რა აკავშირებთ ტრამპს, მილიარდერ თემურ სეფიაშვილს და ედუარდ შევარდნაძეს - "კა-გე-ბეს" 12-ე განყოფილების "თამაშები" - კვირის პალიტრა

რა აკავშირებთ ტრამპს, მილიარდერ თემურ სეფიაშვილს და ედუარდ შევარდნაძეს - "კა-გე-ბეს" 12-ე განყოფილების "თამაშები"

თავიდანვე მინდა გითხრათ: როდესაც აშშ–ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბობოქარი ცხოვრების შესახებ სტატიას გაეცნობით, დარწმუნებული იყავით, რომ ავტორს არც „ტრამპისტების“ განრისხება და არც „ანტიტრამპისტების“ გულის მოგება ჰქონია მიზნად. ესაა მხოლოდ „შიშველი ფაქტები“, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ.

2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მორიგი საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი ჩატარდა. აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები ახალი დასრულებული იყო და ამ ფორუმის მთავარი თემა, რა თქმა უნდა ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, მილიარდერისა და შოუმენის, დონალდ ტრამპის განცხადებებისა და ინტერვიუების განხილვა/შეფასება გახდა. ჰალიფაქსის ფორუმამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა „ჩვეულ სტილში“ გააოცა მსოფლიო: მან ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს წამების მეთოდს, სახელწოდებით „waterboarding“ (წყლით დახრჩობის იმიტაცია). ამ განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფორუმზე, ამიტომ სიტუაციის განმუხტვა ამერიკელმა სენატორმა, რესპუბლიკური პარტიის გამოჩენილმა წევრმა ჯონ მაკკეინმა (1936 – 2018) სცადა, – მან აღნიშნა, რომ კონგრესმა უკვე აკრძალა წამების ეს მეთოდი და დაამატა: მე არ მაინტერესებს, რისი გაკეთება სურს შეერთებული შტატების პრეზიდენტს . .. ჩვენ არ გამოვიყენებთ წყლით წამების მეთოდს, ჩვენ ხალხს არ ვაწამებთო. იმ ფორუმზე, რომლის დევიზი იყო "Make Democracy Great Again" (“დავუბრუნოთ დემოკრატიას დიდება“), ჯონ მაკკეინს ერთგვარი „დამამშვიდებლის“ ფუნქციის შესრულება მოუწია: ამერიკის ინსტიტუტები იმდენად ძლიერია, რომ ისინი დააბალანსებენ ახალი პრეზიდენტის გამოუცდელობასა და იმპულსურობას, – აიმედებდა სენატორი თანამოსაუბრეებს.

2016 წლის 19 ნოემბერს, პრეზენტაციებისა და მოხსენებების დასრულების შემდეგ ჯონ მაკკეინთან შეხვედრა 1995–2000 წლებში რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა ენდრიუ ვუდმა ითხოვა. ამერიკელი პოლიტიკოსისა და ბრიტანელი დიპლომატის საუბარმა თითქმის ორ საათს გასტანა. მათი შეხედულება საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაში იყო: სანამ პუტინს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხს არ ვაგებინებთ, მანამ ის არ შეჩერდებაო, – ამგვარი იყო მათი დასკვნა.

შეხვედრის ბოლოს ენდრიუ ვუდმა სენატორ მაკკეინს შავი ფერის საქაღლდე გადასცა. ალბათ გაინტერესებთ, თუ რა დოკუმენტები იყო იმ საქაღალდეში. ერთს გეტყვით: ამ დოკუმენტების ირგვლივ ატეხილი მრავალწლიანი სკანდალი ჯერაც არ მინელებულა და ყველა კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს.

შეიძლება გაგიკივირდეთ, თუმცა აშშ–ის ახალი–ძველი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბიოგრაფიიდან ძალზე ბევრი ფაქტი და მოვლენა კვლავ უცნობია, განსაკუთრებით მისი ვიზიტები საბჭოთა კავშირსა და რუსეთში. ტრამპის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ კი უფრო გართულდა ტყუილ–მართალის გარჩევა, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ამერიკის ხანდაზმული პრეზიდენტი შეგნებულად მალავს წარსული ცხოვრების ბევრ ფურცელს და ერიდება ბევრ პიროვნებასთან საქმიანი კონტაქტების გახსენებას. დონალდ ტრამპი და თამირ საპირი (თემურ სეფიაშვილი) ასაკით თითქმის თანატოლები იყვნენ. რისკიანები, უფრო სწორად, ავანტიურიზმში რომ გადადის, იმდენად რისკიანები. ორივე წარმატებაზე ოცნებობდა, თუმცა ერთს მილიონერი მამა ჰყავდა და აწყობილ ბიზნესში ჩაერთო, მეორე კი შორეული საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული ემიგრანტი იყო, რომელსაც საზიარო ელექტროტექნიკის მაღაზია ჰქონდა მანჰეტენზე. მათი შეხვედრა შეიძლება საერთოდ არ შემდგარიყო, რომ არა... ტელევიზორები.

1975 წლის მაისში დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში მდებარე წამგებიანი სასტუმრო Commodore იყიდა და მისი განახლება გადაწყვიტა. სასტუმროს ნომრებისთვის საჭირო 200 ტელევიზორი კი თამირ საპირისა და სემ კისლინის მაღაზიაში შეუკვეთა, მხოლოდ იმ პირობით, რომ თანხას რამდენიმე თვის შემდეგ გადაიხდიდა. 30 წლის დონალდ ტრამპი მაშინაც ისეთივე თავდაჯერებული და ამბიციური იყო, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების წინ. საპირისა და კისლინისთვის, რომლებიც სერიოზულ ბიზნესს მაშინ იწყებდნენ, ეს შეკვეთა ძალზე საჭირო იყო და ისინი დათანხმდნენ ტრამპის წინადადებას. ამ გადაწყვეტილებამ მომავალში დიდი როლი ითამაშა საბჭოთა ემიგრანტების წარმატებაში. გასული საუკუნის 70 იანი წლების ბოლოს, დონალდ ტრამპი უკვე მულტიმილიონერი იყო და საკმაოდ დიდ ბიზნეს-პროექტებში გახლდათ ჩართული.

donald-trampi-da-tamir-sapiri-1741069283.jpg
დონალდ ტრამპი და თამირ საპირი, 2007 წლის 19 სექტემბერი, ნიუ–იორკი

თამირ საპირი სამშენებლო კომპანია The Sapir Organization-ის პრეზიდენტი და წლების მანძილზე დონალდ ტრამპის სამშენებლო კომპანიების მთავარი პარტნიორი იყო . მათი ბიზნეს ინტერესები საბჭოთა კავშირში (მოსკოვში ან ლენინგრადში) ცათამბჯენის აშენების გეგმებშიც დაემთხვა. უნდა ითქვას, რომ 1987 წლიდან მოყოლებული დონალდ ტრამპმა ხუთჯერ სცადა „ტრამპ თაუერის“ აშენება სსრკ-სა და რუსეთში, თუმცა უშედეგოდ. საბჭოთა იმპერიაში დონალდ ტრმპის პირველი ვიზიტი 1987 წლის ივლისში შედგა, სადაც ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით იმყოფებოდა. ამ უწყებას კი მაშინ ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, რომლის პირადი დაცვის ერთ–ერთი თანამშრომელი თამირ საპირის (მისივე სიტყვებით) ბავშვობის მეგობარი იყო, რომელიც დაეხმარა თემურ სეფიაშვილს საბჭოთა კავშირში (საქართველოში) ჩამოსვლაში. სრულიად დასაშვებია, რომ თამირ საფირმა შუამავლის როლი ითამაშა გასული საუკუნის 80–იან წლებში დონალდ ტრამპსა და საბჭოთა დიმპლომატებს შორის კონტაქტების დამყარებაში. ამის თქმის საფუძველს შემდეგი ფაქტები იძლევა.

1986 წლის გაზაფხულზე საბჭოთა დიპლომატი იური დუბინინი დაინიშნა სსრკ-ს მუდმივ წარმომადგენლად გაეროში და პარალელურად სსრკ–ს ელჩად აშშ-ში. მისი უფროსი ქალიშვილი, ნატალია, რომელიც ასევე დიპლომატი იყო (გაეროში საბჭოთა დიპლომატიური მისიის თანამშრომელი) იხსენებს: მამაჩემს შევთავაზე მეჩვენებინა ნიუ-იორკი, მე უკვე დიდი ხანია ვცხოვრობდი იქ და ის პირველად იმყოფებოდა . . მეხუთე ავენიუზე "ტრამპ-თაუერის" ნახვით იმდენად იყო გაოცებული, რომ მაშინვე გადაწყვიტა პირადად შეხვედროდა უპრეცედენტო არქიტექტურული შედევრის შემქმნელსო. ცოტა ძნელად დასაჯერებელია: უმაღლესი რანგის საბჭოთა დიპლომატი იმდენად გაოცებულია ცათამბჯენით, რომ უმკაცრესი საბჭოთა პროტოკოლისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, უბრალო ტურისტივით თავქუდმოგლეჯილი შერბის ლიფტში, რათა . . . მულტიმილიონერი და „კაპიტალისტი“ დონალდ ტრამპი პირადად ნახოს.

მათ ბედად მისტერ დონალდიც კაბინეტში ბრძანდებოდა და არა გოლფის სათამაშოდ. ნატალია დუბინინა ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპსაც ძალზე გაუხარდა ჩვენი გაცნობაო. მოულოდნელმა საბჭოთა სტუმრებმა (ჩემი აზრით „ამხანაგ ელჩს“ დაცვაც, – კა–გე–ბეს თანამშრომლის სახით, თან უნდა ხლებოდა) აღფრთოვანება ვერ დამალეს Trump Tower პროექტის მიმართ. ტრამპს, საბჭოთა ელჩსა და მის ქალიშვილს შორის აქტიური საუბარი გამართულა, რომლის შინაარსს ნატალია დუბინინა ამგვარად გადმოსცემს: „მამაჩემი შესანიშნავად საუბრობდა ინგლისურად და ბრწყინვალე მომლაპარაკებელი იყო. მან ტრამპს უთხრა : "პირველი, რაც ქალაქში ვნახე, თქვენი კოშკი იყოო". ტრამპი მაშინვე დადნა. ის ემოციური, გარკვეულწილად იმპულსური ადამიანია. მას სჭირდება აღიარება და, რა თქმა უნდა, მოსწონს, როცა აქებენ. მამის სტუმრობამ მასზე ისე იმოქმედა, როგორც ფუტკარზე თაფლმა“ (ციტატის დასასრული). ამის შემდეგ საბჭოთა ელჩის, იური დუბინინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 1986 წელს ერთ–ერთ წვეულებაზე შემდგარა. შესაძლებელია დონალდ ტრამპმა სწორედ მაშინ გამოთქვა საბჭოთა კავშირში Trump Tower –ის აშენების სურვილი. მოვლენები კი ძალზე სწრაფად განვითარდა: უკვე 1987 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა მიიღო ოფიციალური შეტყობინება დუბინინისგან, – საბჭოთა კავშირი (კონკრეტულად კი „ინტურისტი“) დაინტერესებულია მოსკოვში და ლენინგრადში დიდი სასტუმროს მშენებლობისა და მართვის ერთობლივი პროექტის შექმნითო. ეს მიწვევა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრისა და შესაძლოა საბჭოთა პოლიტბიუროს ნებართვის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. 1987 წლის ივლისში დონალდ ტრამპი, მეუღლესთან, წარმოშობით ჩეხი მსახიობისა და მოდელის, ივანა ტრამპის (ზელნიჩკოვა) თანხლებით მოსკოვში

donald-da-ivana-trampebi-1741069186.jpg
დონალდ და ივანა ტრამპები ლენინგრადში, 1987 წლის ივლისი

ჩაფრინდა. სანამ ამ ვიზიტის შედეგებზე მოგითხრობთ, მინდა მკითხველს კა–გე–ბეს ერთ–ერთი ძირითადი სტრუქტურული ერთეულის, „პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა)“ მუშაობის ერთი მიმართულება გავაცნო. 1975 წელს კა–გე–ბეს თავმჯდომარის, იური ანდროპოვის ბრძანებით საგარეო დაზვერვის სამსახურში შეიქმნა მე–12 განყოფილება, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა კავშირში ჩამოსული უცხოელების ოპერატიული დამუშავება (შესწავლა, გადაბირება, „სანდო“ ურთიერთობის დამყარება და სხვ.) იყო. „სამიზნე“ უცხოელების კონტიგენტი მრავალფეროვანი იყო: სტუდენტები და ასპირანტები (პირველ რიგში ისინი, ვისი მშობლებიც გამორჩეულ პოზიციას იკავებენ თავიანთ ქვეყანაში და რომლებსაც თავად ჰქონდათ კარიერის შექმნის პერსპექტივა); მეცნიერები და ჟურნალისტები, ტურისტები, საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობის დასამყარებლად ჩამოსული ბიზნესმენები და ა.შ. „კონტიგენტის“ ზრდის კვალობაზე 1980 წელს მე–12 განყოფილების სტატუსი გაიზარდა და ის უკვე სამმართველო („დაზვერვა ტერიტორიიდან“ –„разведопераци с территории“ ) გახდა. შეიცვალა სადაზვერვო ოპერაციების მეთოდებიც:

საბჭოთა დაზვერვისთვის საინტერესო უცხოელებს სხვადასხვა ფორმით ეპატიჟებოდნენ (რეალურად იტყუებდნენ) საბჭოთა კავშირში შემდგომი ოპერატიული დამუშავების მიზნით.

საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სამინისტროებსა და დაწესებულებებში შექმნილი იყო დაზვერვის დანაყოფები, რომლებიც „მოქმედი რეზერვის ოფიცრებით“ (ე.წ. „ოდეერი“) იყო დაკომპლექტებული. უცხოელების „დამუშავებისას“ გამოიყენებოდა აგენტურულ-ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური მეთოდების ფართო არსენალი. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ „სამიზნე“ უცხოელი ფაქტიურად ერთი წუთითაც არ რჩებოდა კონტროლის გარეშე.

leonid-brezhnevi-da-armand-hameri-1741069253.jpg
ლეონიდ ბრეჟნევი და არმანდ ჰამერი

ამგვარი ოპერაციების შედეგად, სავარაუდოდ ათწლეულების მანძილზე საბჭოთა დაზვერვისთვის სასარგებლო აქტივობებს ახორციელებდნენ ცნობილი მილიარდერები: არმანდ ჰამერი და რობერტ მაქსველი. რა თქმა უნდა ახალგაზრდა მულტიმილიონერი დონალდ ტრამპი კერ კიდევ საბჭოთა კავშირში ჩამოსვლამდე, ნიუ–იორკშივე იქნებოდა საბჭოთა დაზვერვის დაინტერესებისა და შესწავლის ობიექტი. ამაზე თუნდაც სბჭოთა ელჩის, იური დუბინინის რბილად, რომ ვთვქათ „უცნარი“ ქცევაც მეტყველებს.

robert-maksveli-da-leonid-brezhnevi-1741069220.jpg
მარცხნიდან მარჯვნივ: რობერტ მაქსველი და ლეონიდ ბრეჟნევი

ზემოაღნიშნული არ უნდა ჩაითვალოს საბჭოთა სპეცსამსახურებთან დონალდ ტრამპის შესაძლო კავშირის მტკიცებად ან თუნდაც მინიშნებად. რაც შეეხებას 1987 წელს ტრამპების წყვილის ვიზიტსა მოსკოვსა და ლენინგრადში: დონალდ ტრამპის სიტყვებით სამართლებრივი პრობლემების გამო (ის ცათამბჯენის მშენებლობამდე ჯერ მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა) მაშინ შეთანხმება არ შედგა. თუმცა დონალდ ტრამპს ფარ–ხმალი არ დაუყრია და 1996 წლის ნოემბერში კვლავ ეწვია მოსკოვს, უკვე რუსეთის დედაქალაქს.

(მეორე ნაწილის დასასრული)