რა ელის უკრაინულ არმიას თუ ის ამერიკული "ჰაიმარსების", "პეტრიოტებისა" და F-16-ების გარეშე დარჩა?! - კვირის პალიტრა

რა ელის უკრაინულ არმიას თუ ის ამერიკული "ჰაიმარსების", "პეტრიოტებისა" და F-16-ების გარეშე დარჩა?!

28 თებერვალს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტელეკამერების წინ სკანდალური დაპირისპირება უახლოეს მომავალში უდიდეს პრობლემებს შეუქმნის უკრაინის არმიას, რადგან მას ოფიციალური ვაშინგტონი, დიდი ალბათობით, შეუწყვეტს სამხედრო დახმარებას...

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მხარე პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ძალზე ჩქარობს რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფო შეჩერებას (ვისი მხრიდან და რისი დათმობის ხარჯზე, სხვა საკითხია), ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის დაიდება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე ან რამდენ ხანს გასტანს "ტაიმ-აუტი" ფრონტის ხაზზე. ამიტომაც უკრაინის დამცველებისთვის კვლავ აქტუალურია შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მარაგის მუდმივი განახლება.

უკრაინაში შეჭრილ პუტინის არმიას კამიკაძე-დრონებით ადრე ირანი ეხმარებოდა, ახლა კი მას საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს დიდი რაოდენობით აწვდის კიმ ჩენ ინის ჩრდილოეთი კორეა. ერთი შეხედვით, ბევრად შთამბეჭდავია უკრაინის არმიისთვის აშშ-ის თამადობით ნატოს თითქმის ყველა ქვეყნის დახმარება!

თუმცა ამ ფართომასშტაბიანი ომის განვლილმა სამმა წელმა ყველას დაანახვა, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება ვერ გახდა გადამწყვეტი ამ ომში, რისი მთავარი მიზეზიც დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების მუდმივი ჭოჭმანი და დაგვიანებული გადაწყვეტილებებია უკრაინის არმიისთვის ტანკების, არტილერიის, რაკეტებისა თუ თვითმფრინავების გაგზავნა-არგაგზავნაზე. საბოლოოდ ამერიკულ "აბრამსებსა" თუ ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინელი სამხედროები კი იღებდნენ, მაგრამ მცირე რაოდენობით და ამასთან, რუსეთის საოკუაპციო ძალები უკვე მომზადებული იყვნენ მათ მოსაგერიებლად.

2-ukr-1740936324.jpg
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ჰაიმარსი" ამერიკული სამხედრო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ამასთან, ეფექტური საბრძოლო საშუალებაა, რომელმაც ამ ომის სამ წელში რუს ოკუპანტებს მრავალრიცხოვანი, ყველაზე მტკივნეული დარტყმები მიაყენეს...

ჯერ კიდევ გრძელდება ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, მაგრამ ეს ის ბოლო პარტიაა, რომლის გამოყოფაზეც განკარგულება ა.წ.-ის დასაწყისში აშშ-ის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

პრეზიდენტი ტრამპი კი ახალ სამხედრო დახმარებას უკრაინას ნამდვილად არ გამოუყოფს, მთავარია, ის, რაც ჯერ კიდევ მოდის, არ შეაჩეროს.

პრინციპში პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გასაგებიც არის - ცალი ხელით პუტინს იყოლიებდეს ცეცხლის შეწყვეტაზე და მეორით უკრაინის არმიას ისევ აწვდიდეს ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს სწვდებიან, არ გამოვა. მაგრამ უკრაინელებს იმის მტკიცე გარანტია სჭირდებათ, რომ შეინარჩუნონ ფრონტის ხაზი, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება ჩაიშლება და რუსეთის საოკუპაციო ძალები კრემლის ბრძანებით უფრო სასტიკ შეტევებზე გადავლენ.

უკრაინას უკვე გამოცდილი აქვს "იარაღის შიმშილი", როდესაც 2023 წლის შემოდგომიდან 2024 წლის გაზაფხულის ბოლომდე მას ამერიკელებისგან სამხედრო დახმარება არ მიუღია, რადგან ტრამპის (მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის) მომხრე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე მაიკ ჯონსონი სხვა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან ერთად თითქმის ექვსი თვე სხვადასხვა მიზეზით ბლოკავდა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 61 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას.

ის ნახევარი წელი უკრაინის დამცველებმა კი გაძლეს ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში დაიკარგა ავდეევკა და სხვა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები დონბასის აღმოსავლეთ ფრონტზე, რაც მიუთითებს უკრაინელების ამ საბრძოლო მარცხის პირდაპირ კავშირს ტრამპის მომხრე რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ ამერიკული სამხედრო დახმარების ექვსი თვით სპეციალურად შეჩერებასთან.

უკრაინის მხარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიღებული ამერიკული სამხედრო დახმარება მხოლოდ 20%-ს შეადგენს იმისა, რასაც უკრაინის არმია მტრის შესაჩერებლად იყენებს - 25% სამხედრო დახმარებას ევროპა აწვდის უკრაინელებს, ხოლო 55%-ს თავად უკრაინაში აწარმოებენ.

თუმცა ამერიკული 20%-იანი სამხედრო დახმარება უნიკალურია, მას ვერც ევროპული დახმარებით ჩაანაცვლებენ და ვერც უკრაინულ ქარხნებში დაამზადებენ.

3-ukraina-1740936324.jpg
F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას ევროპის ქვეყნებმა მიაწოდეს, მაგრამ რაკეტებსა და ბომბებს აშშ უგზავნიდა კიევს, თუმცა ტრამპი-ზელენკის "პოლიტიკური ჩხუბის" შემდეგ რა იქნება, ადვილად პროგნოზირებადია...

უპირველესად ეს არის შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა "პეტრიოტი" და მისი ანტისარაკეტო და საზენიტო მართვადი რაკეტები, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ჰაიმარსის" რაკეტები, მათ შორის, ბალისტიკურებიც.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც უკრაინის გენშტაბი ოპერატიულად იღებს ამერიკული სადაზვევრო თანამგზავრებიდან, როგორც კი რუსები სტრატეგიულ ბომბდამშენებს ააფრენენ და უკრაინისკენ ფრთოსან რაკეტებს უშვებენ.

ცალკე საკითხია "სტარლინკის" თანამგზავრული ინტერნეტის გათიშვის საშიშროება ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის, თუმცა ილონ მასკი იფიცება, რომ ამას არ აპირებს, მით უმეტეს, არც საბაბი აქვს, რადგან პოლონეთი ყოველთვიურად იხდის უკრაინული "სტარლინკების" სააბონენტო მომსახურებას - 2,5 ათას დოლარზე მეტს თითოეულ ტერმინალზე, არადა, უკრაინაში 45 ათასი ასეთი ტერმინალი მუშაობს.

უკრაინის გენშტაბში იმედი აქვთ, რომ ასეთი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებისთვის მათ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მარაგი ზაფხულის ბოლომდე ნამდვილად ეყოფათ, წლის ბოლომდეც კი გაატანინებენ, თუკი ტრამპმა არ შეაჩერა ის სამხედრო ხელშეკრულებები, რომლებიც ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაფორმდა აშშ-ის სამხედრო მრეწველობის ფირმებთან ახალი შეიარაღების წარმოებასა და მათი შემდგომ უკრაინაში გაგზავნაზე.

ამასთან, კიევში იმედოვნებენ, რომ ევროპის წევრი რიგი ქვეყნები მნიშვნელოვნად გაზრდიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, რისი ტენდენციებიც უკვე შეიმჩნევა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიისგანაც, სადაც მთავრობა შეიცვალა და უკრაინელ მფრინავებს შეიძლება "ტაურუსის" ფრთოსანი რაკეტებიც კი მიაწოდონ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე ზუსტი საჰაერო დარტყმების მისაყენებლად.

P.S. 28 თებერვლის სკანდალურ შეხვედრაზე თეთრ სახლში ტრამპმა ზელენსკის წამოაძახა, თუკი ობამა უკრაინის არმიას ზეწრებს უგზავნიდა, სწორედ მან, ტრამპმა, პირველად მიაწოდა კიევს "ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსები და ეს უკრაინაში უნდა ახსოვდეთო. ამაში ტრამპი მართალია, რადგან სწორედ ამერიკელი პრეზიდენტებისგან პირველმა მან "გაბედა", "ჯაველინების" საქართველოსა და უკრაინისთვის მიყიდვის გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენზე რა გითხრათ, მაგრამ უკრაინელებს მართლაც ძალიან გამოადგათ "ჯაველინები" 2022 წლის თებერვალში, პუტინის არმიის თავდასხმის პირველ დღეებში კიევისკენ დაძრული რუსული ტანკების შესაჩერებლად.