საიდუმლო ბრძანება #0058: კა-გე-ბეს ფსიქოთერაპია - როგორ მოატყუეს ტრამპი ცრუ გორბაჩოვით
თითქმის ორმოცდაათი დღე გავიდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევიდან და „პოლიტიკურმა წნევამ“ იმდენად იმატა, რომ მსოფლიო უკვე „თუხთუხებს“ ასაფეთქებლად განწირული „ორთქლის ქვაბივით“. დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სადავო და მძიმე გადაწყვეტილებებზე (უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება; უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეყვეტა და ა.შ.) არ ვისაუბრებ. არ გაგიკვირდეთ და უფრო ზოგად, ადამიანის ფსიქოლოგიურ ასპექტებს შევეხები.
ყველა პიროვნება თავისებურადაა მოწყობილი, ამიტომ ყველას თავისი მიდგომა და „გასაღები“ სჭირდება. ადამიანის ფსიქოლოგიის ყველაზე დიდი „მესაიდუმლეები“, რა თქმა უნდა, სპეციალური სამსახურები არიან, იმიტომ, რომ მათი საქმიანობის მთავარი „რესურსი“ და „ნედლეული“ სწორედ ადამიანია. ყველა „ნორმალური“ ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს აგენტურულ-ოპერატიულ ოპერაციებში გადაბირების კანდიდატის სიღრმისეული შესწავლისა და მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენის მეთოდიკას. ამ მხრივ საბჭოთა სპეცსამსახურები, კერძოდ კი კა-გე-ბე, ყოველთვის ლიდერთა შორის იყვნენ. ოპერატიული თანამშრომლების მიერ გადაბირების კანდიდატის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თვისებების შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობოდა.
1971 წლის 9 ივნისს საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების ცენტრალურმა და ტერიტორიულმა ორგანოებმა მიიღეს სსრკ კა-გე-ბეს თავმჯდომარის, იური ანდროპოვის სრულიად საიდუმლო ბრძანება N 0058 – "ოპერატიულ მუშაობაში და კადრების შერჩევის დროს ფსიქოლოგიის გამოყენების შესახებ ".
ბუნებრივია, ფსიქოლოგიურ მეთოდებს საბჭოთა სპეცსამსახურები მანამდეც იყენებდნენ, თუმცა გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან ამ მიმართულებით განსაკუთრებით გაიზარდა სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული მუშაობა.
1972 წლის 14 ივნისს კა-გე-ბეს უმაღლესი სკოლის N1 სპეცკათედრაზე (კონტრდაზვერვითი მუშაობა) არსებული ფსიქოლოგიის სექციის ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი სპეცკათედრა N6 (შემდგომ N12) - „ფსიქოლოგია“. აღნიშნული სპეცკათედრა მუშაობდა „ოპერატიული ფსიქოლოგიის“ (უფრო გასაგები, რომ იყოს - ფსიქოლოგიის თეორიული საკითხების პრაქტიკული გამოყენების) მრავალფეროვანი მეთოდების სადაზვერვო და კონტრდაზვერვით ოპერაციებში ადაპტირების საკითხებზე. კვლევითი მუშაობა პირდაპირ უკავშირდებოდა მიმდინარე ან მომავალში ჩასატარებელ აგენტურულ-ოპერატიულ ოპერაციებს. კა-გე-ბეს უმაღლესი სკოლის „ფსიქოლოგიის სპეცკათედრაზე“ ჩატარებული საიდუმლო კვლევებიდან, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული ხასიათის თავისებურებების შესწავლას ეთმობოდა, მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ: "ინგლისელების ეროვნულ-ფსიქოლოგიური თვისებები და მათი გამოყენება სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი ამოცანების გადაჭრის დროს“; „ვიეტნამელების ეროვნული ხასიათის თავისებურებების გათვალისწინება მათთან კომუნიკაციის პროცესში“ და სხვ.
„სამხრეებიანი ფსიქოლოგები“, ასევე, ამუშავებდნენ სხვა, „სასიცოცხლოდ აუცილებელ“ საკითხებსაც: „ოპერატიულ საქმიანობაში ადამიანების მართვის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები“; „მოწინააღმდეგის სპეცსამსახურების „სატყუარად“ გასაგზავნი კა-გე-ბეს ორგანოების აგენტების ფსიქოლოგიური მომზადების ზოგიერთი საკითხი“ და სხვ.
ასევე, დიდი ყურადღება ეთმობოდა სსრკ-ის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტატუსით ოფიციალურად შემოსული უცხოელების ფსიქოლოგიური შესწავლის საკითხების კვლევას. მკითხველმა მინდა, ნათლად წარმოიდგინოს, რომ საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურებში ადრე და ამჟამად მიმდინარე ფსიქოლოგიურ კვლევებს წმინდა პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა და აქვს, ის დასახული ოპერატიული მიზნების მისაღწევად გამოიყენებოდა და გამოიყენება. ზოგადი ეროვნულ-ფსიქოლოგიური ფაქტორების განსაზღვრის შემდეგ მიმდინარეობს „ოპერატიული დაინტერესების ობიექტის“ ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, რაც განიხილება, როგორც მის შესახებ უფრო სრული (ხშირად არასაჯარო) ინფორმაციის მიღების პროცესი. ფსიქოლოგიური პორტრეტი ემყარება „ობიექტის“ შესახებ არსებული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზს, განზოგადებასა და პროგნოზირებას. ამ დროს შესწავლას ექვემდებარება ამ პიროვნების ინდივიდუალური თვისებები: ტემპერამენტი; ხასიათი; ინტელექტი; ემოციურობა; ნებისყოფა და თვითკონტროლის უნარი; კომუნიკაციის უნარი; თვითშეფასება; კარიერიზმი და სხვა. გარდა ამისა, ღია და საიდუმლო წყაროებიდან ხდება „ობიექტის“ პოლიტიკური შეხედულებების, ქონებრივი მდგომარეობის (პირველ რიგში - კრედიტების), ოჯახური მდგომარეობისა და სხვა კონტაქტების, ადამიანური სისუსტეების და ჯანმრთელობის (ფიზიკური და სულიერი) მდგომარეობის შესწავლა. ფსიქოლოგიური პორტრეტის ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს მისი გადაბირების მიზანშეწონილობა და შესაძლებლობა. გადაბირების მცდელობა რთული სადაზვერვო ოპერაციის ნაწილია და „ბეწვის ხიდზე“ გავლას წააგავს: მცირედი შეცდომა და დიდი საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალი გარდაუვალი იქნება. ამიტომ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, „დიდწონიანი“ უცხოელი პოლიტიკოსის ან ბიზნესმენის „ოპერატიული დამუშავების“ და გადაბირების ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის ნებართვას ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გასცემს.
ყველა ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს, სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური და ბიზნესელიტის ფსიქოლოგიური პორტრეტი დაამუშაოს და საკუთარი ხელისუფლების უმაღლეს პირებს წერილობით ან ზეპირი მოხსენების სახით გააცნოს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმის აღნიშვნა, რომ ბევრი პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი წერილობით სადაზვერვო მოხსენებებს არ ეცნობოდა და მოსმენა უფრო ერჩია.
მაგალითად, აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ტექსტს არ კითხულობდა, თუ ის ორ გვერდზე მეტი იყო. ყველაზე საიდუმლო მოხსენებების დროსაც კი, ის ჰოლივუდის მსახიობად რჩებოდა: მას უფრო მეტად ფილმების ყურება უყვარდა, ვიდრე - ყოველდღიური რუტინული, სადაზვერვო ინფორმაციის წაკითხვა ან მოსმენა.
რონალდ რეიგანი და უილიამ კეისი
ამიტომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ კეისის დავალებით, სპეციალურად პრეზიდენტისთვის ამზადებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების (კადაფის, ასადის, ანდროპოვის, ბეგინის, გორბაჩოვის და სხვ.) პოლიტიკური კარიერისა და ფსიქოლოგიური პორტრეტის ამსახველ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც რეიგანი დიდი ყურადღებით უყურებდა. აშშ-ის მე-40 პრეზიდენტს ეკუთვნის ისტორიული გამოთქმა: „ბოროტების იმპერია“ – ასე ზუსტად შეაფასა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირი. დიდია რეიგანის წვლილი საბჭოთა კავშირის დანგრევაშიც.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-მა შეძლო, მოწინააღმდეგე შეიარაღების დიდ “რბოლაში” ჩაეთრია და საბჭოთა კავშირი იძულებული გაეხადა, ყოველწლიურად გაეზარდა სამხედრო ხარჯები. პრეზიდენტმა რეიგანმა მაშინ რამდენჯერმე ოფიციალურად განაცხადა, რომ მათ შეიარაღებაში უკვე ჰქონდათ ახალი “კოსმოსური” და “ლაზერული“ იარაღი, “ნეიტრონის ბომბი”, უახლესი რადარები და ა.შ. ეს და კიდევ ბევრი სხვა “ამერიკული ლეგენდა” და დეზინფორმაცია ისე აშინებდა საბჭოთა პოლიტბიუროს “ნორჩ” წევრებს, რომ ისინი უყოყმანოდ ზრდიდნენ სამხედრო ბიუჯეტს. "ავღანეთის ხაფანგი" ბოლო და ყველაზე მძიმე დარტყმა აღმოჩნდა საბჭოთა იმპერიისთვის. მაშინ აშშ-ის ხელისუფლებამ ძალზე ოსტატურად "მოქსოვა" ავღანური "ბადე" და კრემლს საშუალება მისცა, უფრო და უფრო ღრმად "ჩახვეულიყო" საგარეო და საშინაო პოლიტიკურ და ფინანსურ პრობლემებში. თავის მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაცია სისტემატურად უზრდიდა ავღანელ მოჯაჰედებს სამხედრო დახმარებას, რაც წელიწადში, დაახლოებით, 60 ათას ტონა შეიარაღებას აღწევდა. ამერიკასთან უთანასწორო შეჯიბრმა საბოლოოდ გამოფიტა ისედაც დაუძლურებული საბჭოთა ეკონომიკა და მალე გორბაჩოვისეულ “გარდაქმნას” საბჭოთა იმპერიის დანგრევა მოჰყვა.
სწორედ იმ წლებში ნიუ-იორკში სამშენებლო ბიზნესს აფართოებდა აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 1987 წლის ზაფხულში ის ხელცარიელი დაბრუნდა საბჭოთა კავშირიდან: ცათამბჯენების მშენებლობის შეთანხმება არ შედგა, თუმცა მომავალი მილიარდერი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტების დამყარების იმედს არ კარგავდა. დონალდ ტრამპმა კარგად იცოდა, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოში ბიზნესის დაწყება ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან დაახლოების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმ ინფორმაციის შეტყობა, რომ 1987 წლის დეკემბერში საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი შეერთებულ შტატებში აპირებდა ვიზიტით ჩასვლას. ტრამპმა მცდელობა არ დააკლო, რომ გორბაჩოვს შეხვედროდა.
მიხეილ გორბაჩოვი და დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი. 1987 წლის 9 დეკემბერი.
1987 წლის 9 დეკემბერს დონალდ ტრამპი და ივანა ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიხეილ გორბაჩოვის პატივსაცემად გამართული მიღების სტუმართა შორის აღმოჩნდნენ. ტრამპისთვის სანუკვარი შეხვედრაც შედგა. ეს იყო მისი პირველი შეხვედრა საბჭოთა ლიდერთან. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1988 წლის 6 დეკემბერს მიხეილ გორბაჩოვი კვლავ ეწვია ნიუ-იორკს: ამჯერად გაეროს გენერალური ასამბლეის 43-ე სესიაზე დასასწრებად. გორბაჩოვს ძალზე დატვირთული გრაფიკი ჰქონდა: შეხვედრა რეიგანთან, გაეროს გენერალურ მდივანთან და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ამიტომ დონალდ ტრამპისთვის სად ეცალა?! ამას დაემატა სომხეთში, სპიტაკში, 1988 წლის 7 დეკემბერს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა. მაშინ საბჭოთა დელეგაციამ ვიზიტი ვადაზე ადრე შეწყვიტა და მოსკოვში გაფრინდა. თუმცა ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპისა და „მიხეილ გორბაჩოვის“ შეხვედრა მაინც შედგა. აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ნიუ-იორკში, Trump Tower-ში იმყოფებოდა, როდესაც შეატყობინეს, რომ ცათამბჯენის შესასვლელთან მას „მიხეილ გორბაჩოვი“ ელოდებოდა. გახარებულმა ტრამპმა თავისი ოფისიდან უმალ Trump Tower-ის ჰოლს მიაშურა და მართლაც ხალხით გარშემორტყმული „მიხეილ გორბაჩოვი“ და მისი თანმხლები ხალხი დაინახა.
(ვიდეო: https://youtu.be/alUK6e6AmcU?si=7qOfKiuMXZ6aHG1u).
მათ შორის ამგვარი საუბარი გაიმართა:
„გორბაჩოვის“ მხლებელი: - ბატონო ტრამპ, მიხეილ გორბაჩოვი.
„გორბაჩოვი“: - როგორ ხართ?
ტრამპი: როგორ ხართ? ჩემთვის დიდი პატივია.
„გორბაჩოვის“ მხლებელი: - ცოტა ხნით ჩამოვიდა, გზაში ვიყავით უკვე (მიმართავს „გორბაჩოვს“). თქვენ რამდენიმე წუთი გინდოდათ.
ტრამპი: - დიდი პატივია.
„გორბაჩოვი“: - მე მომწონს თქვენი ჰალსტუხი.
ტრამპი: თქვენ ჩემი ჰალსტუხი მოგწონთ? დიდი პატივია... ძალიან კარგი, ძალიან კარგი.
„გორბაჩოვის“ მხლებელი ტრამპს: - იმედი მაქვს, თქვენი დღის გეგმა არ დავარღვიეთ.
ტრამპი: - ოჰ, არა, არა, ძალიან ლამაზი იყო (სავარაუდოდ, შეხვედრას გულისხმობს)... ამაზე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი...
„გორბაჩოვი“: - ძალიან კარგი, ძალიან კარგი...
ტრამპი: - წარმატებები ყველაფერში, დიდი მადლობა.
„გორბაჩოვი“: - ძალიან კარგი, ძალიან კარგი, დიდი მადლობა
„გორბაჩოვის“ მხლებელი: - ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, უბრალოდ, სულ ერთი წამით გვინდოდა თქვენი ნახვა, მადლობა. ეს რუსული გადამღები ჯგუფია (მიმართავს ისევ ტრამპს).
ტრამპი: - ვიცი... კარგად იყავით.
დონალდ ტრამპმა მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ოსტატურად გააცურეს და საბჭოთა ლიდერის მაგივრად მის ორეულს, ამერიკელ კომიკოსს უხდიდა მადლობას. დონალდ ტრამპი მეორედ, 1996 წლის ნოემბერში ჩავიდა უკვე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ზურაბ წერეთელი, მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის უახლოესი მეგობარი გაიცნო. მიზანი კვლავ ერთი იყო: „დიადი, ნათელი“ - ცათამბჯენის აშენება მოსკოვში.
(მესამე ნაწილის დასასრული)