ტრამპისგან „მიტოვებულ“ უკრაინას უკვე უწევს რუსეთის კურსკიდან უკან დახევა... - კვირის პალიტრა

ტრამპისგან „მიტოვებულ“ უკრაინას უკვე უწევს რუსეთის კურსკიდან უკან დახევა...

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე ახალი სერიოზული ცვლილებებია, ოღონდ ტრადიციულად არა მის აღმოსავლეთ მხარეში, არამედ რუსეთის კურსკის ოლქში, რომლის ნაწილი უკრაინის არმიას მეშვიდე თვეა ოკუპირებული აქვს...

ათასობით უკრაინელი მებრძოლი შეიძლება ალყაში აღმოჩნდეს - ამ სათაურებით აქვეყნებენ სტატიებს დასავლეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები, ეყრდნობიან რა ბოლო დღეების ოპერატიულ ინფორმაციებს და აზუსტებენ, რომ კურსკის ოლქში ახალი კონტრშეტევა რუსეთის არმიამ მას შემდეგ წამოიწყო, რაც ტრამპის ბრძანებით უკრაინის არმიას შეუწყვიტეს ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება...

მართლაც, დამოუკიდებელი ანალიტიკური ჯგუფის Deep State-ის ოპერატიულ რუკებზე კარგად მოჩანს, თუ უკრაინის მხარისთვის როგორ არასახარბიელოდ იცვლებოდა მდგომარეობა ბოლო დღეებში კურსკის ფრონტის ხაზზე.

თუკი 1 მარტისთვის უკრაინის არმიის საექსპედიციო კორპუსი სრულად აკონტროლებდა რუსული ქალაქის სუჯის სამხრეთით ტერიტორიას, უკვე 8 მარტისთვის, რუსული და მისი მხარდამჭერი ჩრდილოეთ კორეული დანაყოფები სოლივით შეიჭრნენ და ფაქტობრივად შუაზე გახლიჩეს უკრაინელების პოზიციები.

თუმცა, თუ ასე გაგრძელდა უარესია მოსალოდნელი, რადგან უკრაინული პოზიციების შუაზე გაყოფის შემდეგ რუსეთის არმია ეცდება უშუალოდ უკვე უკრაინის სუმის ოლქის ტერიტორიაზე გაფართოებას და იმ უკრაინული შენაერთების ზურგში აღმოჩნდება, რომლებიც ბრძოლებს აწარმოებენ რუსეთის კურსკის ოლქში...

2-kur-1741442069.png
1 მარტის მონაცემებით, უკრაინის არმიის მიერ ოკუპირებული რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილი...

ანუ მოხდება ერთგვარი როქირება - უკრაინელები რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში არიან, მათ ზურგში, უკვე უკრაინის სუმის ოლქის ჩრდილოეთ საზღვარზე კი რუსები და ჩრდილოკორეელები იჭრებიან...

ეს ძალზე გაართულებს უკრაინული საექსპედიციო კორპუსის უსაფრთხო მომარაგებას უშუალოდ უკრაინის საზღვრიდან, რადგან სუმიდან კურსკისკენ მიმავალ ცენტრალურ გზამდე 6 კმ რჩება, რისი დაფარვაც რუსულ ნაღმსატყორცნებსა და კამიკაძე-დრონებს თავისუფლად შეუძლიათ...

ამ ბლოგში, ჯერ კიდევ გასულ წელს (2024 წლის 6 ნოემბრის სტატია „ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე უკრაინა რუსეთის კურსკიდან ჯარის გამოყვანას დაიწყებს?!“), მას შემდეგ რაც ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ვწერდით, რომ კიევს ადრე თუ გვიან მოუწევს რუსეთის კურსკის ოლქიდან უკრაინული საექსპედიაციო კორპუსის ნელ-ნელა გამოყვანა, რადგან პუტინი ტრამპისგან უპირველესად სწორედ ამას მოითხოვდა, სანამ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დაიწყებდა მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარესთან.

3-kur-1741442068.png
8 მარტის ოპერატიული მდგომარეობით, რუსულ-კორეულმა ძალებმა შეძლეს სოლივით შეჭრა უკრაინულ პოზიციებზე და ორ ნაწილად ყოფენ მას...

რამდენად დიდია კულუარული ზეწოლა თეთრი სახლიდან პრეზიდენტ ზელენსკიზე, უკრაინის არმიის მხრიდან რუსეთის ნაწილის ოკუპაციის დამთავრებაზე, ღიად არ ცხადდება, მაგრამ ასეთი თხოვნა - მოთხოვნა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან აუცილებლად იქნებოდა და არის.

რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის შვიდთვიანი ოკუპაცია ოფიციალური კიევისთვის პირველ რიგში დიდ პოლიტიკურ პიარს წარმოადგენს - უკრაინის არმიას ოკუპანტი ქვეყნის-რუსეთის ტერიტორიის ნაწილის თავად ოკუპირება და მისი ნახევარ წელზე მეტი ხნით შენარჩუნება შესძლებიაო...

თუმცა, მას შემდეგ, თუკი რუსი სამხედროები ჩრდილოეთ კორეელებთან ერთად მაინც შეძლებენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთზე გაჭრას და სუმიდან კურსკისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზის გადაჭრას, უკრაინული საექსპედიციო კორპუსი უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ორ ნაწილად გაყოფილი და ნაწილობრივ ალყაში აღმოჩნდება...

მოკლედ-უკრაინის არმიას რუსეთის კურსკის ოლქში შემდგომი შეტევითი ოპერაციების რესურსი აღარ აქვს და ადრე თუ გვიან მოუწევს უკრაინის ტერიტორიაზე უკან დაბრუნება,თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ მიმართულებაზე არ შეჩერდება, რადგან უკან დახეული უკრაინელი მებრძოლების კვალდაკვალ რუსულ-კორეული შენაერთები ეცდებიან უშუალოდ უკრაინის სუმის ოლქში რაც შეიძლება ღრმად შეჭრას...