რამდენად „გადაეფარება“ მთელ ევროპას მაკრონის ფრანგული „ბირთვული ქოლგა“ - რა ძალა აქვს საფრანგეთს
ისედაც „შეშლილი“ მსოფლიო, კიდევ უფრო რომ აირია აშშ-ის სათავეში დონალდ ტრამპის დაბრუნებით, ამაზე ალბათ, აღარავინ კამათობს...
პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი ახალი ინიციატივა შეიძლება გახდეს აშშ-ის მხრიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯერ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან „დეზერტირობა“, ხოლო შემდეგ კი 20 ათასამდე ამერიკელი სამხედროს ევროპიდან უკან გაწვევა, კერძოდ კი აღმოსავლეთ ევროპიდან სამშობლოში ანუ ნატოს აღმოსავლეთი საზღვრის „მოშიშვლება“...
ფაქტია, რომ აშშ-ის მხრიდან ნატოს ნებისმიერი სახით „მიტოვება“ პირველ რიგში, პუტინის რუსეთის სტრატეგიულ ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან კრემლის დიდი ხნის მოთხოვნაა,რომ ნატომ „მოიკვეთოს“ 1997 წლის შემდეგ ალიანსში მიღებული ქვეყნები ანუ სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ის სახელმწიფოები, რომლებიც ტერიტორიულად ყველაზე ახლოს არიან რუსეთის ფედერაციასთან.
ტრამპის ამერიკის ევროპიდან ნაწილობრივ „დეზერტირობის“ შემთხვეევაშიც, „ბებერ ევროპას“ ახალი ლიდერი სჭირდება, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა მის დაცვას ოკეანისაგაღმელი „ბიძია სემის“ დახმარების იმედის გარეშე.

და ასეთ ევროპელ ლიდერად სურს წარმოიჩინოს თავი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რისთვისაც ის ბოლო პერიოდში ძალზე გააქტიურდა, ჯერ პოლიტიკური განცხადებების სახით, ხოლო ახლა უკვე სტრატეგიული დონის სამხედრო შეთავაზებით გამოდის.
საფრანგეთი მზადაა რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებს ფრანგული „ბირთვული ქოლგა“ გადააფაროს-აცხადებს პრეზიდენტი მაკრონი...
ამ შემთხვევაში „ბირთვულ ქოლგაში“ იგულისხმება საფრანგეთის ბირთვული შეიარაღების შესაძლო განთავსება ევროკავშირის რიგი ქვეყნების ტერიტორიებზე ,საიდანაც ის უფრო ადვილად და სწრაფად მისწვდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, თუკი პუტინი მოინდომებდა, უკრაინის შემდეგ, უკვე აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებზე სამხედრო აგრესიის წამოწყებას...
რა ბირთვული პოტენციალი გააჩნია მაკრონის საფრანგეთს და რამდენად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს ის პუტინის რუსეთთისთვის?
საფრანგეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც 1960 წელს თავისი პირველი ბირთვული ბომბი გამოსცადა აშშ-ის(1945 წ.),საბჭოთა კავშირისა(1949 წ.) და დიდი ბრიტანეთის( 1952 წ. ) შემდეგ.

1960-დან 1995 წლების პერიოდში საფრანგეთმა(რომელიც არ შეუერთდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის მიერ 1963 წელს გამოცხადებულ შეთანხმებას კოსმოსში, ატმოსფეროსა და წყალქვეშ ბირთვული აფეთქებების აკრძალვის თაობაზე) ალჟირის საჰარაში, მურუროას ათოლზე და ფრანგულ პოლინეზიაში საერთო ჯამში 210 ბირთვული აფეთქება განახორციელა გამოცდების სახით.
უკვე 1971 წლისთვის საფრანგეთს გააჩნდა სრულფასოვანი „ბირთვული ტრიადა“ ანუ ბირთვული შეიარაღების გამოყენება შეეძლო სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტებით, ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებით და „მირაჟ 4“ ტიპის ორძრავიანი რეაქტიული ბომბდამშენების საშუალებით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საფრანგეთმა, ისევე როგორც დანარჩენმა დასავლეთმა შეცდომით ჩათვალა, რომ რუსეთი მათთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა და დაიწყო თავისი ბირთვული პოტენციალის მკვეთრი შემცირება.
1996 წელს პარიზმა შეიარაღებიდან მოხსნა მიწისქვეშა შახტებში განთავსებული ბირთულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები და არსენალში დაიტოვა მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ბირთვულქობინი რაკეტები.
სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, ამჟამად საფრანგეთის განკარგულებაში უნდა იყოს 290-ზე მეტი სტრატეგიული და ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინი, რომელთა გადამზიდავია Le Triomphant-ის ტიპის ოთხი ატომური წყალქვეშა ნავი(თითოეულ მათგანზე განთავსებულია M51ტიპის 16 სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ფრენის სიშორე 8 ათას კმ-ს აღწევს), ხოლო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად კი გამოყოფილია Rafale ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენები, რომლებსაც 500 კმ-მდე მფრენი ASMP-A ტიპის ბირთვულქობინიანი რაკეტების გაშვება შეუძლიათ.

მართალია, საფრანგეთის ბირთვული პოტენციალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთისას და აშშ-სას, მაგრამ ფრანგული „ბირთვული ქოლგა“ მაინც აუცილებელ გასათვალისწინებელ ფაქტორად იქცევა კრემლისთვის, თუკი ტრამპის ქმედებების შემხედვარე პუტინს მადა გაეხსნა და აღმოსავლეთ ევროპაშიც მოინდომა რუსული სატანკო კოლონებით შესევა...
სხვათა შორის, სწორედ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება იმიტომ ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ევროპაში შენახული(ოღონდ სულ რაღაც ასიოდე ბირთვული საავიაციო ბომბის სახით) აშშ-ს, რომ ის საბჭოთა არმიის უთვალავი ტანკისა და ჯავშანმანქანის შეტევაზე გადასული კოლონების შესაჩერებელ ბოლო ვარიანტს წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ მაშინ საბჭოთა საოკუპაციო ძალები მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ შუაგულ ევროპაში-აღმოსავლეთ გერმანიაშიც რჩებოდნენ და იქიდან აპირებდნენ ლა მანშის სრუტესკენ გაჭრას.
თუკი საფრანგეთს მხარს აუბამს ნატოს მესამე ბირთვული ქვეყანა - დიდი ბრიტანეთიც(ბრიტანელების ბირთვულ შეიარაღებაში მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებია-Vanguard -ის ოთხ ატომურ წყალქვეშა ნავიდან თითოეულს მიაქვს 16 ერთეული Trident II ტიპის ბალისტიკური რაკეტა რვა ბირთვული ქობინით-სულ ბრიტანელების არსენალშია 225 ბირთვული ქობინი, მათგან 160 საბრძოლო მზადყოფნაში),მაშინ ეს წესით უფრო დიდი შემაჩერებელი ფაქტორი უნდა გახდეს პუტინის რუსეთისთვის, თუმცა დაეჯერება კი კრემლს?!