"საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, მარტო თუ იყო, მიდიოდა და სცენის ფიცარნაგს კოცნიდა"
"ინტერვიუზე რომ შევთანხმდით, მთელი საღამო ვფიქრობდი, თქვენთვის რა მომეყოლა", - ამბობს რჟისორი გიორგი სიხარულიძე და დასძენს, რომ განებივრებული ადამიანია, უცნაურად კარგ გარემოში იზრდებოდა. დღეს სწორედ იმ ადამიანებს და ამბებს იხსენებს, რომლებმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს.
ოჯახი
ბაბუა, რომლის სახელსა და გვარს ვატარებ, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანია. მშობლებთან ერთად, ჩემი დაბადებით ყველაზე მეტად მან გაიხარა. დედამ მიამბო, როდესაც გაიგო, დავფეხმძიმდი, ჩემთან მოვიდა, მუხლებზე დაიჩოქა, მუცელზე მაკოცა და მითხრა, გიორგი სიხარულიძე იბადებაო. მაშინ სქესის წინასწარ გაგება არ ხდებოდა, მაგრამ ძალიან უნდოდა, თავის სახელის და გვარის გამგრძელებელი გაჩენილიყო. რომ დაიბადე და დაგინახე, მშობიარობის ტკივილები სულ დამავიწყდა, ვიცოდი, ბიჭის დაბადება უფროს გიორგი სიხარულიძეს როგორ გაახარებდაო.
მაშინ ყველა ოჯახში, ე.წ. ჩამოსაკიდი რადიო იყო. ხშირ შემთხვევაში, სახლიდან რომ გადიოდნენ, იმ რადიოს ჩართულს ტოვებდნენ. იმ დღეს, როდესაც სამშობიაროდან გამომიყვანეს და შინ მიმიყვანეს, კარი რომ გაუღიათ, თურმე რადიოში გიორგი სიხარულიძის სიმღერა ისმოდა.
ბაბუა 61 წლის გარდაიცვალა, მანამდე 5 წელი ჩავარდნილი იყო, გაჟონვა დაემართა. მის ოთახში რომ შემიყვანდნენ, ჩემს სახელს ვერ ამბობდა, მაგრამ ბებია, ბიძა, მამა გურულ სიმღერას რომ დაიწყებდნენ, ბაბუა ყველა სიმღერის ტექსტს ჩვეულებრივად ჰყვებოდა, არაფერი ეშლებოდა. რა საოცრებაა, კაცი მღეროდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. 9 წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა. იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, პატარა ბიჭი მამასა და ბიძასთან ერთად ვიდექი და სამძიმარს ვიღებდი.
დღეს თუ რამეს წარმოვადგენ ამ სამყაროში, ეს მამის - გომარ სიხარულიძის და ბიძის - ვიტალი სიხარულიძის დამსახურებაა. მათ ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს, ჩვენ ერთმანეთთან დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. განებივრებული ადამიანი ვარ, უცნაურად კარგ გარემოში ვიზრდებოდი. სამწუხაროდ, ორივე ბაბუა ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ, მაგრამ ორივე ბებია ჩვენს სახლში ერთად ცხოვრობდა, სადაც ვიზრდებოდით მე, ნინო და ნიკუშა. ის სითბო და გარემო, რომელიც ჩვენს ოჯახში სუფევდა, არასდროს დამავიწყდება, ეს იყო იდილია, დიდი სიყვარული, პატივისცემა, სითბო... არ მახსენდება, ოჯახში ხმამაღალი სიტყვა. ჩვენთან მუდმივად იყო სტუმარი და ისმოდა სიმღერა. დედა ყველას დაგვფოფინებდა.
მამას ჰყავდა შესანიშნავი საძმაკაცო. ჩემს აღზრდასა და ჩამოყალიბებაში, ოჯახის წევრების გარდა, თუკი ვინმეს წვლილი მიუძღვის, ესენი მამას მეგობრები არიან. კვირა არ ჩაივლიდა, რომელიმეს ოჯახში არ შეკრებილიყვნენ, ასეთი ტრადიცია ჰქონდათ. გული მტკივა, დღეს ოჯახური შეკრებების ტრადიცია დაკარგულია, გადაგვარების გზაზეა, ყველანაირმა სუფრამ რესტორნებში გადაინაცვლა. მხოლოდ უფროსები კი არ იკრიბებოდნენ, ერთმანეთთან შვილებთან ერთად დადიოდნენ და ამას უდიდესი დატვირთვა ჰქონდა. შვილებიც რომ წამოვიზარდეთ, მეგობრობას ახლა ჩვენ ვაგრძელებთ და ეს არის ბედნიერება. მსგავსი სუფრები, სიმღერა, მოქცევა, ღვინოსთან დამოკიდებულება, რაც მამას საძმაკაცოში, ძალიან პატარა ასაკში ვნახე, ვცდილობ, დღეს ჩემს საძმაკაცოსთან გავაგრძელო. როგორი კარგი სუფრაც არ უნდა ჩავატარო, ყოველთვის სწორებას იმ ძველ დროსთან ვაკეთებ. არ არსებობს სუფრა, მამას ძმაკაცების სადღეგრძელო არ დავლიო. ხშირად შედარებას ვაკეთებ, როგორი საოცრებებიც არ უნდა ჩავატაროთ, მამების თაობას ვერ შევედრებით. მაშინ სუფრა ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი. დღეს ზოგიერთი ქილიკობს, ერთი და იგივე სადღეგრძელო ნუთუ არ გბეზრდებათო? მეცოდება ყველა ადამიანი, ვინც ამას ამბობს, რადგან ნამდვილი ქართული სუფრა არასდროს უნახავთ. ეს იყო იმპროვიზაციის საოცარი ნიმუში, არც ერთი სუფრა ერთმანეთს არ ჰგავდა. ბევრ კარგ რეჟისორს გაუჭირდება დადგას ისეთი "სპექტაკლები," როგორ დღესასწაულსაც სუფრასთან გენიალური თამადა თემურ ჟღენტი აწყობდა. საოცარი ადამიანები იყვნენ ვალოდია ღორობერიძე, კუკური ჭოხონელიძე, გოგი ქავთარაძე, ვიტალი სიხარულიძე, თემურ აბულაძე, დიმა ჯაიანი, ვახო თუთაშვილი, ბიჭი ყიფშიძე...
აღვნიშნე, რომ მამა და ბიძა მეგობრულად მზრდიდნენ, ვძმაკაცობდით, მაგრამ გარკვეული ზღვარი მაინც არსებობდა. მამის იმდენად დიდი რიდი მქონდა, უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, სიგარეტს მასთან ვერ ვეწეოდი. იყო რაღაც საკითხები, რაზეც დისტანცირება გვქონდა, დედამიწის ზურგზე არ შემხვედრია ეგეთი წესიერი ადამიანი, ოჯახის მოყვარული. მშობლების ურთიერთობა ჩემთვის დღემდე სამაგალითო და სანიმუშოა. მშობლებს შორის 8-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, მამა 77 წლის გარდაიცვალა, ამ ასაკშიც კი ერთმანეთს შეყვარებულების თვალებით უყურებდნენ, ახალდაქორწინებულებს ჰგვანდნენ.
მამა ცხოვრების წესით, ყოველდღიური საქციელით, როგორც ოჯახში, ასევე პროფესიაში, იყო მაგალითი. რჩევა-დარიგებებით - ნაკლებად, ის შვილებს მაგალითს სწორედ საკუთარი ცხოვრებით გვაძლევდა.
მიხეილ თუმანიშვილი
ჩემს პროფესიაში თუკი რამე ვიცი, ეს მიხეილ თუმანიშვილის დამსახურებაა. საგუნდო სადირიჟოროზე უნდა ჩამებარებინა, სწავლა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა, მაგრამ ჩემი ნათლია გოგი ქავთარაძე იყო და როგორც ჩანს, ნათლობის მადლმა სძლია, პროფესიული არჩევანი თეატრს დავუკავშირე. ყველა ხომ 11 წელს სწავლობს, მაგრამ მე 12 წელი მომიხდა, რადგან სკოლიდან მუსიკალურ ათწლედში გადავედი. თუმანიშვილს ჯგუფი 4 წელიწადში ერთხელ აჰყავდა, მხოლოდ 4 ბავშვს ირჩევდა. ისე დაემთხვა, მუსიკალური ათწლედი რომ დავასრულე, იმ წელს თუმანიშვილს აჰყავდა ჯგუფი და ჩემდა საბედნიეროდ იმ 4 კაცში მოვხვდი, კონკურსი საკმაოდ დიდი იყო.
მამა თემურ ჩხეიძესთან მეგობრობდა, მან უთხრა, თუმანიშვილს უყვარს თავის აბიტურიენტებს ცოტა ადრე თუ გაიცნობს, აკვირდება, როგორი უნარები და თვისებები აქვთ, შემიძლია, ბატონ მიშასთან გიორგი მივიყვანო, ერთი წლის განმავლობაში დააკვირდებაო. ასეც მოხდა და ეს განუმეორებელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვმუშაობდი სცენის მუშად, ვიყავი ხმის რეჟისორებთან, გამნათებლებთან, რეკვიზიტორებთან, პრაქტიკულად თეატრის ცხოვრებას ვეცნობოდი. ბატონი მიშა გამიჯნული იყო, არაფერს მეკითხებოდა, უბრალოდ მაკვირდებოდა. ჩასაბარებლად რომ მივედი, ვნერვიულობდი, არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნება, გასაუბრებაზე რომ შევედი. ველოდებოდი, პროფესიულ შეკითხვებს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად იცით რა მკითხა? - პითაგორას თეორემა იციო? - გავოგნდი. სკოლაში ტექნიკური საგნების დიდი ცოდნით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ერთადერთი, რაც ვიცოდი, ეს იყო და დღემდე მახსოვს: ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატის ჯამის ტოლია. რომ ვუპასუხე, მასაც გაუკვირდა და სხვა შეკითხვა აღარ დამისვა. მოგვიანებით, როდესაც შედარებით გავუთამამდი, ვკითხე ეს შეკითხვა რატომ დამისვით-მეთქი? რა თქმა უნდა, თავად აღარ ახსოვდა, მაგრამ მითხრა, იმიტომ შვილი, რომ რეჟისორმა ყველაფერი უნდა იცოდესო.
მიხეილ თუმანიშვილი ასკეტი იყო თავის პროფესიაში. მას ამ საქმის გარდა, არაფერი აინტერესებდა. როგორც მამა იყო ჩემთვის მაგალითი, როგორც ოჯახში, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში, ასეთივე მაგალითი გახდა ჩემთვის მიხეილ თუმანიშვილი, ის შეწირული იყო თეატრისთვის. მან მომცა მაგალითი, როგორ უნდა მეცხოვრა თეატრისთვის.
განსაკუთრებით საოცარი იყო მისი დამოკიდებულება რეპეტიციის მიმართ. სულ ამბობდა, ჩემი მთავარი სამფლობელო და მოქმედების არეალი არის სარეპეტიციო. სპექტაკლს რომ დავდგამ, შემდეგ ის მე აღარ მეკუთვნის, არტისტების და მაყურებლის კუთვნილება ხდებაო. სარეპეტიციოში მე ვთხზავ, მე ვიგონებ მომავალი სპექტაკლის კონტურებსო. ისე თუ მოხდებოდა, რეპეტიციის წინ ბატონი მიშა დარბაზში მარტო შევიდოდა და იქაც არავინ დახვდებოდა, ის მიდიოდა და სცენის ფიცარნაგს კოცნიდა. ოღონდ მარტო უნდა ყოფილიყო, ამას პოზისთვის არ აკეთებდა. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, მან არ იცოდა, რომ სტუდენტები მალულად ვაკვირდებოდით. მისთვის რეპეტიცია იყო პაემანი საყვარელ ადამიანთან. ამისთვის ის საგანგებოდ ემზადებოდა, სულ კოხტად იყო, მოწიწება ჰქონდა, რასაც ადამიანი თავის რჩეულთან პაემანზე წასვლისას აკეთებს, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა რეპეტიციების მიმართ. თუკი დღეს ვინმე ქართულ თეატრში საქმიანობს, 80% მიხეილ თუმანიშვილის გაზრდილია. მიუხედავად ამ დიდი ღვაწლისა, რომელიც ფასდაუდებელია, ჩემთვის ის მაინც ამ მთავარი ნიშნით დარჩება - სარეპეტიციო დარბაზში როგორც პაემანზე, ყველასგან განსხვავებული დამოკიდებულებით და მოწიწებით.
8 შოკის მომგვრელი შთაბეჭდილება
ინტერვიუზე რომ შევთანხმდით, მთელი საღამო ვფიქრობდი, თქვენთვის რა მომეყოლა. ვეცდები 8 ერთმანეთის მსგავსი პატარა ამბავი გავაერთიანო, 8 ემოცია, რომელმაც შემძრა და შოკში ჩამაგდო. მძაფრი შეგრძნებები მქონდა, როდესაც ვნახე:
მიხეილ თუმანიშვილის "ჩვენი პატარა ქალაქი";
რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში "სტალინგრადის ბრძოლა";
პარიზში გენიალური ფლამენკოს მოცეკვავე კრისტინა ოიოსი, როგორ ცეკვავდა 16 ანდალუსიელთან ერთად;
ფილარმონიაში ნანახი, ასაკში შესული ფრიდონ სულაბერიძის გასმა, ერთი კულისიდან მეორე კულისამდე, ნინო რამიშვილის იუბილეზე;
პლასიდო დომინგოს კონცერტი;
პარიზში ბასტილიის ოპერის თეატრში, ძალიან ცნობილ საოპერო მომღერალ მილერა ფრენის მოსმენისას;
რეზო ლაღიძის შემოქმედება, განსაკუთრებით "წუთისოფელი";
არასდროს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე ამსტერდამში გიორგი ფოცხიშვილმა მოახდინა, ისე ცეკვავდა "დონ-კიხოტში". დარბაზში ამაყი და ბედნიერი ვიჯექი, ასეთ ფენომენალურ ქართველ მოცეკვავეს რომ ვუქცერდი.
ამ ყველაფერს რა აერთიანებს? ემოციური მდგომარეობა, რაც პირველი ნახვისას გეუფლება, იგივე გემართება ყოველ ჯერზე.
გომარ სიხარულიძის "ვახ, სოფელო" სიმღერა, რომელიც პროექტში "მიმღერე" შევასრულე, ანალოგიურია, მაგრამ განყენებული მაქვს, რადგან ოჯახის წევრია. მამას ამ სიმღერას ასჯერ რომ მოვუსმინო, ასჯერვე მბურძგლავს. მისი ნამღერი მართლა საოცრება იყო.
თამუნა კვინიკაძე