"ვფიქრობ, ტრამპი პრეზიდენტობას არ დაასრულებს კარგად... გასაოცარია ჩვენი ხელისუფლების მოქმედება - ტრამპზე მეტად ტრამპები არიან, მის ყოველ მოქმედებას და ნათქვამს ტაშით ხვდებიან"
მსოფლიოში ბოლო დროის ყველაზე აქტუალური და განსახილველი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებები და განცხადებებია. რუსეთ-უკრაინის ომისადმი მისმა დამოკიდებულებამ, უკრაინისთვის შეჩერებულმა დახმარებამ ბევრი დააფიქრა უსაფრთხოების იმ ქოლგის საიმედოობაზე, რასაც აშშ წლების განმავლობაში პარტნიორებს სთავაზობდა. დონალდ ტრამპი გაუთავებლად ლაპარაკობს ომის დასრულებისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე, მაგრამ მისი ე.წ. სამშვიდობო პოლიტიკა დღემდე გაუგებარი და მიუღებელია ბევრი უკრაინელისა თუ ევროპელისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროპა საკუთარი უსაფრთხოების გაზრდაზე იწყებს ფიქრს - 6 მარტს ბრიუსელში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა იქ ჩასულ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს და თავდაცვის ხარჯების ზრდაზე შეთანხმდნენ. პარალელურად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპელებს ატომურ თავდაცვაზე საუბარს სთავაზობს, გერმანია კი სამხედრო ხარჯებს ზრდის. "ეს წყალგამყოფი მომენტია ევროპისა და უკრაინისთვის, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის წევრისთვის", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის გახსნისას. "ევროპა ცხადი და არსებული საფრთხის წინაშეა", - დასძინა მან. სამიტამდე ორი დღით ადრე მან ევროკავშირის ლიდერებს წარუდგინა ევროპის გადაიარაღების გეგმა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საკუთარი თავდაცვისთვის ჯამში 800 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ეს მოიცავს 150 მილიარდ ევრომდე ღირებულების მექანიზმსაც, რომლიდანაც ბრიუსელი წევრ სახელმწიფოებს სესხს მიაწვდის გადაიარაღების დასაფინანსებლად. 6 მარტის შეკრებაზე ევროპელმა ლიდერებმა ამ გეგმას მხარი დაუჭირეს.
როგორ შეიძლება შეფასდეს შექმნილი ვითარება, რას ცდილობს დონალდ ტრამპი და რამდენად საიმედო შეიძლება იყოს რუსეთ-უკრაინის ომზე შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემის გარეშე, ამის თაობაზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება:
- ტრამპის მოქმედებები, სამწუხაროდ, ანგრევს იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც დღემდე აშშ-ის სიძლიერესა და პირველობაზე იდგა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, მას არა აქვს გრძელვადიანი სტრატეგია და მხოლოდ ტაქტიკურად მოქმედებს, დაახლოებით ასე - რაც მოეპრიანება, იმას აკეთებს. მერე აღმოაჩენს, რომ ეს არ ამართლებს, და ცვლის და ა.შ., თანაც ამერიკის პრეზიდენტის სიტყვამ დაკარგა ძალა, ერთ დღეს ამბობს, რომ ზელენსკი დიქტატორია, მეორე დღეს უკვირს, მე ვთქვი ეგ? არ ვიტყოდიო... რუსეთს ჯერ ლამის მშვიდობის მტრედად აცხადებს, მეორე დღეს კი სანქციებით ემუქრება. ისე, მე არ მჯერა, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. მეტიც, იმ ოქროს ბარათების 5 მილიონ დოლარად გაყიდვის ინიციატივით, ფაქტობრივად, რუს ოლიგარქებს მიეცემათ საშუალება თავისუფლად იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში და ყოველგვარ სანქციებს აუარონ გვერდი. ამასთანავე, რუსეთზე დამუქრებით ცდილობს ერთგვარი ხარკი გადაუხადოს იმ კონგრესმენებსა და სენატორებს, ვინც მის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ხომ ნახეთ, უკვე რესპუბლიკელი კონგრესმენები აუჯანყდნენ და გამოვიდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მოთხოვნით. მოკლედ, იმ ძირითად დოქტრინებს - ადამიანის უფლებებს, მის თავისუფლებას და ა.შ., რაზეც დგას აშშ-ის დემოკრატია, ტრამპი ფარატინა ქაღალდად აქცევს. ამიტომაც მგონია, რომ ტრამპის პრეზიდენტობა არ დასრულდება კეთილად. არ გამოვრიცხავ, მისი იმპიჩმენტიც ვიხილოთ. თუ ასე გააგრძელა, მასა და ამერიკელების მნიშვნელოვან ნაწილს შორის დიდი ბზარი გაჩნდება, რაც რღვევად შეიძლება გადაიქცეს. ჩემი აზრით, ტრამპის გაპრეზიდენტება ნეგატიური, მეტიც, ანტიამერიკული მოვლენა იყო, რაც ცხადყოფს თვითონ ამერიკელ საზოგადოებაში არსებულ ძალიან დიდ პრობლემებს.
- ტრამპის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების, განსაკუთრებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შემდეგ, აშკარაა, რომ ევროპაში უფრო მეტად დაფიქრდნენ საკუთარ უსაფრთხოებაზე. გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგებს მიმართა და იმ საფრთხეებზე, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ევროპული ქვეყნები, ძალიან მკაფიოდ ილაპარაკა... "გადავწყვიტე, გავხსნა სტრატეგიული დებატი ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების ჩვენი ბირთვული ქოლგით დაცვის შესახებ", - განაცხადა მაკრონმა. თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე ლაპარაკობენ დიდი ბრიტანეთი და გერმანიაც, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა კი ევროკავშირის ლიდერებს წარუდგინა ევროპის გადაიარაღების გეგმა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ თავდაცვისთვის ჯამში 800 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძა ევროპამ?
- დავიწყოთ იმით, რომ რომის პაპის ტახტი ცარიელი არასდროს რჩება. საფრანგეთსაც აქვს თავისი ამბიციები და მაკრონმა რაკი დაინახა, რომ ტრამპის ხელში აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიცია ირყევა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საფრანგეთს ერთგვარად ნაპოლეონისებური მნიშვნელობა დაუბრუნოს. ნებისმიერ მოვლენას, როგორც იანუსს, ორი სახე აქვს - კარგი და ცუდი. ტრამპის პოლიტიკის ნათელი მხარე სწორედ ის არის, რომ ევროპა გამოაღვიძა. დღეს მიდის ევროპის შეკავშირება. ნახავდით, ალბათ, რომ მაკრონის ოპონენტმა მარინ ლე პენმაც კი დაგმო ტრამპის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება და ევროპის გადაიარაღებას დაუჭირა მხარი. მხოლოდ ორბანი რჩება ჯერჯერობით განზე, დანარჩენი ევროპა კი ერთიანდება - მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ულტრამემარჯვენეები თუ ულტრამემარცხენეები იმ აზრს იზიარებენ, რომ ევროპამ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად თავის დაცვა, თუ ამის საჭიროება ოდესმე დადგება დღის წესრიგში.
პირადად მე გადაჭარბებული მგონია მოლოდინი, რომ პუტინი ოდესმე გაბედავს ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ამისთვის ევროპის მზადება, ჩემი აზრით, სწორია. ხშირად ამბობენ, კომფორტში ისე ჩაიძირა ევროპა, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაავიწყდაო. ამას არ დავეთანხმები, კომფორტის შემადგენელი ნაწილია უსაფრთხოება - ჯერ ამაზე უნდა იზრუნო, თუ კომფორტის შენარჩუნება გინდა. ჩემი აზრით, ყველაფერ სხვას უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაჯაბნის. დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება არ შეუფერხდება. არ გამოვრიცხავ, ტრამპი როგორც კი მიიღებს მინერალებზე შეთანხმებას, მიწოდებას განაგრძობს. ეგეც რომ არ იყოს, ევროპამ უკვე დაიწყო მობილიზება ამერიკული დახმარების ჩასანაცვლებლად. შესაძლოა ერთხანს იყოს ლოჯისტიკური რყევები, მაგრამ არა მგონია, ამან ფრონტზე რამე მნიშვნელოვნად შეცვალოს.…
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მოახერხებს ტრამპი ომის საკითხში თუნდაც რაიმე შეთანხმების მიღწევას. რუსეთს თავისი პირობები აქვს, რაც სრულიად მიუღებელია უკრაინისა და ევროპისთვის. მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ გამოვა. უკრაინამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ დათანხმდეს ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპმა მშვიდობის დამმყარებლად იგრძნოს თავი.
რუსეთის პოზიცია იყო და არის ყოვლად უგუნური. საბოლოოდ პუტინი იმას მიაღწევს, რომ ევროპამ შეიძლება ბირთვული იარაღი გადასცეს უკრაინას. უამრავი ადამიანი დაკარგა რუსეთმა ამ ომში, მაგრამ ეს კრემლისთვის არაფერს ნიშნავს, ადამიანის სიცოცხლე რუსეთისთვის არასდროს არაფერს ნიშნავდა, მათთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო არა ადამიანი და სახელმწიფო, არამედ რაღაც ხისტი და ეკლექტიკური წარმონაქმნი, რასაც ისინი "დერჟავას" ეძახიან.
- მინდა მაკრონის გამოსვლის ერთ მომენტზე გავამახვილოთ ყურადღება. "პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების დასახოცად, მანიპულირებს არჩევნებში რუმინეთში, მოლდოვაში. ის აწყობს ციფრულ თავდასხმებს ჩვენი საავადმყოფოების წინააღმდეგ, რათა დაბლოკოს მათი ფუნქციონირება. რუსეთი ცდილობს ჩვენი მოსაზრებებით მანიპულირებას სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიცრუით და ამოწმებს ჩვენს ლიმიტებს. ის ამას აკეთებს ჰაერში, ზღვაში, კოსმოსში და ჩვენი ეკრანების მიღმა. ამ აგრესიულობამ, როგორც ჩანს, არ იცის საზღვრები, და რუსეთი, ამავდროულად, აგრძელებს ხელახლა შეიარაღებას, ხარჯავს რა ამ მიზნით თავისი ბიუჯეტის 40%-ზე მეტს. 2030 წლისთვის ის გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს თავისი არმია, ჰყავდეს დამატებით 300 000 ჯარისკაცი, 3000 ტანკით, 300 მოიერიშე თვითმფრინავით მეტი. მაშ, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? ახლა, როცა გესაუბრებით და მომავალი წლებისთვის, რუსეთი საფრთხეა საფრანგეთისა და ევროპისთვის", - განაცხადა მან. თუ უახლეს ისტორიას გადავხედავთ, რუსეთი კონფლიქტიდან კონფლიქტამდე სულის მოთქმას, მეტად შეიარაღებას და ახალი აგრესიისთვის მზადებას ახერხებდა. 2008 წლის საქართველოზე თავდასხმიდან რამდენიმე წელში იყო ყირიმის ანექსია და კონფლიქტი უკრაინასთან, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ, 2022 წელს, უკვე ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა...
- თქვენ 2008 წლით დაიწყეთ, მაგრამ მე ცოტა შორიდან, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და აფხაზეთში გაჩაღებული ომით დავიწყებდი. დიახ, რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცდილობდა და ცდილობს იმპერიის ახლებურად შექმნას. ეს ყველაფერი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია. მაკრონი მართალია, რომ ამბობს, რუსეთი არ გაჩერდებაო. კრემლს ამ ეტაპზე უკრაინასთან ომის შეჩერება, სავარაუდოდ, უფრო დიდი უბედურებისთვის მოსამზადებლად სურს. აი, ამიტომაც სჭირდება უკრაინას უსაფრთხოების ძალიან მყარი გარანტიები. არ შეიძლება რუსეთს ვინმე სიტყვაზე ენდოს. ამაზე მუხთალი სახელმწიფო ძნელად წარმოსადგენია და აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობამ, როგორი მმართველობაა რუსეთში, ვთქვათ, მტკიცედ ტოტალიტარული თუ მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, როგორიც ელცინის მმართველობისას იყო. რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები არ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე.
არსებობს ვარლამ შალამოვის მოგონებები - როდესაც ის გულაგში იყო, მასთან ერთად იჯდა ერთი თეთრგვარდიელი, რომელიც თურმე აღფრთოვანებული იყო სტალინით. როდესაც მისთვის უკითხავთ, რატომ მოგწონს, დღეს თუ ხვალ მისი ბრძანებით დაგხვრეტენო? - ამ უკანასკნელს უპასუხია, ეგ არაფერი, მთავარია, ის იმპერიას ავითარებსო.
აი, ეს არის რუსეთის მთავარი ამბიცია.
ამიტომაც მისგან საფრთხეები სრულიად რეალურია. ეს საფრთხეები გაქრება იმ შემთხვევაში, თუ ეს იმპერია დაიშლება და რუსეთი დარჩება სადღაც ურალამდე. ამ შემთხვევაში შესაძლოა ევროპულ სახელმწიფოდაც კი იქცეს. ასეთ ვითარებაში ის ყველა სასარგებლო წიაღისეულისგან იქნება დაცლილი, ყველა მისთვის მნიშვნელოვანი საბადოები ძირითადად აღმოსავლეთშია. სხვათა შორის, ბჟეზინსკის სტრატეგიაში ეს შედიოდა.
- 100 დღეზე მეტია საქართველოში სახალხო პროტესტი გრძელდება, თუმცა ხელისუფლება დათმობას აშკარად არ ფიქრობს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნასაც გამორიცხავს, თუმცა ექსპერტთა ნაწილი შენიშნავს, რომ დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა ვადამდელი არჩევნების სავარაუდო დანიშვნისა და ყველაფრის ტოტალური კონტროლისთვის მზადებაზე მიანიშნებდეს...
- ჩემი აზრით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ამაოა და "ქართული ოცნების" ძალაუფლება შეიძლება ერთ დღეს ბანქოს სახლივით ჩამოიშალოს. რატომღაც ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ დაუჭერს მხარს, მაგრამ თითქმის 100%-ით დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება. ვერ მოიცალა ჯერ ტრამპმა საქართველოსთვის. როგორც ამბობენ, ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გასაბმელად, მაგრამ ესეც ამაოდ გადაყრილი ფული იქნება. მაინც დანიშნავენ არჩევნებს და მოუწევთ იმ წესებით ჩატარება, რასაც სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია უკარნახებს. ტრამპი კი არის იმპულსური ადამიანი და ხშირად მოქმედებს ერთი შეხედვით დაუფიქრებლად, მაგრამ მეეჭვება, აიტანოს აქ ხელისუფლება, რომელმაც ბოლო ხანს აშშ-სთან ურთიერთობა უკიდურესად გაართულა, მეტიც, საფრთხე შეუქმნა ჩვენს პარტნიორობას.
ისე, გასაოცარია ჩვენი ხელისუფლების მოქმედება, ტრამპზე მეტად ტრამპები არიან, მის ყოველ მოქმედებას და ნათქვამს ტაშით ხვდებიან, საკუთარ წარმატებად მიიჩნევენ უკრაინის წარუმატებლობას, აბსოლუტურად არეული აქვთ ორიენტირები. ან სხვა რა უნდა უთხრან საკუთარ ამომრჩეველს, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაშია ეს ხელისუფლება. აგერ გასულ კვირას "საერთაშორისო მნიშვნელობის უდიდესი ვიზიტით" ბრძანდებოდა პრემიერი ირაკლი კობახიძე უზბეკეთში, შემდგომ კი თურქმენეთში გაემგზავრა... ერთხელ ვთქვი ვითომ პრეზიდენტ ყაველაშვილზე, ტაჯიკეთის იქით ვერსად წავა-მეთქი და, კობახიძეც მაგ დღეშია, მალე ამათ სომხეთშიც აღარ ჩაესვლებათ. ივანიშვილმა მოახერხა და საკუთარი ხელისუფლება ჩიხში მოაქცია, თავი გენიოსი კი ჰგონია, მაგრამ ცუგცვანგის პოზიციაში აღმოჩნდა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამათ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც არ უნდა გააკეთონ, ხალხის პროტესტს ვერაფერს მოუხერხებენ. მათი ყველანაირი ცდა ფუჭია. თითქმის დარწმუნებული ვარ, წელს თუ არა, გაისად მაინც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.