ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს: ვინ მოიგებს და ვინ წააგებს?! - "ეკონომიკურ კრიზისს შესაძლოა, დამანგრეველი პროცესები მოჰყვეს" - კვირის პალიტრა

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს: ვინ მოიგებს და ვინ წააგებს?! - "ეკონომიკურ კრიზისს შესაძლოა, დამანგრეველი პროცესები მოჰყვეს"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 4 მარტის ნომერში გამოქვეყნდა.

- საპროტესტო მოძრაობა უკვე 3 თვეა მიმდინარეობს, ის შეიძლება ზოგჯერ მინელდეს, ზოგჯერ გააქტიურდეს, თუმცა უკმაყოფილება და საპროტესტო განწყობა არ ქრება. მოდის გაზაფხული, სავარაუდოდ, პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო გამძაფრდება. მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მან წარმოადგინა 5-პუნქტიანი გეგმა, რომლის შინაარსი ასეთია: 1. არჩევნების პირობების დაწესება; 2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების "ჯარის" მომზადება; 3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა; 4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის; 5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა "ქართული ქარტია" და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, "რუსული კანონების" გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა.

- ეს გეგმა ქაღალდზე ნორმალური და მისაღებია, მაგრამ როგორ შეძლებს ოპოზიცია მის რეალიზებას, საკითხავია. გახსოვთ "ქარტიის" თემაც, იქაც მოაწერეს ხელი, მაგრამ ქაღალდზე დარჩა ის ხელმოწერები, ყველამ თავისი დღის წესრიგით იმოქმედა. ამ ხნის განმავლობაში პროტესტი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე უფრო გააქტიურდებიან პროტესტანტები. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს პროცესი მიილევა, ძალიან ცდება.

დღეს შექმნილ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ საჭადრაკო ტერმინი "პატი", ანუ როდესაც ხელისუფლება ცდილობს საკანონმდებლო ცვლილებებით, რეპრესიებით და ა.შ. ჩაახშოს პროტესტი, მაგრამ ვერ ახერხებს... მეორე მხრივ, ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლება აიძულოს წავიდეს დათმობაზე...

ოპოზიციაში პოლიტიკურ ოპოზიციას ნაკლებად ვგულისხმობ, რადგან ამ საპროტესტო მოძრაობის ლიდერები პოლიტიკური ძალები არ არიან. ეს არის სრულად საზოგადოებრივი პროტესტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ჩქარობს, სურს როგორმე დასრულდეს პროტესტი, რადგან შიშობს, რომ მალე პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური წამოეწევა. აი, მაშინ კი ხელისუფლება ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდება. ამ საზოგადოებრივ პროტესტს ზუსტად იმიტომ ვერ უხერხებს ვერაფერს, რომ მას პოლიტიკური ლიდერები არა ჰყავს. ამიტომ გადავიდნენ პროტესტანტების მასობრივ დაჯარიმებაზე, თუმცა არა მგონია, ამან უშველოს ხელისუფლებას.

საზოგადოებრივ პროტესტს სიახლეები სჭირდება, აუცილებელია ახალი ელემენტების შეტანა, სტრუქტურირება, ახალი ჯგუფების წარმოჩენა... არის ძალიან ბევრი საზოგადოებრივი თუ პროფესიული ჯგუფი, საჭიროა მათი კოორდინაცია, რაც, ჩემი აზრით, შეუძლია სალომე ზურაბიშვილს. მან უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს. მან თქვა, რომ არ არის ოპოზიციის გაერთიანებისა და ერთიანი სიების მომხრე. მეც მიმაჩნია, რომ ეს სულაც არ არის საჭირო, მაგრამ საზოგადოებრივ პროტესტს, სულ ცოტა, კოორდინაცია სჭირდება. ხელისუფლების პროპაგანდა თავისი ტროლ-ბოტების ფაბრიკებით თუ სამთავრობო ტელევიზიებით ძალიან ძლიერია, ოპოზიციური ტელევიზიები კი ჯერჯერობით პარტიულ ინტერესებს ვერ გასცდენიან და ვერ აღწევენ ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის თვალსაწიერში, განსაკუთრებით, რეგიონებში. საჭიროა სუსტი წერტილების პოვნა და მის დაძლევაზე ზრუნვა.

არავის გვინდა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მივიდეს, რადგან მისგან თავის დაღწევა ძალიან გაგვიჭირდება, ეკონომიკურ კრიზისს შეიძლება მოჰყვეს უმართავი პროცესები, რაც დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის, ამიტომ ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

- ვთქვათ, "ქართული ოცნება" წავიდა დათმობაზე და დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ საკანონმდებლო ცვლილებების, საარჩევნო ადმინისტრაციის და სუსტი ოპოზიციური სპექტრის გათვალისწინებით, რა გარანტიაა, რომ გამარჯვებას ისევ ეს ძალა არ გაიფორმებს?

- რაც შეეხება "ქართული ოცნების" საარჩევნო შესაძლებლობებს, მეტ-ნაკლებად პატიოსნად ჩატარებულ არჩევნებში მას უმრავლესობის მოპოვების შანსი არა აქვს, თუმცა პირველ ადგილზე, ალბათ, გავა. რაც შეეხება არჩევნების ჩატარების პირობებს, საარჩევნო ცვლილებებისა და გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების გარეშე ვადამდელ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას აზრი არა აქვს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ძალიდან არ ჩანს ერთი პარტიაც კი, რომელიც სერიოზულ მეტოქეობას გაუწევს "ქართულ ოცნებას" და დაამარცხებს.

მეტიც, ჩემი შეფასებით, ასეთი ძალა პერსპექტივაშიც არ ჩანს, თუმცა ვიმეორებ, არჩევნების პატიოსნად ჩატარების შემთხვევაში "ქართული ოცნება" მარტო მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს!

ვხედავთ, ხელისუფლება როგორ ჩქარობს, ცდილობს ე.წ. კანონიერების ფარგლებში მოაქციოს ეს რეპრესიული სისტემა. ყველაფერი - საკანონმდებლო ცვლილებები, გადმოწერილი "ფარა", ჯარიმები და ა.შ. მიმართულია იმისკენ, რომ შეიზღუდოს მედია, გამოხატვის საშუალებები. ყველაფერს აკეთებენ კრიტიკული აზრის ჩასახშობად. საქმე ის არის, რეპრესიებისთვის შექმნილი კანონით დასჯა სულაც არ ნიშნავს სამართლიან გადაწყვეტილებას. კანონის სახელით იყო საბჭოთა რეპრესიებიც, "ხალხის მტრის" იარლიყით უამრავი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს, საბჭოთა სამშობლოს ღალატს აბრალებდნენ ადამიანებს და ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ, მაგრამ ის კანონები იყო თვითონ უკანონო და უსამართლო. ამერიკული "ფარას" გადმოაწერა ავიღოთ - ის ათწლეულების წინ არის მიღებული, მაშინ იყო აქტუალური, მას შემდეგ კი მსოფლიო მრავალჯერ შეიცვალა, დღეს სულ სხვა პოლიტიკური ვითარებაა. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ კანონმდებლობა დღევანდელობას მოარგოს და არა პირიქით, "ქართული ოცნება" დღეს სწორედ ამას ცდილობს, რომ დღევანდელობა მოარგოს თითქმის საუკუნის წინ მიღებულ კანონს. თუმცა ესეც პროპაგანდისთვის კეთდება, რომ მერე იძახონ, ამერიკული კანონმდებლობით გსჯითო. მედიასთან დაკავშირებითაც იგივე ხდება. ხომ ამბობენ, რომ ბრიტანული კანონით უნდა დაარეგულირონ ქართული მედია. ჯერ ერთი,

ასე ბრმად სხვა ქვეყნის კანონების გადმოწერას კარგი არაფერი მოაქვს, ჯერ ბრიტანულ დემოკრატიას შეედარონ და მერე დაწერონ მედიის შესაზღუდი კანონები.

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საქართველოში ვერ იმუშავებს, პროტესტს ვერ შეაჩერებს, როგორც არ უნდა დაკეტონ მედიასაშუალებები, არსებობს ინტერნეტი, სოციალური სივრცე. არა მგონია, ამით საზოგადოება დაშინდეს. ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლებას ჰქონდა ჩვენი ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამასვე ცდილობს ივანიშვილის "ქართული ოცნება". ვიდრე სახელმწიფოს რეალურ, სისტემურ გარდაქმნას არ დავიწყებთ, სამწუხაროდ, ეს პრობლემა სულ იქნება.

წაიკითხე ვრცლად