51 წლის ამერიკელი მსახიობი ედრიენ ბროუდი მეორე "ოსკარის" მფლობელი გახდა.­ პირველი 2002 წელს მიიღო, ფილმისთვის "პიანისტი", რომელშიც­ მოთხრობილია პოლონელი ებრაელი პიანისტის ვლადისლავ შპილმანის ამბავი­ მეორე მსოფლიო ომში. ბროუდის მეორე "ოსკარიც", ფილმისთვის "ბრუტალისტი", მეორე მსოფლიო ომისგან დაზარალებული ებრაელის როლმა მოუტანა... 1973 წლის 14 აპრილს, ნიუ-იორკში, მამით პოლონელი ებრაელისა და დედით ჩეხი ებრაელის ოჯახში დაიბადა ედრიენ ნიკოლას ბროუდი, ბიჭი, რომელიც მოგვიანებით ნიჭიერი და ინტელექტუალი მსახიობი გახდა. "არც იუდაიზმსა და არც ქრისტიანობასთან ძლიერი კავშირი არ მქონია, ასე გამზარდეს", - თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში. დღეს მედიის ყურადღება ბროუდისკენაა მიპყრობილი, ამიტომაც მის უკეთ გასაცნობად გთავაზობთ მსახიობის სხვადასხვა დროს მიცემული ინტერვიუებიდან ამონარიდებს, რომლებიც ოსკაროსან მსახიობს კადრს მიღმ დაგვანახებს. „ბოროტება არ უნდა დავუშვათ“ "მე აქა ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ წარსულის ტრავმები, ომის, სისტემური დისკრიმინაციის, ანტისემიტიზმისა და რასიზმის გამოძახილი. ვლოცულობ უფრო ჯანმრთელი, ბედნი­ერი, ინკლუზიური სამყაროსთვის. წარსულმა გვასწავლა, რომ ბოროტება არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა ედრიენ ბროუდიმ "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიაზე. "კინოაკადემიის არსებობის ისტორიაში­ ორი "ოსკარის" მფლობელები იყვნენ სპენსერ ტრეისი, მარლონ ბრანდო, ჯეკ ნიკოლსონი, ენტონი ჰოპკინსი, ტომ ჰენკსი,­ შონ პენი, დასტინ ჰოფმანი. ამჯერად ამ სიას ედრიენ ბროუდი შეუერთდება" - წერდა პრესა ცერემონიამდე, ახლა კი მხურვალე მილოცვებით ეგებებიან ამერიკელ მსახიობს. "ედრიენის სახე სხვა ეპოქიდანაა. ეს არის სახე, რომელსაც ახლო კადრიდან უნდა უცქირო", - ასე დაახასიათა­ ის ბროუდის მეგობარმა სკარლეტ იოჰან­სონმა.­ თავად მსახიობი კი ამბობს: "ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, მიცნობდნენ როგორც დიდ მსახიობს, ვიდრე კარგი­ შესახედაობის მსახიობს". "პიანისტი" ცხოვრებისგან ჯილდოდ მივიღე" 1993 წელს ედრიენ ბროუდიმ ითამაშა სტივენ სოდერბერგის ფილმში "მთის მეფე" და ამით მიიქცია რეჟისორებისა და კრიტიკოსების ყურადღება. მსოფლიო წარმატება­ და პირველი "ოსკარი" კი რომან პოლანსკის "პიანისტმა" მოუტანა. როგორც ამბობს, ამ ფილმისთვის შოპენის ნაწარმოებებს დღედაღამ სწავლობდა, როლისთვის ორ კვირაში 12 კილოგრამი დაიკლო, მის რაციონს მხოლოდ 200 გრამი ქათმის ფილე და სალათის­ ფურცლები შეადგენდა. ფილმის გადაღებას უკავშირდება მისი გატეხილი ცხვირიც - "სემის­ სის­ხლიანი ზაფხულის" გადასაღებ მოედანზე­ ფინალური­ ჩხუბის დროს ცხვირი გაუტეხეს,­ თუმცა­ ოპერაცია არ გაიკეთა,­ ასეთი გარეგნობით­ უფრო გამორჩეული ვიქნები სხვა მსახიობებისგანო.­ "პიანისტის" გადაღებას ასე იხსენებს:­ "რაღაცამ უფრო დიდ გრძნობაში გადაზარდა ჩემი სიყვარული სამსახიობო ოსტატობისადმი... "პიანისტი"­ საოცარი გამოცდილება იყო, ის ცხოვრებისგან ჯილდოდ მივიღე, თუმცა მაშინ ამას ასე არ ვხედავდი, ახლა კი ვფიქრობ, რამდენი ჯილდო მხვდა წილად ახალგაზრდა ასაკში". რომანი ჯორჯინა ჩაპმანთან ბრიტანელი მსახიობი და დიზაინერი­ ჯორჯინა ჩაპმანი და ედრიენ ბროუდი 2020 წლის შემდეგ ერთად არიან. "ოსკარის"­ ცერემონიაზე ბროუდიმ განსაკუთ­რებული მადლობა გადაუხადა ჯორჯინასა­ და მის შვილებს მხარდაჭერისთვის, მანამდე კი BAFთA-ს დაჯილდოებაზე თქვა: "დიდი მადლობა ჩემს მშვენიერ, ულამაზეს ბრიტანელ­ შეყვარებულს, ის ჩემი ანგელოზია". ჯორჯინა ჩაპმანი­ ამერიკელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის მეუღლე იყო. 2021 წელს, ჰარვი ვაინშტაინთან ოფიცია­ლურ განქორწინებამდე, ის ბროუდისთან ერთად წვეულებაზე გამოჩნდა. ვაინშტაინი­ ცნობილია როგორც სექსუალურ შევი­წროებაში ბრალდებული პროდიუსერი, რომელსაც ძალადობაში 80-ზე მეტმა ქალმა დასდო ბრალი და მას 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სწორედ ვაინშტაინს უკავშირდება­ ცნობილი კამპანია - #Mეთოო, რომელიც ჰოლივუდში ძალადობის წინააღმდეგ წამოიწყეს. ვაინშტაინის დანაშაულების გახმაურების შემდეგ ჯორჯინა ჩაპმანმა მასთან განქორწინება გადაწყვიტა, 2017 წლის შემდეგ წყვილი ცალ-ცალკე ცხოვ­რობს, თუმცა განქორწინების პროცესი 2021 წელს დასრულდა. მაშინ ერთ-ერთ ინტერვიუში ჩაპმანმა თქვა: "ალბათ, საშინლად გულუბრყვილო ვიყავი. მასში ეჭვი არასდროს შემპარვია. როდესაც სექ­სუალური სკანდალის შესახებ შევიტყვე, თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი, 5 თვე სახლიდან არ გამოვსულვარ, ჭრილობები ჯერაც არ შემხორცებია". 2025 წელს ედრიენ ბროუდიმ და ჰოლი ბერიმ წითელ ხალიჩაზე 2003 წლის ვნებიანი კოცნა გაიმეორეს 2025 წლის "ოსკარის" ცერემონიაზე მეგობრების საგულშემატკივროდ მისული ჰოლი ბერი, კრისტიან სირიანოს სარკისებური კაბის გარდა, არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ვნებიანი კოცნა ოსკაროსან­ მსახიობთან. "პიანისტში" შესრულებული როლისთვის 2003 წელს ედრიენ ბროუდი პირველად ავიდა სცენაზე "ოსკარის" ასაღებად - 29 წლის მსახიობი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული კატეგორიაში "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი". ჯილდოთი გახარებულმა ბროუდიმ იმდენად ვერ მოთოკა სიხარული, რომ სცენაზე ვნებიანად აკოცა ჰოლი ბერის, რომელიც მას ჯილდოს გადასცემდა. 22 წლის შემდეგ კიდევ ერთი დაუვიწყარი მომენტი ჩაიწერა "ოსკარის" ისტორიაში - გამარჯვების მისალოცად მისულმა ჰოლი ბერიმ ამჯერად თავად აკოცა ბროუდის. მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს ის ნებართვას იღებს­ ჯორჯინა ჩაპმანისგან, რადგან მის შეყვარებულს უნდა აკოცოს. საკულტო მომენტზე, რომელიც კიდეც ერთხელ ჩაეწერა "ოსკარის" ისტორიაში როგორც გამარჯვების მისალოცი ჟესტი, ბევრი იცინა ბროუდის შეყვარებულმაც...