოდი დაიწყება. ამერიკა რომ კაპიკს არ გაიღებს, უკვე ცხადია. ამ ქვეყნის აღდგენის ტვირთი მთლიანად ევროპას დააწვება.
- ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები ტრამპისა და ზელენსკის სკანდალის შესახებ მიუთითებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მოგვარების იმედი ისევ აქვთ.
- ასეთ სიტუაციაში, როდესაც ამერიკას არაპროგნოზირებადი და არატიპური ლიდერი ჰყავს, ჯობს საქართველო საერთოდ არ გაახსენდეთ.
ხათუნა ბახტურიძე