ერთთვიანი ზავი, მაგრამ არა ფრონტის ხაზზე-ევროპის შეთავაზება და რუსეთის მოსალოდნელი პასუხი... - კვირის პალიტრა

ერთთვიანი ზავი, მაგრამ არა ფრონტის ხაზზე-ევროპის შეთავაზება და რუსეთის მოსალოდნელი პასუხი...

ტრამპის ოვალურ კაბინეტში მომხდარი პოლიტიკური სკანდალის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ზელენკი ევროკავშირის წევრებმა ორი დღით ლონდონში „მოასულიერეს“ და რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომის შესაჩერებლად ახალი სამშვიდობო, მაგრამ ცოტა უცნაური შეთავაზებით გამოვიდნენ...

ბრიტანეთისა და საფრანგეთის ინიციატივით ჟღერდება შემდეგი წინადადება-რუსეთ-უკრაინის ომში გამოცხადდეს ერთთვიანი დროებითი ზავი, რომელიც...ფრონტის ხაზს არ შეეხება!

თუკი ფრონტის ხაზზე, ნებისმიერი ომის ყველაზე ცხელ წერტილებში არ დაისადგურა მშვიდობამ, თუნდაც დროებითმა, მაშინ ეს როგორი ზავი გამოდის?

ევროპელი ლიდერები უკრაინულ და რუსულ მხარეებს სთავაზობენ, რომ ერთი თვის განმავლობაში მათ თავი შეიკავონ საჰაერო და საზღვაო დარტყმებისგან და ამასთან არ განახორციელონ შეტევები ერთმანეთის ზურგში ენერგეტიკულ ობიექტებზე...

ამასთან, ევროპელები აღიარებენ, რომ ურთულესი იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაპირისპირებული მხარეების მხრიდან დაცვის სრული გაკონტროლება და ამიტომაც ჯერჯერობით პრეტენზია არ აქვთ უშუალოდ ფრონტის ხაზზე ზავის დადების შესრულებისა...

თუმცა ,რამდენად აღარ დაარტყამენ რუსები უკრაინულ თბოელექტროსადგურებს ზღვიდან „კალიბრების“ ფრთოსანი რაკეტებით ან შეიკავებენ კი თავს უკრაინელები თავიანთი კამიკაძე-დრონების გაგზავნისგან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მორიგი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ასაგიზგიზებლად, ძნელად სათქმელია...

უფრო მეტიც, ჯერ თურმე თავად ლონდონსა და პარიზშიც კი არ აქვთ ბოლომდე დეტალურად დახვეწილი ერთვიანი სანახევრო ზავის დეტალები, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმას.

ომს ყველაფერი სჯობია და ასეთი ნაწილობრივი ზავიც, მიუხედავად იმისა, რომ ის არ შეეხება ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტას, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი გახდებოდა, რომ არა სამი უმნიშვნელოვანესი მომენტი.

პირველი-რუსეთის საოკუპაციო ძალები მთელი ზამთრის განმავლობაში აგრძელებდნენ შეტევით ოპერაციებს და მას გაზაფხულზე მითუმეტეს არ შეწყვეტენ, როდესაც ფლობენ საბრძოლო ინიციატივას.

მეორე-მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში იხილა აშშ-ებისა და უკრაინის პირველი პირების სერიოზული დაპირისპირება, რომელიც კინაღამ მუშტი-კრივში გადავიდა, კრემლში სულელები უნდა ისხდნენ, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტაზე დასთანხმდნენ,მითუმეტეს, რომ ხვალისთვის მოსალოდნელია პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადოს უკრაინისთვის იმ ამერიკული სამხედრო დახმარების, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით გამოიყო კიევისთვის,მიწოდების სრული შეჩერება-ამერიკული შეირაღების გარეშე კი უკრაინის არმიას დროთა განმავლობაში სერიოზულდა გაუჭირდება რუსი ოკუპანტების შეტევების მოგერიება.

მესამე-ეს წმინდა პიროვნულია, პუტინი თავის დამცირებად ჩათვლის ბრიტანეთისა თუ საფრანგეთის პირველ პირებთან ხელშეკრულებას დადებას ცეცხლის შეწყვეტაზე-ის მხოლოდ ტრამპს თუ დაელაპარაკება ამ თემაზე,იმიტომაც რომ ტრამპთან მოლაპარაკებისას პუტინს ცხადი და საიდუმლო კოზირები ეჭირება ხელში...