ტრამპი პუტინივით სამეზობლოში ტანკებით „გასეირნებას“ ხომ არ აპირებს - ანუ რისი შეეშინდათ მექსიკაში...
დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან ორმოციოდე დღეში უკვე იმდენი რამე და ვინმე „ააფორიაქა“, რომ პრეზიდენტობის 100 დღის ტრადიციული შეჯამებისას, აშშ-ი თავის მეზობლებთან შეიძლება ... შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც კი იყოს ჩართული...
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნებული პრეზიდენტ ტრამპის მუქარაგარეული მიმართვები დანიასთან მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის - გრენლანდიის დათმობაზე, პანამის არხზე ამერიკული კონტროლის დაბრუნებაზე, კანადის აშშ-ის 51-ე შტატად მიღების „შეთავაზებაზე“, არახალია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას ყველაზე მალე სიტუაცია სამხრეთ საზღვარზე - მექსიკასთან შეიძლება დაეძაბოს...
პრეზიდენტ ტრამპის მიერ დანიშნულმა პენტაგონის ახალმა შეფმა პიტ ჰეგსეტმა (რომლის აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენა თვით ტრამპის მომხრე რესპუბლიკელი კონგრესმენებისთვისაც კი მიუღებელი გახლდათ) ორიოდე დღის წინ ღია ტექსტით შეუთვალა მექსიკის ხელისუფლებას - თქვენი მთავრობა ფარულ გარიგებაშია მექსიკელ ნარკობარონებთან და აშშ-ის ტერიტორიაზე აგრძელებენ ფენტანილის დიდი პარტიების შემოგზავნას, ასევე მიგრანტების შემოპარვას და თუკი მექსიკის ხელისუფლება თავად ვერ მოუვლის ამ პრობლემას, მაშინ მას ამერიკელი სამხედროები მიხედავენო...
არის ეს თუ არა მეზობელი სუვერენული ქვეყნის ღია დაშინება სამხედრო აგრესიით, მითუმეტეს, რომ მანამდე თავად პრეზიდენტ ტრამპს საქვეყნოდ აქვს განცხადებული, რომ საჭიროების შემთხვევაში არც ამერიკული თვითმფრინავებიდან მექსიკის ტერიტორიაზე არსებული ნარკოლაბორატორიების დაბომბვაზე იტყვის უარს...
სანამ საქმე მეზობლის დაბომბვამდე მისულა, პრეზიდენტი ტრამპი ჯერ 25 %-იან გადასახადს უწესებს მექსიკიდან და კანადიდან შემოტანილ საქონელს, რაც 4 მარტიდან ამოქმედდება - ტრამპს ეს ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ჰქონდა განზრახული, მაგრამ კანადელებთან და მექსიკელებთან შეთანხმების შედეგად ერთი თვით შეაჩერა.
ახლა კი ტრამპი აცხადებს, რომ ამ განვლილ თვეშიც გრძელდებოდა ფენტანილის მექსიკისა და კანადის საზღვრებიდან მის ქვეყანაში შემოტანა და ამიტომაც ის საპასუხო ქმედების სახით ჯერ 25 %-იან გადასახადს უწესებს ამ მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს და ამანაც თუკი არ გაჭრა...
თუ არ გაჭრა, მაშინ რა? - პენტაგონის „აბრამსები“ გაარღვევენ საზღვარს და მექსიკაში შეიჭრებიან?
ორი თვის წინ ეს თუ სრულ აბსურდად მოჩანდა, დღეს უკვე აღარაფერია გამორიცხული იმის შემხედვარე, თუ რა სტილითა და ტემპებით მართავს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბირთვულ ზესახელმწიფოს ტრამპი და მისი გუნდი.

თუკი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი არც კი მალავს თავისი რუსი კოლეგის მიმართ აღფრთოვანებას და თითქმის მეგობართა წრეშიც კი ეწერება მასთან, ვინ გამორიცხავს, რომ იმავე პუტინის მიბაძვით, ტრამპმაც არ მოინდომოს ამერიკული ტანკების „გასეირნება“ სამხრეთელი მეზობლის-მექსიკის მიწაზე, როგორც ეს კრემლის ბებერმა ბინადარმა ჯერ ასევე სამხრეთელ მეზობელ საქართველოში გააკეთა და ახლა სხვა მეზობელთან - უკრაინასთან აგრძელებს?
მექსიკელი ნარკოკარტელების ინტერესები, სიძლიერე და კავშირები იმ დონისაა, რომ მისგან დაცვა აშშ-ს მაშინაც კი ძალიან გაუჭირდებათ, თუკი დაუშვეს დიდი შეცდომა და მართლაც ტანკებით, შვეულმფრენებითა და თვითმფრინავებით შეიჭრნენ მეზობელი მექსიკის ტერიტორიაზე, რადგან ეს ნამდვილად გადაიქცევა დიდ პარტიზანულ ომად და არა მარტო მექსიკის მიწაზე, არამედ თავად აშშ-ის სამხრეთ ნაწილშიც, სადაც მილიონობით, წარმოშობით მექსიკელი აშშ-ის მოქალაქე ცხოვრობს და ასევე თავს აფარებს არანაკლები რაოდენობის მექსიკელი მიგრანტი...
ამ დღეებში აშშ-მექსიკის საზღვარზე პენტაგონი დამატებით 3 ათას სამხედროს აგზავნის, რის შემდეგაც ამერიკული საარმიო დაჯგუფების საერთო რაოდენობა განთავსებული უშუალოდ საზღვრის რკინის მესერთან, 9 ათას კაცს მიაღწევს, რასაც ემატება ეროვნული გვარდიის დანაყოფები და თავად მესაზღვრეებიც.
ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, არასაკმარისია, რომ ტრამპის გუნდმა გაბედოს მექსიკის ტერიტორიაზე შეჭრა და იქ ნარკოლაბორატორიების განადგურება, თუმცა ვინ დაუშლის პრეზიდენტ ტრამპს დამატებითი ძალების კონცეტრაცია მოახდინოს და იმავე პუტინის მიბაძვით, პატარა „წარმატებული ომის“ გაჩაღება მოინდომოს მეზობლის მიწაზე, თუნდაც მექსიკური ნარკოკარტელების განადგურების საბაბით?