„საინტერესოა, მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას შემოდგომაზე არჩევნებში“
დედაქალაქის მთავარი ქუჩა ყოველდღიურად იკეტება და საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებებს ითხოვს, თუმცა არაფერი იცვლება, ოპოზიცია ისევ ვერ ახერხებს საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევას და პროცესის მართვას, ხელისუფლება კი ისევ არ იმჩნევს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების პროტესტს და ისევ აგრძელებს მათ დამუნათებას. როდემდე შეიძლება პროცესის ასე გაგრძელება, რამ შეიძლება შეიტანოს გარდატეხა ოპოზიციის ან ხელისუფლების პოზიციებში და რით შეიძლება დასრულდეს საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების მოთხოვნების უგულებელყოფა, ამის თაობაზე ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილს ვესაუბრეთ.
- ოპოზიციური ენერგეტიკა ისევ სახეზეა, ხელისუფლებაც ისევ ძველ სტილშია - ხან ოდნავ მოუმატებს რეპრესიების დონეს, ხან ოდნავ დაუკლებს. ამასთანავე, ისევ გარე მოლოდინის რეჟიმშია. რაც შეეხება ოპოზიციას, დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალებს იმ ფუნქციის შესრულება არ უნდა მოვთხოვოთ, რისთვისაც არ შექმნილან. პოლიტტექნოლოგიურად, როდესაც ესა თუ ის ძალა რაიმე მიზნით იქმნება, საბოლოოდ ყოველთვის ასრულებს თავის მისიას. ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციურ პარტიებს მცირე რესურსები და ენერგეტიკული შესაძლებლობები აქვთ. ე.ი. საპროტესტო მუხტითა და შემართებით ოპოზიციური ელექტორატი და ოპოზიციური პარტიები ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. აქ ერთი საინტერესო ფაქტორია - თუ ხელისუფლება გარე ფაქტორებზე დაყრდნობით ელოდება თავისი ბედის გარკვევას, ოპოზიცია ხელისუფლების ბედის გარკვევას ელოდება.
- ოპოზიციონერი ლიდერები მუდმივად ცდილობენ რაღაც ტიპის ერთობის შექმნას, მაგრამ არაფერი გამოსდით. სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ამაო ცდის შემდეგ ისევ ცდილობს გახდეს ოპოზიციური ფრონტის მაკოორდინირებელი ფიგურა. ამჯერად თუ გამოუვა?
- ოპოზიციონერი ლიდერები ელოდებიან სალომე ზურაბიშვილის როლის დადასტურებას დასავლეთიდან. თუ დაინახეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლური პატრონაჟის სერიოზული ობიექტია, მაშინ გაუჭირდებათ მისი ფრთის ქვეშ ინტეგრირებაზე უარის თქმა, მაგრამ თუ ეს არ დაინახეს, მაშინ არაფერიც არ მოხდება.
- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ფრანგული პროექტია და მისი კურატორი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დაარწმუნებს თუ არა მაკრონი დასავლურ სამყაროს, რომ ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი?
- დიახ, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი პრობლემა - სალომე ზურაბიშვილის პერსონა მხოლოდ რუსეთისთვის არ არის მიუღებელი, ამერიკასაც არ მოსწონდა კავკასიაში ფრანგული გავლენების გაზრდა. ამიტომ ვერ მოახერხა მაკრონმა ამერიკელებთან სალომე ზურაბიშვილის საკითხზე შეთანხმება. სხვათა შორის, ფრანგი პრეზიდენტი ამ საკითხზე ვერც გერმანიის კანცლერ შოლცის მხარდაჭერას იღებდა.
ახლა ინტრიგა იმაშია, დაითანხმებს თუ არა მაკრონი სალომე ზურაბიშვილის საკითხზე გერმანიის ახალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს. მოვლენების განვითარების სამი სხვადასხვა ვარიანტია: პირველი - სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფრანგულ პროექტად დარჩება და საინტერესო არ არის არც ამერიკელებისთვის, არც გერმანელებისთვის, არც რუსებისა და არც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ასეთ შემთხვევაში არც ოპოზიცია აღმოჩნდება მისით დაინტერესებული;
მეორე ვარიანტი - მაკრონი ახერხებს მერცის დაინტერესებას, სალომე ხდება ევროპული პროექტი და ჩნდება ფინანსებიც (ფრანგებს ფული არასდროს არა აქვთ საგარეო პოლიტიკისთვის, ცნობილი ძუნწები არიან). ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი სერიოზულ წონით კატეგორიაში გადადის;
მესამე ვარიანტი - მაკრონი ახერხებს და მერცთან ერთად ამერიკელებსაც ჩართავს საქმეში, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი მოუგერიებელი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა გახდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება მის უკან. ქართული ოპოზიციური სპექტრი სწორედ ამის გარკვევას ელოდება. ვიდრე ამ საკითხს ნათელი არ მოეფინება, ადგილიდანაც კი არ დაიძვრებიან.
- "ქართული ოცნების" ლიდერები გერმანიის ახალ კანცლერზე დიდ იმედებს ამყარებენ.
- მერცი ნაციონალისტია. შეიძლება ითქვას, ქრისტიან-დემოკრატების წამოყენებული ტრამპის გერმანული ვერსიაა. ვგულისხმობ ტრამპისა და რესპუბლიკელების განსხვავებულ მსოფლმხედველობას. არც მერცს აკავშირებს საერთო ღირებულებები ქრისტიან-დემოკრატებთან. ის გერმანელი ნაციონალისტია, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა გერმანიის რემილიტარიზაციას ნიშნავს.
მერცის მსგავსი ფიგურის წინ წამოწევა ნიშნავს იმას, რომ გერმანელ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში მომწიფდა გერმანიის რემილიტარიზაციისა და რევანშიზმის საკითხი. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მერცმა უკვე წარმოადგინა 500-მილიარდიანი გეგმა სამხედრო გადაიარაღებისთვის.
- ვიდრე გარე აქტორები სალომე ზურაბიშვილის საკითხზე შეთანხმდებიან, მაგალითად, მუშაობს დოკუმენტზე, რომელიც ოპოზიციონერ ლიდერებს კი არა, საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება. დოკუმენტურში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მოხდეს, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვალოს.
- ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, მიიღებს თუ არა ქალბატონი სალომე მონაწილეობას შემოდგომაზე არჩევნებში, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მანამდე ოპოზიციის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს. რატომ? იმიტომ, რომ მინიმალური შანსიც კი არ არის, ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებზე დათანხმდეს. შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნები ერთადერთ ინსტრუმენტად რჩება ოპოზიციისთვის.
- რა მოხდება, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერაფერზე შეთანხმდნენ, მათ შორის არც სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა ინსტრუმენტად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხელისუფლება მაინც ჩაატარებს არჩევნებს?
- ასეთ სიტუაციაში ყველა სახელისუფლებო შტო დაინგრევა. არადა, ჩვენ ამ არჩევნების საშუალებით დეესკალაცია გვჭირდება და არა შემდგომი ესკალაცია, იმიტომ, რომ შემოდგომაზე, სავარაუდოდ, ამერიკელები ზელენსკის წინააღმდეგობას გატეხენ და არჩევნებს ჩაატარებინებენ.
ეს ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება პოსტსაბჭოთა სივრცისკენ იქნება მიმართული. შესაბამისად, ფოკუსში იქნება საქართველოს არჩევნებიც. კოლოსალური აბსურდი იქნება უკრაინაში მოხდეს დეესკალაცია, საქართველოში კი ესკალაცია.
- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საქართველოში გერმანელებისა და ფრანგების ინტერესებზე, საინტერესოა ამერიკელების ინტერესებიც, მით უფრო, თუ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება.
- საქართველოს ხელისუფლება ხომ ისევ ელოდება ამერიკელებისგან კარტების გახსნას, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკო რუბიოს დანიშვნა გადაწყდა, მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემას არ აპირებდა. წარმოდგენაც კი არა მაქვს, ამ ყველაფრის შემდეგ რას ელოდება "ქართული ოცნება". ან რა ჰგონიათ, მაშინ როდესაც ამერიკა უკრაინაში არსებული სიმდიდრეების უკანასკნელ ცენტამდე მითვლას აპირებს, საქართველოს დაუთმობს რუსეთს?!
- რატომ არის გამორიცხული, მაშინ როდესაც ტრამპი ამბობს, რომ პუტინს თურმე მშვიდობა სურს და რუსეთი არც ისეთი ცუდია, როგორიც ჩანს? იქნებ ახლა რუსეთის ინტერესებსაც გაუწიონ ანგარიში?
- იმისათვის, რომ ომი დასრულდეს, ორიდან ერთი უნდა მოხდეს - ან ამერიკამ რუსეთი დაამარცხოს (რაც თეთრი სახლის ინტერესებში არ შედის ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებთ), ან დავის საგანი უნდა მოისპოს. დავის საგანი რა არის? სამეურნეო და მატერიალური სიმდიდრეები. როდესაც ამ სიმდიდრეების მეპატრონე ამერიკა გახდება, დავის საგანიც აღარ დარჩება.
სინამდვილეში ტრამპისა და რუბიოს განცხადებები გულისხმობს რუსეთისა და უკრაინის გაძარცვას. საქართველოში ძალიან მიამიტურად უყურებენ ზელენსკის როლს, არადა 5-6 ტრილიონი დოლარის იშვიათი მინერალებისა და სხვა საბადოების მეპატრონეა. საუბარია ას ტრილიონამდე ქონებაზე.
- საქართველოს საკითხს დავუბრუნდეთ. ტრამპმა ჩვენი ქვეყანა მეორე ვადით პრეზიდენტობის პერიოდში პირველად ახსენა, თანაც საინტერესო კონტექსტში: "პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი - ყირიმი, პრეზიდენტ ტრამპის დროს კი ვერაფერი მიიღეს".
- ეს გახლდათ ამერიკის კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს გაკეთებული განცხადება. შესაბამისად, ის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა, რომელსაც პრეზიდენტი წლის განმავლობაში ამბობს. ამ განცხადებაში მან სამჯერ ახსენა საქართველო და ეს შემთხვევითი არ არის. საქართველოს მოხსენიება, როგორც ქვეყნის, სადაც რუსეთი შეიჭრა, მკაფიო მინიშნებაა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრას და შემდგომ ჩამოყალიბებულ რეალობას ამერიკა კანონიერად არ ცნობს. დასკვნა ხელისუფლებამ გააკეთოს.
ხათუნა ბახტურიძე