"ამ სანახაობის მოწმე მთებიდან ჩამოსული ჯიხვიც გახდა. ჩვენი მეგობრები­ მასთან ფოტოებს იღებდნენ, ეს მაშინ უჩვეულო ამბავი იყო და ტელევიზიითაც გააშუქეს" - კვირის პალიტრა

"ამ სანახაობის მოწმე მთებიდან ჩამოსული ჯიხვიც გახდა. ჩვენი მეგობრები­ მასთან ფოტოებს იღებდნენ, ეს მაშინ უჩვეულო ამბავი იყო და ტელევიზიითაც გააშუქეს"

ოპერატორმა და მთამსვლელმა ნიკა ლებანიძემ მთელი საქართველოს ყურადღება პირველად 20 წლის წინ მიიქცია: მან და მისმა მეუღლემ, მარიამ გულედანმა, ორიგინალური ქორწილი გადაიხადეს და ჯვარი ზღვის დონიდან 4100 მეტრზე - მყინვარ­წვერზე დაიწერეს. ამის შემდეგ ნიკა ლებანიძის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, რის შესახებაც თავად გვესაუბრება:

- მე და მარიამი 2005 წლის ნოემბერში­ დავქორწინდით. მთებთან კავშირი ყოველ­თვის მქონდა და ჩემი იდეა იყო, რომ ჯვარი­ სწორედ მთაში, მყინვარწვერზე დაგვეწერა. ძალიან ლამაზი, შთამბეჭდავი სანახაობა გამოგვივიდა. ჯვრისწერის შემდეგ­ ჩვენმა მაყრიონმა თოვლში ფერხულიც იცეკვა და ამ სანახაობის მოწმე მთებიდან ჩამოსული ჯიხვიც გახდა. ჩვენი მეგობრები­ მასთან ფოტოებს იღებდნენ, ეს მაშინ უჩვეულო ამბავი იყო და ტელევიზიითაც გააშუქეს. მყინვარწვერზე ასვლა ჩვენი ბარის მეგობრებისთვის რთული იყო, მაგრამ ის დღე ყველას კარგად ახსენდება. როგორც აღმოჩნდა, ჯვარი მართლმადიდებ­ლურ სამყაროში ყველაზე მაღალ ტაძარში დაგვიწერია, რომელიც წმინდა სამების სახელობისაა.

- ჯვრისწერა ვინ ჩაატარა?

- ჯვარი ჩვენმა მოძღვარმა, მამა იოსებმა­ დაგვწერა, რომელიც მწვერვალზე­ თხილამურებით ამოვიდა. სხვათა შორის, მანამდე პატრიარქსაც ვესაუბრე და ეს გადაწ­ყვეტილება მისი კურთხევით მივიღეთ.­ ახლა მყინვარწვერზე ასვლა უფრო გამარტივებულია, იქ რამდენიმე ალპური ქოხიც აშენდა. ადრე ძირითადად, უცხოელები­ ადიოდნენ, მაგრამ ახლა ქართველებმაც­ დაიწყეს სიარული. ჩვენ შემდეგ მყინვარწ­ვერზე არსებულ ტაძარში ჯვარი კიდევ რამდენიმე წყვილმა დაიწერა, მაგრამ ჩვენ პირველები ვიყავით. მე და მარიამს ერთი შვილი გვყავს, ელენე, ის მალე 8 წლისა გახდება. მაქსიმალურად ვცდილობ მთები და ბუნება მასაც შევაყვარო.

mariami-da-n-1741545172.jpg

- თქვენ პირველი ქართველი ხართ, ვინც პერუს ყველაზე მაღალ მწვერვალზე,­ უასკარანზე ავიდა და იქ ჩვენი დროშა აიტანა...

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ბევრი საინტერესო ადგილი ფეხით მაქვს მოვლილი. უასკარანზეც ჩემი კამერით ავედი. ჩრდილოეთ პოლუსზე, ჰიმალაის მთებში, პერუში, ტიან-შანზე, ალპებში, აფრიკაში... ექსტრემალური გადაღებები თითქმის­ ყველა კონტინენტზე მქონია. ეს ჩემი პროფესიული ინტერესია, მომწონს, რომ ცნობილ სპორტსმენებთან ერთად მიწევს სიარული, მათ მიღწევებს ჩემი ობიექტივით ვიღებ და ყველას ვაცნობ. სხვადასხვა დროს ტელეეთერისთვის სხვადასხვა რუბრიკას ვაკეთებდი, რომელიც ჩემს საყვარელ საქმიანობას - მოგზაურობას ეხებოდა. ახლა უკვე სოციალურ მედიაზე გადავერთე. ჩემი იუთუბ-არხი მაქვს, მთელ საქართველოში ვმოგზაურობ და დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანას სულ სხვა თვალით ვაცნობ.

- ცნობილია თქვენი თანამშრომლობა და მეგობრობა ცნობილ სპორტსმენთან, იური როზოვთან. მასზე რას გაიხსენებთ?

- სამწუხაროდ, ეს საოცარი პიროვნება უკვე გარდაცვლილია. უშბიდან რომ გადმოხტა, მისი საქმიანობით პირველად სწორედ მაშინ დავინტერესდი. ის ყველაზე ექსტრემალური და საშიში სახეობის - ბეისჯამპინგის მიმდევარი იყო. მსოფლიო რეკორდი ამ სახეობაში სწორედ მან დაამყარა. მეც იმ ექსპედიციის მონაწილე ვიყავი, როცა იური როზოვი ევერესტიდან გადმოხტა. მე ამ ადამიანს წლების განმავლობაში დავყვებოდი და მის მიღწევებს ვიღებდი. ჩემი კამერით მაქვს გადაღებული, თუ როგორ გადმოხტა კილიმანჯაროს მთიდან, უასკარანიდან, მასთან ერთად დავლაშქრე ჩო-ოიუ - მწვერვალი, რომელიც ტიბეტში, 8 ათასი მეტრის სიმაღლეზეა. ეს არის მსოფლიო რეკორდი, რომელიც შემდეგში აღარავის მოუხსნია ისევე, როგორც უასკარანის რეკორდი. ვალერი როზოვი ამ სფეროში დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი­ აღარ არის. ჩვენ 10 წლის განმავლობაში დავდიოდით ექსპედიციებში,­ 4-კაციანი ჯგუფი გვქონდა, ორი უკვე გარდაცვლილია. მათთან ერთად ყველაზე არაორდინარულ ექსპედიციებში ვმონაწილეობდი.

mthazee-1741545172.jpg

- შეიძლება ითქვას, რომ მოყვარული მთამსვლელი ხართ?

- მთამსვლელობაზე პრეტენზია არასდროს მქონია, უბრალოდ, დავყვ­ებოდი­ და ჩემი კამერით ვიღებდი ცნობილ­ სპორტსმენებსა და მათ რეკორდებს. მაგალი­თად, ევერესტის ნახტომი რომ გადავიღე, 8 ათას 200 მეტრ სიმაღლეზე ვიყავი, მაგრამ ამ პროექტში მწვერვალზე ასვლა არ შედიოდა­. ავდიოდით მწვერვალზე,­ ვპოულობდით იმ ადგილს, საიდანაც სპორტსმენი ნახტომის გაკეთებას­ შეძლებდა და მე ვიღებდი. როგორც წესი, მწვერვალამდე 10 მეტრიც რომ დაგაკლდეს, აღარ გეთვლება,­ რომ დაპყრობა შეძელი, ამიტომ ვამბობ, რომ მთამსვლელობაზე პრეტენზია არ მაქვს.M

- რა განცდაა, როცა ადამიანი ასეთ მაღალ მწვერვალზე ავა?

- ამ შეგრძნების სიტყვით გადმოცემა მარტივი არ არის - ეს მთელი ფილოსოფიაა, შენი ცხოვრების ნაწილი, რომლითაც­ არსებობ... მწვერვალზე ასვლას სერიოზული მომზადება სჭირდება, ეს გრძელვადიანი, შრომატევადი პროცესია, რომელიც მთაზე ასვლისას გავიწყდება, რადგან ამ დროს არნახული ემოციები გეუფლება.

ferxulii-1741545171.jpg

- რომელ მწვერვალზე ასვლა იყო თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი?

- კილიმანჯაროს მთაზე ასვლა, რადგან დედამ­იწის ყველა სარტყელი გავიარეთ: თავიდან ჯუნგლებში ვიყავით, მერე ბამბუკ­ებში, შემდეგ, ნაძვნარში აღმოვჩნდით, მერე კი ყინულებში, იქ დღის განმავლ­ობაში ბუნება რამდენჯერმე იცვლება. ეს მთა ბუნების ნამდვილი საოცრებაა.

- საქართველოში რომელი ადგილია ყველაზე საინტერესო?

- ჩვენთან ბევრი ასეთი­ ადგილია, რადგან დედამიწაზე ველური ბუნება იშვიათი სანახავი გახდა. მაგალითად, ალპებში­ რომ ადიხარ, სასტუმრო ყოველ ნაბიჯზეა, ანუ იქ ველურ ბუნებასთან კონტაქტის დრო ნაკლებად­ გრჩება. ადამიანი მთებში იმიტომ მიდის, რომ განმარტოვდეს და ბუნებასთან სიახლოვით სიამოვნება მიიღოს. მადლობა ღმერთს, საქართველოში ამის საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს - ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ტურისტები ჩვენთან ჩამოდიან. ხევის მხარე, თუშეთი, სამხრეთი საქართველო, აჭარა, სვანეთი­ - ეს ადგილები ველური ბუნებისა და მთების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.

ხათუნა ჩიგოგიძე