03.03.2025: გადამწყვეტი და ტრაგიკული დღე უკრაინისთვის?! - საქართველოს ნაწილი ბუშმა დაუთმო, ყირიმი ობამამ, ტრამპი კი მთელი უკრაინის ჩაბარებას უპირებს პუტინს?
საქართველოს ნაწილი ბუშმა დაუთმო, ყირიმი ობამამ, ტრამპი კი მთელი უკრაინის ჩაბარებას უპირებს პუტინს?
2025 წლის 3 მარტი გადამწყვეტი დღე გახდა რუსეთ-უკრაინის სამწლიან საშინელ ომში და ალბათ გადამწყვეტი იქნება მთელი მსოფლიოს უახლესი მომავლისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გაურკვეველი დროით დააპაუზა უკრაინისთვის იმ სამხედრო დახმარების მიწოდება, რომელიც მისმა წინამორბედმა, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოყო, რითაც ფაქტობრივად კაპიტულაციისკენ უბიძგა უკრაინას პუტინის აგრესორ რუსეთთან ამ ფართომასშტაბიან ომში...
„თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც მათ ჰყავთ წყალქვეშა ნავები. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი. პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ მიეღოთ ყველაფერი. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ მთელი დიდი უკრაინა, მთელი რამ. მე რომ არ შემოვსულიყავი აქ, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ“, - განაცხადა ტრამპმა 3 მარტს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპის ამ განცხადების გაანალიზებით ძალზე საინტერესო სურათს ვღებულობთ:
პირველი -„თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა?“-ამის თქმით რესპუბლიკური პარტიის ლიდერი,აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ აღიარებს, რომ მისსავე რესპუბლიკის პარტიის ყოფილმა ლიდერმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში-უმცროსმა...საქართველოს ორი ნაწილი-ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთს, კერძოდ კი პუტინს „ჩააბარა“?
მეორე-„პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც მათ ჰყავთ წყალქვეშა ნავები. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი“ - პრეზიდენტ ტრამპის ამ მტკიცების ერთი ნაწილი სრული სიმართლეა-აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისი, სტრატეგიული დონის მცდარი მოქმედებებით ჯერ „გადატვირთვის“ პოლიტიკა შესთავაზა პუტინს(ისიც რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან რამდენიმე წელში), ხოლო შემდეგ საერთოდ „ჩაყლაპა“ კრემლის „მწვანე კაცუნების“ შესევა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე და მისი რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჯერ ოკუპაცია,შემდეგ კი ანექსია...
ტრამპის ამ მოსაზრების მეორე ნაწილს, რომელიც წმინდა სამხედრო თემიდანაა- „...მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც მათ ჰყავთ წყალქვეშა ნავები...“ ნამდვილად ვერ დავეთანხმებით და ვურჩევთ პრეზიდენტ ტრამპს გაყაროს ეს სამხედრო მრჩეველები, რომ ასეთი სისულელე კიდევ არ უკარნახონ...

2014 წლის თებერვალ-მარტში,როდესაც პუტინის „მწვანე კაცუნები“ იპყრობდნენ უკრაინის ყირიმს, იქ,სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაში(რომელიც არენდით ჰქონდა აღებული მოსკოვს კიევისგან) რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მხოლოდ ერთადერთი, ვიმეორებ ერთადერთი წყალქვეშა ნავი ედგა პირსთან და ისიც 1990 წელს აგებული 877В პროექტის დიზელისძრავიანი Алроса გახლდათ, რომლითაც წყალქვეშ ჩასვლის ძალიან ეშინოდა მის ეკიპაჟს, ისე ცუდ ტექნიკურ მდგომარეობაში იყო რუსეთის ეს ერთადერთი წყალქვეშა ნავი მთელს შავ ზღვაში.
2015 წლის სექტემბრიდან ანუ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიიდან მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ კრემლმა დაიწყო 06363 პროექტის დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავების შეყვანა სევასტოპოლში და 2019 წლისთვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში „ალროსას“ გარდა, კიდევ ექვი წყალქვეშა ნავი აღმოჩნდა, რომლებიც „კალიბრის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს უშვებენ უკრაინის ქალაქებისკენ(უკრაინელებმა მოახერხეს ერთ რუსული წყალქვეშა ნავის „როსტოვ-ნა-დონუზე“ ორჯერ ზუსტი სარაკეტო შეტევის განხორციელება,როდესაც ის სევასტოპოლის დოკში რემონტდებოდა).
და კიდევ ერთი მინუსი პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო მრჩევლებს, როდესაც ტრამპი აცხადებს-„...მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა…“ და ალბათ გულისხმობს ბალაკლავის წყალქვეშა ნავების მიწისქვეშა საზღვაო ბაზას, რომლის მშენებლობა 1953 წელს სტალინის დავალებითა და ბერიას ხელმძღვანელობით დაიწყო სევასტოპოლის ბალაკლავას მთის ძირში და დასრულდა 1961 წელს ხრუშჩოვის დროს.
ის გახლდათ ზესაიდუმლო სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო ობიექტი, რომელშიც შვიდი წყაქლვეშა ნავის უსაფრთხოდ განთავსება შეიძლებოდა, რადგან ეს მიწისქვეშა ნავსაყუდელი უძლებდა 100 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ბომბის აფეთქებას მთის თავზე.
ამასთან ამ მიწისქვეშა ბაზაში ინახებოდა ბირთვული ქობინები წყალქვეშა ნავების ტორპედოებისთვის და ბირთვული სიღრმული ბომბები.
ასეთი დაცული სამხედრო ობიექტის დაპატრონება შეიძლება მართლაც გამხდარიყო პუტინის „ოცნების“ მიზეზი, რომ არა ერთი ტექნიკური ნიუანსი-ბალაკლავას მიწისქვეშა ნავსაყუდელი გათვლილი იყო სტალინისდროინდელი 613-ე პროექტის წყალქვეშა ნავებზე, რომელთა კორპუსის სიგანე 6,6 მ-ი გახლდათ, პუტინის 06363 პროექტის დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავების კორპუსის სიგანე კი 9,9 მ-ია მაშინ, როდესაც ბალაკლავის მიწისქვეშა ნავსაყუდელის არხი ზოგიერთ ადგილას 10 მ-მდე ვიწროვდება და შეუძლებელს ხდის იქ თანამედროვე წყალქვეშა ნავების გადაადგილებას. თუმცა რუს ადმირალებს შეუძლიათ არხის გასაფართოებელი სამუშაობის დაწყება, რაც ტექნიკურადაც და ფინანსურადაც ადვილი არ იქნება.
ეს რაც შეეხებოდა, ყირიმის თემას, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე კიდევ უფრო საინტერესო „მარგალიტებიც“ გადმოაფრქვია...
„პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ მიეღოთ ყველაფერი. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ მთელი დიდი უკრაინა, მთელი რამ. მე რომ არ შემოვსულიყავი აქ, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ…იცით, რა მივეცი? მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი. მე მათ სანქციები დავუწესე რუსეთზე. მე მათ „ჯაველინები“ მივეცი. იცით „ჯაველინები“? თქვენ იცით, კიევისკენ ასობით ტანკი მიემართებოდა, ისინი შეუჩერებელი იყვნენ და მე მათ ჯაველინები მივეცი.პუტინი არის ის, ვინც გეტყვით, რომ ეს არც ისე კარგი იყო მათთვის. რუსეთისთვის მწუხარების გარდა არაფერი მიმიცია. მე მათ სანქციები და „ჯაველინები“ მივაწოდე. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის აშშ-ის 45- პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში უკრაინამ და საქართველომ მართლაც პირველად შესძლეს შეესყიდათ ამერიკული მხარისგან მესამე თაობის ტაკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები „ჯაველინები“, რომლებიც მოქმედებენ პრინციპით „დაუმიზნე-გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი“ და მათი გამოჩენა გინდ უკრაინული და გინდ ქართული არმიის არსენალებში იმ დროს მართლაც დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან,თუმცა...
უკრაინელი სამხედრო ბლოგერი იური ბუტუსოვი იხსენებს,რომ ტრამპის დროს შესყიდული ასიოდე „ჯაველინის“ რაკეტიდან, მაშინვე დიდი ზარზეიმით, ამერიკელი საპატიო სტუმრების თვალწინ ორი რაკეტა პოლოგონზე გაისროლეს და...ორივე იქვე ჩამოვარდა,ეს „ჯაველინები“ ძველი პარტიიდან იყოო...
ისე ჩვენც გამოვცადეთ ტრამპის მოყიდული „ჯაველინები“ ორფოლოს პოლიგონზე, მაგრამ მაშინ მგონი ყველამ იმუშავა...
ტრამპის მიყიდული ასიოდე „ჯაველინი“ ვერანირად ვერ შეაჩერებდა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრილ ათასობით რუსულ ტანკს, ქვეითთა საბრძოლო მანქანასა და ჯავშანტრანსპორტიორს, რომ არა სხვა სამხედრო დახმარებები , რომელთა გადაცემა უკრაინის არმიისთვის ამერიკელებმა და ევროპელებმა პუტინის უკრაინაზე თავდასხმამდე დაიწყეს და შემდეგ გააგრძელეს, როდესაც იხილეს, რომ პუტინმა სამ დღეში ვერ დაიპყრო კიევი...