რაც 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა, ეს არ არის მხოლოდ გრანდიოზული პოლიტიკური სკანდალი. უფრო ფართოდ და ზემოდან უნდა შევხედოთ მოვლენებს. ეს სკანდალი მხოლოდ მცირე დეტალია იმისა, რა პროცესიც დაიწყო ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ და რაც მომავალში გაგრძელდება. სანამ შეფასებაზე გადავალთ, ალბათ, მკითხველს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ოვალურ კაბინეტში გამართულ კამა­თზე. მედიაში ვრცელდება ამ კამათის ნაწყვეტები და ბევრისთვის გაუგებარია, რატომ იჩხუბეს ზელენსკიმ, ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა და რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ბევრმა ინგლისური არ იცის და ჩვენ შევეცდებით სრული სურათი აღვადგინოთ. ზელენსკი ვაშინგტონში ჩასული იყო, რათა აშშ-თან მინერალებზე გაეფორმებინა­ ხელშეკრულება - დიდი ალბათობით, უსაფრთხოების გარანტიებისა და შეიარაღების მიწოდების სანაცვლოდ. ვიზიტი პოზიტიურად მიმდინარეობდა, სანამ ოვალურ კაბინეტში მედიის წინაშე არ წარდგნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ევანსი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ტრამპმა თქვა ის, რასაც ყოველ პრესკონფერენციაზე ამბობს. კერძოდ, რომ მშვიდობა სურს და ხისტი რომ იყოს და პუტინზე ცუდი რაღაცები თქვას, სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს. მას მხარი აუბა ჯეი დი ვენსმა და თქვა, რომ ამერიკა დიპლომატიაში არის ჩართული და სწორედ ამას აკეთებს ტრამპი. საპასუხოდ ზელენსკიმ ვენსს ჰკითხა, რა ტიპის დიპლომატიაზე საუბრობს, როდესაც 2014-დან 2022 წლამდე პუტინი უკრაინაში ხალხს ხოცავდა (ყირიმის ოკუპაცია, დონბასი და ა.შ.) და არავინ შეაჩერა. რუსეთთან უკრაინულმა მხარემ 2019 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მაგრამ პუტინმა ის დაარღვია და ხალხის ხოცვა განაგრძო. ჯეი დი ვენსის პასუხმა სიტუაცია დაძაბა. ჯობს სრულად ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. ჯეი დი ვენსი: - მე ვსაუბრობ ისეთი­ ტიპის დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს თქვენი ქვეყნის განადგურებას. ბატონო პრეზიდენტო, ვფიქრობ უპატივცემულობაა, რომ მოხვიდეთ ოვალურ კაბინტში­ და ამ საკითხზე ამერიკული მედიის წინაშე­ იდავოთ. თქვენ ახალწვეულებს­ აიძულებთ ფრონტის ხაზზე იბრძოლონ იმიტომ, რომ ცოცხალი ძალის პრობლემები გაქვთ. თქვენ მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტს (ტრამპს) ამ კონფლიქტში ჩარევისთვის. ზელენსკი: - ოდესმე ყოფილხართ უკრაინაში, რომ ამბობთ, რა პრობლემები­ გვაქვს? ჯეი დი ვენსი: - მე ვყოფილვარ... ზელენსკი: მაშინ, ჩამოდით ერთხელ. ჯეი დი ვენსი: - რეალურად, მე ნანახი მაქვს და წაკითხული მაქვს ამბები და ვიცი, რაც ხდება... უარყოფთ, რომ უკრაინის ჯარში ხალხის ნაკლებობას განიცდით? ზელენსკი: - ჩვენ გვაქვს პრობლემები... ჯეი დი ვენსი: - და თქვენ ფიქრობთ, რომ თავაზიანი საქციელია აშშ-ის ოვალურ კაბინეტში რომ მოდიხართ და ადმინისტრაციას ესხმით თავს, რომელიც ცდილობს თქვენს ქვეყანას ნგრევა აარიდოს? ზელენსკი: - ბევრი კითხვაა. მოდი, დასაწყისიდან დავიწყოთ. პირველ რიგში, ომის დროს ყველას აქვს პრობლემები, მათ შორის თქვენც, მაგრამ თქვენ ოკეანე გაქვთ (შუაში) და ჯერ ვერ გრძნობთ ამას, მაგრამ იგრძნობთ მომავალში. ღმერთმა ქნას... ტრამპი: - შენ ეს არ იცი... ზელენსკი: - ღმერთმა ქნას, ომი არ გქონდეთ... ტრამპი: - შენ არაფერი იცი ამის შესახებ, ნუ მიგვითითებ, ჩვენ რას ვიგრძნობთ, ჩვენ ვცდილობთ პრობლემა მოვაგვაროთ, ნუ გვეუბნები, რას ვიგრძნობთ. ზელენსკი: - არ გეუბნებით, მე ვპასუხობ მის კითხვას... ტრამპი: - რადგან არა ხარ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახო რამე, გახსოვდეს ეს... ზელენსკი: - მე არ გკარნახობთ... ტრამპი: - შენ არა ხარ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახო, თუ რას ვიგრძნობთ ჩვენ... ზელენსკი: - თქვენ გავლენას იგრძნობთ... ტრამპი: ჩვენ ვიგრძნობთ თავს ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად... ზელენსკი: - მე გეუბნებით, თქვენ იგრძნობთ გავლენას. ტრამპი: - ამ მომენტში შენ ძალიან კარგ პოზიციაში არა ხარ და ის [ვენსი] მართალია ამის შესახებ. ზელენსკი: - ომის დასაწყისიდანვე... ტრამპი: - არა ხარ კარგ პოზიციაში, ახლა კოზირები არა გაქვს, ჩვენთან ერთად კოზირები გექნება... ზელენსკი: - მე ბანქოს არ ვთამაშობ, ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ, ბატონო პრეზიდენტო. ტრამპი: - შენ თამაშობ ბანქოს, შენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშები, მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები და რასაც აკეთებ, არის ამ ქვეყნის დიდი უპატივცემულობა, რომელიც შენ მხარს გიჭერდა... ჯეი დი ვენსი: - ერთხელ მაინც გითქვამთ მადლობა ამ შეხვედრის განმავლობაში?... ზელენსკი: - მრავალჯერ, დღესაც კი... ჯეი დი ვენსი: - არა, ამ შეხვედრის განმავლობაში გითქვამთ ბოდიში? ოქტომბერში პენსილვანიაში ჩახვედით და ოპოზიციისთვის კამპანიას აწარმოებდით. წარმოთქვით მცირედი სამადლობელი სიტყვა აშშ-ისა და პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ცდილობს თქვენი ქვეყანა გადაარჩინოს. ზელენსკი: - ფიქრობთ, რომ თუ ილაპარაკებთ ძალიან ხმამაღლა ომის შესახებ... ტრამპი: - ის არ საუბრობს ხმამაღლა, შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია... ზელენსკი: - შემიძლია პასუხი გავცე?.. ტრამპი: - არა, შენ ბევრი ილაპარაკე...­ შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. ზელენსკი: - ვიცი, ვიცი. ტრამპი: - თქვენ არ იგებთ ამას, თქვენ ძალიან კარგი შანსი გაქვთ აქედან ნორმალურად გამოსვლის ისევ ჩვენივე დამსახურებით. ზელენსკი: - ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ვრჩებით ძლიერები, ომის დაწყებისთანავე ჩვენ მარტონი ვიყავით და მადლიერი ვართ. მე მადლობა ამ კაბინეტშიც ვთქვი და არა მხოლოდ ამ კაბინეტში. ტრამპი: - თქვენ მარტო არ იყავით, ჩვენ იდიოტი პრეზიდენტის გავლით 350 მილიარდი დოლარი მოგეცით, სამხედრო აღჭურვილობა მოგეცით. თქვენი ჯარისკაცები მამაცები არიან, მაგრამ მათ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება სჭირდებოდათ, თქვენ რომ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობა არ გქონოდათ, ეს ომი ორ კვირაში დასრულებული იქნებოდა. ზელენსკი: - სამ დღეში, ეს უკვე მოსმენილი მაქვს პუტინისგან, სამ დღეში - ეს არ არის შემთხვევა, რომელიც 2 კვირაში შეგიძლიათ დაალაგოთ. ტრამპი: - გეუბნებით, ასე ძალიან რთული იქნება საქმის კეთება. ჯეი დი ვენსი: - უბრალოდ, თქვი, რომ მადლობელი ხარ. ზელენსკი: - მე მრავალჯერ ვუთხარი მადლობა ამერიკელ ხალხს. ჯეი დი ვენსი: - მიიღე, რომ არის უთანხმოებები და წავიდეთ და ამაზე ერთად ვიდავოთ ამერიკული მედიის წინაშე­ კამათის ნაცვლად, როდესაც არასწორი ხარ. ვიცით, რომ არასწორი ხარ. ტრამპი: - მადლობელი უნდა იყო - შენ არანაირი კოზირები არა გაქვს, შენ ისინი დამარხე, შენი ხალხი იხოცება, ჯარისკაცები გაკლდება[...] ძალიან კარგი რაღაც იქნებოდა და შენ გვეუბნები: არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, მინდა ეს ვქნა, მინდა ის... ნახე, თუ შეგიძლია ახლა ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა, მე გეუბნები, რომ შენი ხალხის ხოცვა შეჩერდეს.... ზელენსკი: - დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ომი შევაჩეროთ, მაგრამ მე გითხარით, სად არის გარანტიები? ტრამპი: - მაგრამ შენ არ გინდა ცეცხლის შეწყვეტა, მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე შეთანხმება. ზელენსკი: - ჩვენ ხალხს ჰკითხეთ (ანუ მე არა ვარ ამ პრეტენზიების ადრესატიო - ავტ), რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე. ტრამპი: - ეს ჩემთან არ ყოფილა,­ ეს იყო კაცთან, გვარად ბაიდენი, რომ­ელიც­ არ არის ჭკვიანი ადამიანი, ეს ეხებ­ოდა­ ობამასაც...­ უკაცრავად, ობამა იყო, ვინც თქვენ ზეწრები მოგცათ, მე კი თქვენ `ჯაველინები~“მოგეცით, რომ ტანკები გაგენადგურებინათ... რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ პუტინს შეიძლება შეთანხმებები აქვს დარღვეული ობამასა და ბუშთან, და შესაძლოა მან ისინი დაარღვია ბაიდენთანაც - შეიძლება დაარღვია, შეიძლება არა, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მას ჩემთან არ დაურღვევია, მას შეთანხმების მიღწევა სურს. პრობლემა ის არის, რომ მე გაგაძლიერე, რათა იყო მაგარი კაცი. არა მგონია, რომ მაგარი კაცი იქნებოდი აშშ-ის გარეშე. შენი ხალხი ძალიან მამაცია, მაგრამ ან შეთანხმებას დადებ, ან ჩვენ გავდივართ, და თუ ჩვენ გავალთ, თქვენ იბრძოლებთ. არა მგონია, ეს კარგი სანახავი იყოს, თუმცა იბრძოლებთ, მაგრამ კოზირები არ გაქვს. თუმცა, როდესაც ამ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, თქვენ ბევრად უკეთეს პოზიციაში იქნებით, მაგრამ საერთოდ არ გამოხატავ მადლიერებას და ეს არ არის კარგი, გულწრფელი ვიქნები, ეს არ არის კარგი. აი, ასე დასრულდა ეს საუბარი. ზელენსკი ლამის გაიქცა თეთრი სახლიდან, ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა. ტრამპის გარემოცვამ, სახელმწიფო მდივნით დაწყებული და დაზვერვის დირექტორით დამთავრებული, თქვა და „ვაშინგტონ პოსტმაც“ დაწერა, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას აპირებს, დღის წესრიგშია ფინანსური დახმარების შეწყვეტის საკითხიც. ამ დიდი სკანდალის შემდეგ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების აზრები გაიყო. ევროპელი ლიდერების დიდი ნაწილი (გარდა ორბანისა) ზელენსკის უცხადებს მხარდაჭერას და უკრაინას გვერდში დგომას ჰპირდება. ექსპერტების ნაწილის აზრით კი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ზელენსკის არ უნდა გაემწვავებინა სიტუაცია, მით უმეტეს მაშინ, როცა ჯეი დი ვენსი საუბრის დასაწყისში ტრამპს კოჭს უგორებდა და ბაიდენს აკრიტიკებდა და ზელენსკი თავისი კითხვებით რომ არ ჩაჩრილიყო, შესაძლოა არც არაფერი მომხდარიყო. თუმცა მთავარია, რა მოხდება შემდეგ. ალბათ, ექსპერტები იტყვიან, რომ მხოლოდ ტრამპის ხუშტურებზე არ არის დამოკიდებული უკრაინის ბედ-იღბალი და ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელშიც ნამდვილად არ შედის უკრაინის მარცხი, ერთი კაცი გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა ისტორიას ქმნიან ლიდერები, რომელთა შეცდომებს შესაძლოა მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა მოჰყვეს. თუ აშშ-მა უკრაინა მართლაც დატოვა დახმარების გარეშე და ეს მხოლოდ ტრამპის შანტაჟი არ არის, მაშინ, დიდი ალბათობით, კატასტროფა გარდაუვალია. არანაირ სამშვიდობო შეთანხმებას პუტინი არ დაელოდება. შეეცდება უახლოეს თვეებში რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინოს და შეიძლება კიევის აღებაც სცადოს. ჩაანაცვლებს თუ არა ევროპა სრულფასოვნად აშშ-ს? კომპეტენტური სამხედრო ექსპერტების აზრით, ევროპულ ქვეყნებს თავისი გასაჭირი აქვთ და ამისთვის მინიმუმ 2-3 წელი დასჭირდებათ, ამდენ დროს კი მათ კრემლის ბინადარი და მისი მოკავშირეები არ მისცემენ. გიორგი კვიტაშვილი