“საქართველოს ბულბული”, მომღერალი, რომელიც მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს – დავით კენჭიაშვილი 7 მარტს ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავს
ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი დავით კენჭიაშვილი 7 მარტს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს. ეს იქნება ემოციური და განსაკუთრებული საღამო, რომელიც მომღერლის დედის ხსოვნას ეძღვნება.
კონცერტს სიმბოლურად „დედა ღვთისა“ ეწოდება და მომღერალი მას საკუთარ დედასთან ერთად, ყველა იმ დედას უძღვნის, ვინც კონცერტს დაესწრება.
ჩვენთან საუბარში დავით კენჭიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს დღე მისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა:
„7 რიცხვში ვარ დაბადებული, ამიტომ ეს თარიღი ჩემთვის სიმბოლურია. თუმცა, ამ კონცერტს კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს – ის დედას ეძღვნება და იმ დედებს, რომლებიც კონცერტზე დასასწრებად მოვლენ. ამ დღისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვემზადები, რადგან მინდა, ყველაფერი იყოს ისეთივე მშვიდი, თბილი და სიღრმისეული, როგორიც დედას უყვარდა. ყოველთვის ვცდილობ, კონცერტი იყოს არა უბრალოდ მუსიკალური ღონისძიება, არამედ ემოციური მოგზაურობა, ხმაურისგან თავისუფალი, სუფთა და გულწრფელი. ტრადიციულად, კონცერტს ყოველ წელს, ფილარმონიაში ან უფრო პატარა დარბაზში ვატარებთ – მთავარია, რომ სიმბოლური დატვირთვა არ დაიკარგოს. ეს ჩემთვის ერთგვარი პირობაა – ვიყო მართალი, როგორც საკუთარ თავთან, ისე დედასთან, რომელიც ზემოდან მიყურებს და მგულშემატკივრობს.“
დათო კენჭიაშვილის მსმენელი მოუთმენლად ელის სოლო კონცერტს. მომღერლის “ფეისბუქის” გვერდზე უამრავ თბილ კომენტარებს ნახავთ.
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული ფოლკლორი, სადაც მუსიკისა და ვიბრაციების მეშვეობით მსმენელი დაუვიწყარ მოგზაურობაში აღმოჩნდება. ამ დღეს მუსიკოსი ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებს. იქნება სიახლეებიც, თუმცა არა ელექტრონულ მუსიკაში, ჯაზსა და სხვა მიმართულებებში.
კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია. სპეციალურად ამ საღამოზე დასასწრებად საქართველოში საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტებიც ჩამოდიან.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მომღერალმა გადაწყვიტა გაზაფხულიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონცერტების სერია გამართოს. კონცერტები იგეგმება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში.
შეგახსენებთ, რომ დათო კენჭიაშვილი ის გამორჩეული ქართველი შემსრულებელია, რომლის სიმღერებსაც „იუთუბზე“ ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. დათოს ქართული ფოლკლორის განვითარებაში დიდი როლი აქვს შესრულებული. ბავშვობიდან ქართულ სიმღერაზე შეყვარებულმა ხელოვანმა, დიდ სცენამდე მისასვლელად საკმაოდ რთული გზა გაიარა და ბევრისთვის საყვარელ მომღერლად იქცა.