"ვერც კი წარმოიდგენთ, ძალიან ცნობილ პირებს რამხელა ცრურწმენები აქვთ!" - რისი ეშინიათ საქართველოში: შავი კატიდან გატეხილ სარკემდე
რ აც უნდა არასერიოზული იყოს ცრურწმენებზე საუბარი, მაინც აღმოჩნდება, რომ ბევრს მაინც სჯერა. არადა, შეიძლება თავადაც გულიანად იცინოდეს, მაგრამ უცებ აღმოჩნდება, რომ შავი კატის მიერ გზის გადაჭრისას იქვე ქვას იპოვის და ამ გზაზე მინიმუმ სამჯერ ისვრის, თან ჩაილაპარაკებს, დაე, ჩემ ნაცვლად ქვა დაეტაკოს პრობლემებს, რაც შავი კატის გადარბენამ მომიმზადაო. რატომ დაჰყვა ამ შავი კატის ფერს შავი ბედი ვერ გეტყვით, მაგრამ, ცხადია, ისიც ისევე მშვიდობიანად დადის გზაზე და ზოგჯერ ჩვენი აქეთ ეშინია, როგორც სხვა კატებს! ალბათ, ამ ხალხმა ისიც არ იცის, რა სასჯელს აკისრებდნენ გურულები მას, ვინც კატას თუნდაც შემთხვევით მოკლავდა. ამაზე ფრანგი მოგზაური ჟოზეფ დე ბაი წერს ისტორიისთვის არც ისე დიდი ხნის წინ, სულ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს: გურულებს სწამთ კატის მოკვლისთვის დიდი სასჯელის: ამიტომ კატის მოკვლისთვის ფიცს სდებენ, სიკვდილამდე ცხრა ეკლესია ააშენონო! და განა მარტო შავი კატა?! თავადაც ბევრჯერ შევსწრებივარ გურიაში იმ სცენებს, როდესაც პატარა გოგოები სახლებს ფაცხაფუცხით გვიან და ამასობაში ცოცხებს ბებიებს ახვედრებენ, აი, მაშინ ხდება, რაც ხდება, ბებიების შეძახილი და კივილი, გასწი, ცავ, იქით მაი ცოცხი, ნუ გამომცოცხე, თვარა კიდო უფრო გავღარიბდებიო! არადა, ის ბებოები ღარიბები სულაც არ არიან და არც არასოდეს გაღარიბებულან, მათ ცოცხი კი არა, როგორ ამბობენ, ამოღებული ხმალიც კი ვერ აშინებთ, მაგრამ დამტვრეული ცოცხის დანახვისა კი სიღარიბის შიშით თრთიან.
თუმცაღა რა მიკვირს, ისტორია ძალიან მიყვარს და ერთ დღეს 7000-წლოვანი შუმერული ფირფიტებიც კი გადავიკითხე. აი, იქ დამხვდა, რაც დამხვდა დიდი ფილოსოფია ამ ამბებზე. სიტყვასიტვით ეწერა: "ჩვენმა ღვთაება ანცილმა, ისე იყო გაბრაზებული, ტანზე გადაბრუნებული პერანგი ჩაიცვა, ფეხებზე შებრუნებული ფეხსაცმელი - მარცხენა მარჯვნივ და პირიქით და მეტოქის დასასჯელად გაემართა"! ჰოდა, იცით, ეს 7000-წლოვანი ფილოსოფია რას ნიშნავს? რას და, ბებიაჩემი ჩემზე ხუმრობდა, როდესაც შემეშლებოდა და გადაბრუნებულ პერანგს ჩავიცვამდი, კაი გიქნია, ნენა, აწი ვერაფერი შეგაშინებსო. ჰოდა, ბებიაჩემმა თუ იცოდა, რომ ყველა შიშისაგან გადაბრუნებული პერანგი დამიფარავდა, რა გგონიათ, 7000 წლის წინ შუმერ ღვთაებას არ ეცოდინებოდა?! ჰოდა, იმიტომაც იცვამდა გადაბრუნებულ პერანგებს, შებრუნებულ ფეხსაცმელებს და უშიშრად მირბოდა მტერთან საბრძოლველად. ეს კი ჩვენში ყველაზე გავრცელებული, დავიწყებული თუ დაუვიწყარი ცრურწმენების შესახებ ეთნოლოგ თინა ვასაძეს ვკითხეთ:
- ქალბატონო თინათინ, წარსულს ჩაბარდა რამდენიმე ცრურწმენა, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ დანარჩენი რატომ არ ამოიღო დღის წესრიგიდან?
- რატომაა საკვირველი? ტექნოლოგიების განვითარება იმასაც ხომ არ ნიშნავს, რომ მისი კრიტიკული აზროვნებაც ვითარდება?! თუ ჩვენ ნაცვლად კომპიუტერი ითვლის, ნახაზებს ხაზავს და უცხოენოვან ტექსტებს ჩვენს ენაზე გვითარგმნის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენი ტვინი ვითარდება? სინამდვილეში ტექნოლოგიები ვითარდება, ჩვენი ტვინი კი პასიურობს და მასში ისევ რჩება, რაც ცნობიერებას გადმოსცემია. პრინციპში, ჩემი აზრით, არც ბევრი ცრურწმენა "გაგვიუქმებია". ერთადერთი, ჭინკებთან შეხვედრებს აღარ ვახსენებთ თორემ, სხვა თითქმის ყველაფერი დავიტოვეთ. ჭინკები კი ნამდვილად ტექნოლოგიებმა "განდევნა": სოფლების და ტყეების განათებამაც. ყოველ შემთხვევაში, დღეს ტყეებში ისე ხშირად ვხვდებით, რომ დაგვაღამდეს, და თუ დაგვაღამდა, ფარნებით გავინათებთ გზას. ასე რომ, ჭინკებო, მშვიდობით. სამაგიეროდ, სოფლებსა და ქალაქებშიც ძალიან ბევრგან ვიხილავთ ღობეზე ჩამოცმულ ნარ-ეკალს, რომ ავთვალ კაცს თვალზე ნალი "დაეჭედოს" ანდა ეკალმა დაუვსოს. სხვათა შორის, ადრე ამის სანაცვლოდ ცხენის თავის ქალები იყო გამოკიდებული, მაგრამ ცხენებიც აღარ გვყავს.
- თქვენ ხუმრობთ და, მგონი, ეგ სერიოზული ამბავია, რატომ უნდა სჯეროდეს ადამიანს, რომ მისი სახლ-კარის ავი თვალით მაცქერალს ეკალი დაუვსებს თვალებს?
- ძალიან გრძელი ჟამით შემონახული ცნობიერების გამო. ადამიანი შეუცნობელი არსებაა, მისი ტვინიდან ყველაფერი ვერ იშლება. ერთი ჩემი ნათესავი გურიაში 5 წლის განმავლობაში ემუქრებოდა კაკლის ნერგს, უკვე დროა დაისხა, თორემ ერთ დღესაც წამომივლის და მოგჭრიო. ჰოდა, შარშან რომ დაისხა იმ კაკალმა, ეს კაცი გაიძახის, ჩემი შეეშინდა და იმიტომ დაისხაო.
- თუ წარმოვიდგენთ, რომ ვიღაცამ ბაღი გააშენა და უნაყოფო ხეების შესაშინებლად ბაღში მუდამ ცულითა და მუქარით იარა, მაშინ ხომ არ დაგვადგება კარგი დღე.
- ეგრე არ იქნება, რადგან ყველამ საკუთარი საქმე იცის, დიდმა და პატარა მებაღეებმაც. სამაგიეროდ, ახლა სასიამოვნოდ მაგონდება, როდესაც ბავშვობაში ჩემები სახლის საძირკველზე დაჯდომას არ მანებებდნენ, მაშინვე წამომაგდებდნენ. საძირკველში ეზოში გამავალ კარის ფუძეს ვგულისხმობ, რომელზეც ბავშვებს რატომღაც უყვართ ჩამოჯდომა. ჰოდა, მომვარდებოდა ბაბუა-ბებია და მეტყოდა, ახლავე ადექი, საძირკველს ნუ კეტავ, თუ ჩაიკეტა, სახლიდან აღარც მასპინძელი გავა, აღარც სტუმარი შემოვა, სახლი მოკვდებაო. ახლა ისიც კი მგონია, რომ ძალიან ეშინოდათ სახლების დაცარიელების და ამიტომ მოიგონეს. ამ დროს სოფლების დაცარიელების პრაქტიკა ჩვენ ადრეც გვქონდა ომით, ახლა კი უცხოეთში გახიზვნით გვაქვს. რაღაც-რაღაცები, ალბათ, ჩვენმა წარსულმაც შექმნა.
- ვიცი ადამიანი, რომელიც 13 რიცხვში, ჭერი თავზე რომ ენგრეოდეს, მნიშვნელოვან საქმეს მაინც არ გააკეთებს. გაიძახის, თარსი რიცხვია, საქმეს ხელი როგორ უნდა მოვკიდოო!
- რა თქმა უნდა, ასეთებიც არიან, მაგრამ იმდენად ცოტა, რომ ამ თემაში ჩაღრმავება არ ღირს. მეც მყავს ნაცნობი, რომელსაც სარკე რომ გაუტყდება, ზედ მარილს აყრის, ცუდი ამბავი არ მოხდესო, თანაც, ამბობს, კი ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ ძალაუნებურად ვაკეთებო.
- რით უნდა დავაღწიოთ თავი ცრურწმენას?
- იმით, რომ ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა ავუხსნათ, რომ მსგავსი ამბები არ დაიჯეროს, ამ ასაკში სწავლების დავიწყება კი მუდამ ძნელია. ისე კი, ალბათ, ვერც წარმოიდგენთ, თვით ძალიან ცნობილ პირებს რამხელა ცრურწმენები აქვთ!