"თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები - დღეს მისი მხრიდან ამერიკულ ინვესტიციებზე საუბარი, არის ცარიელი სპეკულაცია"
"თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება - მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, ცარიელი სპეკულაციაა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „აუცილებელია,ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში“.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე.
„თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას ჰქონდა სრული თავისუფლება, მას შეეძლო ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს იმაზე, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ვერავითარი ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, შესაბამისად, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რასაც ამბობს ხაზარაძე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მანიპულაცია, თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა, ამისთვის ჰქონდა მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა, თუმცა ეს არ, ვერ გააკეთა. დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა, ზოგადად, ოპონენტების საქმიანობაზეც და განაცხადა, რომ „ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან იმისათვის, რომ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები დააზიანონ“. კობახიძის შეფასებით, „ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი“.
„ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები, ალბათ, ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი, არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
IPN