3 ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერა YOUTUBE-ზე და ქართველი შემსრულებელი, რომლის სიმღერებსაც ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს
ხვალ, 7 მარტს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი დათო კენჭიაშვილის კონცერტს უმასპინძლებს. სპეციალურად ამ საღამოზე დასასწრებად მსმენელი არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან. ძალიან დიდია ფართო საზოგადოების მოლოდინი და განსაკუთრებულად ემზადება თავად დათოც.
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ქართული ეთნო მუსიკა. მსმენელი მუსიკისა და ვიბრაციების მეშვეობით დაუვიწყარ მოგზაურობაში აღმოჩნდება. ამ დღეს მუსიკოსი ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებს. იქნება სიახლეებიც, თუმცა არა ელექტრონულ მუსიკაში, ჯაზსა და სხვა მიმართულებებში.
კონცერტამდე კი დათო მისი შემოქმედების 3 გამორჩეული სიმღერის შექმნის ისტორიას გვიზიარებს:
„იორო“ - სიმღერა, რომელმაც არამარტო საქართველოში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში მოიპოვა აღიარება. ეს სიმღერა საკრალური გახდა ჩემთვის, რადგან ორ ადამიანთან, დედასა და თეო ქუმსიაშვილთან ვაკავშირებ. თეომ ის დიდი ხნის წინ დაწერა, თუმცა შემდეგ მას არავინ შეხებია და ასეთი არანჟირება, ალბათ, რთული წარმოსადგენიც იყო. როდესაც პირველად მოვისმინე, ზუსტად დავინახე, სადამდე შემეძლო ფრთების გაშლა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თეოც მენდობოდა მუსიკის საკითხში. მე მის შემოქმედებას ვგრძნობ და მას ჩემი შეგრძნებებიც დავუმატე.
ჩემს სიმღერებში ყველაზე მეტი ნახვა, 43 მილიონზე მეტი სწორედ „იოროს“ აქვს. მას მღერიან ისეთ ქვეყნებში, სადაც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შემოქმედებას იცნობენ.
“რამდენი მალოდინე“ ასევე თეო ქუმსიაშვილის სიმღერაა. მან უდიდესი რეზონანსი გამოიწვია ჩემს შემოქმედებაში და არნახული პოპულარობა მომიტანა. სიმღერამ ბევრი ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი, ყველამ თავისი მოლოდინის ისტორიას დაუკავშირა... დედაშვილობის, მიჯნურობის, მეგობრობის - ყველას გრძნობას შეეხო და დღემდე მათი მეგზურია. მოლოდინი ბევრნაირი შეიძლება იყოს, ამიტომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად და თავის ფანტაზიის მიხედვით ცხოვრობს ამ სიმღერასთან ერთად. მეც ჩემი ემოციები და მოლოდინები ჩავდე მასში და ალბათ, ამიტომ გახდა ის ასეთი ორგანული და შეიძლება ითქვას ჩემი სავიზიტო ბარათი. დღემდე ძალიან პოპულარულია და ხშირად უსმენენ.
"ისევ და ისევ" - სულ მეკითხებიან, ვის დავუწერე, ვის მივუძღვენი ეს სიმღერა. უნდა ვაღიარო, რომ კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს, თუმცა სიყვარული იმდენად ღრმა გრძნობაა, რომ ჩემი თავიდან, გამოცდილებიდან, შეგრძნებებიდან გამომდინარე შევქმენი. მე შეგრძნებებით ვქმნი მუსიკას და ეს სიმღერაც ჩემი შეგრძნებების ერთ-ერთი გამოხატულებაა. „ისევ და ისევ“ ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. მას განსაკუთრებით ინტენსიურად უსმენენ აზერბაიჯანსა და მთლიან კავკასიაში. არაქართველი მსმენელის გულებამდეც მიაღწია.
ზოგადად, ბევრი უძილო ღამე და შრომაა ჩადებული და ჩაქსოვილი ჩემს თითოეულ სიმღერაში. ესაა ის ბგერები, რომლებიც ჩვენი წარსულიდან მოდის. ჩემს ხმაში ისმის ის ისტორია, რომელმაც ქართული ეთნომუსიკა შექმნა. ბგერები და ჩვენი ქართული ინსტრუმენტები საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და იკრეფდა ძალას. ამ ჰანგებით იგებდნენ ომებს, იშუშებდნენ ჭრილობებს, იყვნენ მიჯნურები, მიდიოდნენ ჭირსა თუ ლხინში, გულის ტკივილებს დევნიდნენ და მეც ვცდილობ მაქსიმალურად სიღრმისეულად, დაუღალავი მუშაობით გადმოვცე ჩვენი ისტორია. ეს შეგრძნებები და ეს ბგერები, ალბათ, ისმის ჩემს მუსიკაში და სწორედ ამიტომაც შემარქვეს ისტორიის ხმა - Voice of History.
შეგახსენებთ, რომ დათო კენჭიაშვილი კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მომღერალმა გადაწყვიტა გაზაფხულიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონცერტების სერია გამართოს. კონცერტები იგეგმება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში.