"დღეს განსხვავებული აზრი თუ გაქვს, ესე იგი, მოღალატე ხარ. საქართველოში მოდის კვირეულები აღარ ტარდება და მოდის სფერო თანდათან იძირება" - კვირის პალიტრა

"დღეს განსხვავებული აზრი თუ გაქვს, ესე იგი, მოღალატე ხარ. საქართველოში მოდის კვირეულები აღარ ტარდება და მოდის სფერო თანდათან იძირება"

"ურთულეს დროში ვცხოვრობთ, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა: ყოფილი მეგობრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ბევრი კარგი ურთიერთობა დაინგრა. ვცდილობ, სხვების მიმართ კეთილგანწყობა ამ სიტუაციაშიც არ დავკარგო", - ამბობს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე, რომელიც თავის ცხოვრებასა და პროფესიაზე გვესაუბრება:

- ქალბატონო დალი, დღეს, როცა ადამიანებს შორის ურთიერთობა ასე დაძაბულია, როგორ ახერხებთ ღიმილი და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ?

- სამყაროს ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს, მაგრამ ამ სამყაროში საკუთარი თავის სწორი, ადეკვატური აღქმა ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. არანაკლებ აუცილებელია შინაგანი სიმშვიდე, რომელიც მე წლებმა და გამოცდილებამ მომიტანა. მაგალითად: რასაც შარშან განვიცდიდი, წელს აღარ განვიცდი. ვსწავლობ იმას, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და სხვებს რაც შეიძლება მეტი კარგი უნდა ვუსურვოთ. იმ ნეგატივს, რომელიც ჩემ მიმართ მოდის, მე პოზიტიურად ვხვდები. რა თქმა უნდა,

ძალზე მტკივნეულია, როცა ძალიან ახლობელი ადამიანი გაწყენინებს, მაგრამ ამ დროს ვფიქრობ, რომ ერთმანეთს რაღაცაში ვერ გავუგეთ, სრულყოფილი ხომ არავინაა და ყველას ჩვენ-ჩვენი ნაკლოვანებები გვაქვს.

- შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ახლო ნათესავებიც კი დაუპირისპირა ერთმანეთს. თქვენ როგორ ექცევით განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს?

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ: ისე მოხდა, რომ პოლიტიკური გემოვნების და შეხედულების გამო, ბევრი მეგობარი და ახლობელი ერთმანეთს დაშორდა, რაც ჩემთვის გაუგებარია. რატომ? - მე ჩემი შეხედულება მაქვს, სხვას - თავისი და რატომღაც, ვერ ვისწავლეთ, რომ ერთმანეთის მოსაზრებებს პატივი ვცეთ. მე მგონია, რომ ნამდვილ მეგობრობას პოლიტიკური მოსაზრებები ვერ უნდა ანგრევდეს, მაგრამ ამის გამო, ძალიან ბევრი ურთიერთობა დაინგრა, რასაც მე ძალიან განვიცდი. დღეს, საქართველოში განსხვავებული აზრი თუ გაქვს, ესე იგი, მოღალატე ხარ.

მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი და ახლაც ძალიან ვუფრთხილდები ჩემს მეგობრებს და ნებისმიერი მათგანის დაკარგვას მტკივნეულად განვიცდი.

რატომღაც, ვერ ვისწავლეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გემოვნება საარჩევნო ურნასთან გამოვხატოთ - ამ შემთხვევაში, ხომ, ჩვენი ცხოვრება გაცილებით მშვიდი და კარგი იქნებოდა?!

პოლიტიკის გამო, ბევრს მეგობართან აქვს კონფლიქტი... ამ შემთხვევაში, ჯობია, მას დროებით მაინც გაეცალო - ცოტა დრო გაივლის, სიტუაცია განიმუხტება, ის ადამიანიც დამშვიდდება და შეიძლება, ურთიერთობის აღდგენა მოუნდეს, ამიტომ მეგობარს უკან დასაბრუნებელი გზა არ უნდა მოუჭრა. ნათქვამია, როცა ურემი გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო და ეს ჭეშმარიტება ადამიანურ ურთიერთობებშიც ხშირად მართლდება. თუ ოჯახის წევრთან ან შვილთან გვაქვს უთანხმოება, უმჯობესია გავიხსენოთ, რომ 18-20 წლის ასაკში ჩვენც ემოციები გვმართავდა. თანდათან ეს ემოციები ღვინდება და ადამიანი უფრო მომთმენი, უფრო მოზომილი და წინდახედული ხდება. შვილსაც მისი შესატყვისი გასაღები უნდა მოუძებნო, რომ მოგისმინოს და დაგიჯეროს, თორემ სიფიცხით, სიბრაზით და შეურაცხყოფით, ყველანაირი ურთიერთობა ინგრევა და ყველა საქმე ფუჭდება. სიმშვიდე და მოთმინება, საერთოდ, ყველანაირ ურთიერთობას უხდება.

- როცა აგრესია სრულიად უცხო ადამიანებისგან მოდის, როგორ პასუხობთ?

- მათ მიმართაც იმუნიტეტი გამოვიმუშავე.

ზოგჯერ ადამიანი, რომელიც საერთოდ არ მიცნობს, სოციალურ ქსელში ჩემზე ისეთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერს, რომ გაოცებული ვკითხულობ!

რა თქმა უნდა, საწყენია, როცა უცნობები შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ ვცდილობ, დიდი ყურადღება არ მივაქციო. უბრალოდ, მიკვირს, სად აქვს ამ ხალხს დრო, რომ ჩემზე ცუდი კომენტარები წეროს? ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს, სოციალურ ქსელში ვინმეზე ცუდი რამ დამეწეროს.

- მოდის სამყაროში დიდი კონკურენციაა, იქაც არის მსგავსი დაპირისპირება და ინტრიგები?

- მარტო ჩვენს სფეროში კი არა, ყველგან ასეა. კონკურენცია, ინტრიგა ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება.

ცხადია, შურიანი და ბოღმიანი ხალხი არ მომწონს, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია ჩემთვის მისასალმებელია - ის უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, სულ ვცდილობ, უფრო მეტი საქმე გავაკეთო და - უფრო კარგად. თუ შემიძლია, აუცილებლად გავაკეთებ სხვაზე მეტს, მაგრამ თუ ვხედავ, რომ სხვა ამ საქმეს ჩემზე უკეთესად აკეთებს, მხოლოდ მივესალმები.

არასოდეს არავის ვეჯიბრები, მე ის ვარ, რაც ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და მახარებს. მიყვარს პროგრესი და ვცდილობ, არასდროს გავჩერდე. ყველას თავისი გზა აქვს: მიზნის მისაღწევად, ზოგს ინტრიგა გამოსდის კარგად, ზოგს - შრომა, ზოგს ნიჭი ეხმარება, მაგრამ იღბალი ნებისმიერ საქმეში და ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია.

- თანამედროვე დიზაინერებს და მათ ნიმუშებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მათ შორისაა დემნა გვასალიაც. ამაზე რას გვეტყვით?

- ეს შემოქმედებაა, მაგრამ მთლიანად ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, რა მოგვწონს და რა - არა. მოდაც ხელოვნებაა და ყველანაირ სტილს თავისი შემფასებელი ჰყავს. დემნას შემოქმედებაც, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ სრული უფლება აქვს, რომ იარსებოს. თუ არ მოგწონს, არ შეიძინო და არ ჩაიცვა. ხელოვნებაშიც ხომ ასეა: ვიღაცას პიკასო მოსწონს და ვიღაცას - რუბენსი ან რეპინი. ყველა ადამიანს სილამაზის აღქმის სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს. ზოგს ბეთჰოვენი უყვარს, ზოგს - შოსტაკოვიჩი, ზოგს უყვარს ჯაზი, მაგრამ არ უყვარს რეპი - ასეა მოდის სამყაროშიც.

- ისევე, როგორც დემნას ჩანთები, რომელიც საქართველოში უმეტესობას არ მოეწონა?

- ეს ძველი თემაა: ბევრს არ მოეწონა, მაგრამ ხომ შეძლო და ეს ჩანთები მთელ მსოფლიოს ხელში დააჭერინა? - ესე იგი, ბევრს მოეწონა. ყველას ერთნაირი გემოვნება ვერ და არ ექნება. ბუნების მსგავსად, მოდაც ჭრელია, მაგრამ სულ იცვლება - იყო ეპოქა, როცა ყველას მოკლე კაბა ან ე.წ. შლაქსები ეცვა, ეს ყველაფერი არსად წასულა, მაგრამ იცვლება და თანამედროვე იერს იძენს. რაც მთავარია, 21-ე საუკუნეში მოდა ლიბერალურია - ადამიანს შეუძლია ის ჩაიცვას, რაც უხდება და რაც თვითონ მოსწონს.

- ქალბატონო დალი, ვინ არიან თქვენი რჩეული დიზაინერები მოდის სამყაროში?

- ორიგინალური არ ვიქნები თუ გეტყვით: კოკო შანელი, გუჩი, ვალენტინო - ეს ლუქს-ბრენდები მთელ მსოფლიოს კარნახობენ სტილს და მოდის მიმართულებას, მაგრამ ისინიც სულ განვითარების პროცესში არიან. დიზაინერებს ცვლიან, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ყველა ცდილობს, თავისი სტილი და ინდივიადუალობა შეინარჩუნოს. ამ ბუმბერაზების შემდეგ ჩემი რჩეული დიზაინერი იყო და დღესაც არის ჯონ გალიანო. მსოფლიოს მოდის ინდუსტრიაში ძალიან საინტერესო ახალგაზრდები მოდიან, მათ შორის გამორჩეულია ალესანდრო მიკელე. რაც შეეხება საქართველოს, ჩემს ფავორიტებად ყოველთვის დარჩებიან: დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ავთანდილი...

ინტერვიუს დასასრულს, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ქართულ მოდას შველა სჭირდება, ამ სფეროში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა და მოდის კვირეულები რომ აღარ ტარდება, ეს მათთვის დიდი დანაკლისია. სამწუხაროდ, ეს სფერო, რომელიც ერთ დროს ძალიან აღმავალი იყო, თანდათან იძირება. იყო დრო, როცა ორი მოდის კვირეული გვქონდა და ახლა არც ერთი აღარ გვაქვს - იმედს ვიტოვებ, რომ ეს სიტუაცია მალე გამოსწორდება და შეიცვლება.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)