მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება დაძაბულია. ეს როგორ აისახება საქართველოზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება: - ბატონო მამუკა, რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო რა საფრთხეები ემუქრება ჩვენს ქვეყანას და იქნებ ვისაუბროთ იმ შეცდომებზეც, რამაც საქართველო დააზარალა? - ჩვენმა გამოუცდელობამ, ტემპერამენტმა, ქართულმა ხასიათმა, ბევრ რამეში ბევრი შეცდომა დაგვაშვებინა. რასაკვირველია, ეს განპირობებული იყო ზოგ შემთხვევაში იმით, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგემ კარგად იცოდა ქართული ხასიათი და მოქმედებდა ისე, რომ შეცდომა დაგვეშვა. ჩვენ ვიცოდით, რა შეცდომასაც ვუშვებდით, მაგრამ შემდეგ ჯერზეც იმავეს ვიმეორებდით. ეს არ არის მარტო იმ პერიოდის სენი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, ისეთივე შეცდომას ვუშვებთ ახლაც. ჩვენი მდგომარეობა ყველაზე კარგად ერთმა ბალტიისპირელმა ჟურნალისტმა გამოხატა. 9 აპრილის მერე, ვიდრე აფხაზეთის ომი დაიწყებოდა, უამრავი ბალტიისპირელი თუ საბჭოთა სივრცის ჟურნალისტი სტუმრობდა საქართველოს. ერთხელ ვკითხე ბალტიისპირელებს, რაღაც რომ გაფაჩუნდება საქართველოში, იმ წუთში აქ რატომ გაჩნდებით-მეთქი. ასე მიპასუხა, აქ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, თქვენ, ქართველებმა, საქართველოსგან ლაბორატორია შექმენით, სადაც საკუთარ თავზე ატარებთ ექსპერიმენტს, ჩვენ კი ჩამოვდივართ იმისთვის, რომ ამას დავაკვირდეთ, შევისწავლოთ და შემდეგ ჩვენც ასეთი შეცდომები არ დავუშვათო. ბალტიისპირელებმა მართლაც არ დაუშვეს ბევრი შეცდომა,­ ბევრად მარტივად გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან... ასე რომ, ეს ლაბორატორი­ის პრინციპია. ჩვენ მუდამ საკუთარ თავზე ვატარებთ ექსპერიმენტს, ვაქებთ და ვადიდებთ იმ სამხედრო წინამძღოლებსა და მეფეებს, რომლებმაც ბრძოლის ველზე ისახელეს თავი და ხშირად ვაკრიტიკებთ ან მივიწყებული გვყავს ის მეფეები, რომლებმაც აქცენტი დიპლომატიაზე და ურთიერთობის სხვა წესზე გააკეთეს. ერთადერთი გამონაკლისია, ალბათ, გიორგი ბრწყინვალე, რომელსაც ვაღიარებთ, თორემ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ისეთი ტიპის გმირები იყო, რომლებიც ბრძოლის ველზე ასახელებდნენ საქართველოს, ვიდრე ისინი, ვინც დიპლომატიური შეხვედრების დროს ცდილობდნენ საქართველოსთვის უკეთესი მდგომარეობა შეექმნათ. ჩვენ არა ვართ ამაში გამონაკლისი, თუ გადავხედავთ ისტორიას, სამხრეთელი ხალხების თვისებაა ეს, იტალიელები იქნებიან თუ ესპანელები, მათ ისტორიაშიც ზუსტად ანალოგიური მეორდება, რაც განასხვავებს მათ ჩრდილოეთ ევროპის ხალხებისგან. ჩვენ ხშირად ჯერ ემოციურად ვუდგებით ნებისმიერ ფაქტს, მოვლენას და შემდეგ ვიწყებთ ანალიზს. არ ვიყურებით ორი, სამი ნაბიჯის იქით, ვცხოვრობთ პრინციპით,­ დღეს და ახლა - ეს ძალიან ცუდია. გავიხსენოთ ეროვნული მოძრაობის­ საწყისი პერიოდი, კონფლიქტები. ვიდრე დაიწყებოდა კონფლიქტები ოსებსა და აფხაზებთან, თავად რაც ჩაიდინეს, ეს იმათ და მათ უკან მდგომი კრემლის ბიუროკრატიის სინდისზე იყოს, მაგრამ მე ჩვენზე ვლაპარაკობ. შეგვეძლო ბევრად მოქნილად მივდგომოდით ამ ყველაფერს. დაპირისპირებას ვერ ავირიდებდით, მაგრამ მაინც შეგვეძლო სხვანაირად მოვქცეულიყავით. საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს 1990 წლის ზაფხული, როდესაც დაახლოებით ანალოგიურად სცადეს პროვოცირება რუსეთის სპეცსამსახურებმა ქვემო­ ქართლში. მაშინ სწორი ნაბიჯები გადაიდგა­, რამაც პრაქტიკულად კონფლიქტი აგვარიდა, სულ ორი კაცი დაიღუპა. რასაკვირველია მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, ვგულისხმობ მაშინდელ ოფიციალურ ბაქოს, შემხვედრი ნაბიჯები გადადგა და შეეცადა რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა ქვემო ქართლში გაენეიტრალებინა და მიაღწია კიდეც ამას ჩვენთან ერთად. ამას ხომ ჰქონდა ეფექტი? ეს დღეს ცოტას თუ ახსოვს საქართველოში. ის ამბები, რაც მერე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მოხდა, ყველასთვის ნათელია. - შიდაპოლიტიკური პროცესები ქვეყანაში­ რთულია, ეს ხომ არ დაგვაზარალებს არსებული­ =გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე? - რაც ახლა მსოფლიოში ხდება,­ ეს არის არა მხოლოდ ახალი მსოფლიო­ წეს­რი­­გი­სკენ, არამედ მსოფლიო გადანაწილები­სკენ სვლაც. ის, რომ მსოფლიო წესრიგი მოშლილი იყო, რამდენიმე ხნის წინ გამოიკვეთა, მაგრამ ყველას იმედი ჰქონდა, ვითარება დალაგდებოდა, მსოფლიო ახალი­ მშენებლობის პროცესს შეუდგებოდა­. ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი მოთამაშის სურვილია, რაც შეიძლება ქაოსური ვითარება იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი თევზი დაიჭირონ მღვრიე წყალში. ამ ვითარებაში პატარა ქვეყნების როლი ძალიან მინიმიზებულია, მით უმეტეს, იმ ქვეყნების, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკვანძო გეოგრაფიულ სივრცეში არიან, როგორიც არის საქართველო და ჩვენი მეზობლები, აზერბაიჯანი თუ სომხეთი. ამიტომ სათანადოდ უნდა ვიმოქმედოთ. - რას გულისხმობთ ასეთ მოქმედებაში? - ჯერ ერთი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის ხელოვნურად დასუსტება. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის დასუსტებისა და სახელმწიფოს განადგურებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. ჩვენი უპირველესი ამოცანაა სახელმწიფოს შენარჩუნება, მეორე კი ფუნქციის განსაზღვრა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის თანამდევია მოვლენების სწორი ანალიზი და იმის შეფასება, იმ მსხვილი მოთამაშეების­, ვინც რეგიონში აქტიურობს,­ ინტერესები რაში მდგომარეობს, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მათი ინტერესების დაპირისპირება, რომ საბოლოოდ ისეთი პროდუქტი­ შევქმნათ, მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები იყოს და თან ჩვენც გამოგვადგეს. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანხმობით, ისეთ ვითარებაში, როგორიც დღეს საქართველოშია, ეს არ გამოვა. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ ვითარებაში გამოყენებულ იქნეს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის სრული რესურსი, მაგრამ რა სრული რესურსის გამოყენებაზეა ლაპარაკი, როცა მხარეები საკუთარ რესურსსაც ვერ იყენებენ სწორად. უნდა განვსაზღვროთ ქვეყნის სტრატეგიული ფუნქცია და ტაქტიკური სვლები გავაკეთოთ. უნდა განვსაზღვროთ, რა ტიპის ქვეყანას ვაბარებთ შთამომავლობას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მომავალ თაობაზე, მომავალ სახელმწიფოზე არავინ ფიქრობს, ყველა დღევანდელი მოცემულობით ცხოვრობს. დავანებოთ თავი პოლიტიკურ კლიმატს, სოციალურ კლიმატს შევხედოთ - შევხედოთ როგორი საშინელი ფსიქოლოგიური ფონია ქვეყანაში, ადამიანებს ერთმანეთი უკიდურესად ეზიზღებათ. როცა საზოგადოებაში ასეთი ნაპრალია, ეს კატასტროფაა. ასეთი ვითარება ძალიან ხშირად ხელოვნურად იქმნებოდა საქართველოში და მერე ბრძოლის ველზე მყოფ საზოგადოების ერთ ნაწილს მეორე ნაწილი ზურგში დანას ჩასცემდა ხოლმე. დაახლოებით იგივე ვითარებაა დღეს - ახლა ომი რომ დაიწყოს, დარწმუნებული ვარ, ერთი მცირე ნაწილი წავა საბრძოლველად, ისევ ჩაწერს გმირულ ფურცელს საქართველოს ისტორიაში, მეორე ნახევარი ან უკეთეს შემთხვევაში პასიურად დააკვირდება ამას, როგორც არაერთხელ ხდებოდა საქართველოს ისტორიაში, ან პირიქით, მტრის გულის გასახარად იარაღს ესვრის იმ მცირე ნაწილს. ეს არის ჩვენი უბედურება, არა გვაქვს ერთი პირი გარე გამოწვევებისა და რისკების გასამკლავებლად. გარდა ამისა, არა გვაქვს გააზრებული, რა ვითარებაში ვართ და რა გვინდა, რას ვთავაზობთ მსოფლიოს ან რას ვითხოვთ მისგან. სტრატეგიული აზროვნების კატეგორიული დეფიციტია ქვეყანაში. - ხალხის პროტესტი 100 დღეზე მეტია გრძელდება... - ეს ვითარება არ ასხამს საქართ­ველოს წისქვილზე წყალს - ამას უნდა ხვდებოდნენ. დავუშვათ ცუდია ხელისუფლება და უნდა წავიდეს,­ კი ბატონო, ასეა, მაგრამ დღეს მსოფლიო უმძიმეს ტრანსფორმაციას გადის და შენ რატომ უნდა შეუწყო­ ხელი მადიან მეზობლებს, ქვეყანა­ გაანადგურონ. მსოფლიოში არავით­არი თამაშის წესები აღარ არსებობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინა მსხვერპლიდან აგრესორის რანგში გადაიყვანეს... ჩვენ დღეს ვართ მსოფლიო ქაოსის საკვანძო სივრცეში, ჩვენი ყველა მეზობელი მეგობარი კი არ არის, მეზობელი დაინტერესებულია ჩვენი ტერიტორიის კონტროლით, ყველა, არც ერთი არ არის გამონაკლისი... ჩვენ სახელმწიფო მეგობარი არა გვყავს, ამიტომ თვითონ უნდა მივხედოთ თავს, უნდა შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ საგარეო პოლიტიკაში, რეგიონულ საკი­თხ­ებში­ ჩვენც გვქონდეს ინიციატივების პაკეტი­. ცოტა შეგვიძლია, მაგრამ რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, უნდა ვითამაშოთ ჩვენი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგობებზე... - გვესმის ტრამპის მწვავე განცხადებები უკრაინის შესახებ. საით მიდის ეს ყველაფერი? - ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სჭირდება მართული ქაოსი იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს მისთვის სასარგებლო პოლიტიკური ლანდშაფტი, მაგრამ არა აქვს ის რესურსი დღეს შტატებს, შეთანხმების რესურსს ვგულისხმობ, რომლითაც მოახერხებს ამას, ქაოსი შეუძლია შექმნას, მაგრამ მერე დალაგება ძალიან გაუჭირდება. დღეს არ არის მე-19 საუკუნე, როდესაც ფინანსურად და ორგანიზებულად აშშ მსოფლიო ჰეგემონი იყო, დღეს უკვე სხვა ქვეყნები იმართებიან წელში და ბევრად დიდი საორგანიზაციო რესურსი აქვთ. მაგალითად, ჩინეთს, მას აქვს არა მხოლოდ ინტელექტუალური და ფინანსური, არამედ საორგანიზაციოც. აშშ-ში კი საორგანიზაციო რესურსის სერიოზული დეფიციტია. ეტყობა კიდევაც, როგორი ბრძოლები მიდის ახლა. სულ ორი თვის მოსულია ტრამპი და ვხედავთ, რა ამბავია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტებში... დღეს რუსეთის შემაკავებელი არაფერია, გარდა ძლიერი სამხედრო წინააღმდეგობისა და სანქციებისა, რომელიც ორიენტირებული იქნება მისი სამხედრო მრეწველობის შეზღუდვაზე. სხვა ვერც ერთი ბერკეტი მისი გამჩერებელი არ არის... \ის თამაში, რომელსაც ტრამპი ასე უხეშად აწარმოებს, ძალიან სახიფათოა. მაგალითად, ნიშანდობლივი იყო სამხედროების წერილი. აშშ-ში შეიძლება მოხდეს ის, რაც არასოდეს მომხდარა, როდესაც არმია უპირისპირდება ხელისუფლებას... ტრამპი ცდილობს ინიციატივა ხელში აიღოს და ყველანი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენოს, ყველა დააბნიოს, მაგრამ ეს პერიოდი გაივლის და აუცილებლად კონტრღონისძიებების მთელი კასკადი დახვდება წინ, როგორც ამერიკაში, ისე მის გარეთ. ტრამპს ჩინეთთან ჭიდაობა ევროპის გარეშე არ გამოუვა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი ქმნის ისტორიულ ანგლოსაქსურ ალიანსს, რომელიც იმდენად ტრადიციული მოცემულობაა და თავის დროზე ამისთვის იმდენი იშრომეს ჩერჩილმა და რუზველტმა, ამის დანგრევა ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ამერიკის აქტიურობას მთლიანად აზიის სივრცეში. ჯერ ერთი, ინგლისის სპეცსამსახურების გარეშე აშშ თოთო ბავშვივით იქნება აზიაში. ამერიკელები წლების განმავლობაში ბრიტანელების ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე მოქმედებდნენ, რომელიც მუშავდება ბრიტანეთის მოწინავე­ სამხედრო პოლიტიკურ სტრუქტურებში.­ უამისოდ ტრამპს შეუძლია აზიას დაემშვიდობოს. პოლიტიკურ მადაზე მოდის ინდოეთიც, რომელთანაც მუშაობა დასავლეთ ევროპის გარეშე ძალიან გაუჭირდება შტატებს... ჩინეთის სპეცწარმომადგენელმა ევროპის საქმეებში აშშ-ის მოქმედებას უკვე თავხედური უწოდა. ჩინელებს არ ახასიათებთ ასეთი ტიპის შეფასებები, მაგრამ უკვე მისცეს თავს ამის თქმის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ქმედებიდან გამომდინარე, მათთვის­ ტაივანის დაბრუნება პრაქტიკულად ნაკლებად პრობლემატური ხდება... რაც შეეხება საქართველოს, საქართველო ძალიან სუსტი სახელმწიფოა, რადგან მას აქვს სერიოზული ტერიტორიული პრობლემები, პლუს მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ეკონომიკურად განვითარებისთვის, დღევანდელ მსოფლიოში შექმნილ ქაოსს სხვა ტიპის აქტიურობა სჭირდება. მაგალითად, ბევრს არ მოსწონს საქართველოს აქტიურობა ცენტრალური აზიისა და წინა აზიის სახელმწიფოებთან, არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია. მთავარია იდეოლოგიური ნარატივი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერო და ჰკითხო, რა არის საქართველოს ფუნქცია, 100-იდან შეიძლება ერთმა გიპასუხოს. თუ ქვეყანას არა აქვს იდეოლოგიური ღერძი, ძალიან რთულია მისი სერიოზულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ის იდეოლოგია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს დღემდე მოუტანეს, კავკასიური ცენტრიზმია, რომელიც განსაკუთრებით ადრეულ შუა საუკუნეებში იყო, ვიდრე მე-15 საუკუნემდე - ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები, ვისაც შეეძლო, ამას აკეთებდნენ. ამიტომ დარჩა საქართველოს ისტორიაში ასე მკვეთრად დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალისა და ზოგიერთი სხვა მეფის ეპოქა. ვფიქრობ, საქართველოს აქვს ყველა შანსი იმისთვის, რათა ეს იყოს აყვანილი სერიოზულ იდეოლოგიურ დონემდე - ეს არის კავკასიის ჰუმანიტარული და ეკონომიკური ცენტრი და საამისო მოცემულობა არსებობს, ამის ტრადიციაც არსებობდა და გარდა ამისა, ისტორიული მეხსიერებაც არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს სამეზობლოში. - რას ურჩევთ ჩვენს პოლიტელიტას,­ რომ შიდა პროცესებმა ქვეყანა არ დააზარალოს? - არავის არ აინტერესებს არც ჩემი, არც ჩემი კოლეგების რჩევა, ყველა თვლის, რომ ყველაზე უკეთ ერკვევა ვითარებაში,­ მაგრამ მე საზოგადოებას ვურჩევდი - აი, ასე, რა რეჟიმშიც დღეს ვცხოვრობთ,­ სახელმწიფოს ვერ შევინარჩუნებთ და დავრჩებით ქვეყანა - ისიც თუ დავრჩებით,­ დიდი ამბავი იქნება. ამიტომ საგარეო გამოწვევის საკითხებში ყველას ერთი პირი გვქონდეს - არა მარტო პოლიტიკურ ელიტას და საზოგადოების აქტიურ ნაწილს, არამედ მოსახლეობას. რაც მთავარია, ერთი პირი უნდა გვქონდეს ქართული სახელმწიფოს იდეის მიმართ, რომელიც ხვალ-ზეგ შემდგომ თაობას უნდა დარჩეს.