შედგა თუ არა გარიგება ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის? - "ოპოზიციონერი ლიდერები ტელესტუდიებში სხედან და ელიან, ხონჩით როდის მიართმევენ ხელისუფლებას" - გია ხუხაშვილის შეფასება
"ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად ვერ აფასებს, საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავს და პრობლემებს სხვებში ეძებს", - ამგვარად გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ბალტიის ქვეყნები საქართველოს კანონიერი ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ. პაპუაშვილის განმარტებით, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მხრივ, შეწყდა ყველა დაფინანსება. როგორც პაპუაშვილი ამბობს, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში პირდაპირ წერია, რომ ეს თანხა გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის.
გია ხუხაშვილის აზრით, "ქართული ოცნება" უარყოფს არსებულ პრობლემებს და ცდილობს დემონურ ძალებს დააბრალოს ყველაფერი, მისივე თქმით, სწორედ ამერიკა შეიძლება აღმოჩნდეს ის ქვეყანა, რომელმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას წერტილი დაუსვას. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან უცნაური გაქრობა ამერიკას, კერძოდ, ეფ-ბი-აის უკავშირდებოდეს.
- პროტესტი გრძელდება, ხელისუფლება კი არ აპირებს პრობლემის აღიარებას და საზოგადოებასთან დიალოგს. უფრო მეტიც, ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით გადატეხოს წინააღმდეგობა, სამზარეულოებში შერეკოს პროტესტი და ამით გადაწყვიტოს საკუთარი ძალაუფლების პრობლემა, რაც მისთვის ერთადერთი ფასეულობაა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომის იგნორირება, მით უფრო გაძლიერდება ბრაზი და ხელისუფლების შეცვლის სურვილი, დასჯის მეთოდებიც უფრო სასტიკი გახდება, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფთ არასდროს აქვთ გრძელვადიანი გათვლები, ყოველთვის პრობლემების გადაჭრის ოპერატიულ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას. ჰგონიათ, სამუდამოდ იქნებიან ხელისუფლებაში და ყველა გადაცდომა და დანაშაული შერჩებათ. "ქართული ოცნება" არ არის პირველი, ვინც ასეთი ილუზიებით ცხოვრობს. მსოფლიო ისტორია აჩვენებს, რაც უფრო შორს მიდის რეჟიმი, მით უფრო მძიმე მეთოდებით ეღება ბოლო.
- თქვენი აზრით, ამ ხელისუფლების რეპრესიების შედეგია ჯერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილის, შემდეგ კი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელისა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევა? თუ სხვა ქვედინებებთანაც გვაქვს საქმე?
- ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შემიძლია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ბაჩიაშვილის საქმე განსაკუთრებულად მძიმეა "ქართული ოცნებისთვის". ბიძინა ივანიშვილმა სამმაგი დარტყმა მიიღო: ვერ ამოიღო თანხა, რომელიც უნდოდა; მაშინ, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ძალის დემონსტრირებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, გაირკვა, რომ სისტემა უუნარო და სუსტია; მესამე და ყველაზე სერიოზული პრობლემა ბიძინა ივანიშვილს მაშინ შეექმნება, როდესაც მესამე ქვეყანაში მყოფი ბაჩიაშვილი კომპრომატების გასაჯაროებას დაიწყებს. ბაჩიაშვილი, როგორც "თანაინვესტირების ფონდის" ხელმძღვანელი, ძალიან სერიოზულ ინფორმაციას ფლობს და არ არის გამორიცხული, ეს საქმე ივანიშვილისთვის მხოლოდ სანქციებით კი არა, სისხლის სამართლის დევნითაც დასრულდეს.
- თუმცა, ზოგიერთი ვერსიით, ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის გარიგება შედგა.
- გამორიცხვა ნამდვილად არაფრის არ შეიძლება, მაგრამ ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის გარიგებაში არც ლოგიკა ჩანს და არც მოტივი. რის ფასად უნდა შემდგარიყო გარიგება? ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილი ბაჩიაშვილს არ ენდობა. შესაბამისად, მათ შორის გარიგების შემთხვევაში აუცილებლად გაკეთდებოდა საჯარო განცხადება, რომ გარიგება შედგა და ბაჩიაშვილი გათავისუფლდა.
თუ ძალიან ღრმად შევალთ შეთქმულების თეორიებში და ვიტყვით, რომ ივანიშვილი ბაჩიაშვილისგან ოპოზიციონერ ლიდერს ქმნის, ეს სრული აბსურდი იქნება. ჯერ ერთი, ივანიშვილმა ასეთი თამაშები არც იცის და არც აინტერესებს. ამას გარდა, ის ისე არავის ენდობა, რომ საკუთარი კონტროლის მიღმა გაუშვას.
- მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ 24-საათიანი თვალთვალის პირობებში ადამიანის ქვეყნიდან გაპარვა?
- ჩემი ბიოგრაფიიდან საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ. 2007 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ფიგურანტი ვიყავი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში გახლდით, 24 საათის განმავლობაში ათი კაცი მითვალთვალებდა. მეთოთხმეტე სხვენზე ჭერზე ასასვლელ კარს ბოქლომიც კი დაადეს, რომ იქიდან არ გავქცეულიყავი, სახლიდან გამოსვლისას კი ესკორტით დამყვებოდნენ. იცოდნენ, რომ ათ საათზე ადრე სახლიდან არ გავდიოდი.
ერთხელ ბაზალეთზე დაიგეგმა კონფერენცია და მეც დამპატიჟეს. სახლიდან დილის 8 საათზე რომ გამოვედი, ჩემი ესკორტის მანქანები ადგილზე იყვნენ, მაგრამ მოთვალთვალეებს ეძინათ. გავაჩერე ტაქსი და წავედი. ორი დღის შემდეგ შინ რომ დავბრუნდი, გაფართოებული თვალებით შემომხედეს. ეგონათ, იმ ორი დღის განმავლობაში სახლში ვიყავი. ასე რომ, საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია და ახლა, მით უფრო.
ვფიქრობ, ბაჩიაშვილის გაყვანის ოპერაციაში უცხოური სახელმწიფოს სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართული, თუნდაც სომხეთის ტერიტორიაზე გარკვეული გარანტიების შექმნის თვალსაზრისით. შეიძლება საქართველოს საზღვარი დატოვო, მაგრამ ტრანზიტული ქვეყნიდან გასვლა რისკებთან არის დაკავშირებული.
ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ახლა ხელ-ფეხი აქვს გახსნილი და თუ აქამდე ჩუმად იყო, ახლა ბევრ რამეზე შეუძლია საუბარი. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბაჩიაშვილი ოქროს მოწმეა ბიძინა ივანიშვილის საქმეში და მალე ბევრ რამეს აეხდება ფარდა. შეიძლება საჯაროდ არ ისაუბროს, მაგრამ მისი გაყვანის ოპერაციაში მონაწილე სპეცსამსახურებს რომ მისცემს ჩვენებას, ცხადია. თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ეს სპეცსამსახურები ამერიკის ფინანსურ დაზვერვას წარმოადგენენ თუ კიდევ სხვა რომელიმე ქვეყნის.
- ალბათ, ეს იმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, ვის აძლევს ხელს ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენებები?
- ყველაზე ლოგიკურია ამერიკის ფინანსურ დაზვერვას, თუმცა სხვა ვერსიების გამორიცხვაც არ შეიძლება.
- სხვათა შორის, "ქართული ოცნების" ლიდერებსა და მხარდამჭერებს სულაც არ აქვთ ნეგატიური მოლოდინი ვაშინგტონიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპმა რუსეთთან შემრიგებლურ რიტორიკაზე დაიწყო საუბარი.
- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, "ქართული ოცნების" ლიდერებს უხარიათ ის, რაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერებს არ უნდა უხაროდეთ.
თუ ტრამპი პუტინს უკრაინის საზიანოდ გაურიგდება, ეს ჩვენთვის კარგი როგორ უნდა იყოს? დღეს ჩვენ სწორედ უკრაინის ომი გვიცავს.
ე.ი. "ქართული ოცნების" ხელისუფლება გულშემატკივრობს რუსეთ-ამერიკას შორის ისეთი ტიპის გარიგებას, რომლის შედეგადაც ჩვენ უცილობლად რუსეთის იმპერიაში აღმოვჩნდებით. როგორ შეიძლება საკუთარი მტრის, მჩაგვრელის, შენი ქვეყნის ოკუპანტის გამარჯვება გიხაროდეს?
შეიძლება უკრაინას ტრამპისგან მართლაც სერიოზული პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ოცნებასაც" არ ექნება პრობლემები. ამ კვირაში სენატში მეგობარი აქტის განხილვა იგეგმება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- როგორი განწყობებიც არ უნდა იყოს ამერიკასა და ევროპაში საქართველოს საკითხზე, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ის არის, ჩვენ როგორი დღის წესრიგის შექმნას ვახერხებთ.
- გეთანხმებით, ჩვენს შიდა ბრძოლას ნამდვილად აქვს საგარეო განზომილება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შიდა განზომილება. ე.ი. ჩვენ გვყავს საპროტესტო არმია სხვადასხვა პროფესიული თუ სოციალური ჯგუფების სახით, მაგრამ ამ არმიას სჭირდება მხედართმთავარი - პოლიტიკური ხელმძღვანელი, რომელიც პროცესს გაუძღვება. აი, ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა.
- თქვენ ამ თვალსაზრისით სალომე ზურაბიშვილის იმედი გქონდათ.
- დიახ, ახლაც ვფიქრობ, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც საპროტესტო ენერგიის კაპიტალიზაცია შეუძლია, მაგრამ რატომღაც ისიც კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს. ოპოზიციონერ ლიდერებზე აღარაფერზე ვამბობ, ტელესტუდიებში სხედან და ელიან, ხონჩით როდის მიართმევენ ხელისუფლებას. ხალხმა პროტესტის სახით შექმნა მძლავრი მანქანა, ოპოზიცია კი, რომელსაც ამ საქმეში მძღოლის ფუნქცია აქვს, იმის ნაცვლად, საჭესთან დაჯდეს, უკანა სავარძელზეა წამოწოლილი და ელოდება, მანქანა თავისით როდის წავა.
- რას იტყვით სალომე ზურაბიშვილის მიერ დოკუმენტის შექმნის მცდელობაზე, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების ისე ჩატარებას, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდეს, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვალოს. ამასთან, საუბარია ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე.
- ჩვენი ხელისუფლების უტიფრობის ხარისხზე არანაირი დოკუმენტი არ მოქმედებს. ძალას უფრო დიდი ძალა უნდა დაუპირისპირო.
- რას გულისხმობთ ძალის დაპირისპირებაში?
- პოლიტიკური გონია საჭირო. ქართველი ხალხის გმირობა გვაქვს სახეზე, ას დღეზე მეტია ქუჩაშია. ხომ ვხედავთ, საპროტესტო აქციებზე არ რეაგირებს ხელისუფლება? პროტესტის პირველ დღეებში თითქოს შეშფოთდნენ, შემდეგ აგრესია დაუპირისპირეს ხალხს. ახლა აღარც რეაგირებენ, იარეთ წინ და უკან კისერიც გიტეხიათო, გვეუბნებიან. ხელისუფლებას რეალური პრობლემები უნდა შეექმნას. კი, რაღაც დისკომფორტი აქვთ, მაგრამ ეს არ არის კრიტიკული პრობლემა. კრიტიკული რომ გახადო პროტესტი, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური გონი თავისი პიკებითა და მშვიდობიანი რადიკალიზმით. სისტემის შეჯანჯღარებაა საჭირო. მანქანის უკანა სავარძელზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია რისი შემჯანჯღარებელია? გამოსავალი ხომ უნდა მოინახოს, აბა, მხედართმთავრის გარეშე ომს როგორ მოიგებ?
ხათუნა ბახტურიძე