რატომ დაითარსა ილონ მასკი - დიდ ტექტოკრატს კიდევ ერთი რაკეტა აუფეთქდა - კვირის პალიტრა

რატომ დაითარსა ილონ მასკი - დიდ ტექტოკრატს კიდევ ერთი რაკეტა აუფეთქდა

ასე იცის დიდ პოლიტიკაში გადაბარგებამ - ილონ მასკს კოსმოსური რაკეტა ისევ აუფეთქდა...

ილონ მასკი მსოფლიოში აღიქმებოდა, როგორც ძალიან წარმატებული ტექნოკრატი-ორგანიზატორი, რომელმაც შეძლო არა მარტო „ტესლას“ ელექტომობილების ბუმის შექმნა, არამედ - დედამიწის ორბიტაზე „სტარლინკის“ თანამგზავრების სისტემაც აამუშავა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უზრუნველყოფს ინტერნეტკავშირს...

უფრო მეტიც, ილონ მასკი მთვარეზე და თვით მარსზეც კი დედამიწელების „მინიქალაქების“ შექმნას გეგმავს, რისთვისაც აქამდე არნახული სიდიდისა და სიმძლავრის რაკეტა-მატარებლების კოსმოსში გაგზავნის ურთულეს საქმესაა ჩაჭიდებული და...

და ამ დროს იგივე ილონ მასკი დიდ პოლიტიკაში აქტიურად ერთვება, ხდება პრეზიდენტ ტრამპის მარჯვენა ხელი და მისი ნებართვით იწყებს ამერიკული ბიუროკრატიის მაღალი ეშელონების „გაცხრილვას“...

ამერიკულ ბიუროკრატიას, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებისას, დიდი ხანია, სჭირდებოდა „სისხლის გამოშვება“, მაგრამ ილონ მასკისა და მისი თინეიჯერული გუნდის მოქმედების მეთოდები ისე ძალიან დაემსგავსა ლენინ-სტალინისდროინდელ ბოლშევიკურს, რომ თვით ტრამპიც კი იძულებული გახდა, მასკისთვის შენიშვნა მიეცა, დასაოკებლად, ხოლო სამინისტროების მაღალჩინოსნებს უფლება დართო, ყოველთვის არ გაეთვალისწინებინათ ილონ მასკის ჯგუფის მოთხოვნები.

და სანამ მასკი ვაშინგტონელი ჩინოვნიკების დოსიეებში იქექებოდა, მისმა სარაკეტო პროგრამამ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო ფიასკოს განცდა...

ამავე ბლოგის 22 თებერვლის სტატიაში: „როგორ დაბომბა ილონ მასკმა პოლონეთი სამჯერ... კოსმოსიდან...“, ვწერდით, რომ „19, 20 და 21 თებერვალს პოლონეთში სამ ადგილას ჩამოვარდა „კოსმოსური ნაგავი“, უფრო სწორად კი - ილონ მასკის კორპორაციის მიერ გაშვებული რაკეტა-მატარებლის - Falcon 9 R/B-ის ფრაგმენტები...

თქვენ ფრაგმენტი უძახეთ, მაგრამ როდესაც რაკეტის ოთხტონიანი ნაწილი ეზოში დაეცემა, საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ არის.

Space X Starlink Group 11-4 მისიის ფარგლებში ამ რაკეტა-მატარებელმა19 თებერვალს სტარტი აიღო აშშ-ის „ვანდერბერგის“ სარაკეტო ბაზიდან და დედამიწის ახლო ორბიტაზე უნდა გაეყვანა Starlink-ის მორიგი თანამგზავრები…“

1-raketa-1741344759.jpg
Super Heavy-ის სარაკეტო ამაჩქარებლისგან და Starship v2-ისგან შემდგარი ხუთიათასტონიანი ილონ მასკის რაკეტა-მატარებლის სტარტის მომენტი 6 მარტს ტეხასიდან...

ამჯერად მასკის „სარაკეტო კონფუზი“ უფრო გრანდიოზული მასშტაბების აღმოჩნდა - ილონ მასკის კოსმოსურმა კორპორაცია SpaceX-მა 2025 წლის 6 მარტს ტეხასის შტატის სამხრეთ ნაწილიდან განახორციელა Starship-ის რაკეტა-მატარებლის სტარტი, მაგრამ ათიოდე წუთის შემდეგ კოსმოსური ხომალდი კარიბის ზღვის თავზე აფეთქდა, თუმცა მისმა პირველმა საფეხურმა შეძლო სასტარტო მოედანზე უვნებლად დაბრუნება...

მცირეოდენი ტექნიკური ექსკურსი ილონ მასკის გრანდიოზულ კოსმოსურ ამბიციებში...

მასკის გათვლით, Starship-ი უნდა გახდეს მსოფლიოში პირველი, სრულად მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა-მატარებელი, რომელსაც კოსმოსური ხომალდების გაყვანა შეეძლება, როგორც დედამიწის ორბიტაზე, ისე - მთვარისა და მარსის მისიებში გაგზავნაც.

2-raketaa-1741344759.png
Super Heavy-ის სარაკეტო ამაჩქარებელი უკან, სასტარტო მოედანზე დაბრუნდა და ის თავისი მანუპულიტორებით „ჩაიჭირა“ Mechazilla-მ

ამისთვის, ეს კოსმოსური რაკეტა-მატარებელი შედგება ორი საფეხურისგან - პირველ საფეხურს წარმოადგენს Super Heavy-ის სარაკეტო ამაჩქარებელი, ხოლო მეორეს კი - თავად კოსმოსური ხომალდი Starship-ი.

Super Heavy-ის სიგრძე შეადგენს 71 მ-ს, დიამეტრი კი 9 მ-ია. მასზე აყენია Raptor ტიპის 33 სარაკეტო ძრავა, ხოლო 3 600 ტ თხევადი საწვავიდან 2 800 ტ - თხევადი ჟანგბადია, 800 ტ კი - თხევადი მეთანი.

კოსმოსური ხომალდის, Starship-ის სიგრძე 50 მ-ს აღწევს, დიამეტრი 9 მ-ია. მასზე Raptor-ის ექვსი სარაკეტო ძრავა აყენია -მათგან სამი გათვლილია ატმოსფეროში ფუნქციონირებისთვის, სამი კი - კოსმოსურ ვაკუუმში ამ ხომალდის მანევრირებისთვის.

6 მარტს სტარტაღებული Starship-ის სარაკეტო სისტემის მეორე მოდიფიკაციის Starship v2-ის საერთო სიგრძე შეადგენდა 124,4 მ-ს, ხოლო საერთო მასა - 5 150 ტ-ს აღწევდა.

3-raketa-1741344759.jpg
ასეთი სახით უნდა გასულიყო მასკის Starship-ი დედამიწის ორბიტაზე, მაგრამ...

დედამიწის ორბიტაზე გასასვლელად რაკეტა-მატარებელს, დაახლოებით, ცხრა-ათი წუთი სჭირდება - პირველმა საფეხურმა Super Heavy-მა თავისი ფუნქცია შეასრულა, ჩამოშორდა Starship-ს და სასტარტო მოედანზე დაეშვა, სადაც ის თავისი მანუპულიტორებით „ჩაიჭირა“ Mechazilla-მ.

თავად Starship-ს კი სულ რაღაც 20 წამი დააკლდა, რომ მის სარაკეტო ძრავებს ის კოსმოსში გაეყვანათ - ათას ტონაზე მეტი მასის „სტარშიპი“ დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებისას ფრაგმენტებად დაიშალა და დიდი საშიშროება შეუქმნა საერთაშორისო ტრასებზე მფრენ სამგზავრო ლაინერებს - აშშ-ის ფლორიდის შტატის მაიამის, ორლანდოს, პალმ-ბიჩის აეროპორტებმა სასწრაფოდ შეზღუდეს ავიარეისების გაფრენა მანამდე, ვიდრე მასკის ავარიაგანცდილი „სტარშიპის“ დიდი და მძიმე ფრაგმენტები ატლანტიკის ოკეანეში არ ჩაცვივდა...

4-raketa-1741344759.jpg
ასე გამოჩნდა მიწიდან თითქმის კოსმოსის საზღვარს (პირობითად ითვლება 100 კმ-ის სიმაღლე) მიღწეული „სტარშიპის“ აფეთქება...

ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ ილონ მასკის ხელმძღვანელობით ხორციელდება მსოფლიოში უდიდესი სარაკეტო სისტემის გამოცდა, რომელსაც კოსმოსში 100-200 ტონა სასარგებლო ტვირთის გატანა შეუძლია, მაგრამ ამ გამოცდების პერიოდში მასკის რაკეტები უფრო ხშირად განიცდიან ავარიას, რომლის შედეგები შეიძლება, კატასტროფული გახდეს, რასაც სამი კვირის წინ პოლონეთში ბეწვზე გადაურჩნენ.

იქნებ თავად ილონ მასკისთვისაც და დანარჩენი დედამიწელებისთვისაც აჯობებდა, რომ მას მთელი თავისი ენერგია ათასტონიანი რაკეტა-მატარებლების კოსმოსში უხიფათოდ გაყვანის ორგანიზებაზე დაეხარჯა და არა - ოვალურ კაბინეტში, ტრამპის უკან ტელეკამერებთან პოზიორობაში...