"ხვიჩა 400 წლის შემდეგ ჩვენმა სიყვარულმა სამშობლოში დააბრუნა... ბევრი ვიტირე შირაზის ქუჩებში ქეთევან დედოფლისთვის" - კვირის პალიტრა

"ხვიჩა 400 წლის შემდეგ ჩვენმა სიყვარულმა სამშობლოში დააბრუნა... ბევრი ვიტირე შირაზის ქუჩებში ქეთევან დედოფლისთვის"

"ირანს ვარ, გუშინ გვიან დავბრუნდი შირაზიდან.… ბევრი ვიტირე შირაზის ქუჩებში ქეთევან დედოფლისთვის", - დაწერა სოციალურ ქსელში ქუთაისელმა ქეთევან ბუჩუაძემ. ვინც იცის, რას ნიშნავს შირაზი საქართველოსთვის, ამის მიზეზს ადვილად გაიგებს: სწორედ აქ დასაჯეს დედოფალი, ამ ქალაქში ბევრია ირანისთვის ბრძოლაში­ დაღუპული სხვა ქართველთა სისხლიც. ამ დროს სწორედ ამ ქალაქის აგებაში შეიტანეს ქართველებმა უდიდესი წვლილი. შირაზი - ვარდებისა და გამაოგნებელი მეჩეთების ქალაქი, ქართველი ალავერდი-ხანი უნდილაძისა და მისი შვილების: დაუდ და იმამყული-ხანის ნაშენებიც არის. რასაც ახლა გიამბობთ, ეს ამბავიც ერთგვარად, ქართულ-ირანული ტრაგედიის ნაწილია ბედნიერი გაგრძელებით.

- როგორ მოხვდით ქალაქში, რომელთანაც ცნობილი გამოთქმაც ასოცირდება: "შირაზის ვარდივით ლამაზი".

- გიამბობთ. თუმცა ის დროც გვქონდა, როდესაც ბედის უკუღმართობა ირანში ლამის მთელ საქართველოს მიერეკებოდა. მარტივი ცხოვრება არც მე გამივლია. 21 წლისას უმძიმეს 90-იანებში ოჯახი დამენგრა­ და დილემის წინაშე აღმოვჩნდი. განა მშობლები ვერ მომივლიდნენ, უკარგესი­ დედ-მამა მყავს; უბრალოდ, თავად ვიგრძენი პასუხისმგებლობა მათ, ჩემი შვილისა და საკუთარ თავის წინაშეც­. სამშობლოს დატოვება არ შემეძლო, ჰოდა, გადარჩენის გზებს ვეძებდი. უფალს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარ მამა ანდრიასათან მიმიყვანა. ჯიხეთი გურიაშია, ლანჩხუთთან ახლოს. ქუთაისელი მრევლი რომ ჩავიდოდით, მამა ანდრია ისეთ სიცოცხლის იმედს გვაძლევდა, რომ მისი ძალით მთებს გადავდგამდით. შემდეგ ქუთაისში პირველი საეკლესიო მაღაზიის გახსნა გავბედე. ოჯახი და ძმა დამიდგა გვერდში. ძალიან ბევრს ვშრომობდი მათთან ერთად მაშინაც და ახლაც. პირველად საეკლესიო ნივთები საპატრიარქოდან ქუთაისში ჩამქონდა, მერე კიევ-პეჩორის ლავრასაც დავუკავშირდი, აქ ბრწყინვალე საეკლესიო ნივთებს ქმნიან და ესენიც მოწიწებით წამოვიღე ჩემს ქვეყანაში. ერთხელაც ლავრის ტერიტორიაზე დასაქმებულ ქალს ჩემი ნახელავი საეკლესიო სამაჯური ვაჩუქე და გაოცდა, ულამაზესი ნახელავია, ჩამოიტანეთ კიევში, აქ გაიყიდებაო. ასეც მოვიქეცი. რამდენიმე ხანში ამ ჩემი ხელით ნახელავში იმდენი თანხა დამიგროვდა, ცოტ-ცოტა ყველაფერს მივხედე. ერთხელაც მეგობარმა ჩემს საქმეზე შეტყობინება გამომიგზავნა და მის თვალიერებაში მამაკაცის კომენტარი შემომხვდა. არ მივაქცევდი ყურადღებას, ფერეიდნული ქართულით რომ არ ყოფილიყო დაწერილი. საბოლოოდ ფერეიდნელებთან მიმოწერა­ გავაბი და მათ შორის იმ უცნობ მამაკაცთან. იმ წერილების გამო ფერეიდანში წასვლა მომინდა, მაგრამ მოძღვარმა არ მირჩია, ჯერ აქ ჩამოვიდეს ეგ ხალხი, გაიცანი და მერე ესტუმრე ირანშიო. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ქუთაისში ჩამოსულ ფერეიდნელებში მეგობრად უკარგესი ფერეიდნული ოჯახი და 25 წლის ფერეიდნელი შვილობილი შევიძინე. ჩემს შვილობილზე ბევრს აღარ მოვყვები, მაგრამ გეტყვით, რომ ულამაზესი ქართველი ბიჭია და სიცოცხლესავით უყვარს საქართველო. ჰოდა, მას ვესტუმრე და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ხვიჩა სეფიაშვილი, რომელიც 400 წლის შემდეგ ჩვენმა სიყვარულმა დააბრუნა სამშობლოში.

- ფერეიდნელი ქართველი შეგიყვარდათ.

- დიახ, 45 წლისას. როგორ ვიფიქ­რებდი, რომ სიყვარული იმ დროს მოვიდ­ოდა, როცა უკვე შვილიშვილი მყავდა. პირიქით, ვემზადებოდი, რომ უფლის სამსახური ეკლესიაში გამეგრძელებინა და როცა დრო მოვიდოდა, კიდეც აღკვეცილიყავი, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. როდესაც ირანში ჩავედი, ხვიჩა იმ ადგილიდან 1200 კილომეტრით იყო დაშორებული სამსახურის გამო, მაგრამ ჩამოფრინდა. მოკლედ, დავსხედით და ვისაუბრეთ. ბევრი საქართველოზე, ცოტა ჩვენს ცხოვრებაზე. მერე ამ შეხვედრაზე ფიქრს ვერ ვიშორებდი თავიდან, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ამ კაცზე არ ვიფიქრებ-მეთქი, მაგრამ თავად არ მომეშვა, - რასტი არ ჩნიხარო?!

shahe-cheragh-1740934469.jpg

- ანუ რატომ არ ჩანხარო?

- დიახ. ბევრ სხვა ლამაზ რამესაც აკეთებდა, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი­. მაგალითად, ყოველდღე ყიდულობდა ვარდს და პარკში იმ სკამზე ტოვებდა, სადაც­ შევხვდით. ერთხელაც სამსახურის გამო ვარდი ხუთი დღე ვერ იყიდა და მეექვსე­ დღეს ხუთი ვარდის ფოტო გამომიგზავნა შუაში დიდი ყვითელი ვარდით: იმ დღეების ვარდებია, რომელიც ვერ ვიყიდე, მეექვსე, ყველაზე ლამაზი დღევანდელი­ დღისაო. ერთხელაც მოხუცი გამოსდევნებია, შვილო, სკამზე ყვავილები დაგრჩა, წაიღეო, მაგრამ ამას უთქვამს, კი არ დამრჩა, საყვარელი ქალისთვის დავტოვეო.

ხვიჩას ბევრჯერ უთქვამს, ღმერთმა სამშობლო შენით მაჩუქა, შენ კი მთელი სამყარო მაჩუქეო. ქუთაისში დავიწ­ერე ჯვარი. ხშირად უთქვამს ჩემი ახლობლებისთვის, გმადლობთ, რომ საქართველო შეინახეთო.

როდესაც შირაზის ქუჩებში როსტომ-ხან­­ უნდილაძეზე ვსაუბრობდით, თქვა, როსტომ-ხანს ირანში სახელისა და სიმდიდ­რის მოხვეჭას ერჩივნა, ქეთევან დედოფალივით შესწიროდა საქართველოს. სახელი­ და სიმდიდრე მარადიული არ არის, მარადი­ული სულის გადარჩენაა მარადიულობისთვისო. შირაზში მასთან ერთად თითქოს ქეთევან დედოფლის ნაკვალევს ვეძებდი, რომ მის ტანჯვაზე, ჩემი სამშობლოს ბედზე გლოვ­ით მომეოხებინა გული. ჩემმა ქმარმა კი, ქუჩებში ნურაფერს ეძებ, მთებისაკენ გაიხედე, ალბათ, როგორი ტკივილით­ უყურებდა საქართველოს მონატრებული დედოფალიო.

შირაზშია ირანის უმშვენიერესი ნაგებობების დიდი წილი. ის ხომ ერთ დროს ირანის დედაქალაქიც იყო. აქ ულამაზესი მეჩეთებია, რომელსაც, ჩემი ფიქრით, გენი­ოსები აშენებდნენ. თავად როსტომ უნდილაძეც გენიოსი იყო, სულით ხორცამდე საქართველოსთან მიბმული. ამას ისიც მოწმობს, რომ 33 ქართული ასოთი მისივე აშენებული ხიდი შეამკო ირანში. ეს ხიდი და ანბანი ახლაც აოცებს მსოფლიოს. გარდა ამისა, ამ კაცმა ირანული არმიის დიდი რეფორმა ჩაატარა... ქეთევან დედოფალს შირაზში ჭირისუფლად არავინ ჰყავს. არადა, ფერეიდანივით­ ერთ დროს ქართველები შირაზშიც ცხოვრობდნენ. იქ მიტაცებითა და მუხანათობით­ ჩაჰყავდათ. მათი შთამომავლობა იმდენად ლამაზი იყო, რომ სწორედ მათ უკავშირდება გამოთქმა "შირაზის ვარდი". თავად უნდილაძეებსაც ქართველი ცოლები ჰყავდათ, მაგრამ ყველანი უცხოობაში გაქრნენ. ამიტომ უფრო მეტად ამაცრემლა შირაზის ქუჩებმა და ჩვენი წმინდა დედოფლის ბედმა. მარად იცოცხლოს ჩემმა სამშობლომ, ფერეიდნელი ქართველების შთამომავალმა. საქართველოს ფერეიდნელების სახით უდიდესი საყრდენი აქვს. მათ თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდებათ.