თეთრი სახლის ოვალურ ოფისში სკანდალის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის გაწეული ყველა სახის სამხე­დრო დახმარება და სადაზვერვო ინფო­რ­მაციის გაზიარება შეაჩერა... ტრამპის ნაბიჯებმა ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე სერიოზულად დააფიქრა და მან აშშ-ისგან დამოუკიდებელი ძალის ცენტრად ჩამოყალიბებისთვის სამზადისი დაიწყო... მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აფასებს. - 11 მარტს საუდის არაბეთში დაგეგმილია­ აშშ-უკრაინის დელეგაციის შეხვედრა. ჯერ არავინ იცის, რაზე შეთანხმდებიან, თუმცა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "უკრაინას სურს სამშვიდობო­ შეთანხმება,­ მაგრამ მას მოუწევს კომპრომისზე­ წასვლა, რადგან არჩევანი არა აქვს". ამასთან,­ ზელენსკი გარანტიების მიღების გარეშე არ აპირებს დიდი სახელმწიფოების პირობების მიღებას... - მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ არის პატარა სახელმწიფო, მაინც მოუწევს­ თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელიც ხშირად დიდი ქვეყნების ინტერესების­ დემონსტრირებითაა განპირობებული. შესაბამისად, ეს არჩევანი, ალბათ, დაქვემდებარებული თუ არა, დამორჩილებული იქნება აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების ურთიერთქმედებას. თუ შეგვიძლია აქ ევროკავშირი წარმოვიდგინოთ როგო­რც ერთი გეოპოლიტიკური ერთობა, ეს მნიშვნელოვანწილად იმოქმედებს უკრაინის არჩევანის რეალიზებაზე. მყარი გარანტიების მიღება მხოლოდ უკრაინელების ახირება არ არის, ეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის ან ახალი ომის წამოწყების პრევენციაა. პირველ მსოფლიო ომს ხშირად დაუსრულებელ ომს უწოდებენ, მეორე­ მსოფლიო ომს კი პირველის გაგრძელებას­. სწორედ იმიტომ, რომ ომი უკრაინაში ბუნდოვანი პირობებით არ დასრულდეს, ამის თავიდან არიდება არის მყარი გარანტიების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელშიც გაწერილი იქნება არა მხოლოდ უკრაინის, იმ მთავარი ფიგურანტების თამაშის წესები, რომლებიც ამ კონფლიქტში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ. - ტრამპმა­ უკრაინას ჯერ სამხედრო დახმარება, ახლა კი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება­ შეუჩერა. რას ცდილობს ტრამპი? - თუ სადმე შეიძლება ტრამპის პოლიტიკის უცნაურობამ ყველაზე მტკივნეულად გამოავლინოს თავი, ეს არის სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომი. საგარეო გლობალური ურთიერთობების სისტემაში დიდ ქვეყნებს აქვთ გადამწყვეტი როლი და პატარებს ისღა რჩებათ, ან მიესადაგონ, ან რამენაირად მიიღონ დიდების არჩევანი. ტრამპის კონკრეტული კომერციული მდგენელით ნაკარნახებმა ურთიერთობებმა გადაფარა ფასეულობებით ნაკარნახები ურთიერთობები. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ეს მხოლოდ ტრამპის ფენომენია, ინტერესსა და ფასეულობას შორის ჭიდილი ყოველთვის იყო, მაგრამ ტრამპი ამ დილემას,­ ალბათ, უფრო მეტად გააშიშვლებს და შედეგად, ვშიშობ, წონასწორობა ინტერესსა და ფასეულობას შორის აშკარად ინტერესების სასარგებლოდ გადაიხრება. უკრაინაში ომის დასრულება კეთილშობილური მიზანია, მაგრამ ამას ტრამპის იდეფიქსად ნუ წარმოვაჩენთ. მისი იდეფიქსი აშშ-ის განსხვავებულად პოზიციონირებაა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ... ფაქტია, დღეს ყველა პარტნიორი­ თუ მოკავშირე დიდი დილემის წინაშე დგას - როგორ ააწყონ ურთიერთობა ტრამპის აშშ-სთან. - მართლაც დიდი დილემისა და საფრთხის წინაშე დადგა ევროპა, ცდილობს შეავსოს ვაკუუმი, რომელიც ამერიკის თამაშიდან გასვლას მოჰყვება, პარტნიორისგან დამოუკი­დებ­ლად იზრუნოს როგორც უკრაინის, ისე საკუთარ უსაფრთხოებაზე. რა ძალა აქვს ევროპას? - ამ პროცესში თუ რამე შეიძლება­ ჩაითვალოს პოზიტიურ მოვლენად, ის არის, რომ ტრამპის არასტანდარტულმა მიდგომამ ევროპას შეახსენა, რომ ეს კონტინენტი­ არა მარტო ბინადრობის ნიშნით გამოირჩევა, არამედ იმით, რომ მის უსაფრთხოებასა­ და კეთილდღეობაზე თავად უნდა აიღოს­ პასუხისმგებლობა. აქამდე მიძინებულ ევროპას, რომელმაც ჩათვალა, რომ მშვიდობა იყო ნაბოძები და არაფერი შეიცვლებოდა, ახლა მიეცა უნიკალური შანსი, ხელახლა აღმოაჩინოს საკუთარი თავი და ჩამოყალიბდეს როგორც თვითკმარი გეოპოლიტიკური ცენტრი.­ უამისოდ ძალიან გაუჭირდება პრეტენზია­ იქონიოს იმ იმიჯზე, რომელიც ხშირად ნარცისიზმითაც გამოირჩეოდა. ევროპა თუ შეიძლება რამით უმადლოდეს აშშ-ს, ეს არის შეხსენება, რომ საკუთარ თავს მიხედოს, მით უმეტეს, საჭირო კოორდინაციის შემთხვევაში, მას ყველა წინა პირობა და რესურსი აქვს, თვითკმარ მოთამაშედ დაიმკვიდროს თავი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას ჰქონდა ერთგვარი ფუფუნება და პრივილეგია, გაცილებით მეტი რესურსი­ მიემართა ეკონომიკურ-სოციალურ სისტემაზე, რაც უსაფრთხოების ხარჯების შემცირების ხარჯზე ხდებოდა. ახლა ის ვაკუუმი, რომელსაც ევროპას მისი მთავარი მოკავშირე უვსებდა, საკუთრივ ევროპელების შესავსებია. - რამდენად ერთიანი იქნებიან ამ საკითხში ევროპული სახელმწიფოები? - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სრულფასოვნად არ ავლენს ამ ნებას. თუ ყველა წევრის (ან ძირითადი ქვეყნების) პოლიტიკური­ ნება სრულად იქნება რეალიზებული და ზოგიერთი ქვეყანა ე.წ. ტროას ცხენის ფუნქციას არ შეასრულებს­, ევროკავშირი არა მარ­ტო აშშ-ს გაუწევს ღირსეულ პარტნიორობას, არამედ ჩვენთვის იქნება დამატებითი პერსპექტივა... - მაკრონი გახდება "ახალი ევროპის" ლიდერი? მას აქვს ამბიცია,­ რომ "ევროპის მომავალი არ უნდა წყდებოდეს არც ვაშინგტონში და არც მოსკოვში". - გამეღიმა მაკრონის ამ ნათქვამზე, "არაფერი ევროპის შესახებ ევროპელების გარეშე", რაც დაახლოებით ამ ფრაზის გაგრძელებაა "არაფერი უკრაინის თაობაზე უკრაინის გარეშე". მისი ეს ლოზუნგი ირონიულია, ვინაიდან ეს მოწოდება განპირობებულია სწორედ იმ გარემოებათა არცთუ სასიკეთო თანხვედრით, რომელიც დღეს ევროპაში შეიქმნა... რაც შეეხება ლიდერს, ევროკავშირის მასშტაბით საკითხს მხოლოდ ერთი პირის გამწევ ძალამდე ნუ დავიყვანთ. მაკრონთან­ ერთად ასევე ვხედავთ დიდი ბრიტანეთის პრემიერის აქტივობას­. ალბათ,­ სხვა ხელწერისა და ყაიდის გერმანიის კანცლერს ვიხილავთ მერცის სახით. მათ, ასე ვთქვათ, მეხამრიდის ფუნქცია უნდა შეასრულონ. იმედია, მომავალში სხვა ლიდერებიც გაგვაკვირვებენ, მაგალითად, იტალიის პრემიერი მელონი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მისგან ევროპულ ელექტორატს სხვა მოლოდინი ჰქონდა, აბსოლუტურად სხვა მიდგომას ამჟღავნებს, რაც სწორედ გუნდურობაზე, ევროპის მოწინავე მოთამაშედ დამკვიდრებაზეა ორიენტირებული. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ე.წ. ახალი ევროპის ანუ აღმოსავლეთ ევროპის როლი, რომელიც­ განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოიკვეთა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან აღმოსავლეთ ევროპას მძიმე გეოპოლიტიკური წარსული ალაპარაკებს. ამდენად, ძველ და ახალ ევროპას შორის ურთიერთქმედება დამატებითი­ სტიმული იქნება განახლებული ევროკავშირისთვის. - ევროპა გადაიარაღებას და თავდაცვის გაძლიერებას აპირებს, რისთვისაც 800 მილიარდი ევრო გამოიყოფა. ახალი ევროპული სამხედრო ალიანსი გახდება ნატოს საპირწონე? - საუბარია 4 წლის განმავლობაში 800 მილიარდი ევროს მიმართვაზე ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის,­ რაც ევროპის, მათ შორის სამხედრო თვითკმარობისკენ მიმართული ძალისხმევაა. ეს მისასალმებელია, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვფიქრობ, ნატოსთან კონკურენციაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან ევროკავშირის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის მზიდი კედელია. ევროკავშირის გაძლიერება ევროატლანტიკური ალიანსის გაძლიერების თანამდევი­ იქნება. მე სხვა ტენდენციაზე გავამახვილებ ყურადღებას,– შესაძლებელია ზოგიერთი ქვეყნის გეოგრაფიული ნიშნით კონფიგურაცია ვიხილოთ. მსოფლიო პრაქტიკაში ეს არის ე.წ. მინი-ალიანსები და შესაძლებელია ევროატლანტიკურ სივრცეში მათი აღმოცენების მოწმენი გავხდეთ. ახალი ევროპა ვახსენე და, არ არის გამორიცხული, ამ ქვეყნებმა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში მეტი საერთო ნახონ ერთმანეთში და შესაძლოა ამან მათ შორის საალიანსო სისტემა შექმნას. მინი-ალიანსები დღეს გავრცელებული მიდგომაა იმიტომ, რომ გეოგრაფიული სიახლოვე განაპირობებს რისკის \ მოგერიებაში ერთობას. - თუ უკრაინის ბედი მხოლოდ აშშ-მ და რუსეთმა­ გადაწყვიტეს, შედეგი აისახება თუ არა საქართველოს მომავალზე? - თუ შეთანხმებისას ტერიტორიები და საზღვრები ვაჭრობის საგანი გახდა, რა თქმა უნდა, არა მარტო ქართული ინტერესი დაზარალდება, არამედ საერთაშორისო სისტემის დაკნინებული შემაკავებელი ზღუდეებიც თავდაყირა დადგება. ეს არა მარტო ჩვენი, მთელი საერთაშორისო წესრიგის, უწესრიგო წესრიგის საწინააღმდეგოა. ისტორიკოსები ხშირად საუბრობენ კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა პერიოდზე, როდესაც უხეში ძალა, ვაჭრობა,­ მიუღებელი გარიგებები მსოფლიოს ერთი საომარი მდგომარეობიდან მეორეში აგდე­ბდა. აი, ასეთი მიდგომაა სწორედ განგაშის­ სიგნალი, რომელსაც დღეს უკრაინის ომთან მიმდინარე პროცესებს ვუკავშირებთ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სისტემას ჰქონდა უამრავი ხარვეზი, ძირითადი პრინციპები მაინც ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ხელშეუხებლობას უკავშირდება. ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ფუძემდებლური აქტი იყო 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებები. ამ შემთხვევაში ამ სისტემის გადაწერა ასეთი მერკანტილიზმით, ურთიერთობებში ჭარბი კომერციალიზაციით, რა თქმა უნდა, საბედისწერო ნაბიჯი იქნება. თუ პრევენციაზე ვისაუბრებთ, მისი ერთ-ერთი წინა პირობაა, რომ დიდმა მოთამაშეებმა გაიაზრონ, ეს არის უკიდურესად სახიფათო ტენდენცია. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა იმ ქვეყნების კონსოლიდაცია, რომლებიც შეიძლება ნებსით თუ უნებლიეთ ასეთი წესების გადაწერის მსხვერპლად იქცნენ. ამ შემთხვევაში არა მარტო უკრაინის, უპირველესად ჩვენი ბედი მაღელვებს. რეალისტები თუ ვიქნებით, უკრაინის მაგალითზე შესაძლოა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საზღვრებთან დაკავშირებით მორიგი უსიამოვნო პრეცედენტის მოწმენი გავხდეთ. იმედია, ეს შეთანხმება ისეთი არ იქნება, რომ ჩიხში შეიყვანოს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა და მასთან ერთად ჩვენი ინტერესები. იმედია, ჯერ ის მატარებელი არ გასულა სადგურიდან, რომელსაც შეიძლება შევახტეთ და ჩვენი ინტერესი გამოვკვეთოთ უკვე შემდეგი ფრაზით: "არაფერი საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე". რა თქმა უნდა, ეს ძალზე ამბიციური მოწოდებაა, მაგრამ ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ ამ მიმართულებით გადადგმულ არც ერთ ნაბიჯს. ეს ყველაფერთან ერთად უკავშირდება არა მარტო ქვეყნის საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ნორმალიზებას.