„ჩვენ მას სინათლის მეომარი დავარქვით“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ მას სინათლის მეომარი დავარქვით“

"დრონი მოგვიფრინდა, მანქანაზე ჯავშანი რომ არ გვქონოდა, გამოაცხადებდნენ, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპაო, და ეს მე ვიქნებოდი",­ - მისწერა ქვედანაყოფ„"სოლედარის" მებრძოლმა ლევან პარკაიამ მეგობარს დაღუპვამდე რამდენიმე კვირით ადრე. იმ დღეს გადარჩა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეეწირა რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას - ლევან პარკაია 15 თებერვალს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე დაიღუპა. მისი ცხედარი ფრონტის­ ხაზიდან 18 თებერვალს გამოასვენეს. მებრძოლი სიმბოლურ დღეს - 25 თებერვალს ქალაქ ფოთში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ლევანს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი დარჩა. მის შესახებ უფრო მეტს ბავშვობის მეგობარი ლევან ბერიძე და თანამებრძოლი­ დავით გოგელია გვესაუბრებიან.

"სასწაულის მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი, შინ გამარჯვებული და უვნებელი დაბრუნდებოდა"

ლევან ბერიძე: - ლევანს დაღუპვამდე ერთი კვირით ადრე ვესაუბრე, რამდენიმე დღით პატარა შვილიშვილის სანახავად საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, მითხრა, ამ უსამართლობის შორიდან ყურება­ არ შემიძლია, უნდა წავიდეო. წელიწად-ნახევრის წინ, მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა, ისიც რამდენიმე დღით. უზომოდ ენატრებოდა ოჯახი, განსაკუთრებით პატარა­ შვილიშვილის ნახვა უნდოდა. ისეთი მიზან­დასახული და ძლიერი პიროვნება იყო, არ მეგონა, რამე თუ შეემთხვეოდა. თანაც არაერთხელ მოხვდა კრიტიკულ ვითარებაში და ყოველთვის შეძლო თავის დაღწევა, თითქოს ღმერთიც სწყალობდა. სულ ის ეკერა პირზე, პირდაპირ სასწაული იყო, რომ გადავრჩიო. მეც მჯეროდა სასწაულის, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლევანი შინ გამარჯვებული და უვნებელი დაბრუნდებოდა.

- შეტყობინება დრონების თავდასხმის შესახებ თქვენ მოგწერათ?

- კი, მაგ დროს დაჭრილი იყო, ჰოსპიტლიდან მომწერა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს ჩახედა თვალებში, მხიარულ განწყობაზე იყო. ზოგადად, პოზიტიური ადამიანი იყო, ყველაფერს იუმორით უყურებდა, სულ ხუმრობდა, არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ბრძოლის სურვილსა და მოტივს არასდროს კარგავდა. დრონის თავდასხმის ამბავსაც ისე მიყვებოდა, თითქოს სხვას გადახდა თავს.

- უკრაინაში წასვლამდე რას საქმიანობდა?

- ფერმერი იყო, ბიოსასუქზე მუშა­ობდა, იუთუბ-საიტებიც ჰქონდა, პატარა ქარხანაც. არაფერი აკლდა, არც ფული და არც კომფორტი, მაგრამ ვერ ისვენებდა, სულ ბუზღუნებდა, რა აზრი აქვს ფულის შოვნას, როგორ უნდა შევირგოთ, როცა თავისუფლება არა გვაქვსო.

უკრაინაში წასვლა რომ გადაწყვეტა, მითხრა, აქ რომ დავრჩე და ჩემს ქვეყანაში რუსების ბოგინს ვუყურო, გულიც გამისკდება, ომში წასვლა მირჩევნია, ის მაინც მეცოდინება, რუსებს რომ ვებრძვიო.

ჩვენ მას სინათლის მეომარი დავა­რქვი­თ. იცით, ერთხელ რა მითხრა? ვერანაირი მატერიალური სიმდიდრე ვერ შეედრება სულიერს და მე აქ სიმშვიდეში ვარო. გაოცებულმა ვკითხე, ომში სიმშვიდეში როგორ ხარ-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ომია, აქ თავისუფლების განცდა გეუფლება, მშვიდად ხარ, იმიტომ, რომ იცი სიმართლის მხარეს დგახარ და ამარცხებ შიშს. აქ არ ფიქრობ, რა გელის­ ხვალ, ცხოვრობ აწმყოთი და ეს ყველაფერი ენით აღუწერელი სიამოვნებააო! აი, ასეთი ბიჭი იყო ლევანი. ომში წასვლამდეც სულ ამბობდა, ფული ვერასოდეს მოგიტანს სიმშვიდეს, თუ სული არა გაქვს სუფთაო!

"რაც უფრო რთულ სიტუაციაში ვარდებოდა, ბრძოლის მეტი ჟინი ეძლეოდა"

დავით გეგია, თანამებრძოლი: - ლევანი 2022 წლის მაისში გავიცანი, იმ დღიდან მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით. სამშობლოს მოყვარული კაცი იყო, სწორედ ამ სიყვარულის გამო მიატოვა ყველაფერი და ჩამოვიდა უკრაინაში. უკეთილშობილესი ადამიანი იყო, სანდო, უწყინარი, უბოროტო და მუდამ მხიარული. ვიცოდი, რომ ლევანს­ მეურნეობა ჰქონდა, ვეკითხებოდი, სერიოზული საქმე გქონია წამოწყებული და რატომ მიატოვე-მეთქი. ერთხელ მითხრა, კარგი რა, რა მეურნეობა და საქმე, გული გახეთქაზე მქონდა, რუსები, რომლებმაც ჩემს ქვეყანას ათასჯერ ჭირ-ვარამი მოუტანეს, ახლა ისე დანავარდობენ საქართველოში, თითქოს მათი საკუთრება იყოს. მათზე მეტად იმ ქართველებზე მეშლება ნერვები, საკუთარი ქვეყნის ამომგდებ ხალხს ლაქიასავით რომ ეგება ფეხქვეშო. ის უკრაინის მადლიერი იყო, იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლოს მტერთან ბრძოლის საშუალება მიეცა.

- როგორც ვიცი, პროფესიონალი სამხედრო არ იყო, საბრძოლო ამოცანების შესრულების როგორი შესაძლებლობა ჰქონდა?

- სამხედრო არ იყო, მაგრამ წვრთნა გაიარა და საჭირო გამოცდილებაც მიიღო. ხარკოვის მიმართულებაზე ვმუშაობდით ერთად. ლევანი დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაციაზე მუშაობდა. ისეთ დავალებებს ასრულებდა, რომელსაც ბევრი ვერ ბედავდა. ყოველთვის ცხელ წერტილში უწევდა ყოფნა, არაერთხელ გადარჩა, თუმცა შეშინებული არასდროს მინახავს. პირიქით, რაც უფრო რთულ სიტუაციაში ვარდებოდა, ბრძოლის მეტი ჟინი ეძლეოდა.

- გაჭიანურებული ომის გამო იმედგაცრუება თუ გქონიათ?

- "სოლედარის" წევრებს ამ ომზე ერთნაირი აზრი გვაქვს, ამის შესახებ ხშირად გვისაუბრია და ვიცი, 3 კი არა, 10 წელიც რომ გაგრძელდეს, ამერიკამაც რომ მიგვატოვოს და ევროპამაც, ჩვენი შემართება არ განელდება. მანამდე ვიბრძოლებთ, სადამდეც უკრაინელები იბრძოლებენ. ამით ჩვენ მხოლოდ უკრაინელებს კი არ ვეხმარებით, ჩვენი წინაპრების, ასევე ჩვენი ძმების - აფხაზეთსა და აგვისტოს ომში დაღუპულების ჯავრს ვიყრით, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ანგარიშს ვუსწორებთ, მომავალი თაობის წინაშე ვიხდით ვალს.

ყველა დავკარგე, ვინც კი მითხრა, რა ძალა გადგას, სხვის ომში რომ იბრძვიო. სხვისი ომი როგორ არის?! რუსეთი სხვისი­ ანუ მხოლოდ უკრაინის მტერია? ასეთ სისულელეებს ამბობს ის ხალხი, ვისაც სამშობლოსთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია. 90-იან წლებშიც არაფერი­ გააკეთეს აფხაზეთის შესანარჩუნებლად, არც 2008 შეიწუხეს თავი და ახლა სხვების განსჯით არიან დაკავებული­. აქ ჩვენი ნებით ვართ, საკუთარი ნებით ვებრძვით რუსებს და როცა მომინდება, მაშინ დავბრუნდები შინ. ისიც ბევრისგან მსმენია, თითქოს აქ ფულის გულისთვის ვართ. ვინც ამას ამბობს, ომზე წარმოდგენა არა აქვს. აქ აღებული ხელფასი აქვე გვეხარჯება ელემენტარულ რაღაცებში­, თბილ ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და ყოველდღიური საჭიროების სხვა ნივთში. აბა, ამის გულისთვის უღირს ვინმეს სიცოცხლის გარისკვა? სიცოცხლეს ადამიანი მხოლოდ იდეისთვის, სამშობლოსთვის, სიყვარულისთვის წირავს.

ხათუნა ბახტურიძე