"მე ხომ "ამტანი ვიყავი ომამდე"?! კაცმა პანიკა არ უნდა დათესო, ღადაობა-ღადაობით, კარგი ვიდეოებით, პოზიტიური განწყობით ყველაფერი "გადაგვაქვს"
მსახიობი ლევან სუხიტაშვილი საქართველოში პირველი რეალითი შოუს - "ამტანის" გამარჯვებული გახლავთ, მაგრამ მას გამძლეობა მხოლოდ ეკრანზე არ დაუმტკიცებია, დღეს ის გურიაში, კაპროვანში, ზღვისპირა საოჯახო სასტუმროს უძღვება, სადაც ქარიშხლებსა და წყალდიდობებთან ბრძოლა ყოველდღიურობის ნაწილია. ახლახან კიდევ ერთ გამოწვევას შეეჯახა - დიდთოვლობის გამო სტუმრებთან ერთად საკვების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. ლევანი ამ პრობლემასაც იუმორით შეხვდა და შექმნილი სიტუაციის შესახებ სოცქსელში ხალისიანად დაწერა...
რას ნიშნავს, იყო "ამტანი" რეალურ ცხოვრებაში? ამის შესახებ ლევანთან ინტერვიუში შეიტყობთ...
- ადამიანს თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს. შესაბამისად, ვისაც ხელის განძრევა არ ეზარება, არაფერი დაემართება, თუკი კრიტიკული სიტუაცია არ არის. განსაკუთრებულად კრიტიკული სიტუაცია აქ არ ყოფილა, გარკვეულ დისკომფორტს კი ადამიანი უნდა უძლებდეს, რადგან ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არასდროსაა. მით უმეტეს, 90-იან წლებში ამაზე უარესი მაქვს გამოვლილი... ახლა ბევრი ისეთ რაღაცებზე წუწუნებდა, რაც წუწუნად არ ღირს...
- როცა შენ და შენი სტუმრები ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩით, სიტუაციის მართვა როგორ მოახერხე?
- ერთი დღით წყალმომარაგებაც შეწყდა. პირადად ჩემთვის პრობლემა არ ყოფილა, მე ხომ "ამტანი ვიყავი ომამდე"?! უბრალოდ, ჩემი სტუმარი ქალბატონი ბავშვთან ერთად იყო და შექმნილი სიტუაციისთვის მოუმზადებლები ვიყავით. ჯერ ელექტროენერგია გაითიშა, ბუნებრივი აირის მოწოდება კი მხოლოდ ჩვენს სახლს შეუწყდა, რადგან ერთი დიდი ტოტი სწორედ ჩემი სახლის წინ მილს დაეცა - დილით ყავას ვამზადებდი, როცა საშიIნელი ხმა გავიგონე და შუქიც ჩაქრა. გარეთ გავიხედე და მივხვდი, რაც მოხდა... ჩემს უბანში დენი მხოლოდ ერთ ადამიანს მიეწოდება - ჩემგან 100-150 მეტრში ცხოვრობს. მას ვთხოვე და კაბელი გადმოვჭიმე. ბუნებრივი აირის მოწოდება 2 დღის წინ აღადგინეს. მანამდე პირველყოფილებივით ვცხოვრობდით. (ინტერვიუ ჩაწერილია 1 მარტს - ავტ.). ამ ხნის განმავლობაში ტელეფონს ავტომობილში ვტენიდით, რადგან გარე სამყაროსთან დასაკავშირებელი სხვა საშუალება არ გვქონდა. 2 დღე ტელეფონის ინტერნეტითაც ვერ ვსარგებლობდით. სხვათა შორის, გარე სამყაროსთან მოწყვეტამ "გაასწორა"...
კაპროვანში სტუმრები დიდთოვლობამდე 2 დღით ადრე ჩამოვიდნენ. რამდენიმე დღით განტვირთვა სურდათ. ისეთი ამბავი მოხდა, ნამდვილად "განიტვირთნენ"... თავდაპირველად, ყველაფერი ლამაზად დაიწყო. მეც მიხაროდა - ვაა, თოვლი, რა ლამაზია-მეთქი! უცებ ისეთი ამბავი ატყდა, ისეთი ჭახაჭუხის ხმა ისმოდა, ვუყურებდი, უზარმაზარი ტოტები როგორ იმტვრეოდა - ძველმა ხეებმა თოვლს ვეღარ გაუძლო... ჩემი სტუმარი ქალბატონი დეპრესიაში ჩავარდა. მასთან ხან ჩაი ამქონდა, ხან საჭმელს ვუმზადებდი, მინდოდა, ყურადღება მიმექცია, ძალიან შემებრალა... სხვათა შორის, წინათ ქარიშხალმა ხე რომ წააქცია, მაშინაც სტუმრები მყავდა, მათ შორის, 2 ბავშვი. მახსოვს, ძალიან ეშინოდათ. ჩემი სახლიდან 20 მეტრში 40-მეტრიანი ფიჭვი იდგა. დავინახე, ეს ფიჭვი მიწიდან როგორ ამოვარდა და სახლისკენ წამოვიდა. პირდაპირ აივანს უნდა დასცემოდა, სადაც ვიჯექი, მაგრამ ბოლო წამს რაღაც ფესვმა დაიჭირა - ხემ გეზი მარცხნივ აიღო, სახლს 5 მეტრში ასცდა და ღობე გადაანგრია. მაშინ ჩემი ძმა გიორგიც აქ იყო... მოკლედ, მსგავსი ამბები აქ ჩვეულებრივი მოვლენაა - გემის კაპიტანივით გავვარდები ხოლმე...
- დიდთოვლობისას უცხოელმა ქალბატონმა, რომელიც სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში მეურნეობას უძღვება, საკვები მოგიტანა. როგორ გაიცანი ის?
- რეჯინა კაპროვანში ხშირად გვსტუმრობს. ძალიან კარგი ადამიანია. წარმოშობით ჩეხია. 20 წელი შვეიცარიაში ცხოვრობდა, სადაც გათხოვდა. შემდეგ, როგორც მითხრა, იქაური ბიუროკრატიის, კანონების (რომლის გამოც, მაგალითად, ბავშვი თუ ბაღში არ მიიყვანე, შესაძლოა, 5 დღით მშობელს წაართვან) გამო დაიღალა, ძირითადი ქონება გაყიდა და ახლა სამტრედიაში ფერმას უძღვება. საოჯახო სასტუმრო აქვს... რეჯინას ქათმებიც ჰყავს, ძროხებიც, ვირებიც, ცხენებიც... სულ მეხვეწება, ვესტუმრო, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა რეჯინამ ისეთი ადამიანობა გამოიჩინა, გამაოცა, სოცქსელში ჩემი პოსტი ნახა და დამიკავშირდა - ლევან, მოვდივარ, რაღაცები უნდა მოგაწოდოო. ვიუარე, მაგრამ ადამიანს პატივისცემა უნდოდა... ასეთ საქციელს ვაფასებ და მსიამოვნებს.
- სოცქსელში იუმორით წერდი, თუმცა ხელისუფლებას დახმარებისკენ მოუწოდე...
- ჩვენთან, მთავარ გზამდე მანძილი 2 კილომეტრია, რომელიც მეტრ-ნახევრიანი თოვლით იყო დაფარული. ის ტერიტორია გაწმინდეს, მაგრამ ჩვენამდე, დასახლებულ პუნქტამდე არ შემოვიდნენ. ალბათ, 30-40 წუთის საქმე იქნებოდო... გულგრილი, უპასუხისმგებლო საქციელი იყო. იციან, რომ აქ მოსახლეობის რაოდენობა მცირეა და ალბათ ასე იმიტომ მოიქცნენ... მერე აღარც მითხოვია, როცა ვხედავდი, ხალხი ჩემზე უარეს სიტუაციაში იყო... კაპროვანის ბოლოში ერთ კაცს მაღაზია აქვს. იქამდე მისასვლელ-მოსასვლელად საათ-ნახევარი დამჭირდა - თოვლში, ტოტებს შორის ვიარე, სვენებ-სვენებით... მეპატრონეს მაღაზია გავახსნევინე, მაკარონი და სხვა პროდუქტები, რაც ჰქონდა, წამოვიღე... ერთადერთი, გათბობის პრობლემა გვქონდა, თუმცა სხვაგან უარესი იყო და ხმა აღარ ამომიღია...
- შენს მოწოდებას რეაგირება არ მოჰყოლია? რამე სახის დახმარება თუ მიიღე?
- საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით დამირეკეს, მაგრამ არ გამოვართვი, არ მჭირდებოდა. მადლობა გადავუხადე და თავაზიანად გავისტუმრე. საღამოს გავარკვიე, რომ გამგეობიდან მაინც გამოუგზავნიათ... თან, ამიხსნეს, სოფლებში რთული სიტუაციაა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობსო...
- საერთოდ რამდენად სწრაფად რეაგირებს ხელისუფლება, \თვითმმართველობა რეგიონში შექმნლ პრობლემებზე?
- ყოფილა ქარიშხლები, რომლებსაც ხეები წაუქცევია და ელექტროენერგიის თუ ბუნებრივი აირის მოწოდება ერთ დღეშივე აღუდგენიათ. ეტყობა, დიდთოვლობისთვის მზად არ იყვნენ და გაუჭირდათ. "პიკაპი" თოვლში ჩავარდა, თანამშრომლები ტერიტორიაზე ვერ შემოდიოდნენ, იმხელა თოვლში ფეხით დადიოდნენ - ღმერთმა გაუმარჯოთ! მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეაკეთეს, ყველანაირი საფრთხე შეამოწმეს, რომ სადმე დენს არ გაეჟონა. ბუნებრივ აირზეც დიდ ყურადღებას იჩენდნენ... როგორ შეიძლება ეს არ დაინახო და ამ ადამიანებს მადლობა არ გადაუხადო?!
- როგორ ფიქრობ, ასეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად რეგიონი მზადაა?
- აქ კატასტროფული სიტუაცია არასოდეს შექმნილა. ერთადერთი, შარშანწინ, ქარიშხლების დროს, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღით დაიგვიანეს და ხე სახლის ღობეს დაეცა, დანარჩენს ყველაფერს ოპერატიულად აკეთებენ. მხოლოდ ძროხები ვერ მომაშორეს. თან ძროხებისთვის ზანზალაკების დახსნას ვითხოვ, თორემ დადიან დილაადრიან (იღიმის)... რაც შეეხება წყალდიდობას, ალბათ, არხი უნდა გაიყვანონ. აქ არხი არის, რომელიც გასაწმენდია. საერთოდ, ეს ახალი დასახლებაა, ახლა შემოიყვანეს ცენტრალური გაზი, კანალიზაცია, იმედია, არხსაც გააკეთებენ, მოაწესრიგებენ... მე დასახლების პირველივე ზოლში, ზღვის პირას ვცხოვრობ და აქ პრობლემა სულ იქნება. ზღვა ისეთი სტიქიაა, ხან რა გამოწვევა იჩენს თავს, ხან - რა. აზარტში ვარ შესული. ეს ექსტრიმი, ბუნებასთან ბრძოლა მომწონს! განა რა უნდა იყოს? ზღვიდან ან ქარიშხალია, რასაც წინ ვერ აღუდგები, ან - ხეების ცვენა, წვიმა, შტორმი... დიდთოვლობა აქ უმეტესობამ პირველად ვნახეთ...
აქ ისეთი ჰავაა, სუბტროპიკული მცენარეები კარგად ხარობენ... სხვათა შორის, გორიდან ხილის ნერგები ჩამოვიტანე: ვაშლი, მსხალი... უკვე მესამე წელია, სახლის უკან მაქვს დარგული. 15 ნერგიდან 6-მა გაიხარა, ოღონდ არ ვიცი რისი ნერგებია. ნაყოფს წელს გამოისხამს და გავიგებ - ფოთლებით ვერ ვცნობ...
- როგორც ვიცი, კაპროვანის ტერიტორიაზე ხშირად ტოვებენ ძაღლებს. როგორ ფიქრობ, რა უნდა შეიცვალოს, რომ ეს პრობლემა შემცირდეს?
- სხვათა შორის, ძაღლების "დაჩიპვის" იდეა მომწონს. თუკი შენს ოთხფეხა მეგობარს მიატოვებ, უპატრონოდ გაუშვებ, პასუხი მოგეთხოვება. ასეთ შემთხვევაში, ძაღლის აყვანამდე ადამიანი კარგად დაფიქრდება, ნამდვილად უნდა თუ არა მისი ყოლა... კაპროვანიდან ძაღლების წინა ნაკადი შესაბამისმა სამსახურმა რომ წაიყვანა, მაგრად "გამიტყდა". კი, ზოგი ძაღლი ტვინს ბურღავდა, მაგრამ აგრესიული არც ერთი არაა: თავისთვის დადიან, არაფერს აშავენებ, ტურისტები ეფერებიან, აჭმევენ... ამ ზამთარს კიდევ 2 ძაღლი შემომეკედლა - ვაჭმევ... ზაფხულში თავს თვითონ მიხედავენ.
- ლევან, საქართველოში პირველი რეალითი შოუს გამარჯვებული ხარ. ეს გამოცდილება შენს ცხოვრებაზე როგორ აისახა?
- პირველ რიგში, იქ გავიცანი ჩემი დღეს უკვე ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი მამუკა ღლონტი. ასევე, "ამტანი" რომ არ ყოფილიყო, ვერ გავიცნობდი ჩემს აწ უკვე მეუღლეს... პროექტში მონაწილეობით უამრავი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე. შოუში გამარჯვების შემდეგ ბევრი მიმართულებით შევიცვალე: როცა ძალიან ბევრ ხალხს უყვარხარ, ბევრ რამეზე ფიქრობ... ბევრი კარგი ადამიანი შევიძინე... მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში, "ამტანი" მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილება.
- დიდთოვლობის დროს ოჯახი ალბათ ძალიან ნერვიულობდა - როგორც ვიცი, შენი ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობს, თავად კი უმეტს დროს კაპროვანში ატარებ...
- ხან თბილისში თავად მივდივარ, ხან არდადეგებია და ბავშვები, მაკა (მეუღლე) მომყავს ხოლმე... მინდა, 2 დღით თბილისში ჩავიდე, ბავშვების ნახვა მოვასწრო, რადგან მალე კაპროვანში ჩემი ბათუმელი მეგობრები ჩამოდიან, ჩემი სახლის წინ ტყის გაწმენდაში უნდა მომეხმარონ და აქაურობის მოწესრიგება დავიწყო... შექმნილ სიტუაციაზე ოჯახის წევრების რეაქციას რაც შეეხება, საერთოდ, კაცმა პანიკა არ უნდა დათესო და სხვები არ ანერვიულო, პირიქით, უნდა დაამშვიდო, მით უმეტეს, გამოუვალი მდგომარეობა არ არის - ღადაობა-ღადაობით, კარგი ვიდეოებით, პოზიტიური განწყობით "გადაგვაქვს"...
ეთო ყორღანაშვილი