ზუგდიდის რაიონის სოფელი ალერტკა­რში, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, მურმან როგავას საკუთარ ეზოში უამრავი­ ეგზოტიკური ფრინველი და ცხოველი ჰყავდა. ბევრი ცნობილი ადამიანია მათთან ნამყოფი. მათ შორის, ჰოლივუდის ვარსკვლა­ვებიც... ლამები, აქლემები, კენგურუები, ირმები, სირაქლემა, ჯიხვები, ხოხბები, ფარშავანგები და ლომი მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ და 40 ჰექტარზე შემოღობილ ნაკრძალში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. გავიდა წლები და ეს ყველაფერი განადგურდა... "კვირის პალიტრას" მურმან როგავას შვილი, ანა როგავა უყვება მამის ტრაგიკულ ბედზე. ნაკრძალის შექმნის ამბავი მამაჩემი პროფესიით აგრონომი იყო და ძალიან უყვარდა ბუნება. ერთ დღეს მეგობარს მოუყვანია შვილის ნუკრი მამიკოსთვის, რადგან იცოდა, რომ უსაზღვროდ უყვარდა ცხოველები. მამას ისე მოუშინაუ­რებია, ციკნებთან ერთად თამაშობდაო. სახელად ბორია დაურქმევია. სულ კუდში დაჰყვებოდა მამაჩემს და დაუჯერებელიც კია, მაგრამ ცეკვაც კი უსწავლებია. ამის შემდეგ გაუჩნდა მამას იდეა, რომ გაეკეთებინა ნაკრძალი. სახლთან ახლოს იყო დიდი, დაუსახლებელი ტერიტორია. მამამ 40 ჰექტარი მიწა 46 წლით იჯარით აიღო და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ცხოველები ჩამოიყვანა. ჰყავდა ლამა, აქლემი, კენგურუ, ციმბირული ჯიშის ირემი, იშვიათი ჯიშის წინწკლებიანი ირემი, შველი, გარეული ტახი, სირაქლემა, ჯიხვი, სხვადასხვა ფერის ხოხბები და ფარშავანგები, დეკორატიული ქათმები. რაც მთავარია, ისინი ვოლიერებში კი არ იყვნენ დამწყვდეული, თავისუფლად დადიოდნენ. ეზოც უზარმაზარი გვაქვს და სირაქლემები იქ ჰყავდა. სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ცოტა სახელმწიფოც ეხმარებოდა ამ ყველაფრის მოვლა-პატრონობაში, მაგრამ ჩვენი ოჯახი ძლიერი იყო, მატერიალურად არასდროს გვიჭირდა - მამა მიჰყვებოდა მეღვინეობას, მეფუტკრეობას, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და საკმაოდ შემოსავლიანი ოჯახი გვქონდა. ამიტომ თვითონ სწვდებოდა ნაკრძალის შენახვას. იმის საშუალებაც კი ჰქონდა, ვერტმფრენით გადაფრენილიყო და ცხოველები ისე ჩამოეყვანა. 90-იან წლებში, როცა ადამიანების გამოკვებაც კი ჭირდა, არამცთუ ცხოველების, ჩვენი ნაკრძალის მცხოვრებლები ყველანაირად უზრუნველყოფილი იყვნენ და არაფერი მოჰკლებიათ, რასაც სრულად მამა აფინანსებდა. 80-იან წლებში ზუგდიდს სტუმრობდა­ როსტოვის ცირკი და ამ დროს დაბადებულა ლომის ძუ ბოკვერი. დაბადებიდან ცოტა სუსტი ჯანმრთელობა ჰქონია და დღეების იყო, მამასთვის რომ უჩუქებიათ. დედაჩემმა და ჩემმა ძმამ საწოვარათი გაზარდეს. სამ წლამდე ჩვენთან იზრდებოდა. დასეირნობდა სხვა ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად და არავის ერჩოდა. მათთან თანაცხოვრობდა ძალიან მშვიდობიანად. სამი წლის რომ გახდა, უკვე კარგა მოზრდილი ძუ ლომის გამოკვება გაჭირდა და მამას შეეშინდა, მტაცებელია მაინც, არ გამოამჟღავნოს თავისი ბუნებაო, ადგა და სოხუმის ზოოპარკს გადასცა საჩუქრად. ჩვენს ნაკრძალს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობდა. მოსწავლეები ჩამოდიო­დნენ ექსკურსიაზე, მოდიოდნენ საზოგადო მოღვაწეები, ტურისტები, ასევე ნამყ­ოფი არიან ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეინ ფონდა და მისი მეუღლე, ამერიკული საინფორმაციო არხის - ჩNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი. ძალიან ბევრჯერ არის ნამყოფი ზურაბ ჟვანია, ასევე სტალინის შვილიშვილი... გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2005 წლამდე, სანამ ნაკრძალი ფუნქცი­ონირებდა, ეს ადგილი საკმაოდ ცნობილი და პოპულარული იყო. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უფასო იყო და მამა ისე არავის გაუშვებდა, სუფრა რომ არ გაეშალა. პატიმრობა 2005 წელს მამა დააკავეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაშინ 72 წლის იყო. ციხე დატოვა 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა - ისედაც 3 თვე ჰქონდა დარჩენილი\... მამას ზუგდიდში დიდი სავაჭრო ობიექტი ჰქონდა, რომელსაც ახალაიების ოჯახმა თვალი დაადგა. მამამ წილი არ დათმო და სწორედ ამის გამო სახლში ჩაუდეს იარაღი და დააკავეს... მოგეხსენებათ, სამეგრელოში ხეტყის უკონტროლო გაჩეხა მიმდინარეობდა. მამა იბრძოდა, რომ ბუნება არ განადგურებულიყო. თუ ვინმეს უკანონოდ გაჰქონდა ხეტყე, უკან აბრუნებინებდა­ და სკოლის ეზოში აყრევინებდა. მამას დაკავების მიზეზი ესეც გახლდათ. მამა რომ დაიჭირეს, მაშინ დაიწყო ტყის დაუნანებლად განადგურება და ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ვერც წარმოიდგენთ, რომ აქ ოდესმე გაუვალი ტყე იყო. მამას 6 წელი მიუსაჯეს, ციხეში აწამეს კიდეც, საღ-სალამათი კაცი შევიდა და იქიდან ეტლით გამოვიყვანეთ. ამის შემდეგ მხოლოდ ხუთი წელი იცოცხლა... საშინელი წამება გამოიარა.­ სიცოცხლის ბოლო 7-8 თვე საწოლს იყო მიჯაჭვული და გონება რომ აერია, მხოლოდ ციხის კადრები ახსენდებოდა. ყვიროდა, მიშველეთ, მახრჩობენ, მიშველეთ, წყალს მასხამენო. პირველი სასამართლო რომ გაიმართა, მამა ერთი თვის დაჭერილი იყო და თავისი ფეხით ვერ მოვიდა. თანამშრომლებმა ხელით შემოიყვანეს, ფეხებს ვერ ადგამდა,­ ისეთი ნაცემი იყო. ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. არც თვითონ მიხედეს და ჩვენც არ მოგვცეს უფლება, გვემკურნალა. ისე უცემიათ, მკვდარი ჰგონებიათ და მორგში წაუყვანიათ. იქ მოსულა გონს და მერე საკანში გადმოუყვანიათ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მამაჩემი როლანდ ახალაიას პირადი პატიმარი იყო. „იყო და არა იყო რა“ ჩვენი ნაკრძალის შესახებ მერაბ კოკოჩაშვილმა 1995 წელს ფილმი გადაიღო. მთელი ეს გადამღები ჯგუფი ოთხი თვე ჩვენთან ცხოვრობდა სახლში. წელიწადის ოთხივე სეზონის უნიკალური კადრები გადაიღეს და არაჩვეულებრივი ფილმი გამოვიდა, მაგრამ მის ტელევიზიით ჩვენებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საქმე ის გახლდათ, რომ როდესაც ფილმის გადაღება დასრულდა, გრანდიოზული საზეიმო სუფრა­ გაიშალა და ბუნებრივია, მამამ ხარი დაკლა, თიკანი დაკლა და ეს კადრებიც გადაუღიათ, რეჟისორის გადაწყვეტილებით კი ეს კადრები ფილმშიც მოხვდა. კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს - თუ ცხოველები­ ასე უყვარდა,­ ბოლოს ყველაფერს თავი რატომ წააცალაო. ამის გამო აიკრძალა ეს ფილმი. რატომ დაუშვეს ასეთი შეცდომა, არ ვიცი... შემდგომ მამაჩემი ეძებდა ამ ფილმს, მაგრამ ვერ იპოვა, თუმცა მამის გარდაცვალებიდან 5 თვის მერე მე მოვიპოვე ფირი კეთილი ადამიანის დახმარებით. კადრებში­ ისიც ჩანს, როგორ გადასცა ლომი სოხუმის­ ზოოპარკს - მამას "ვილისის" საბარგულში უზის ლომი და სოხუმის ქუჩებში მიჰყავს... მამა რომ დაიჭირეს, იმის შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა განადგურდა. სირაქლემა თავისი სიბერით მოკვდა. 70-მდე ირემი მაინც იყო ნაკრძალში. ვერ გეტყვით, ვინ იყვნენ, მაგრამ ღამღამობით მოდიოდნენ ადამიანები, ნაკრძალის ღობეს აფუჭებდნენ, ჭრიდნენ, არღვევდნენ და ამის გამო ცხოველების უმეტესობა გაიქცა, ზოგი ჩახოცეს - ნატყვიარ ირმებს ვპოულობდით. კენგურუები და ფარშავანგები მეზობლის მონადირე ძაღლებმა დაგლიჯეს, რომლებიც გარღვეული ღობიდან შევიდნენ ნაკრძალში. ასე განადგურდა ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. მამაჩემისთვის ეს საქმე იყო ყველაფერი. მთელი ცხოვრება მიუძღვნა, უამრავი ფიზიკური თუ მატერიალური რესურსი ჩადო, მაგრამ ბოლო ასეთი აღმოჩნდა - ყველაფერი განადგურდა. სხვათა­ შორის, რეჟისორმა ნაკრძალზე გადაღებულ ფილმს საბედისწერო სახელი­ დაარქვა -„"იყო და არა იყო რა"... არ ვიცი, ასეთი სახელი რატომ შეურჩია, მაშინ ხომ ყველაფერი კარგად იყო და არავინ იცოდა, როგორი ბედი ელოდა ნაკრძალს... მარიამ როინიშვილი