„სტაჟიანი“ თავბერიკა კურკა და ბერიკაობა - კვირის პალიტრა

„სტაჟიანი“ თავბერიკა კურკა და ბერიკაობა

როგორ ვახერხებდით ქართველები მუდამ ძნელბედობის მიუხედავად იდენტობის შენარჩუნებას?A ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. თუმცა ისიც ცხადია, რომ მხოლოდ ბრძოლის ცოდნა ვერაფერს გვიშველიდა, სხვა უნარებიც რომ არ დაგვხმარებოდა! ჰოდა, თუ იკითხავთ, კიდევ რა უნარებიო, გთავაზობთ ერთხელ მაინც ნახოთ კახური ბერიკაობა და მიხვდებით, თუნდაც ცოტა ხნით პრობლემების დავიწყება და მხიარულებაში გადაშვება რა საამოა. მათ შორის, ჩაილურელებისთვისაც - ჩვენი ქვეყნის ამ უხვ სოფელში ვინ იცის, წელს მერამდენეათასე ბერიკობა გაიმართა. ყოველ შემთხვევაში, პატარა ჩაილურში "სტაჟიანმა" თავბერიკამ კურკა (თენგიზ) ღვინაშვილმა მითხრა, გახსოვდეს, ჩაილურელი ბერიკები მთელ საქართველოში ყველაზე საუკეთესო და ცნობილი ვართო. ჰოდა, ჩაილურელების ბერიკაობაზე მოგიყვებით:

- ჯერ ეს მითხარით, თენგიზი დაგიძახოთ თუ კურკა? მე მითხრეს, მაგას უფრო კურკას დაძახება უხარიანო.

- რას ჰქვია, მეწყინება?! რაც დავიბადე, იმ დღიდანა დედამ კურკა რომ შემარქვა, აგე 70 წლამდე კურკად მოვდივარ, და თენგიზი რომ დამიძახონ, ვაითუ სულ არ მივხედო. შვილიშვილი მყავს 2 წლის, ენაცვალოს პაპაი, ისიც კურკა პაპას მეძახის.

- ჰოდა, კურკა პაპავ, როგორც გავიგე, ადრე სოფლის უცვლელი თავბერიკა ყოფილხართ. როგორ გახსოვთ, როგორი იყო ბერიკაობა ნახევარი საუკუნის წინ და როგორია ახლა, ბევრი რამ შეიცვალა?

- რას ამბობ, კაცო, დღესა ხალხი კოსმოსში ეზიდება ბლოკებს სახლის ასაშენებლად, ჩვენა კიდევ ისევ ბერიკაობის ჯიგარში ვართ! ჰოდა, ის კოსმოსელი კაცი თუ მეტყვის, ბერიკაობაში რომ ხარ, ეგ კარგი ხომ არა გგონია, ჩამორჩენილი ხარო, ვუპასუხებ, კაცო, მე ბერიკაობა მიხარია, შენ კიდე კოსმოსი, ორივეს რაც გვიხარია, ღმერთმა ის შეგვარგოს ტკბილად-მეთქი. ისე, ეს ჩვენი ბერიკაობა ადრეც სულ ყველიერის კვირაში ყოფილა. წვიმა იყო, თოვლი თუ ქარი, არავინ გააცდენდა. ქალები დააცხობდნენ ქადებს, ბერიკებიც წაიღებდნენ თავიანთ ნადავლ სანოვაგეს და ნოდარაანთ კალოზე ავიდოდნენ პურის საჭმელად. მერე იქ თუ მამდურავეი ვინმე იყო, შერიგდებოდნენ და შეუდგებოდნენ პურის ჭამასა და ლხინსა.

- შერიგდებოდნენ რატომ? ჩხუბობდნენ?

- არა, კაცო, მაგრამ ხო შეიძლება ვინმეს გულში ერთმანეთის ხინჯი ჰქონოდა. პატიების დღეც ხომ იცით, ყოველთვის ყველიერშია.

- და ბერიკაობაც ყველიერშია.

- ჰო, ეგრეა, ყველიერის ბოლო შაბათ-კვირას. მანამდე ბერიკები სამზადისში არიან. სამოსსა და მის მოწყობილობას თავადვე კერავენ. ეგ რაც არის, ხო იცი: ნიღბები, რქები, მათრახები, ჭრელაჭრულა ტანსაცმელი, ქათმის ბუმბულით მორთული. მერე ამეებში ჩაცმულებმა სიცილ-ხარხარით უნდა მოიარონ მთელი სოფელი. ყველგან უნდა შევიდნენ, ყველგან! სადაც კარს არ უღებენ, სახურავიდან უნდა ჩაძვრნენ, თუ ხარკს არ მისცემენ, ძალად უნდა წაიღონ, ისიც სიცილ-ხარხარითა. ხალხიც ეგრე ეგებება, სიცილ-ხარხარითა და ხუმრობით!

- მაშ, ბერიკაობა ხარკის აკრეფასაც გულისხმობს ხო? როგორია, კაცი მთელი წელიწადი ასუქებს ვარიებს, ერთ დღეს კი ბერიკები მიადგებით კარზე, მომეციო.

- როგორია და ძალიანაც კარგი! ყოფილა, გოჭიც მოუციათ ხარკათა, მა არ უნდა მოეცათ?! მაგ გოჭზედ იყო, იყო რუს ჟურნალისტს ლამის ყბა მოსძვრა შურითა. ამ გოჭიანად რო დამინახა, შემეხვეწა, მაგ გოჭიანად გალავანს ხო ვერ გადაახტები, სურათი უნდა გადაგიღოო! უარს რატომ ვეტყოდი, ამოვიღლიავე ეს ჩემი გოჭი და გადავევლე გალავანსა. მერე კიდევ ხუთი ასეთიც გადამახტუნა, სურათი გამიფუჭდაო და იმაი ეგონა, ვეღარ გადავახტებოდი! მერე ეგეც ნოდარაანთ კალოზე გავიყოლე პურის საჭმელადა.

- ესეც მითხარით, ძუნწი მასპინძელი თუ შეგხვედრიათ?

- ძუნწი და ხელგაშლილი ორივ ერთად მოსდევს ცხოვრებასა! ჩვენს სოფელშიც ცხოვრობდა ეგეთი ძუნწი, რო არასდროს არაფერს გვაძლევდა. აი, მაგ კაცსა გავექანე და დედალი დავუჭირე ეზოშია. ეგეც გამოქანდა და დედალი რომ მეჭირა, ზუსტად იმ ხელზე დამარტყა ჯოხითა, მაგრამა განა მაგ დედლით გამდიდრდა, სიკვდილამდე ისე ძუნწად და ღატაკად დარჩა, როგორიც იყო.

- ეგ მითხარით, ბერიკების ნიღბებს თავადვე კერავთ?

- ზოგს ვკერავთ, ზოგსაც კიდევ ავაწყობთ. ვინახავთ მანამდე, სანამ არ გაცვდება. ზოგი დიდხანს ძლებს და ზოგი ცოტასა, მაგრამ რუდუნებით ვინახავთ.

- ძველი თავბერიკა ხართ. ახლა როგორი თაობა მოგივიდათ, თქვენ, ძველებს, გჯობიან ახალი ბერიკები თუ პირიქით?

- ძალიანაც კარგები მოგვივიდნენ. ერთგულად აგრძელებენ ბერიკაობის ტრადიციებსა და სხვა რაღა გვინდა.

- არც არაფერი. იყავით, იმხიარულეთ, ხალხიც გაახალისეთ, ჭირის დროს თანაგრძნობა, ლხინის დროს ლხინი არ დაგეზაროთ და ყველაფერი კარგად იქნება, - ვუთხარი სოფლის თავბერიკას და სიყვარულით დავემშვიდობე, მან კი ყველანი პატარა ჩაილურში მომავალ ბერიკაობაზე დაგვპატიჟა. ვისურვოთ, რომ მაშინ მაინც ბედნიერი საქართველო სამხიარულოდ ასევე ლაღად იდგეს.