"ჩემი ქალაქი იმ დღესაც დაბომბეს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, პუტინს მშვიდობა სურსო"
იმ დღეს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, ვლადიმირ პუტინს მშვიდობა სურსო, რუსები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ. "ჩვენ ნამდვილი მშვიდობა გვინდა!" - ამბობს უკრაინაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მებრძოლი მეუღლე და ორი თვის გოგონა ჰყავს. სალომე გეგია საქართველოში დაიბადა, მაგრამ ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როდესაც მისი ოჯახი ხარკოვში დასახლდა. სალომე გვიამბობს, როგორია ომში ცხოვრება და გაგვაცნობს უკრაინელი ხალხის აზრს დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალური შეხვედრის შესახებ.
- ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ჩვენს პრეზიდენტზე ამბობდა, მშვიდობა არ სურსო. ვის შეიძლება უნდოდეს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელებს? ორი თვის შვილი და მებრძოლი მეუღლე მყავს, წარმოგიდგენიათ ამ სამყაროში ვინმე, ვისაც ჩემზე მეტად სურს ომის დასრულება?! მაგრამ რასაც ტრამპი გვთავაზობს, არ არის მშვიდობა, ეს არის შანსი პუტინისთვის, მობილიზება გაუკეთოს არმიას და განახლებული ძალით დაიწყოს უკრაინელების ხოცვა. არავინ დათანხმდება მის კაპიტულანტურ პირობებს. სამი წელი ვიცხოვრეთ ომსა და უბედურებაში, სიკვდილის შიშით. უკრაინაში ოჯახი აღარ არის, ვისაც ნათესავი დაღუპული არ ჰყავდეს. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების მყარი გარანტია, სხვა შემთხვევაში, უკრაინელები ბრძოლას გააგრძელებენ.
- ამერიკელებზე გაბრაზებული ხართ?
- არა, ჩვენ მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპზე ვართ გაბრაზებული. ამერიკელები ძალიან მაგარი ხალხია, აქაც იბრძვიან მოხალისეებად. მე და ჩემს მეუღლესაც გვყავს ამერიკელი მეგობარი - მაიკლი, ისიც ძალიან შეწუხებულია ტრამპის პოლიტიკით.
- როგორც ტრამპი ამბობს, ის წუხს, რომ ადამიანები იღუპებიან.
- თუ წუხს, მაშინ მოგვცეს უსაფრთხოების გარანტია. იმ პირობებით, რასაც ახლა გვთავაზობს, მშვიდობა გრძელვადიანი არ იქნება. რუსეთი არ გაჩერდება, თუ ძალით არ გავაჩერებთ. ეს საშინელება იმისთვის არ გაგვივლია, რომ რუსეთს სულის მოთქმის და ხალხის ხოცვის გაგრძელების საშუალება მივცეთ. რუსები იტყუებიან, რომ ვითომ მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებს და სამხედრო ბაზებს ბომბავენ, სინამდვილეში ყველაფერს ანადგურებენ, მათ შორის სამშობიაროებს და საბავშვო ბაღებს, სკოლებს...
- სად ცხოვრობთ?
- ახლა მეუღლესთან, დმიტრი შიკოვსა და ორი თვის მარიამთან ერთად ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან ახლოს ვცხოვრობ. მეუღლე არტილერისტია, ფრონტის წინა ხაზზე დაიჭრა და ისეთი ტრავმა მიიღო, ბრძოლას ვეღარ გააგრძელებდა. ახლა უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიგონზე სამხედროებს წვრთნის. დილით მიდის, საღამოს მოდის, ხშირად ღამეც რჩება. ჩემი მეუღლის დედა და ნათესავები დონბასის იმ ნაწილში ცხოვრობენ, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ. მე ხარკოვში ვცხოვრობდი, მშობლებსა და ძმასთან ერთად. სხვათა შორის, ჩემი ქალაქი იმ დღესაც დაბომბეს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, პუტინს მშვიდობა სურსო...
2022 წლის 18 თებერვალს, ჩემს დაბადების დღეს, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდი. ჩემმა მეგობარმა თქვა, ყოველი შემთხვევისათვის მოდი, მანქანებში საწვავი ჩავასხათ და გასაქცევად მოვემზადოთო. მე სიცილით მოვკვდი, რას ამბობ, XXI საუკუნეა, ომი რომც დაიწყოს, მშვიდობიან მოსახლეობას არ შეეხება-მეთქი. პირველი ბომბი დილის 4 საათზე ჩამოვარდა. პირველი დღეები ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა, ყველგან საშინელი ქაოსი იყო. ცოტა რომ დავმშვიდდით, პოლტავაში გადავედით, არ გვჯეროდა, რომ ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდებოდა. სამედიცინო უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, რეზიდენტურაზე უნდა შემეტანა საბუთები. არ მინდოდა ქვეყნის დატოვება, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ იყო. საქართველოში ჩამოვედით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მე და მამა ისევ ხარკოვში დავბრუნდით, რეზიდენტურაზე ჩავაბარე. მამას ქართული რესტორანი ჰქონდა. თუმცა შეუძლებელი გახდა იქ ცხოვრება და იძულებული გავხდით, იქაურობა დაგვეტოვებინა.
- ისევ საქართველოში დაბრუნდით?
- არა, დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამიტომ მე და მამამ საფრანგეთში წავიყვანეთ. ამასობაში ჩემი მეუღლე გავიცანი და ისევ უკრაინაში დავბრუნდი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო და ლამაზი ისტორია გვაქვს. მე და დმიტრის ერთი საერთო მეგობარი გვყავს - მარიამ ჟვანია. ერთხელ დმიტრიმ მარიამს ფეისბუკზე ჭურვის ფოტო გაუგზავნა, რომელზეც ეწერა: "აფხაზეთი საქართველოა". მე, რა თქმა უნდა, დავალაიქე. დმიტრიმ მეგობრებში დამიმატა და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ამ ამბიდან ძალიან მალე შეიქმნა ჩვენი ქართულ-უკრაინული ოჯახი.
- დმიტრის ოჯახმა როგორ მიიღო ქართველი რძალი?
- ძალიან კარგად, უკრაინელებს ძალიან უყვართ ქართველები. ჩემს მეუღლეს მხოლოდ დედა ჰყავს და მას ძალიან გაუხარდა, როდესაც ჩემი წარმომავლობის შესახებ გაიგო, მამაჩემს უფრო არ ესიამოვნა ეს ამბავი, მას სურდა ქართველზე დავქორწინებულიყავი. თუმცა დმიტრი რომ გაიცნო, ძალიან მოეწონა.
- თქვენს გაცნობამდე თქვენმა მეუღლემ რა იცოდა საქართველოს შესახებ?
- თითქმის ყველა ომის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ვიყავით (მაშინ 11 თუ 12 წლის ვიყავი) და უკრაინაში რომ დავბრუნდით, ყველა ძალიან დიდი თანაგრძნობით შეგვხვდა, გვეკითხებოდნენ, რა და როგორ მოხდა. ახლაც სულ მეკითხებიან, აბა, ხომ ისევ მაგრად დგანან ქართველებიო! ისინი ძალიან აფასებენ ქართველების ბრძოლას უკრაინაში, ამბობენ, უკრაინა რომ გათავისუფლდება რუსეთისგან, საქართველოც ამოისუნთქავსო. ძალიან ხშირად მიტირია, როდესაც მინახავს, როგორ ეხმარებიან ქართველები უკრაინელებს და უკრაინელები როგორ გამოხატავენ მადლიერებას. აქ ყველამ იცის, რომ უკრაინელების ყველაზე საიმედო თანამებრძოლები ქართველები არიან, "ქართული ლეგიონი" მათთვის გმირების ლეგიონია.
ხათუნა ბახტურიძე