32 წლის გოგი ქვლივიძე ვეტერინარია და ამასთან ერთად, ფერმერი. თავისი პროფესიით საგარეჯოში, კლინიკაში მუშაობს, ქირურგია, ხოლო საოჯახო მეურნეობას მეუღლესა და მის მშობლებთან ერთად უძღვება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მარიამჯვარში. "სოფელი, სადაც ვცხოვრობთ, საგარეჯოსაა მიბმული. მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი აქვს მინიჭებული. საგარეჯოს სოფლებიდან ამ სტატუსის მქონე მხოლოდ მარიამჯვარია, ზღვის დონიდან 1001 მეტრზეა. მთელი წლის განმავლობაში აქ მუდმივად 5 ოჯახი ვცხოვრობთ, ისე კი, სადღაც 50 კომლია, ვინც სეზონურად, ზაფხულობით ამოდის", - გვეუბნება გოგი ქვლივიძე. გოგი ქვლივიძე: - ოცამდე დედა ღორი მყავს, გოჭებს ვყიდი, თან ხელოვნურ განაყოფიერებას ვატარებ. საქართველოში რა ღორებიც მოიპოვება, მათგან განსხვავებით, ჩემი ღორები უმაღლესი ჯიშისაა, დიუროკისა და იორკშირის ჰიბრიდებია, მაღალპროდუქტიულია და დასაკლავ წონას მალე აღწევს. 6 თვისა 90-დან 100 კილოგრამამდე იწონის. ყასბებს ვურიგდები და ცოცხლად ვყიდი. 6 თვის ასაკში მათი გაყიდვა უფრო მარტივია, მერე ისე იზრდებიან, რომ ყასბებს აღარ უნდათ იმხელა. - მათი გამრავლებისთვის ხელოვნურ განაყოფიერებას უპირატესობას რატომ ანიჭებთ? - ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობა ის არის, რომ დაავადებები არ გადამაქვს, რაც შეიძლება კერატმა გადაიტანოს (ეს არის ვაგინიტი, მეტრიტი, ენდომეტრიტი, რაც დედა ღორში უშვილობას იწვევს). ხელოვნური განაყოფიერების დროს დედა ღორი ამ დაავადებებისგან სტერილურია, დაცულია ღორის ჭირისა და წითელი ქარისგანაც. ამ ყველაფრის გადამტანი, ძირითადად, კერატია. - ანუ სხვადასხვა დაავადების რისკი ასე მინიმუმზეა დაყვანილი... - კი, ასეა და ჩემი ოცივე დედა ღორი მწარმოებელია... ასევე მყავს ჰოლშტაინის მაღალპროდუქტიული 10 მეწველი ძროხა, 30-დან 50 ლიტრამდე იწველის. მერძეულ მიმართულებას მივყვები. მათთანაც ხელოვნურ განაყოფიერებას ვატარებ... ვიწერ სპეციალურ მასალას, რომელიც გადარჩეულია, უმეტესობა საფურე უნდა იყოს, რათა დედალი ხბო გაჩნდეს და ასეთი მასალებიც გვაქვს. ნამატს ვიტოვებ ხოლმე, რომ ისევ გავამრავლო. - ამ მასალას სად იძენთ? - არის ქართული ფირმა, რომელსაც ძროხისა და ღორის სპერმა შემოაქვს. ასეთი გზით ჩემი საქონელი დაცულია ბრუცელოზისგან, ეს კი ფერმისთვის კეთილსაიმედოა. რძე და ყველი, რომელსაც მათგან ვიღებ, ადამიანისთვის სრულიად უვნებელია. ხელით წველა ფერმაში მინიმუმზეა დაყვანილი, საწველ აპარატებს ვიყენებთ დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და სტერილური რძის მისაღებად. ჩამოწერილი მაქვს, მომხმარებლებიდან ვის რა უნდა და მიღებულ პროდუქტს ამის მიხედვით ვანაწილებ. ერთ მოწველაზე 20 ლიტრს იწველის და ამისთვის აპარატი აუცილებელია. ის რომ არა, სხვაგვარად რესურსი არ გეყოფა. თითო ძროხას აპარატი 3-4 წუთს ანდომებს, კარგადაც წველის - რძე ჯიქანში არ რჩება. ეს ძროხის სიჯანსაღისთვისაც კარგია. ზოგს არა მარტო ყველი, რძეც უნდა. ამიტომ წინასწარ რეკავენ და შეკვეთებს ტოვებენ... მყავს ასევე შინაური ქათმები. მეკვერცხული მიმართულებაც მაქვს და მეხორცულიც. უშრომლად სოფელში ცხოვრება არ გამოდის. ინტერნეტი, სოციალური ქსელები ჩვენი პროდუქტის რეკლამირებაში გვეხმარება, მომხმარებელი ასე მოდის. მაქვს ბროილერის ფერმაც, სადაც ბროილერის ქათამს სახორცედ ვამუშავებ. 41-დღიან ციკლს რომ დაასრულებს, დასაკლავი ხდება. 2000 ფრთა ბროილერის ქათამს ვზრდი. - ამდენი ძროხა, ღორი, ქათამი, კიდევ სხვადასხვა ფრინველიც და ოთხი კაცი მათ მოვლას, დასუფთავებას, კვებას როგორ აუდიხართ? - ფერმა, ძირითადად, ბიობაქტერიაზეა, ანუ ნაკელს ბიობაქტერია ჭამს და დიდ საქმეს მიმსუბუქებს. ამის გამო ღორებსაც არ სჭირდებათ დიდად დასუფთავება, მშრალად არიან, ასევე ქათმებიც. ნამჯანარევი ნახერხი 50 სანტიმეტრის სიმაღლეზე იყრება, მასში შედის სპეციალური ბაქტერია, რომელიც ნაკელით იკვებება. ნაკელი დაგვას არ საჭიროებს და ფერმაში არც სუნი დგას. 60 ცალამდე კანადური თეთრი ინდაური მყავს, მამალი 20-25 კილოგრამამდე ადის. საახალწლოდ ვზრდი და როცა სეზონია, ვყიდი. ვუვლი ეგზოტიკურ ფრინველსაც - ხოხბებს, გნოლებს, კაკბებს, ერთი კვირაა, რაც ფარშავანგიც ვიყიდე. - როგორც ვიცი, ბატები, კურდღლებიც გყავთ... მოკლედ, ფრინველები და ცხოველები ძალიან გიყვართ, ეტყობა, ვეტერინარის პროფესიაც ამიტომ აირჩიეთ... - პაპაჩემი, მამაჩემი და დედა, ყველა ვეტერინარია, ოჯახური პროფესიაა (მამა ერთი წელი არ არის, რაც გარდაიცვალა). დედა ვეტ-დოქტორია. ოჯახის კერძო კლინიკა საგარეჯოში გვაქვს, სადაც დედა, მე და ჩემი ორი ძმა ვმუშაობთ. ამ ყველაფრის მოშენება თავიდან ჩემთვის პროფესიული პრაქტიკის მიზნით დავიწყე, ყველაზე დიდი მასწავლებელი ხომ პრაქტიკაა. კვირაში ერთხელ, როგორც ვეტექიმი, მეკვერცხულ ფერმებში დავდივარ. ვნახულობ, ვათვალიერებ და მიმართულებებს, რჩევებს ვაძლევ. ფერმის ფრინველების ჯანმრთელობას წარვმართავ, რათა კვერცხდების მაქსიმალურად მაღალი პროცენტი ჰქონდეთ. ვეტერინარია რომ ავირჩიე და ამ საქმეს მივდევდი, ღორიც ამიტომ გავიჩინე. ძაღლებიც მყავს. მინდოდა მეტი და მეტი პრაქტიკა მქონოდა, ყველაფერი დამეხვეწა. ამასობაში, ფერმერობა მომგებიანიც გამოდგა, ჩემს პროფესიასა და მეურნეობაშიც დიდად გავიწაფე. დღესდღეობით მოდიან გურჯაანიდან, თელავიდან, ძაღლებს ოპერაციას, დიაგნოსტიკას ვუტარებ... სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვა. თუ სულით და გულით არ გიყვარს შენი საქმე, სადღაც გაჩერდები და ერთფეროვანი იქნები. ჩემი დღე დილის 5 საათზე იწყება და შინ საღამოს 8 საათზე ვბრუნდები. თუ არ გიყვარს ის, რასაც ემსახურები, ამდენ დროს ვერ დაუთმობ. სახლშიც, როცა მეუღლე და მეუღლის მშობლები საქმეს ინაწილებენ, იმედიანად ვარ. - ამდენ ცხოველ-ფრინველთან ურთიერთობა როგორია? როგორ ხასიათს ავლენენ? - შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა ჩემს კლინიკაში ძაღლები მოჰყავთ, მათი 90% პატრონს ჰგავს. განსაკუთრებით, ხასიათით. ცხოველი გრძნობს პატრონის კეთილგანწყობას, მისთვის გაცემულ დადებით ენერგიას და ისიც გიბრუნებს. ცხოველს პატრონის ცოტა შიშიც უნდა ჰქონდეს და ყველაფერი თავის ადგილას იქნება. - ძროხებიც და ღორებიც ასეა? - ხბორები ერთი კვირის იყვნენ, რომ შევიძინე. საწოვრით ვზრდიდი. ასეთ დროს ისინი უკვე მშობლად აღგიქვამენ. სითბოს გრძნობენ, რადგან სულ ვეფერები, ჩემი დანახვა მათში ჭამასთანაც ასოცირდება. უნდათ პატრონისგან დადებითი ემოცია მიიღონ და თვითონაც ცდილობენ ჩემი კეთილგანწყობის დამსახურებას. თხუთმეტამდე კავკასიური ნაგაზი მყავს. მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორია ნაკრძალია, დაცული ტერიტორია, სადაც ბევრი გარეული ცხოველია და ჩემი ნაგაზები ფერმას იცავენ. სოფელში წლეულს ოთხი შემთხვევა იყო, როცა მეზობლის საქონელი შეჭამეს. ამ ძაღლების გამო ჩემს ფერმაში შემოპარვას ვერ ბედავენ... ფერმაც ღორების, ძროხებისა და ქათმებისთვისაც კაპიტალურია, მათ მოსაწყობად დაბალპროცენტიანი აგროკრედიტით ვისარგებლე. - რა არის საჭირო, რომ ჯანსაღი ფრინველი და ცხოველი გვყავდეს? - სწორი მენეჯმენტი, ხარისხიანი საკვები, დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა... 500 ცალამდე სოფლის ქათამი მყავს და ყველა მუშავდება, იცრება ჭირზე, ბრონქიტზე (წყალში იხსნება ვაქცინა და ასე იღებენ, ან შეფრქვევით). საქონელს წელიწადში ერთხელ სახელმწიფო ბრუცელოზსა და თურქულზე ცრის. პასტერელოზზე და ემკარზე ფერმერმა უნდა აცრას, ეს ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამაში არ ჯდება. - თქვენი სამეურნეო გამოცდილება რის თქმის საშუალებას გაძლევთ? - უნდა ვიცოდეთ, რომ იოლად არაფერი მოდის, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. შეიძლება პირველი თვეები წაგებაზე იმუშაო, მაგრამ არ არსებობს წარმატების მისაღწევად უნივერსალური წესი. ყველაფერს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მარცხის გამო ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. წარუმატებლობით იმას სწავლობ, როგორ გახდე წარმატებული. დაუზოგავი, მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. საქმე უნდა გიყვარდეს და ცოდნის მიღებაზეც უარი არ უნდა თქვა. თუ არ გიყვარს, ვერაფერს გადალახავ.