"დედის გული ცუდს მიგრძნობდა. ქორწილიდან დაბრუნებულებს, ქუჩაში დაგვხვდა ხალხი, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები, სახლი ცეცხლში იყო გახვეული. ბოლისგან გაგუდული ჩემი შვილები გამოიყვანეს და თავად წავიყვანე დამწვრობის ცენტრში"
უდიდესი ტკივილი ადამიანებში განსხვავებულ განცდებს ბადებს - ზოგს ანადგურებს, ზოგს კი უფლის გზაზე აყენებს. ასე მოხდა მზია კაცაძის ცხოვრებაშიც. მის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ორი მცირეწლოვანი შვილის დაკარგვამ, მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.
- ალბათ, ყველა დამემოწმება, რაოდენ ძნელია ამ წუთისოფელში შვილებთან განშორებით გამოწვეული ტკივილით არსებობა, მაგრამ დღეს ცოცხალი ვარ... მით უფრო ძნელია, რომ შენს განცდებზე ილაპარაკო, ისეთ განცდებზე, რომელიც ჩემს გულში 36 წელია დაბუდებულა და იმ დღესთან წამიც არ მაშორებს. ამიტომ წარსულში არ ვიხსენიებ მათ, მე მყავს მიხეილი და მარიამი. უწმინდესი რომ არა, მე და ჩემი მეუღლე დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით...
- რა მოხდა წლების წინ თქვენს ოჯახში?
- 1987 წლის 6 დეკემბერს მე და ჩემიმეუღლე ახლობლების დაჟინებული თხოვნით მეგობრის ქორწილში წავედით. მოგეხსენებათ, ქორწილში ყველა მხიარულობს, მაგრამ მე მონუსხული ვიჯექი, ჩემი ფიქრი ჩემს შვილებს დასტრიალებდა თავს. ეტყობა, დედის გული გრძნობდა მოახლოებულ უბედურებას. რამდენიმე საათში უკან დაბრუნებულებს მთელი ქუჩა გადავსებული დაგვხვდა ხალხით, იდგა სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები, სახლი ცეცხლში იყო გახვეული. ბოლისგან იყვნენ გაგუდული ჩემი შვილები გამოიყვანეს და თავად წავიყვანე სასწრაფოს მანქანით დამწვრობის ცენტრში.
სიმართლის თქმას ვერავინ მიბედავდა, მე თვითონ მივხვდი, რომ შვილები აღარ მყავდა და ჩემთვის ამქვეყნიური ყველაფერი დამთავრდა. დამრჩა მხოლოდ ერთი გზა, რომ ჩემი შვილების დასაფლავების მერე მე და ჩემს მეუღლეს თავი მოგვეკლა. ჩემი მეუღლე იმხანად ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, მას იარაღი ჰქონდა შინ, და ვუთხარი, ჯერ მე მომკალი და მერე შენ მოიკალი თავი-მეთქი, მაგრამ სანამ ამას ჩავიდენთ, ეს ამბავი მოვახსენოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. თუ ღმერთი არსებობს, ასეთი უბედურება რატომ დაგვემართა-მეთქი? ჩემი მეუღლე ეზოში ჩავიდა, მალევე უკან ამობრუნდა და მითხრა, მზია, ჩვენთან პატრიარქი მობრძანდებაო.
ვინც კი მოდიოდა სამძიმარზე, ყველას ვეუბნებოდი, რომ ღმერთი არ არსებობს, ეს ყველაფერი მითია-მეთქი. მიმძიმის ამის თქმა და დღემდე მრცხვენია ამის გამო... თურმე მეუღლის მეგობრებს უცნობებიათ მისი უწმინდესობისთვის ჩვენი ამბავი.
როდესაც ოთახში შემობრძანდა, მე, სიგიჟის ზღვრამდე მისული დედა, რომელიც ღმერთს ვგმობდი, წამოვდექი, სწრაფი ნაბიჯით გავემართე მისკენ და დავიჩოქე. მისმა უწმინდესობამ ფრთხილად წამომაყენა და მოძღვარს თვალით ანიშნა, პანაშვიდი გადაეხადა. როდესაც საეკლესიო წესი შესრულდა, ვუთხარი, რა ვქნა, ჩემი შვილები გარდაცვალებულებად ვერ აღვიქვი, ამიტომ არც ყვავილები, არც ტირილი, არც სამოქალაქო პანაშვიდი არ გადავახდევინე. მხოლოდ იებისგან დაწნული ორი ჯვარი შემოვატანინე. რაიმე ხომ არ დავუშავე ამით ჩემს შვილებს-მეთქი. მისმა უწმინდესობამ მიპასუხა, ბედნიერი მშობლები ხართ, თქვენი შვილები ანგელოზები არიან, ასეთ უბედურებას დედამიწაზე ღმერთი არ მოაწევდა, ეტყობა, თქვენი შვილები ძალიან დასჭირდა ღმერთს და ისინი არა მარტო თქვენ, სხვა ბევრსაც გადაარჩენენო.
მე და ბედნიერი-მეთქი, უცებ გავიფიქრე, მაგრამ საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. მისმა უწმინდესობამ მთხოვა, ცრემლებით არ დამემძიმებინა ჩემი შვილები და მელოცა მათზე, ეკლესიაში მევლო. ჩემი მეუღლე ეკლესიაში ყოველდღე დადიოდა. მე 7 თვის მერე შევძელი მისვლა და იქ დამიხვდნენ სხვა შვილგარდაცვლილი დედები. დედებს ვუთხარი, მე ჩემი შვილებისთვის მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შეკვეთილ წირვებს ვატარებ და თქვენც შემოგვიერთდით-მეთქი... აქედან ჩაეყარა საფუძველი შვილგარდაცვლილი დედების ერთობას. არა მარტო თბილისში, საქართველოს ყველა კუთხეში გავერთიანდით. მისმა უწმინდესობამ საგანგებო წირვა დანიშნა სიონის ტაძარში და აგერ 30 წელზე მეტია სრულდება. მისი უწმინდესობა ყოველთვის პოულობს დროს ჩვენთან შესახვედრად. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბრძანა: "ასეთი ერთობა შვილგარდაცვლილი დედებისა ქრისტიანობის ოცსაუკუნოვან ისტორიაში ერთადერთია მთელ მსოფლიოში. მინდა გავიმეორო ის, რაც ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის: თქვენი შვილები ცოცხლები არიან... ეს უნდა გახსოვდეთ. ისინი არიან მკვიდრნი ზეციური საქართველოსი და მე მინდა მათმა სულებმა გაიხარონ".
საოცარი ფაქტი გამახსენდა. მახსოვს, მეხივით გავარდა თბილისში ხმა, გია გიორგობიანს 18 წლის შვილი მოუკლესო! გია და ჩემი მეუღლე მეგობრები იყვნენ. იმხანად გია ქალაქის მთავარი პროკურორი იყო და მახსოვს მისი გასაოცარი საქციელი, ციხეში მოინახულა შვილის მკვლელი...
ერთ ამბავს კი თავად შევესწარი. მე და ერთი შვილმკვდარი დედა სიონში ვიყავით მწუხრის ლოცვაზე და ტაძარში შემოვიდა ის ბიჭი, ვის ავარიასაც ემსხვერპლა იმ ქალის შვილი. შვილმკვდარი დედა მიუახლოვდა და უთხრა, მე, ამა და ამ ადამიანის დედა ვარ და მინდა იცოდეთ, რომ თქვენი შეძულება ვერ შევძელიო. ის ბიჭი გაფითრდა, მერე ძალა მოიკრიბა და უთხრა, ჩემი დღე მასზე ლოცვით იწყება და მასზე ლოცვით მთავრდებაო. ახლაც კი ჟრუანტელი მივლის რომ ვიხსენებ.
- ქალბატონო მზია, დღეს თქვენ საპატრიარქოს არქივის უფროსი ბრძანდებით.
- ერთ-ერთ შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ მკითხა, შინ მაგნიტოფონი თუ გაქვთო. კითხვა მეუცნაურა. ამ დროს ჩანთებით შემოიტანეს კასეტები, ჩანაწერები. ეს იყო მისი უწმინდესობის სიტყვები, ქადაგებები. მისმა უწმინდესობამ მითხრა, ყველა მოისმინეთ, მერე ფურცლებზე გადაიტანეთ და მოიტანეთ საპატრიარქოშიო. ეს იყო ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. დღედაღამ ვმუშაობდი. ჩანაწერები რომ დამიგროვდებოდა, მასთან მივდიოდი. ერთ მიღებაზე უწმინდესმა ბრძანა, მინდა საპატრიარქოში დაიწყოთ მუშაობაო და დღემდე აქა ვარ.
- თქვენ გამოეცით ოთხტომეული, სადაც უწმინდესის შესახებ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი.
- დაახლოებით 25 ათასამდე დოკუმენტიდან მომიწია მასალების გადარჩევამ, რაც ძალიან გამიჭირდა, რადგან თითოეული მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თავს იმით ვიიმედებდი, რომ მომავალი თაობა ჩემზე უკეთ გაართმევს თავს ამ მეტად საპატიო საქმეს. ოთხტომეულში განთავსებულია სკოლის, სტუდენტობის პერიოდების მასალები. საინტერესოა მშობლების წერილები მისი უწმინდესობისადმი, რომელიც თავისივე ხელით აქვს აკინძული. პატრიარქის აღსაყდრების შესახებ მასალებში მკითხველი დაწვრილებით გაეცნობა მისი უწმინდესობის უდიდესი ძალისხმევის შედეგად როგორ თანდათანობით მოხდა ეკლესიისაგან გაუცხოებული ქართველი ერის სულიერი ფერისცვალება, დახურული ეკლესიების გახსნა, საბოლოოდ კი ახალაშენებული ტაძრებით როგორ მოიქარგა საქართველო.
"მე მინდა, გავიმეორო ის, რაც მრავალჯერ მითქვამს - თქვენი შვილები ცოცხლები არიან! ეს უნდა გახსოვდეთ! ისინი არიან მკვიდრნი ზეციური სასუფევლისა და მე მინდა, რომ დღეს მათმა სულებმა გაიხარონ... და თუ გინდათ, რომ გაიხარონ, ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი დღესვე, რომ მიბრძანდებით სახლში, რადგან ეს იქნება დიდი სიხარული!.. მე მინდა დაგლოცოთ ყველა, განსაკუთრებით კი - ქალბატონი მზია, რომელმაც გამოიჩინა დიდი სიმტკიცე, ვაჟკაცობა და აიტანა ის განსაცდელი, რომელიც მოუვლინა უფალმა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ცხოვრება ეს არის გამოცდა. ჩვენ უნდა ავიტანოთ ეს გამოცდა და წარვსდგეთ წინაშე ღვთისა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - თქვენი შვილები ითხოვენ, რომ ჩაიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი. შავების ტარებით ნუ დაამძიმებთ მათ სულს!
ჩვენთან არს ღმერთი! ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
"შეიშრეთ ცრემლი, განა შვილის გარდაცვალება გვაშორებს დედა-შვილს?"
ახლახან შევიტყვე, რომ გარდაიცვალა თქვენი ჰოლდინგის ახალგაზრდა თანამშრომელი. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, მშობლებს, მეუღლეს, შვილებსა და ყველა მის გულშემატკივარს და მივმართო მის დედას: - ქალბატონო მარინა, შეიშრეთ ცრემლი, განა შვილის გარდაცვალება გვაშორებს დედა-შვილს? არა, პირიქით, მათ შორის უხილავი ძაფი იბმება, რომელიც უკიდეგანო სივრცეში მიემართება და გაუტეხელი, ჩაუნგრეველი ხიდია ამ ორ სოფელს შორის. დღეიდანვე უნდა დავიწყოთ მზადება ჩვენს შვილებთან შესახვედრად. თქვენი ვაჟის ნაკეთები კეთილი საქმეები უამრავ ადამიანს გზას გაუნათებს. თქვენ, რომელიც ახლა საშინლად გულმოკლული ხართ, თქვენი ლოცვები მოგიტანთ ღვთის უდიდეს მეოხებასა და სიმშვიდეს.
რუსუდან შაიშმელაშვილი