"ოქროს მედალოსანი ვარ, მასწავლებლის გამოცდა უმაღლესი ქულებით ჩავაბარე, მაგრამ სკოლაში არ მიშვებენ" - კვირის პალიტრა

"ოქროს მედალოსანი ვარ, მასწავლებლის გამოცდა უმაღლესი ქულებით ჩავაბარე, მაგრამ სკოლაში არ მიშვებენ"

სანდრო გოცირიძე პოპულარული კონტენტ კრეატორი გახლავთ, რომლის "ტიკ-ტოკ" ვიდეოებს უამრავი ადამიანი უყურებს, თუმცა მისი კონტენტი მხოლოდ გასა­რთობი არ არის: სანდრო არა მხოლოდ­ იუმორით გადმოსცემს გამოგონილი­ ოჯა­ხის­ (ვიდეო კონტენტის - "ომარიკო და მისი ოჯახი" - ყველა წევრის როლს სანდრო თავად ასრულებს) ამბებს, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ თემებსაც ეხება. მისი ყურადღების ცენტრში ხშირად ბავშვებიც ხვდებიან, როგორც ინტერნეტში აქტიური თაობა... სამოქალაქო პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, სანდროს საჯარო სექტორის კარი დაუხურეს...

- ჩემში ყოველთვის საკმარისი დოზით­ იყო იუმორი, ცოტათი - პაროდიის ნიჭი... თითქმის 4 წელია, რაც ასეთ ვიდეოებს ვქმნი. ყველა პერსონაჟი, თავისი ხასიათის თვისებებით, თავად მოვიგონე.

- შენი იუმორისტული ვიდეოები მწვავე­ თემებსაც ეხება. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია, რომ გართობის გარდა, მაყურებელს­ რაღაც აზრიც "გაატანო"?

- ჩემი აზრით, წიგნი, ფილმი, სერიალი­ თუ უბრალოდ ვიდეო რაღაც აზრს უნდა ატარებდეს. უპირველეს ყოვლისა, იუმორი მნიშვნელოვანია, რადგან ცოტათი გავხალისდეთ, ჩვენს ცხოვრებაში პოზიტიური განწყობა შემოვიტანოთ, თუმცა ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის ვალია, სამოქალაქო­ პოზიცია დავაფიქსირო­ და ეს ყველაფერი ხალხს­ თუნდაც­ იმ სახით მივაწოდო, როგორიც ჩემი ვიდეოებია. როგორც მოქალაქე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მიხარია, რომ ხალხამდე ჩემი სწორი გზავნილები მიდის. ჩემი აუდიტორიის დიდ ნაწილს სკოლის მოსწავლეები შეადგენენ. დღეს ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, ამ თაობისთვის სწორი გზავნილები უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი\ა...

- 431 000 გამომწერი - ეს უზარმაზარი აუდიტორიაა. როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარმატების საიდუმლო?

- ამაზე ბევრი მიფიქრია და ასეთ დასკვნამდე მივედი: თავად კონტენტია უნიკალური, ჯერჯერობით, ასეთი საქართველო­ში არავის აქვს. პირველი ვარ, ვინც კონტენტს ერთგვარი სერიალის სახე მისცა - ვიდეოების ერთიანი ხაზი არ წყდება, არ იცვლება... როცა კომპანიები კომერციული შეთავაზებებით მიკავშირდებიან, სულ ვამბობ, რომ ჩემთვის "ომარიკო და მისი ოჯახი" წმინდა კონტენტია, რომელსაც არავის და არაფრის გამო არ შევცვლი...

- ხშირად ეხმაურები სოციალურ და პოლიტიკურ თემებს. ამ სფეროში ნეიტრალურობის შენაჩუნება რამდენად რთულია, როცა შესაძლოა კრიტიკა ორივე მხრიდან მიიღო?

- ნეიტრალიტეტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, არამედ ყველა თემის განხილვისას. თითოეულ სიტყვას კარგად უნდა დაუფიქრდე, რომ ვიღაცამ ცუდად არ მიიღოს, კონკრეტული ადამიანისთვის ან ჯგუფისთვის შეურაცხმყოფელი არ აღმოჩნდეს. რაც შეეხება­ პოლიტიკურ ჩანართებს, ვფიქრობ, ნეიტრალიტეტის დაცვა ამ შემთხვევაშიც არ მიჭირს. მიმაჩნია, რომ ჩემი ვიდეობი ადამიანური და მოქალაქეობრივი ღირებულებების შესაბამისია. Aარაბუნებრივს არაფერს ვაკეთებ. ნებისმიერ ვიდეოს ისე ვქმნი, რომ შეურაცხყოფა არც ერთ მხარეს არ მივაყენო, არ დავაკნინო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი მხარიკენ მეტად ვიხრებოდე.

- როგორი რეაქცია გაქვს, როცა შენს რომელიმე ვიდეოს პოლიტიკურ პროპაგანდად აღიქვამენ?

- ხშIირად უთქვამთ, ამდენი პოლიტიკა რად გინდა, პოლიტიკის­ გარეშე ეს ვიდეოები უფრო სასაცილოაო, არადა, პოლიტიკაც ჩვენი ცხოვრების სფეროა. ჩემი აზრით, ახლა ასეთ დღეში­ იმიტომ ვართ, რომ ჩვენს თაობას სულ დაგვძახოდნენ, პოლიტიკა ბიძური საქმეა და არ უნდა ჩაერიოთო! ამ მხრივ, საზოგადოების ცნობიერება მაღალი­ არ არის და ამიტომაც გვაქვს დღეს პოლიტიკური კრიზისი.­ ვფიქრობ, ჩემი ვიდეოებით ხალხის­ ცნობიერებას ამ მიმართულებითაც ცოტათი ვამაღლებ. უარყოფით კომენტარებზე­ ცუდი რეაქცია არა მაქვს. ზოგჯერ მეცინება კიდეც, ისეთ კომენტარებს წერენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა "ტროლ-ბოტების ქარხანა"­ აქტიურობს. ნეგატიური კომენტარები ჩემთვის მოტივაციაც არის, გარკვეულწილად...

- ფიქრობთ, რომ ყვე­ლ­ა­ფერზე ლაპარაკი შეიძლება?

- არის საკითხები, რომ­ლებზეც არ ვლაპარაკობ და ალბათ, არც ვილაპარაკებ, ოღონდ სოციალურ-პოლიტიკურ თემებს არ ვგულისხმობ­. უბრალოდ, როცა ვაცნობიერებ,­ რომ ჩემი აუდიტორიის დიდი ნაწილი არასრულწ­ლოვანია, ისეთ თემებზე­ საუბარს ვერიდები, რომ­ლებმაც შეიძ­ლება უარ­ყოფითი­ პროპაგანდა გამოიწვიოს... მაგალითად, თუკი ოდესმე ვიდეოში სიგარეტი­ გამომიჩენია, ნამდვილი არ ყოფილა, ქაღალდისგან ვა­კეთებ და მაშIინაც ამაზეც სულ უარყოფითად ვსაუბრობ, რომ აუდიტორიას სწორი შეტყობინება გავუგზავნო...

- როგორ ფიქრობ, რა შეცდომებს უშვებენ­ მშობლები, როცა მათი შვილები ინტერნეტში ზედმეტად თავისუფლები არიან?

- კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ბევრი კარგი კონტენტი არსებობს, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანმა უყუროს, თუმცა, რა თქმა უნდა, სოცქსელებში ბევრი ისეთი ვიდეოცაა, რომლებიც ბავშვისა თუ მოზარდის განვითარებისთვის ცუდია. ამიტომ კონტროლი­ აუცილებელია, რომ ბავშვი ვიღაცის პირად სივრცეში არ შეიჭრას ან პირიქით - ვიღაც მის სივრცეში ძალიან უარყოფითად არ შემოვიდეს, რადგან სოცქსელებში ბევრია კიბერბულინგი, კიბერშეტევა... პირველ რიგში, ამის მსხვერპლი­ არასრულწლოვნები ხდებიან... ბუნებრივია, რადიკალიზმს, სრულ კონტროლს, აკრძალვას არ მივესალმები. ყველაზე­ კარგი, რაც შეიძლება ბავშვს გაუკეთო, მისთვის ცნობიე­რების ამაღლებაა - რა არის კარგი და რა ცუდი, სად დაწეროს კომენტარი და რომელი წყაროდან მიიღოს ინფორმაციას. ეს ყველაფერი არასრულწლოვანთან ვიღაც მესამე პირის კონტაქტის შესაძლებლობას ამცირებს.A ამას მშობლის­ გარდა უნდა ცდილობდეს ყველა,­ ვისაც ბავშვზე რამე ზეგავლენა აქვს, მაგალითად, მასწავლებელი...

- სანდრო, როგორც ვიცი, ხაშურში ცხოვრობ. მოგვიყევი, რას საქმიანობ?

- ხაშურში დავიბადე და გავიზარდე.სხვა ქალაქში მხოლოდ სტუდენტობის პერიოდი ვცხოვრობდი, ისიც ორწელიწადნახევარი, რადგან შემდეგ პანდემია დაიწყო და ისევ ხაშურში დავბრუნდი. აქაურობა ძალიან მიყვარს, ჩემთვის წმინდა ადგილია... იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე - სამართალმცოდნის დიპლომი მაქვს, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობა არ გამიგრძელებია, რადგან ეს პროფესია არ მომწონს. დაახლოებით, მესამე კურსზე მივხვდი, რომ ჩემი არ იყო და ამ საქმეს თუ გავაგრძელებდი, პიროვნულად რეალიზებული ვერ ვიქნებოდი. საკუთარი თავი ბევრ სხვა სფეროში გამოვცადე: გაყიდვებში, მარკეტინგში... რასაც შევეხე, ყველაფერი კარგად გამომივიდა. სტუდენტობის დროს კერძო რეპეტიტორიც გახლდით - მოსწავლეებთან სახლში მივდიოდი და ვამეცადინებდი. ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა სწორედ აქედან დაიწყო. 2023 წელს მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე - სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვარ, მაგრამ მხოლოდ სახლის პირობებში. 15 აბიტურიენტი და ასევე, მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველები (ასაკით ჩემზე უფროსებიც) მყავს. სხვა მხრივ, საგანმანათლებლო სივრცესთან შეხება არ მაქვს, სამწუხაროდ...

- გიფიქრია, რომ თბილისში ცხოვრება საქმიანობას უფრო გაგიადვილებდა?

- კი, რა თქმა უნდა. აქაურობას შეჩვ­ეული ვარ, საკუთარი სახლი, ეზო მაქვს­, არც გადაადგილება მიჭირს საცობების­ გამო. საცობები, ხალხმრავლობა არ მიყვარს.­ თბილისი უფრო ხმაურიანია. ამიტომ რეგიონში ცხოვრება მირჩევნია, თუმცა დედაქალაქში ბევრი შესაძლებლობაა. ალბათ, თბილისში რომ ვცხოვრობდე, უფრო დიდი პროფესიული გამოცდილება მექნებოდა. ყოფლა შემთხვევები, გარკვეულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი მითქვამს. ქალაქებს შორის მისვლა-მოსვლა მაინც დამაბრკოლებელი ფაქტორია, მიუხედავად იმისა, რომ მანძილი დიდი არ არის...

- როგორ ფიქრობ, შენს რეგიონში რა მნიშვნელოვანი პრობლემებია?

- აქ უამრავი პრობლემაა, ძირითადად, ურბანიზაციის. პლუს, არ არსებობს გასართობი, შემეცნებითი სივრცეები, სამუშაო ადგილების სერიოზული დეფიციტია. ძალიან რთულია სამსახური იპოვო,­ მაგალითად, სკოლებში შეღწევა ძნელია. ბევრ ადამიანს ბლოკავენ კიდეც, რადგან მათი იქ მუშაობა "ვიღაცას" არ აწყობს. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო: სკოლამ, სადაც 12 წელი ვიზრდებოდი, ოქროს მედალზე დავამთავრე და ერთი მასწავლებელიც არ ყოფილა, ვისაც ჩემზე რამე ცუდი გაახსენდებოდა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მიღებაზე უარი მითხრა, რადგან "ვიღაცებს" არ მოვწონდი...

- სოციალურ ქსელებში სოციალურ-პოლიტიკური აქტიურობის გამო?

- დიახ. ყველამ იცის, რომ მასწავლებლობის ისეთი კანდიდატი არ ვყოფილვარ,­ რომელიც სკოლის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა, მასწავლებლის გამოცდა უმაღლესი ქულებით ჩავაბარე, მაგრამ "ვიღაცებს" ჩემი აქტიურობა და ის ფაქტი, რომ მათთვის სასურველ მესიჯებს მოსწავლეებთან ვერ გავაჟღერებდი, არ მოსწონდათ. ისე, ყველას უნდოდა, რომ სკოლაში მემუშავა. თითოეულ მასწავლებელს დღემდე დიდ პატივს ვცემ, პიროვნებად სწორედ მათ ჩამომაყალიბეს. ასე რომ, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. კონკრეტულად, სკოლის კი არა, ბევრი სხვა გარემოების ბრალია, რის გამოც ადამიანები იბლოკებიან. ჩემი ამბავი ბევრისთვის უარყოფითი მაგალითი აღმოჩნდა და ბევრმა კარგმა ახალგაზრდამ, ვისაც ვიცნობ, სკოლაში მასწავლებლად მუშაობა გადაიფიქრა.

ფაქტია, დღეს საგანმანათლებლო სისტემა ჭაობშია და იძირება... სკოლების უმეტესობა იმ ცოდნას ვერ იძლევა, რომ მოზარდმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება შეძლოს და საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის მოემზადოს, რომელიც კიდევ უფრო რთულია...

ეთო ყორღანაშვილი