"ნარკოტიკის გამო ჰალუცინაციები დამეწყო, ვხედა­ვდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამ­დიოდნენ, ეს საშინელებაა..." - მამა იეგუდიელის "აღსარება": გზა ნარკო - კვირის პალიტრა

გზა ნარკოჯოჯოხეთიდან უდაბნოს მონასტერამდე - მამა იეგუდიელის "აღსარება": "ვხედა­ვდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამ­დიოდნენ, ეს საშინელებაა..."

მამა იეგუდიელი უდაბნოს მამათა მონასტერში მოღვაწეობს. როდესაც ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, მხოლოდ ერთი მიზეზით დამთანხმდა: ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, თუ ერთი ადამიანის გულში მაინც მოხდება ცვლილება და ღვთისკენ შემობრუნდება, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულიაო.

- შეძლებული მშობლები მყავდა. მაგ­რამ­ 11 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამე­ც­ვალა, ერთი წლის შემდეგ - დედაც. დედის დაკრძალვის ღამეს ბიძამ თბილისში­ წამიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ გორში დავბრუნდი. მარტო ადამიანი, ხომ იცით, როგორც ცხოვრობს? 16 წლის ბიჭი ვიყავი,­ სიგარეტის მოწევა რომ დავიწყე. ამას მოჰყვა მოსაწევი, ტაბლეტები, წამალი და საბოლოოდ გავყიდე სახლი. აი, ღმერთი რომ არ გწირავს მაინც, რაც არ უნდა ცუდად მოიქცე...

შემხვდა გოგონა, რომელიც ცოლად მოვიყვანე, თუმცა ვერ ავეწყვეთ. ძალიან მალე გავშორდი და იმ დღიდან ისევ დავჯექი წამალზე, რომელმაც საბოლოოდ ჯანმრთელობა მომისპო. ცოტა ხანში­ ლაპარაკიც გამიჭირდა და სიარულიც.

მოკლედ, დამიჭირეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში მივხვდი, თუ ნარკოტიკი არ მქონდა, ისე ვიყავი, სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს. როცა იზოლატორი­დან გამომიშვეს, ისევ გავაგრძელე და დამე­წყო ჰალუცინაციები. ვგრძნობდი და ვხედა­ვდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამ­დიოდნენ. ეს საშინელებაა, მეტყველების უნარს გართმევს, ტვინი აღარ გაქვს და როცა მივხვდი, რომ შეიძლება ეს ჩემი ბოლო ყოფილიყო, შევეშვი! მაგრამ ერთ დღესაც გავიღვიძე და ისევ იმავე აზრმა გამიელვა თავში, ჩქარა ადექი-მეთქი და როცა წამალი ვიშოვე და გავიკეთე, ყველაფერი "დალაგდა".

როცა ასეთი ცხოვრების წესს მისდევ, ჩვეულებრივი მოვლენაა, ის, რაც შენ გარშემო­ ხდება. მაგალითად, გარდაიცვალა უბანში ვიღაც ნარკოტიკით, შენ სამძიმარზე მიდიხარ, გაბრუებული, უტიფ­რად უყურებ თვალებში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს­ და უსამძიმრებ. შვილი რომ მამის­ პანაშვიდზე კაიფშია,¬რა ჰქვია ამას? მაგრამ იმ დროს გგონია, რომ ჭირისუფალს წამალს თუ მისცემ, გულზე მოეშვება.

ბოლოს, როდესაც ყველაფერი უსაშველოდ გეჩვენება, ნარკოტიკთან ერთად დასაძინებელ საშუალებებს იღებ, რადგან კვირები­ არ გძინავს და ძილშიც ჰალუცინაციები გეწყება, შეიძლება უცებ ყვირილით წამოხტე. ორჯერ ფეხზე ამომაცოცდა ეშმაკი­. ბოლოს, ყველასგან მიტოვებული, გორში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და ყოველ­დღე ერთი და იგივე ხდებოდა. გარეთ აღარ გავდიოდი და ასე ნელ-ნელა მივდიოდი სიკვდილისაკენ.

screenshot-20250226-173954-facebook-1740928667.jpg

- შემდეგ რა მოხდა ისეთი, რომ დღეს სულ სხვა ადამიანთან საუბრობ?

- შემთხვევით ჩემმა მეგობარმა მიპოვა.­ ისიც ბერია. დიდი ხნის წასული იყო უკვე მონასტერში. ერთ დღეს მონასტრიდან თავის სახლში მოუხდა ჩამოსვლა. რომ ალაგებდა სახლს, შემთხვევით ჩემი ტელეფონის ნომერი გადმოუვარდა. შემთხვევით­ მართლა­ არაფერი ხდება, ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ ადამიანები ვაბრალებთ შემთხვევითობას მსგავს რამეებს. ნახევრად გათიშული მიპოვა, მანქანაში ჩამდეს და ამიტანეს მონასტერში. აქ იმდენი ქნა, გამომგლიჯა ეშმაკის კლანჭებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას. ღმერთი ჰფარავდეს, გააძლ­იეროს! ის რომ არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

ერთი წელი სულ მეძინა. მხოლოდ საჭმელზე მაღვიძებდნენ. აქ მამა იოანეს ლოცვა-კურთხევითა და მისი ძალით დავდექი ფეხზე. ორი გზა არსებობს:­ ერთი ვიწრო, მეორე ფართო. ფართო ეშმაკის გზაა, ვიწრო კი, ღვთის, რომელზეც სიარული ძალიან ძნელია, თუმცა - შესაძლებელი.

- დღეს როგორ უყურებთ თქვენს განვლილ გზას?

- ჩემი ბერული ცხოვრების განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი - ხშირად ბერს ან თუნდაც მღვდელს ევალება, რომ ადამიანურ მანკიერებებამდე დავიდეს. ადამიანს ჯერ საკუთარი თავი დაანახოს და შემდეგ დაანახოს­ ღმერთი და მიიყვანოს ეკლესიამდე. დღეს ადამიანს უჭირს ცხოვრება და ძნელად უმკლავდება იმ საცდურებს, რაც ხშირად გვევლინება. ახლაც, ამწუთას, ჩემზე იმიტომ გიყვებით, რომ ერთმა ადამიანმა ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, თუნდაც პატარა ნაბიჯი გადადგას ღვთისკენ. მონასტერი აჩვენებს ადამიანს თავის დაცემულ მდგომარეობას და იმ შედეგებს, რაც შეიძლება ცოდვამ მოიტანოს. თითოეულ ადამიანში ჩადებულია სინდისის ხმა და ყოველთვის გვკარნახობს, რა სწორია ჩვენთვის და რა - მცდარი. ჩვენ ვცდილობთ ადამიანში სწორედ სინდისის ხმა გავაღვიძოთ და შემდეგ მთავარ გასაკეთებელს თავად გააკეთებს. მეც ერში არასწორი ცხოვრებიდან და ცოდვებიდან გამომდინარე მიმიყვანა ღმერთმა მონასტრამდე. და რომ მივხვდი, ღვთის წინაშე ეს ყველაზე სწორი გზა იყო, ამიტომ გადავწყვიტე აქ დარჩენა. ბერობა დიდი თავდადება და მსხვერპლშეწირვაა. ყველაზე ძნელი საკუთარ თავთან, სურვილებთან, საკუთარ მოთხოვნილებებთან ბრძოლა ყოფილა. ამის გარდა, შენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთაც დახმარება სჭირდება. შენ სწირავ თავს მსხვერპლად მათთვის, ეხმარები და შენი პატარა გამოცდილებიდან ცდილობ სწორი გზა დაანახო. ეს ურთულესია, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მსხვერპლისა და იმედგაცრუების ფასად ხდება, თუმცა­ ღმერთი გაძლევს ძალას. ამ ჯვარს ღმერთი იტვირთავს, შენ უბრალოდ გამტარი ხარ ადამიანსა და ღმერთს შორის, ოღონდ ეს პირადი თავდადებისა და მონდომების, ღვთის ერთგულების და დიდი ტანჯვის ფასად ხდება.

- უფალი გვეუბნება, დააკაკუნე და გაგეღება კარიო... თუ ადამიანს არ სურს, ის ღმერთს ხომ არ ირწმუნებს.

- მთავარია, ადამიანს ღვთის არსებობის სწამდეს. ჩემი მაგალითიც იმის დასტურია, რომ სანამ არ დავეცი ბოლომდე, მანამდე ღმერთი ვერ დავინახე, ვერ შევიგრძენი. აი, ასე რომ არ დაემართოს სხვასაც, ამიტომ ნებით უნდა გადადგას თუნდაც პატარა ნაბიჯი ღვთისკენ და ის თავის სამოთხეს აჩვენებს.

მაგრამ დღეს ისეთ რთულ დროებაში ვცხოვრობთ, რომ იმ პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი ძნელია. მერე რა ხდება? როცა სასოწარკვეთამდე მივდივართ, ვყვირით, ღმერთო, რა დავაშავეო. არადა, მარტივია მხოლოდ ერთ ნაბიჯის გადადგმა ღვთისკენ და მას ხელში აყვანილი მივყავართ ჩვენი ცხოვრების რთულ გზაზე. უბრალოდ, ჩვენ არ ვუწვდით ხელს და მერე უარეს ცოდვაში ვარდებით. აი, მაგალითად, თქვენ, ხშირად დადიხართ ტაძარში? როცა დადიხართ და აღსარებას აბარებთ მოძღვარს, ეზიარებით, ხომ გრძნობთ მსუბუქად თავს? იცით, რატომ ხართ ბედნიერი? ქრისტეს თანამოზიარე ხდებით, ქრისტეში ხართ და მას დაჰყავხართ ხელჩაკიდებული. შემდეგ რა ხდება? რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა მიგყვება ეს სიხარული. ამასობაში გავიწყდება შაბათ-კვირას ეკლესიაში მისვლა, ხან შეიძლება გახსოვს, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორები ჩნდება და ვეღარ მიდიხარ. მერე იწყება პრობლემები, ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ბოლოს სასოწარკვეთამდე მისული, ისევ მამასთან, იესოსთან მიდიხარ და შველას­ სთხოვ. ისიც ხელგაშლილი გულში გიხუტებს და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. უფალი ამბობს, ბოლო ჟამს დავსჯი ადამიანებს, ვინც ჩემს მცნებებს­ არ იცავსო და აი, ჩვენ თვალწინ ხდება ის წინასწარმეტყველებანი. წინასწარმეტყველება იყო გლობალიზაციის პროცესიც, ნაწინასწარმეტყველებია ისიც, რომ მოხდება მეორე და მესამე მსოფლიო ომიც. მესამე­ მსოფლიო ომის დროს კაცობრიობის უმრავლესობა­ გაწყდება და სწორედ ამის შემდეგ მოდის ანტიქრისტე, რომელიც სამწელიწად-ნახევარს იმეფებს და ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრებს დაუწყებს დევნას, წამებას და მერე უნდა მოხდეს მეორედმოსვლა. ნიშნები უკვე არის და სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, მივიდეთ მამასთან. ჯერ კიდევ გვაქვს, გადარჩენის შანსი, რომ უფსკრულში არ გადავიჩეხოთ. მალე აღდგომის მარხვა იწყება. მთელი გულით ვთხოვ ყველას, ვინც კი ჯერ კიდევ ორჭოფობს, მივიდნენ ეკლესიაში, გაიჩინონ მოძღვარი, ხშირად ჩააბარონ აღსარება და ეზიარონ.

რუსუდან შაიშმელაშვილი