შეძლებს თუ არა ევროპა ახალი ძალთა ბალანსის შექმნას?! - კვირის პალიტრა

შეძლებს თუ არა ევროპა ახალი ძალთა ბალანსის შექმნას?!

ევროპა განიხილავს თავდაცვის სფეროს "მასშტაბურ ზრდას" - 6 მარტს ბრიუსელში გაიმართა ევროპის საბჭოს სამიტი, სადაც ლიდერებმა განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და ევროპის თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოება. გადაწყდა, რომ ევროკავშირი გამოყოფს დამატებით ფინანსურ რესურსს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის. 7 მარტს კი ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეთანხმდნენ აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ძალების გაზრდასა და უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. გერმანიის კანცლერმა­ განაცხადა, რომ გერმანია გაზრდის სამხედრო ბიუჯეტს, რათა გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და შეიტანოს წვლილი ნატოს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი წარადგინა ქვეყნის ახალი თავდაცვის სტრატეგია, რომელიც მოიცავს სამხედრო ძალების მოდერნიზაციას და ევროპული თავდაცვის ინიციატივების გაძლიერებას. რაც მთავარია, ის ევროკავშირის ქვეყნებს საკუთარი ატომური ქოლგით უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჰპირდა. დღევანდელი მონაცემებით, ატომური იარაღი ევროპაში მხოლოდ საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს აქვთ. ნატოს წევრ ქვეყნებში (გერმანია, ბელგია, იტალია, ნიდერლანდი, თურქეთი) კი განთავსებულია ამერიკული ბირთვული იარაღი. ბირთვული იარაღის ფლობა-გამოყენებას საერთაშორისო კონვენციები არეგულირებს, რაც დღეს ტრამპის პოლიტიკის გამო კითხვის ნიშNნის ქვეშ დადგა - სწორედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და იაპონია, უკვე საუბრობენ ამ კონვენციების გადახედვაზე. მიუთითებს თუ არა ეს ევროპის მზადყოფნაზე, უზრუნველყოს რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძესა და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ.

„პროცესი, რაც ახლა ევროპაში დაიწყო, მარტივად არ გაჩერდება“

ბიძინა ლებანიძე: - ხვდებიან, რომ საფრთხე ემუქრებათ, ამერიკის ადმინისტრაციის ნდობა აღარ შეიძლება და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ევროპამ თავად უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაც უკრაინაა. უკვე დარწმუნდნენ, თუ პუტინმა გადაყლაპა უკრაინა, შემდეგი ომი აუცილებლად ევროპის რომელიმე ქვეყანასთან ექნება. პუტინი აუცილებლად დატესტავს ნატოსა და მისი ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყნების უსაფრთხოებას. ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ბალტიისპირეთიდან რომელიმე. რაც შეეხება იმას, თუ ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად რას აკეთებენ, ევროკავშირმა კვირის ბოლოს გამართულ სამიტზეც და მანამდე ევროკომისიამაც წამოაყენეს წინადადება, რომ ქვეყნები გაათავისუფლონ ევროკავშირის ფისკალური დისციპლინისგან და თავდაცვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, იმიტომ, რომ ქვეყნები ვერ იღებდნენ, მაგალითად, ვალს, რადგან შემდეგ ევროკავშირის ჯარიმა დაეკისრებოდათ. ასე რომ, თავდაცვის სფეროში ეს მუხლი გადაიხედება. მეორე, რაც გაცხადდა, ის არის, რომ ჯერ 150 მილიარდი ვალად უნდა აიღონ, პლუს კიდევ 600 მილიარდზეა საუბარი, რათა კაპიტალის ბაზარზე მოახდინონ მისი მობილიზება. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ევროკავშირი თავად გადაიქცეს სამხედრო აქტორად. სხვა საკითხია, ევროკავშირის ქვეყნები ინდივიდუალურად რას აკეთებენ. მაგალითად, გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადახედოს გერმანიის ცნობილი ვალის მუხრუჭს, რაც ნიშნავს, რომ თუ აქამდე წელიწადში მშპ-ის 0.35%-ზე მეტ ვალს ვერ იღებდა, ეს ბარიერი მოიხსნება და სამხედრო სფეროში რამდენიც უნდათ, იმდენი ინვესტიცია განხორციელდება. საუბარია, დაახლოებით 1 ტრილიონამდე ევროზე შემდეგი წლების განმავლობაში. იმავეს აკეთებენ სხვა ქვეყნებიც. მაგალითად, ნორვეგია საპენსიო ფონდს გამოიყენებს თავდაცვის ბიუჯეტისთვის. იგივე ბრიტანეთმაც განაცხადა და ა.შ. მაკრონი დიდი ხანია საუბრობს ევროპის სამხედრო ავტონომიაზე და ევროპას შესთავაზა, ფრანგული ბირთვული ქოლგით ჩავანაცვლოთ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებიო.

- ეს საკმარისია თუ არა და ამ ყველაფრის შესრულებაში პრობლემა სად არის?

- პრობლემა ბევრია. მაგალითად, სამხედრო შეკვეთების უმრავლესობა ამერი­კულ იარაღზეა. დღეს ბევრი სვამს კითხვას, რამდენად უსაფრთხოა ეს შეკვეთები.

თუ ამერიკელებმა უკრაინას გაუთიშეს სატელიტური წვდომა "ჰაიმარსებზე", იგივე შეიძლება გაუკეთონ ევროპელებსაც. ამიტომ აღარ ენდობიან ევროპელები არც ამერიკულ იარაღს და არც უსაფრთხოების გარანტიას და უნდათ ამ ყველაფრის ჩანაცვლება. ცხადია, ამას წლები­ დასჭირდება, რადგან ევროპაში წარმოებული იარაღის უმრავლესობაშიც­ არის ამერიკული ნაწილები, რაც შესაძლებელია ამერიკის ადმინისტრაციამ უკან გაიწვიოს ან შეწყვიტოს.

- დღეს უკრაინის სუვერენიტეტი მაინც ამერიკაზეა დამოკიდებული. ამ კვირაში­ მინერალებზე შეთანხმების გაფორმებას ელო­დებიან­, ამით უნდა გადაწყდეს, როგორ განვითარდება პროცესები. რა შანსია, რომ ეს შეთანხმება ისევ ვერ გაფორმდეს, და, თუკი ვერ მოხერხდება, მაშინ რა უნდა ქნას ევროპამ?

- თუ დაიდება ხელშეკრულება მინერალებზე, ეს უსაფრთხოების გარანტიას მაინც არ იძლევა, რადგან ამერიკას ჰქონდა მსგავსი ხელშეკრულება ავღანეთთან, მაგრამ ამან არ უშველა. ეს ხელშეკრულება უკრაინას უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, ვაშინგტონთან ცალკე უნდა შეთანხმდნენ ომის დასრულების სხვა ასპექტებზეც, რადგან უკრაინელები ვერ იღებენ იმას, რაც უნდათ ტრამპის ადმინისტრაციისგან.

ევროპა ცდილობს დაარწმუნოს უკრაინული მხარე, რომ არ დატოვებს მარტოს რუსეთის პირისპირ იმ შემთხვევაშიც, თუ გავა ამერიკა. მეორე მხრივ, ისინი მხარს უჭერენ მინერალებზე შეთანხმებას და საზოგადოდ, ამერიკის ჩართულობას, იმიტომ, რომ ხვდებიან, გაუჭირდებათ ასე სწრაფად ამერიკის ჩანაცვლება­. ამიტომ, ევროპის ინტერესებშიც არის, თუ ისე დასრულდება ომი, რომ რუსეთი უკრაინას ვერ გადაყლაპავს, მაგრამ ამასთანავე დათმობები მოუწევს, ევროპელები ამაზე თანახმა არიან და უბიძგებენ ზელენსკის, რომ მან ამერიკელებთან მოლაპარაკება მოახერხოს. თუმცა მათი წითელი ხაზი ის არის, რომ უკრაინაში მთავრობა შეიცვალოს, და მოვიდეს ისეთი პრორუსული მთავრობა, როგორიც ბელორუსშია და მთელი ქვეყანა, თავისი სამხედრო, სამრეწველო ინდუსტრიით რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. ცხადია, ეს რუსეთს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ავტომატურად გამოიწვევს ევროპასთან ახალ ომს.

- დავუშვათ ტრამპმა გააგრძელა უკრაინისთვის იარაღის მიცემა და უსაფრთხოების გარანტიებიც გასცა, ევროპა უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისევ იქნება ორიენტირებული?

- ეს პროცესი შესაძლოა რაღაც მომენტში შენელდეს, მაგრამ არ გაჩერდება. ევროპელები შეეცდებიან, თვითონ გახდნენ დამოუკიდებელი აქტორები და ჩაანაცვლონ ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები. მთავარია ნდობის ფაქტორი, ამერიკას კი ნდობა დაკარგული აქვს. გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკურ თუ ექსპერტთა წრეებში მიმდინარე დებატებს რომ შეხედოთ, ახლა ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, მიდის საუბრები გააუქმონ თუ არა სამხედრო შეკვეთები, რომლებიც მიცემული აქვთ ამერიკული კომპანიებისთვის, რადგან არ ენდობიან ამერიკის ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე, კერძო კომპანიებსაც, რომ ისინი არ შეუწყვეტენ წვდომას ისეთ შეიარაღებაზე, როგორიც არის ეფ-35-ები და ა.შ. საუბარია იმაზეც, თუ რა უქნან ისეთ ევროპულ შეიარაღებას, რომელშიც არის ამერიკული კომპონენტები.

- შეიძლება თურქეთი მიიღონ ევროკავშირში თუნდაც იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოება გაძლიერდეს?

- თურქეთი შეიძლება იყოს ევროკავშირის სამხედრო უსაფრთხოების ქოლგის­ ნაწილი, მაგრამ ეს გამოიწვევს თუ არა თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას, არ ვიცი, მე მაინც მგონია, რომ არა. თუმცა­ რაღაც ფორმით დაახლოება მოხდება. ევროპელები ბევრ ისეთ რაღაცაზე დახუჭავენ­ თვალს, რაზეც აქამდე არ ხუჭავდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთს­ აქვს ძლიერი სამხედრო მრეწველობა - გასულ კვირას იტალიელებმა ხელი მოაწერეს 100-მილიონიან კონტრაქტს "ბაირახტარის" მწარმოებელ კომპანიასთან. გარდა თურქეთისა, მიდის ლაპარაკი ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგალითად, ბრიტანეთსა და კანადასთან. როგორც ჩანს, საბოლოოდ მივიღებთ კოალიციის ისეთ ფორმას, რომ ამერიკის გარეშე შექმნან უსაფრთხოების ქოლგა და სამხედრო მრეწველობა.

- აქვთ ამისთვის საჭირო ფული?

- ევროკავშირს აქვს, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ ეს ფული მოახმარონ სამხედრო სფეროს.

- სულ არის საუბარი, რომ ევროპელები მიეჩვიენ კარგ ცხოვრებას და გაუგებარია, რატომ უნდა მოხმარდეს მათი ფული სამხედრო სფეროს. ევროპა ხომ არ არის ავტოკრატია, სადაც საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ?

- ყველა ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ვიცი, მაგრამ გერმანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სწრაფად შეიცვალა, ფაქტობრივად, ამოყირავდა საზოგადოებრივი აზრი. გერმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე პაციფისტური­ ქვეყანა და დღეს რადიკალურად არის შეცვლილი - 80%-ზე მეტი უჭერს მხარს შეიარაღებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს გერმანიაში ატომური სადგურების დაბრუნებას, რის შემდეგაც ერთი ნაბიჯი რჩება ატომური იარაღის წარმოებამდე. გერმანიაში იმ პაკეტს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, რომელიც ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ მიიღებენ, სოციალ-დემოკრატები უჭერენ მხარს, ისინი კი რუსეთთან ყველაზე დაახლოებული იყვნენ, ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ეს უნდა შეიცვალოს.

"ვითარება მძიმეა, მაგრამ არა უიმედო"

ვახტანგ კაპანაძე: - ამ არცთუ ისე ადვილ გარემოში არის ერთი პოზიტივი და ეს ის გამოღვიძებაა, ტექტონიკური ძვრები, რაც ხდება ევროპაში და რაც გულისხმობს ამერიკის ჩრდილიდან გამოსვლას და ევროპის ცდას, დაიკავოს კუთვნილი ადგილი გლობალური უსაფრთხოების სისტემაში. ეს მისასალმებელია. ძლიერი ევროპა ნამდვილად იქნება ის ფაქტორი, რომელიც რუსეთს შეაჩერებს, ვინაიდან ამერიკა შორსაა, ევროპა კი აქვეა და პირდაპირ ესაზღვრება რუსეთს. შესაბამისად, ევროპის გაძლიერება დადებითად აისახება უსაფრთხოების სისტემაზე მთელი ევროპის ტერიტორიაზე, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.

დარწმუნებული ვარ, ევროპელი პოლიტიკოსები და სტრატეგიული დამგეგმავები ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლას ვარაუდობდნენ და რამდენიმე სცენარს განიხილავდნენ, ერთ-ერთი იქნებოდა ამერიკის უარი უკრაინის დახმარებაზე. ამის გარეშე ასე სპონტანურად ვერ გამოყოფდნენ ამდენ მილიარდს. ცხადია, ეს გათვლილია. ახლა გადავხედოთ მხარეების შესაძლებლობებს. თუკი გვერდზე გადავდებთ ბირთვულ შეიარაღებას, ევროპამ რა შეიძლება დაუპირისპიროს რუსეთს, ხოლო ევროპას რუსეთმა.

ის, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპას სამხედრო ტექნოლოგიით, ალბათ, დამეთანხმებით. რუსეთმა ვერ აჩვენა, რომ მისი სამხედრო ხელოვნება თუ მეცნიერება იმ დონეზეა, იყოს მოწინავე, სიახლის შემომტანი ან დიდი წარმატების მქონე. ომამდე ამბობდნენ, მეორე არმიააო და ვხედავთ, რომ ამ ომში მსოფლიოს მეორე არმია უკრაინაა. ყოველ შემთხვევაში, სამი წელი გავიდა და ისევ დონეცკის მიმართულებაზეა ლაპარაკი.

fs-ktofwiaaaghr-1741526688.jpeg

- რუსეთს მეტი მოსახლეობა ჰყავს და არ ადარდებს ადამიანების სიცოცხლე...

- ცხადია, რუსეთს ადამიანური რესურსი დაახლოებით 4-ჯერ დიდი აქვს, ვიდრე უკრაინას, რა თქმა უნდა, ეს უკრაინასთან მიმართებით მნიშვნელოვანი უპირატესობაა, მაგრამ, მოდი, მეორე კუთხიდან შევხედოთ - უკრაინა მარტო არ არის. მაგალითად, უკრაინას აქტიურად უჭერენ მხარს პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩავთვალოთ გერმანიაც. მე ვახსენებ მხოლოდ იმ დიდ ქვეყნებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან უკრაინას დაეხმარონ. საუბარია შეიარაღებული ფორმირებების უკრაინაში გაგზავნაზე, ამ შემთხვევაში კი ადამიანური რესურსი უკვე 250 მილიონზე მეტი გამოდის ევროპაში. თუკი ამ მიმართულებას თურქეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს დავუმატებთ, ადამიანურ რესურსშიც კი რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპას. როგორც პირველი მსოფლიო ომის ერთმა ამერიკელმა გენერალმა თქვა, ბრძოლას იგებს ქვეითი, ომს კი - ლოჯისტიკა. ამიტომ ახლა გადავიდეთ ლოჯისტიკაზე - რუსეთი ეკონომიკური მდგომარეობით სადღაც იტალიასა და ბრაზილიას შორისაა, და ძალიან ჩამორჩება ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკებს. ეს ოპერატიული გათვლებია, ქაღალდზე გაკეთებული გათვლები, და თუ არ აისა­ხება რეალობაში, გათვლებადვე დარჩება.

- ფიქრობთ, რომ ევროპა განიხილავს უშუალოდ ომში სამხედრო ძალით დახმარებასაც და ომშიც იბრძოლებენ უკრაინის მხარეს?

- თუ განვითარდა მოვლენები ისე, რომ ამის საჭიროება შეიქნა, მე არ გამოვ­რიცხავ, რომ სამხედრო კონტინგენტებიც გაგზავნონ, მაგრამ დღეს უკრაინა თავისი ძალებითაც კარგად უმკლავდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, თუ მომარაგდება შესაბამისი აღჭურვილობით დროულად. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს პრობლემები გაწვევებში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს უკრაინაში ბრძოლის ველზე იწვევენ მხოლოდ 25 წლის ზემოთ, ამ დროს ისრაელში ჯარში 18 წლიდან მიდის ყველა ანუ რესურსი უკრაინას კიდევ აქვს. ცხადია, აქვს რუსეთსაც, მაგრამ თუკი სახმელეთო ძალებს, გადაიარაღებულს, მოდერნიზებულს, თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფს, ჰაერიდან დაეხმარება და დაიცავს ევროპის საჰაერო ძალები, მაშინ ლაპარაკიც კი ზედმეტია რუსეთის მოგებაზე. აღარაფერს ვამბობ ფლოტზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სამარცხვინო მდგომარეობაშია. ოცამდე ხომალდი დაკარგა ქვეყანასთან, რომელსაც, ფაქტობრივად, ზღვის ფლოტი არ გააჩნია - ანუ უკრაინის სახმელეთო ძალები, მხარდაჭერილი და დაფა­რული ჰაერიდან, ის ძალაა, რომელიც არავითარი წარმატების წინაპირობას არ მისცემს რუსეთს. ხაზს ვუსვამ, მე არ ვგულისხმობ უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივას, რომ უკრაინა დაიბრუნებს 2014 წლის მდგომარეობით არსებულ ტერიტორიებს, მაგრამ ის, რომ მას შეუძლია რუსეთი შეაჩეროს, ამის წინაპირობები არსებობს ევროპის დახმარების წყალობით.

აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი­ სიტყვა - "თუკი". ანუ, თუკი ევროპა შეასრულებს იმ გეგმებს, რაც დაისახა. მე მაიმედებს თუნდაც საფრანგეთის ძალიან აქტიური პოზიცია, ასევე დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სკანდინავიის ქვეყნების და ა.შ., რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთის ქვეყნები პირველივე დღიდან გამოხატავდნენ მხარდაჭერას, მაგრამ ამ ქვეყნებს არა აქვთ ის ძალა, რაც ზემოთ ჩამოთვლილებს,­ ისინი მაინც მათი ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყნები არიან. კიდევ ერთი \მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ უკრაინა ბოლო დღეებამდე­ იღებდა საუკეთესო და ბოლო თაობის იარაღს და თუკი ის შეძლებს­ თავად აწარმოოს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების თუნდაც 50%, რაც მას სჭირდება, სხვა სურათი გვექნება...

- "თუკი" რომ გამოვრიცხოთ, რა დრო დასჭირდება ევროპას, თუ აშშ საბოლოოდ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას?

- მე მაინც მაქვს იმედი, რომ ეს არის ტრამპის მხრიდან დაპაუზება და არა შეჩერება. მე არ გამოვრიცხავ, რომ თავდაცვისთვის საჭირო იარაღის მიწოდება გაგრძელდება. როგორც ბაიდენმა პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში გაააქტიურა იარაღის მიწოდება და დღეს უკრაინაში არის ის მარაგი, რომელიც, უკრაინელებისვე განცხადებით, მათ საშუალებას მისცემს 6 თვემდე აწარმოონ საომარი მოქმედებები. ნუ დაგვავიწყდება ნურც ის, რომ შარშან ამ დროს 4-5 თვე ამერიკიდან შეიარაღებას არ აწვდიდნენ, მაგრამ უკრაინა არ ჩამოშლილა, აგრძელებდა ბრძოლას და ახერხებდა თავდაცვას. ასე რომ, ვითარება მძიმეა, მაგრამ არა უიმედო. რაც შეეხება პერიოდს, ევროპაში უკვე დაწყებულია გარდაქმნები. რუსეთმა რომ დაიბრუნოს ის სამხედრო პოტენციალი, რაც მას უკრაინაში შეჭრამდე ჰქონდა, 6-იდან 10 წლამდე სჭირდება. ეს ის ფორაა, რომელიც ევროპას აქვს და შეუძლია გაცილებით სწრაფად აწარმოოს უფრო მაღალი ხარისხის იარაღი.

- უკრაინა 10 წელი ხომ ვერ იომებს?

- უკრაინის დღევანდელი პრობლემის­ გადასაჭრელად, ის თანხები, რაც გამოიყოფა,­ ამერიკაში იარაღის შეძენასაც დასჭირდება.­ არა მგონია, ამერიკულმა კომპანიებმა და თუნდაც ტრამპმა უარი თქვან იმ თანხებზე, რაც აქედან შევა ამერიკაში­. ამავე დროს სამხედრო მრეწველობის პოტენციალის განვითარებისთვის უკრაინას დიდ დახმარებას უწევენ სკანდინავიის ქვეყნები. ასევე, ნუ დაგვავიწყდება ჩინეთი. რუსეთის ფლირტი ამერიკასთან რამდენად მოსწონს ჩინეთს და სათადარიგო­ სკამიდან დაუწყებს თუ არა ამას ყურებას, ეს კიდევ საკითხავია. ჩინეთს გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს რუსეთის სამართავად და ასე მარტივად არ მისცემს პუტინს და ტრამპს ჩახუტების საშუალებას, თუ ეს არ შედის მის გეგმებში.

- ევროპაში უკვე ეჭვობენ, რამდენად იქნება სანდო პარტნიორი ამერიკა იარაღის შეკვეთებში? აქვს ჩინეთს ის რესურსი, რომ უკრაინისთვის იარაღის წარმოებაში ჩაანაცვლოს ამერიკა თუნდაც ევროპის შუამავლობით?

- ვერავინ დამარწმუნებს, რომ ევროპას­ არა აქვს იარაღის წარმოების გაზრდის შესაძლებლობა. აქამდე ეგონათ, დიდი ომები აღარ იქნებოდა. ახლა მოუწევთ წელებზე ფეხის დადგმა, რადგან საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას და გაცილებით ძვირი დაუჯდებათ რუსეთისგან საკუთარი ქვეყნების დაცვა, ვიდრე ახლა უკრაინის დახმარებაა. ევროპას აქვს პოტენციალი, რომ შეძლოს უკრაინის სამხედრო დახმარების­ მთლიანად ჩანაცვლება თუ არა, მნიშვნელოვანწილად შევსება ამერიკის გარეშე...

რუსა მაჩაიძე