სამჯერ გაშვებული შანსი ანუ ვინ დაამარცხებს პუტინს?! - კვირის პალიტრა

სამჯერ გაშვებული შანსი ანუ ვინ დაამარცხებს პუტინს?!

მიუხედავად დონალდ ტრამპის ექსცენტრიკულობისა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია სცენარი, როდესაც ამერიკა რუსეთის პირისპირ მარტოდმარტო ტოვებს ევროპას. ეს თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრია. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შეშლილ­ მსოფლიოში არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. განვიხილოთ ყველაზე ცუდი ვერსია.

რა მოხდება, თუ...

წარმოვიდგინოთ, ამერიკამ ევროპაზე­ საბოლოოდ ხელები დაიბანა - ეს ფანტასტიკური ვერსიაა, რადგან­ ეწინააღმდეგება­ თავად აშშ-ის სტრატეგი­ულ ინტერესებს.­ ამერიკელ ჯარისკაცებს­ პირველ და მეორე­ მსოფლიო ომებში­ იმიტომ­ არ დაუღვ­რ­იათ­ სისხლი, "ცივი ომის" პერიოდში­ აშშ-ს ასეულობით მილია­რდი ევროპის­ დასაცავად­ იმიტომ არ დაუხარჯავს, რომ ხელის ერთი მოსმით ეს ყველაფერი წყალში გადაეყარა... მაშინ გამოდის, აღარ არსებობს ნატოც. ამერიკის გარეშე­ ჩრდილოა­ტლანტიკური ორგანიზაცია ათჯერ და მეტჯერ დასუსტდება. სიმართლე უნდა ითქვას, თუ ალიანსს საბრძოლო მოქმედე­ბე­ბი დას­ჭირდა,­ ნატოში გაწევრებული­ პატარ-პატარა ქვეყნები (მაგ., ბალტიისპირე­თის­ სახელმწიფოები) დიდ წვლილს ვერ შეიტა­ნენ, დიდ სახელმწიფოებს კი რამდენიმე წელი სჭირდებათ სამხედრო სიმძლავრეების­ გასაზრდელად. ასე რომ, ამერიკის გარეშე ნატო ამ ეტაპზე­ იგივეა, რაც მანქანა ძრავის გარეშე...

დავუშვათ ვერსია, რომ პუტინმა­ იცის, მის აგრესიულ ნაბიჯებს არ მოჰყვება დასავლეთის საპასუხო რეაქცია ამერიკისგან და ნატოც ქმედუუნარო გახდა. რა თქმა უნდა, მისი სამიზნე იქნება ბალტიისპირეთი.­ მაგრამ საკითხავია, გარისკავს კი რუსეთი თუნდაც ამერიკის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ბალტიისპირეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას? დავუშვათ ეს ხდება 2025 წელს. როდესაც ექსპერტები ვიშვიშებენ იმაზე, რომ ევროპას სამხედრო პოტენციალის ზრდისთვის რამდენიმე წელი სჭირდება, ავიწყდებათ რუსეთის სამხედრო პოტენციალი. კი ბატონო, რუსეთმა გაზა­რდა სამხედრო მრეწველობა და ცოცხალი ძალა, მაგრამ დღემდე სჭირდება­ ჩრდილო­კორეელი ჯარისკაცები, ჭურვები ამავე ქვეყნიდან და "შაჰიდები" ირანიდან, ჯავშანტექნიკაში კი უსერიოზულესი დანაკარგები­ აქვს, რომლის აღდგენასაც ასევე რამდენიმე წელი დასჭირდება.

კარგი, ვთქვათ, ამ შეფერთხილი არმიით­ პუტინმა გარისკა ბალტიისპირეთზე­ თავდას­ხმა. გვგონია, რომ დიდი სახელმწიფოები (საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი­ და ა.შ) განზე არ გადგე­ბიან (წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ აღიარონ­ პუტინი იმპერატორად და ეს არის) და ამ მდგომარეობაში მყოფ რუსულ არმიას ისინი­ ეყოფიან... თუმცა ეს უკვე მესამე მსოფლიო ომის მეორე ფაზა იქნება­ (პირველ­ ფაზად სამართლიანად არის მიჩნე­ული რუსეთ-უკრაინის ომი) და ამერიკა განზე ვერ გადგება. ამასთან, როდესაც ვსაუბრობთ პუტინ-ევროპის სამომავლო დაპირისპირების სცენარებზე, არ დაგვავიწყდეს უკრაინაც, თავისი ბრძოლებში გამობრძმედილი ასეულობით ათასი მებრძოლით.

ასე რომ, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, თუ ტრამპმა შეძლო კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა, პუტინი მაშინვე არ შეჯლიგინდება ტალინში ან ვილნიუსში. შეგახსენებთ, რომ პუტინის არმია უკრაინაში წარმატებას აღწევს. ასე რომ, პუტინს მშვიდობა სჭირდება პირველ რიგში იმისთვის, რომ სანქციები მოეხსნას და მეტ-ნაკლები ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს.

რა თქმა უნდა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, პუტინი არ იქცევა მშვიდობის მტრედად. აქეთ ჰყავს უკრაინა, რომელიც მშვიდობის შემდეგაც გააგრძელებს შეიარაღებას, და ცოტა ძნელი წარმოსადგენია, შეეგუოს ამხელა ტერიტორიების დაკარგვას. იქით არის ევროპა, რომელმაც 800 მილიარდი ევრო გამოყო სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად. ასე რომ, პუტინი მოიქცევა ისე, როგორც ყოველთვის იქცევა ხოლმე - გადაიარაღდება და მოემზადება ახალი ომისთვის.

2018-05-24t000000z-1374764292-rc1b47bab970-rtrmadp-3-russia-france-putin-macron-1400x927-1741527614.jpg

მაკრონის "წინასწარმეტყველება"

ამას კარგად ხვდება საფრანგეთის პრე­ზიდენტი ემანუელ მაკრონი. მან 6 მარტს ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. კერძოდ, აღნიშნა, რომ რუსეთი შეიარაღებას აგრძელებს და 2030 წლისთვის გეგმავს­ საკუთარი­ არმიის კიდევ უფრო გაზრდას - 300 000 დამატებითი ჯარისკაცის, 3 000 ტანკის, 300 საბრძოლო თვითმფრინავის ყოლას.

"ამ კონტექსტში ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? ახლა, როდესაც გესაუბრებით, და მომავალი წლებისთვის, რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის, მშვიდობა არ შეიძლება მიღწეულ იქნეს ნებისმიერ ფასად და რუსული დიქტატის ქვეშ. მშვიდობა არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია, არ შეიძლება იყოს მისი ჩამოშლა და არ შეიძლება შედგეს ცეცხლის შეწყვეტაში, რომელიც ზედმეტად მყიფე იქნება. არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა 2014 წელს დაიწყო და მაშინ ცეცხლის შეწყვეტაზე მინსკში მოვილაპარაკეთ. იმავდროულად, რუსეთმა პატივი არ სცა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება მყარი გარანტიების ნაკლებობის გამო. დღეს აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა. უკრაინას აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება, ეს ჩვენს ინტერესებშია და ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებშიც. ამ მხრივ, ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობრებთან", - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე დებატების წინადადებით გამოვიდა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული­ იარაღით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.

"ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ჩვენ გვიცავს. ის სრულიად სუვერენულია, თავი­დან ბოლომდე ფრანგული. გერმანიის მომავალი კანცლერის [ფრიდრიხ მერცის] ისტორიულ მოწოდებაზე პასუხად, გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი [ბირთვული] შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვის თაობაზე", - განაცხადა მაკრონმა.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი იკითხავს, ვინ იცის, რა იქნება ხუთი წლის შემდეგო.­ თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს პუტინის­ მოქმედებების ლოგიკა დროსა და სივრცეში­. კერძოდ, 2008 წლის საქართველო-რუსეთის­ ომში ის მიხვდა, რომ ჩვენს ქვეყანას ცოტა უფრო მრავალრიცხოვანი და თანამედროვე­ შეიარაღებით (ავიაციის ჩათვლით) ჯარი რომ ჰყოლოდა, რუსებისგან ბუნდღა აღარ დარჩებოდა. შესაბამისად, 2008 წლიდან დაიწყო ცვლილებები რუსულ არმიაში, მათ შორის გადაიარაღება,­ ახალი ტაქტიკის­ დახვეწა, რაც პუტინმა გამოიყენა 6 წლის შემდეგ - ყირიმის ანექსიისას და სეპარატისტული ამბოხების მოწყობისას დონბასის ოლქში. პუტინი რომ თავის ძალაში დარწმუნებული ყოფილიყო, უკრაინის საკი­თხს 2014 წელსვე გადაწყვეტდა, როდესაც კიევში ჯერ კიდევ სუსტი ხელისუფლება იყო, უკრაინის არმიის დიდი ნაწილი­ კი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.­ თუმცა, დიდი ალბათობით, პუტინი არ იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში და დიდი მოთმინებით იცდიდა 8 წელი - 2022 წლის 24 თებერვლამდე.­ რა გამოუვიდა 2022 წლის შემდეგ, ეს სხვა თემაა. ფაქტია, პუტინი კიდევ 5 წელიც მოიცდის და ამ შემთხვევაში მაკრონი მართალია.

რა შეუძლია ევროპას?!

პირველ რიგში, დასავლეთში, ალბათ, ისტორიის გაკვეთილები უნდა ისწავლონ. ეს მხოლოდ ევროპას არ ეხება, რა თქმა უნდა. აშშ-ის ძველ ადმინისტრაციებსაც და ევროკავშირის ბიუროკრატიასაც ოთხჯერ ჰქონდათ შანსი, რუსეთისთვის ისე შემოელაწუნებინათ, მოსკოვში კუნთებზე ყურების ხასიათზე აღარ ყოფილიყვნენ.

პირველ რიგში, ეს ეხება გასული საუკუნის 90-იან წლებს, როდესაც შეიძლებოდა­ საბოლოოდ დამთავრებულიყო ისეთი მსოფლიო პრობლემა, როგორიც რუსული იმპერიალიზმია. მაშინ რუსეთი ნაკერებზე იხეოდა, ბიუჯეტში გარღვევა ჰქონდა, სეპარატიზმი ლამის ყველა არარუსებით დასახლებულ რეგიონში ყვაოდა. თუმცა მაშინ­ დასავლეთმა სხვა სტრატეგია აირჩია - ვითომ დემოკრატიული რუსეთის გადარჩენა,­ აქაოდა, ბირთვული იარაღი­ პატარ-პატარა "მეფეებს" არ ჩაუვარდეთ ხელშიო. დასავლეთში იმედოვნებდნენ, რომ მათი გადარჩენილი "დემოკრატიული" რუსეთი კონტროლს დაექვემდებარებოდა. როგორც დამთავრდა ეს ისტორია, ყველანი ვხედავთ.

2008 წლის რუსეთის აგრესიას საქა­რთ­ველოში არ მოჰყოლია ადეკვატური რეაქცია. მეტიც, დასავლეთმა გადატვირთვა დაიწყო პუტინთან. კრემლის ბინადართან­ ენის მოჩლექით საუბარი გაგრძელდა 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგაც. კიდევ­ ერთი შანსი გაუშვა დასავლეთმა 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც კონტრშეტე­ვაზე გადასული უკრაინის არმია რუსებს ერეკებოდა. ცოტაც და, პუტინს მთელი ფრონტი თავზე დაემხობოდა. მაშინ რუსეთს უპრეცედენტო სამხედრო მარცხი რომ ეწვნია, შესა­ძლოა დღეს პლანეტა უფრო მშვიდად­ ყოფილიყო, თუმცა... კრემლმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყე­ნების მუქარით დააშანტაჟა ამერიკელები­ და მათაც­ უკრაინელების კონტრშეტევა "დაატორმუზეს".

თუ მაკრონს დავუჯერებთ, ევროპის სახელმწიფოთა ნაწილმა მაინც გაისიგრძეგანა ის საფრთხე, რაც რუსეთისგან ემუქ­რება. ევროკავშირის ეკონომიკა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, მას აქვს უზარმაზარი ფინანსური რესურსი, შეუძლია სწრაფი­ ტემპით მაღალტექნოლოგიური იარაღის დამზადება და აქვს ცოცხალი ძალის ამოუწურავი რესურსი. შესაბამისად, სწორი სტრატეგიით, ყოველგვარი ფარული გარიგების გამორიცხვით, ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებით, მძლავრი შეიარაღებული ძალების შექმნით, შეუძლია გახდეს არა მხოლოდ რუსეთის საპირწონე, არამედ დიდი დარტყმაც მიაყენოს მას. ევროპას, თავისი ყველა ბერკეტის გამოყენებით, რუსეთისთვის შეუძლია მოკავშირეების ჩამოშორებაც. ოღონდ ამისთვის საჭიროა რამდენიმე წლის განმავლობაში კომფორტის ზონაზე უარის თქმა, რადგან შეიარაღებისთვის გამოყოფილი თანხები მოაკლდება ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ პროექტებს. ევროპას შეუძლია პუტინის დამარცხება, თუ, რა თქმა უნდა, კრემლის ბინადარი საბოლოოდ არ გაგიჟდა და ატომურ იარაღს არ გადას­წვდა. აი, მაშინ კი... სულ სხვა ისტორია დაიწყება.

გიორგი კვიტაშვილი

TOP.GE