"ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ "ასქროლავთ"- ვინ არის ორთაჭალაში ტრაგიკულად დაღუპული ქალი? - კვირის პალიტრა

"ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ "ასქროლავთ"- ვინ არის ორთაჭალაში ტრაგიკულად დაღუპული ქალი?

ორთაჭალაში 5 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, ვალენტინა ასიტაშვილი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა, "ნიუჰოსპიტალში" გარდაიცვალა.

როგორც კლინიკაში ამბობენ, დაშავებულს ოპერაცია ოპერატიულად ჩაუტარდა, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, ორთაჭალაში, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა და ფეხით მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა, დაზიანდა სამი ავტომობილიც. ადგილზე დაიღუპა ძაღლი, რომელიც დაშავებულ ქალბატონს ხელში ეჭირა.. "იორკის" ჯიშის პატარა ძაღლი ეჭირა ხელში, ადგილზე დაიღუპა ძაღლი და დაშავდა ორი ადამიანი. ჩემი მეზობელი შოკირებული იყო. შეესწრო ამ ფაქტს და თვითონაც სასწაულად გადარჩა. ამბობს, თვალებიდან არ ამომდის, როგორ ფანტანივით სდიოდა სისხლი დაშავებულსო. მერე ითქვა, რომ მოკვეთეს მას ფეხიო. ახლა გავიგეთ, რომ გარდაცვლილა, ასეთი დაუცველი არ უნდა იყოს ფეხით მოსიარულე, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ამ ტრაგედიას",- ამბობს ადგილობრივი.

ამ შემზარავ ავარიას ხალხის პროტესტი მოყვა. იმ ქუჩის მაცხოვრებლებმა აქციაც გამართეს. ისინი ქალაქის მერიას, ადგილობრივ გამგეობას მოუწოდებენ მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ მსგავსი ტრაგედიები არ დატრიალდეს. ხალხი შეშფოთებულია, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, ადრე იმ ადგილას ქვეითი დაიღუპა. 2023 წელს დაგორდა სატვირთო მანქანა და მაშინ მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივები თვლიან, რომ დაუცველები არიან.

"ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ, გარდაცვლილა ქალბატონი ვალენტინა. ბეჟან კალანდაძის ასახვევში მოხდა ეს ტრაგედია, ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა, ეს ის ადგილია, სადაც ერთი წლის წინ სატვირთო დაგორდა და მოზარდი შეიწირა. არავინ აღარ არის დაცული, სახლიდან გასვლის უნდა გეშინოდეს ადამიანს. რას აკეთებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, რას აკეთებს კრწანისის გამგეობა, თბილისის მერია, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს ამ ადგილას. შესაბამისი ზომები ხომ უნდა მიეღოთ იმ დიდი ტრაგედიის შემდეგ. აქვე სკოლაა, ამ ქუჩაზე უამრავი ბავშვი მოძრაობს. საერთოდ არ უნდა მოძრაობდეს სატვირთო მანქანები, რადგან საშიში ადგილია. უკვე მეორე სიცოცხლე დასრულდა. მაშინ "კამაზმა" შეიწირა თხუთმეტი წლის ბიჭი, ახლა ეს ქალბატონი. რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს? არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, ღიმილით მოგესალმებოდა, უზომოდ მეწყინა მისი გარდაცვალება. სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები, ასე გაგრძელება არ შეიძლება. შიშით უნდა იაროს აქ მაცხოვრებლებმა? დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი მოძრაობს",- ამბობს ამაზე ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი თამარი და ისიც რეაგირებას ითხოვს.

"ჩემი თვალით რაც ვნახე, ადამიანს ფეხი ჰქონდა წაწყვეტილი და სისხლები ასხამდა, მოპირდაპირე მხარეს ვიდექი, შოკში ვიყავი, ხალხი პანიკაში იყო, ვინ იყო ვერ დავინახე, ახლოს ვერ მივედი. ორთაჭალაში ვცხოვრობ მეც, ოღონდ მანდ არა. სკოლაში მივიყვანე ბავშვი და მაგ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია. პატარა მანქანა და ბულდოზერი თუ ტრაქტორი ერთმანეთს შეჯახებული იყო და ეს მგზავრი მანქანასა და ტრაქტორის შუაში ეგდო. მას არ ვიცნობდი. ძალიან შემძრა ამ ამბავმა, საშინელებაა, შარშან 15 წლის მოსწავლე შეეწირა, ოღონდ ამ სკოლელი არ იყო ბავშვი, მანდვე ცხოვრობდა, მაშინაც ასე დიდი მანქანა დაგორდა და მოიყოლა ბავშვი, ის ადგილზე გარდაიცვალა. ყოველ წელს უბედურება ხდება. მაღლა მშენებლობებია და დიდი მანქანებით, მძიმე მასალით, ტექნიკით ძლივს ადიან, არავინ აქცევს ყურადღებას ამ პრობლემას. არადა სკოლაა, დილიდან ბავშვები მოძრაობენ მაგ ტერიტორიაზე და არავის ადარდებს ის რომ ბავშვები საფრთხის ქვეშ არიან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა",- ამბობს ფაქტის თვითმხილველი ქალბატონი მზია.

კიდევ ერთ ახალგაზრდას გავესაუბრეთ, რომელიც გარდაცვლილ ქალბატონს იცნობდა, `ვიცნობდი გარდაცვლილს, ვალენტინა ერქვა. ძალიან განვიცდი. მასთან ურთიერთობა მქონდა "იორკების" კუთხით. ძაღლები ძალიან უყვარდა. ხშირად ასეირნებდა თავის იორკს ქუჩაში. აქტიურები იყვნენ მაგ მხრივ. "იორკის" ფანი იყო. შოკში ვართ ყველანი, ძალიან განვიცდით. მართლა ძალიან კარგი ქალბატონი იყო, მუდამ ღიმილიანი, სულ პოზიტივს აფრქვევდა, ენერგიული, თბილი და მოსიყვარულე. ლაშქრობებზე დადიოდნენ ხშირად, მეუღლე, მეუღლის მეგობრები და თვითონ, ფანიც სულ თან დაჰყავდა. ფანი ერქვა მის ძაღლს, რომელიც ამ ავარიის დროს ადგილზე დაიღუპა. თვითონ ქალს ფეხი ჰქონდა მოწყვეტილი შეჯახების შედეგად. სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს. ძალიან განვიცდით, მართლა შოკში ვართ",- ამბობს მეზობლად მცხოვრები ნანა და მის ოჯახს უსამძიმრებს.

სოციალურ ქსელში სტატუსი დადო გარდაცვლილის შვილიშვილმა: "ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ "ასქროლავთ". ქვეყანას, სადაც ადამიანი ასეთი ბრუტალური სიკვდილით კვდება ვიღაცის უბრალოდ დაუდევრობის და გაუმართაობის გამო, არასოდეს, არაფერი არ ეშველება. პირველსავე შესაძლებლობას ჩავეჭიდები რომ ისე წავიდე აქ არასოდეს დავბრუნდე", - წერს ის და უამრავი ადამიანი უსამძიმრებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს. ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)