კრემლმა აფხაზეთში „პრეზიდენტად“ ახალი მარიონეტი დასვა
აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნები" კრემლმა მოიგო - მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა "პრეზიდენტი" გახდა. ასლან ბჟანიას გუნდი ისევ დაბრუნდა და ოკუპირებული აფხაზეთი იმ მდგომარეობას დაუბრუნდა, რაც 15 ნოემბრის გადატრიალებამდე და ბჟანიას გადაგდებამდე იყო. ბადრა გუნბას მხარი 54,7%-მა დაუჭირა, ხოლო ოპოზიციის მთავარ კანდიდატ ადგურ არძინბას - 41,54%-მა. ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე დაიწერა, რომ გუნბას გამარჯვებით "დამოუკიდებელი აფხაზეთის პროექტი დასრულდა". ახლა აფხაზეთში უკვე იმის მოლოდინია, როდის დაიწყება აპარტოტელების შესახებ კანონისა და რუსული საინვესტიციო ხელშეკრულების ხელახლა ინიცირება და დამტკიცება.
აფხაზეთში დე ფაქტო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა, სადაც კრემლის ფავორიტმა ბადრა გუნბამ ხმების 46,38% მიიღო, ადგურ არძინბამ კი 36,92%. ამ ორ მთავარ კანდიდატს შორის სხვაობა 9% იყო. ამის შემდეგ რუსეთმა გუნბას მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა. ე.წ. პირველ ტურამდე გამოგზავნილ მილიონობით ტრანშებს, დენის გრაფიკის გაუქმებას, მანდარინის რუსეთში შეტანის აღდგენას, სოხუმის აეროპორტის სახელდახელოდ გახსნას, სასწრაფო დახმარების მანქანების გამოგზავნას მოჰყვა კიდევ ბევრი ახალი რუსული საჩუქარიც: ე.წ. მეორე ტურის წინ მოსკოვმა აფხაზურ მხარეს გადასცა სასკოლო ავტობუსები და კომპიუტერები; რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი გუნბას მხარდასაჭერად აფხაზეთში ჩავიდა, ასევე რუსი ექიმების ბრიგადა მოსწავლეების შესამოწმებლად; სოჭიდან სოხუმში პირველი სატესტო რეისი შეასრულა ელექტრომატარებელმა; დაიგეგმა რუსეთის კლინიკებში მძიმე პაციენტების თვითმფრინავით გადაყვანა. იმდენად ხისტი იყო კრემლის ჩარევა, რომ დე ფაქტო ცესკო იძულებული გახდა მეორედ გაეკეთებინა განცხადება, რომ მიუღებელია "აფხაზეთის საარჩევნო კანონის" დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. პარალელურად, გაგრძელდა შავი პიარი ადგურ არძინბას წინააღმდეგ, ამჯერად არძინბას "თურქეთის აგენტად" მონათვლას დაემატა ის, რომ მისი გუნდი სომხებს გასახლებით ემუქრებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერებში დიდი ანტისომხური ისტერიკა ატყდა იმის გამო, რომ პირველ ტურში სომხებით დასახლებულ სოფლებში 90% ბადრა გუნბამ მიიღო. დე ფაქტო პროკურატურამ მუქარის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სომხების დაცვის საქმეში მოსკოვიც ჩაერთო და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მიმართ სიძულვილისა და მტრობის გაღვივების ფაქტებზე. შემდეგ არძინბას გუნდის წევრმა და დროებითმა "პრემიერმა" ვალერი ბგანბამ გაათავისუფლა უშიშროების სამსახურის უფროსი, რამაც შიდაპოლიტიკური სიტუაცია უფრო დაძაბა. დაძაბულობა მას შემდეგ ჩაცხრა, რაც გუნბასა და არძინბას შორის შეთანხმება შედგა, რომ არ დაუშვებდნენ ესკალაციას და "არჩევნების" შედეგებს აღიარებდნენ. რუსეთმა საჩუქრებს ერთი მცირე გამაფრთხილებელი სასჯელიც მოაყოლა - უეცრად მიმოზებში მავნებელი მწერი აღმოაჩინეს და ფსოუს საზღვართან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ყვავილებით დატვირთული მანქანების გრძელი რიგიც გაჩნდა. მაშინვე ითქვა, რომ თუკი გუნბა გაიმარჯვებდა, მიმოზებზე ემბარგო მოიხსნებოდა.

შტაბებიდან ერთმანეთზე ბრალდებები 1-ლ მარტს განახლდა - ე.წ. მეორე ტურის დღეს. ოპოზიციური ტელეგრამარხები ავრცელებდნენ, რომ "საარჩევნო უბნებში" მიჰქონდათ ნაკლები ბიულეტენები, ვიდრე ცესკოს ჰქონდა გაგზავნილი, ზოგან 100-200 ბიულეტენით ნაკლებიც კი. იყო ე.წ. კარუსელები; დაფიქსირდა ყალბი პირადობებითა და გარდაცვლილების პასპორტებით ხმის მიცემის შემთხვევები; პრეტენზიები ჰქონდათ დე ფაქტო ხელისუფლების მომხრეებსაც. გუნბას შტაბის ცნობით, მეორე ტურის წინაღამით გაგრის ერთ სოფელში არძინბას მხარდამჭერები მანქანებიდან ისროდნენ მოსახლეობის დასაშინებლად, რადგან ამ სოფელში "პირველ ტურში" გუნბამ დიდი უპირატესობით მოიგო, გამთენიისას კი ახალ ათონში გუნბას გუნდის დამკვირვებლების ავტომანქანებს საბურავები დაუჭრეს; რამდენიმე უბანზე არძინბას მომხრეები ცდილობდნენ ყუთების გატაცებას. "საარჩევნო უბნების" დახურვამდე ნახევარი საათით ადრე დაარბიეს გაგრის სოფელ წანდრიფშის (განთიადის) ერთ-ერთი საარჩევნო უბანი. ნიღბიანები უბანში შეცვივდნენ, სროლა ატეხეს, გადააყირავეს საარჩევნო ყუთი და ბიულეტენების ნაწილი დახიეს, შემდეგ კი მანქანებით სოხუმისკენ დაიძრნენ, სადაც მილიციასთან შეტაკება მოხდა. დე ფაქტო შს სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელების დაკავებისას მილიციის თანამშრომლებმა მიუსერის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადაკეტეს. თუმცა თავდამსხმელები არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს. ერთი მილიციელი და ერთი თავდამსხმელი დაიჭრა. თავდასხმაში დაახლოებით 20 კაცი მონაწილეობდა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მომხდარიდან მალევე, რამდენიმე სს საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციაშიც, მათ შორის ტერორიზმის მუხლითაც...
გუნბას მხარდამჭერი ტელეგრამარხების ცნობით, ნურიკ სმირი ოპოზიციის კანდიდატ ადგურ არძინბას ნათესავია. ვიდეოკადრებით ჩანს, რომ თავდასხმაში ასევე მონაწილეობდა არძინბას ბიძაშვილი ადამირ ფაჩალიაც, იგივე ფაჩახა.
შუაღამისას, სანამ დე ფაქტო ცესკო შედეგს გამოაქვეყნებდა, ბადრა გუნბამ თავი უკვე გამარჯვებულად გამოაცხადა და მილოცვების მიღებაც დაიწყო. მის შტაბში ასლან ბჟანია, დონბასში მებრძოლი ბატალიონის "პიატნაშკას" მეთაური ახრა ავიძბა და ბჟანიას დროინდელი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც გამოჩნადა, რომელსაც რუსეთის კაცად მიიჩნევენ.
არძინბამ დამარცხება აღიარა, თუმცა გუნბასთვის არ მიულოცავს. გუნბამ მილოცვები მიიღო კრემლიდანაც, მიიღო დაპირებაც, რომ "კვლავ გაგრძელდება აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკური დახმარება".

„მორჩა აფხაზების თვითნებობა, ისინი უნდა იყვნენ ან მონები, ან არ უნდა იყვნენ“
მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - თავხედობის ხარისხი წარმოუდგენელი იყო და რუსული მხარე ამას დემონსტრაციულად არ მალავდა. ამ ყველაფერს რეპრესიებიც ახლდა: რიგი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, უშუქობა, ტრანშების შეჩერება, დამუქრება, რომ თუ რუსეთისთვის არახელსაყრელი კანდიდატი გაიმარჯვებდა, მაშინ მძიმე დღეები დაუდგებოდათ აფხაზებს. რუსეთი თაფლაკვერისა და მათრახის პრინციპით მოქმედებდა. ისიც იყო ხაზგასმული, რომ გუნბას მოაქვს ის "სიკეთეები", რასაც მოსკოვი აკეთებს აფხაზეთისთვის: დაბლოკილი ტრანშების "წინასაარჩევნოდ" აღდგენა და საბიუჯეტო თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და დანამატების დარიგება, დენის აღდგენა და იაფად მიწოდება. ასევე თვითმფრინავის რეისის სასწრაფოდ დანიშვნა. თვითმფრინავის მოსკოვიდან ჩამოფრენა, გუნბას ტრაპიდან ჩამოსვლა და საზეიმო დახვედრა კომედიური ჟანრის კადრს ქმნიდა. ის თვითმფრინავი უკან ვერც გაფრინდა, იმიტომ, რომ გაფუჭდა. უამრავი რუსი მაღალჩინოსანი იყო ჩართული გუნბას გამარჯვებაში. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ისეთი დაპირებები გასცა და განცხადებები აკეთა, ლამის "აატირა" მთელი აფხაზი საზოგადოება, თუმცა ისიც მკაფიოდ ითქვა, რომ ის კანონები, რომლებიც ოპოზიციამ დაბლოკა, უნდა დამტკიცდეს, და იქვე "დააიმედეს" აფხაზები, რომ ეს მოხდება "აფხაზი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით". რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა მანქანებით აიძულეს სომეხი მოსახლეობა, რომ მოქცეულიყვნენ არა ისე, როგორც სხვა "არჩევნების" დროს, როდესაც ხმებს ყოფდნენ და ნაწილი ერთ კანდიდატს აძლევდა ხმას, ნაწილი კი მეორეს, ახლა ყველას უნდა მიეცა ხმა მოსკოვის უპირობო კანდიდატისთვის. დაახლოებით 25 000 სომეხი ამომრჩევლიდან 24 000-მა ხმა გუნბას მისცა და ამით გადაწყდა "არჩევნების" ბედიც.
- თუ გუნბა გაიტანს რუსულ კანონებს, რა მოხდება აფხაზეთში?
- ის, რომ მოსკოვი მოინდომებს საინვესტიციო შეთანხმებისა და აპარტამენტების შესახებ კანონის მიღებას. შეიძლება შეალამაზონ, მაგრამ შინაარსი იგივე დარჩება და მაინც დამტკიცდება. რუსეთმა აამუშავა რეპრესიული მანქანა, რომლის ერთ-ერთი სეგმენტი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაა. წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის დიდ ნაწილს, რომელიც შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, უცებ მასობრივად გაუუქმონ მოქალაქეობა. მოსკოვს არ უნდა ისეთი ნაბიჯები გადაიდგას, რომელიც აფხაზებს თბილისისკენ უბიძგებს, თუმცა ყველაფერს გააკეთებს, სამაგალითოდ დასაჯოს რამდენიმე ათეული კაცი იმისთვის, რომ დანარჩენები წყნარად იყვნენ. ასევე შეეცდება კულუარულად განხეთქილების შეტანასაც - მავანს რაღაც შეღავათს მისცემს, ვიღაცას თავს მოუქონავს და ა.შ. ეს ყველაფერი დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების ხელით მოხდება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ პროცესში შეიძლება გაღიზიანების ჯოხი გადატყდეს სომეხ მოსახლეობაზე. თუმცა ესეც გათვლილი აქვს მოსკოვს - სერგეი ლავროვმა თქვა, რუსეთის მოქალაქეებს ავიწროებენო, ვითომ არ იცოდა, ვისზე ლაპარაკობდა. აფხაზეთში ყველა რუსეთის მოქალაქე არ არის?! აფხაზები უაღრესად აგრესიულად არიან განწყობილი სომხების მიმართ. ეს ითქმის ოპოზიციის მხურვალე მხარდამჭერებზე და არც დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის არის ამ მხრივ დალაგებული ვითარება. როცა აპარტოტელების შესახებ კანონს მიიღებენ, ეჭვი მეპარება აფხაზებმა მოსკოვის წინააღმდეგ გაილაშქრონ, მაგრამ სომხების შევიწროება დაიწყება.
რუსეთს დიდი ხანია მობეზრდა აფხაზების პოზაში დგომა. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია და მიწას შეეხება, აფხაზები ყოველთვის ყალყზე დგებიან, როგორ გაგვიბედესო. ამიტომ მოსკოვში გადაწყვიტეს, აფხაზები იმ დონემდე დაიყვანონ, როგორც ოსები ჰყავთ დაყვანილი ცხინვალში, სადაც ხმის ამომღები არავინაა.
მოსკოვმა გასაგებად თქვა, მორჩა, დასრულდა აფხაზების თვითნებობა, ისინი უნდა იყვნენ ან მონები, ან არ უნდა იყვნენო. ამიტომ რუსეთიდან ახალ-ახალი სისხლის სამართლის საქმეებიც იქნება.
- სეპარატისტულმა აფხაზეთმა გუნბას "პრეზიდენტობით" შესაძლებელია მოჩვენებითი სუვერენიტეტიც დაკარგოს?
- დაკარგავს კვაზისახელმწიფოს ატრიბუტიკას. თუმცა აფხაზები რომ რუსებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, ფაქტია. ისინი რუსეთზე მიმაგრებული არიან, მაგრამ გამორიცხული არ არის, ინტერესები გაიფანტოს, ზოგმა თურქეთისკენ გაიხედოს, ზოგმა საქართველოსკენ, მაგრამ ეს მოხდება ინდივიდუალურად. აფხაზები სიტუაციის შეცვლას უკვე ვეღარ შეძლებენ. კრემლს გუნბაც იმისთვის სჭირდებოდა, რომ აფხაზებმა ვერ გაიხედონ ვერავისკენ. გუნბა კრემლის სრული მარიონეტია.
ეკატერინე ბასილაია