"ემოციისგან ჩავიკეცე, ახლაც მახსოვს მაშინდელი ჩემი განცდები. ვერ გავიგე, რა ხდებოდა" - რას ჰყვება ეროვნული ნაკრების მცველის დედა შვილზე?
როგორ ულოცავს დედის დღეს დედას ეროვნული ნაკრების მცველი
"არ ვიცი, ამ დღეს ემოციისგან რა დამემართება"
ეს ინტერვიუ ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილისთვის მოულოდნელობა იქნება, ბოლოში მთავარი სათქმელით. ჩემი რესპონდენტი მისი დედა - ხათუნა კვერნაძე გახლავთ და გვიამბობს, რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა ეროვნული ნაკრების მცველი, როგორი შვილია, როგორ ულოცავს დედას დედის დღეს და გაიხსენებს ემოციურ ამბებს მათი დედაშვილობიდან.
- მე და გიორგის ერთმანეთთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. 17 წლის ვიყავი, რომ გავაჩინე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი მხოლოდ ჩემი გაზრდილია. დღე და ღამე ერთად ვიყავით. ბურთზე ხომ ბავშვობიდან გიჟდებოდა, მოყოლილიც მაქვს, ყოველ საღამოს ვრეცხავდი ბურთს და საწოლში შუაში "ვიწვენდით". უნივერსიტეტიდან რომ ვბრუნდებოდი, მამაჩემი და გიორგი გაჩერებაზე მელოდებოდნენ, გიორგი ჩემთან მცირეხნიან განშორებასაც ვერ იტანდა, ყველას ეკითხებოდა, - დედა, სად არის? სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან თან დამყავდა. მასთან ერთად ვათენებდი ღამეებს ფეხბურთის ყურებაში და მისი საყვარელი ფეხბურთელების გულშემატკივრობაში. 5 წლის იყო, ფეხბურთზე რომ შევიყვანე.
გიორგი უზომოდ თბილი, მოსიყვარულე, მხიარული და ჰუმანური ადამიანია. ბავშვობაში მხოლოდ ფეხბურთზე კი - არა, სამეჯლისო ცეკვებზეც დადიოდა, ქუთაისში კულტურის სახლის დირექტორი ვიყავი. ზოგჯერ მასწავლებელი თუ არ მოვიდოდა, გიორგი მეხმარებოდა, ბავშვებს რეპეტიციებს უტარებდა. სამეჯლისო ცეკვებს მეც მასწავლიდა, რამე თუ არ მოეწონებოდა, მეტყოდა, - ხათუნა, შენი ფეხი არ მომწონს, გამოასწორე!
ძალიან მეგობრული დედაშვილობა გვაქვს.
- პირად ამბებზეც თამამად გესაუბრებათ?
- რა თქმა უნდა. გიორგის და ანას (ოქრუაშვილი) ურთიერთობის და სიყვარულის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, ოჯახს მალე თუ შექმნიდნენ. არასდროს დამავიწყდება ის დღე, გიორგის ცოლის მოყვანა გადაუწყვეტია, მირეკავს და მეუბნება - დედა, ცოლი მომყავს. რაღაცნაირად დავიბენი, - დედა, ახლა რა ვქნა მე? - შენ არა დედა, მე ვიზამ, მე (იცინის) მაშინ ასეთი სასაცილო დიალოგი შედგა ჩვენს შორის.
მე და გიორგი ხანდახან ვჩხუბობთ კიდეც. ჩემი საქციელი თუ არ მოეწონება, მსაყვედურობს.
- გაკრიტიკებთ?
- ძალიან. ჩაცმის დეტალზეც შეუძლია მისაყვედუროს.
- თქვენ შენიშვნებს რის გამო აძლევთ?
- თამაში რომ აქვს, მაშინ ვიცი დარეკვა, მინდა, იმ დროს დავლოცო, ის კი არ მპასუხობს, ამ დროს ძალიან ვბრაზდები. როცა თამაშის წინ ველაპარაკები, მგონია, რომ იმ დღეს ძალიან კარგად ითამაშებს. მინდა, დადებითი ენერგეტიკა გავუგზავნო, გავაძლიერო. მჯერა, რომ დავლოცავ, წარმატებული დღე ექნება.
- როდესაც თამაშს ესწრებით, ემოციური გულშემატკივარი ხართ?
- ემოციური აღარ ჰქვია, სკამზე დაჯდომა არ შემიძლია, გავდივარ, გამოვდივარ და ვყვირი, მიდი, დაარტყი!!!
- მოედანზე მყოფი გიორგი გამჩნევთ?
- ერთხელ მისაყვედურა, დედა, რა დაგემართა, როგორი ხმით ყვიროდიო. წარმოგიდგენიათ, ხალხით გაჭედილ სტადიონზე, როცა უამრავი ადამიანი სკანდირებდა, ჩემი ხმა იცნო.
- გიორგი დედის დღეს როგორ გილოცავთ?
- შარშან მომწერა: დედა, გილოცავ 3 მარტს, დედების დღეს, მრავალს დაესწარი! ახლა ამ მონაწერს სურათი არ გადაუღო და სქრინი არ გამოაქვეყნოო (იცინის).
- სასიამოვნო მოულოდნელობებით ხშირად გაოცებთ?
- საბერძნეთში, ჩემთან ახლოს ქართველი გოგო ცხოვრობს, გიორგის მისთვის ჩემგან მალულად თანხა გადაუგზავნია. 3 მარტი რომ გათენდა, ეს ქალბატონი დილაადრიან მირეკავს, სახლში ხარო? აბა, ასე ადრე სად წავიდოდი-მეთქი? ვეებერთელა თაიგულით ხელში მოვიდა, ვერ გავიგე რა ხდებოდა, მეგონა, ეს თაიგული მას მიართვეს, მაგრამ რომ მითხრა, ეს ყვავილები შენმა გიორგიმ გამოგიგზავნაო, ემოციისგან ჩავიკეცე, ახლაც მახსოვს მაშინდელი ჩემი განცდები, ყვავილებს კი აღარ ვუყურებდი, გიორგის საქციელმა გული ამიჩუყა. ის გოგო შეშინდა, მეკითხებოდა, ცუდად ხომ არ ხარო? იმ მომენტში გიორგისგან ასეთ ქცევას არ ველოდი.
- ბავშვობაში დედის დღეს როგორ გილოცავდათ?
- ბარათებს მიწერდა, დედა, გილოცავ 3 მარტს და თავის დასთან ერთად, მომართმევადა ხოლმე იების კონას და პატარა შოკოლადს. ამ ყველაფრისთვის მანამდე თანხას ჩუმად აგროვებდნენ.
კიდევ ერთი 3 მარტი მახსოვს გამორჩეულად. გიორგი მაშინ 8 წლის იქნებოდა, სამეჯლისო ცეკვებიდან თბილისში დიდ ღონისძიებაზე გამოვიდა, ეს კონცერტი დედის დღეს დაემთხვა. ყველაფერმა რომ ჩაიარა და ქუჩაში გამოვედით ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონთან ვიყავით. გიორგის დიდი სურვილი ჰქონდა, სტადიონზე შემეყვანა. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მაშინ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და სტადიონზე შეგვიშვეს. მაშინ სტადიონი ჩემს შვილთან ერთად შემოვირბინე, .რას ვიფიქრებდი, წლების შემდეგ, იმ სტადიონზე, როგორც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თუ ითამაშებდა.
ახლა მარტის ბოლოს ჩვენს ბიჭებს თამაში აქვთ საქართველოში და ამ თამაშზე დასასწრებად მოვდივარ. ასეთ დიდ ტრიბუნაზე ჩემს შვილს ვუგულშემატკივრებ. არ ვიცი, ამ დღეს ემოციისგან რა დამემართება. ჩემი მეგობრებიც სულმოუთქმელად მელოდებიან, ყველანი გახარებულები არიან.
- საქართველოში დარჩენას აპირებთ?
- არა, თამაშის შემდეგ დანიაში, ჩემს შვილთან წავალ.
- გიორგი ეცნობა იმ ინტერვიუებს, რომლებიც თქვენთან სხვადასხვა დროს ჩავწერე?
- ყოველთვის ეცნობა, წაიკითხა ჩვენი ინტერვიუ ჟურნალში "გზა", შემდეგ - "კვირის პალიტრაში" და მოსწონს. ინტერვიუებს მასთან არ ვათანხმებ, ესეც მოულოდნელობა იქნება.
- დაბოლოს, რა იქნება გიორგისთვის თქვენი მთავარი სათქმელი?
- გიორგი, მე შენით ძალიან ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარ და შენი დედა მქვია. შენ მე მოლოდინი გამიმართლე, მინდა, ბედნიერი იყო, ტკივილი არასდროს გენახოს და სულ წარმატებულ გზებზე გევლოს! იცოდე, ეს იქნება ჩემი დიდი ბედნიერება და სიხარული, მიყვარხარ, დე, ძალიან მიყვარხარ!
თამუნა კვინიკაძე
(სპეციალურად საიტისთვის)