მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ვულკანების გააქტიურება?!
იტალიაში ძალზე გააქტიურებულია ვულკანი ეტნა; საბერძნეთში სანტორინის კუნძულის გუნდური მიწისძვრების გამო დედამიწა დღეში 30-ჯერ მაინც ირყევა; ამ კუნძულიდან მიწისძვრით შეშინებული 11000 კაცი გაიხიზნა და ბოლოს თურქეთში სანაპიროდან 150 მეტრით უკან დაიხია ზღვამ, სადაც უძველესი შენობა-ნაგებობების ნაშთები გამოჩნდა. მეცნიერები ყოველივე ამას საბერძნეთის მიწისძვრების გავლენას მიაწერენ. რა ხდება გეოგრაფიულად ამ ახლო ტერიტორიაზე და რამდენად შეიძლება ჩვენც იგივე, - ვულკანური ამოფრქვევები ან მიწისძვრები შეგვეხოს, მით უფრო მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორია სეისმურად აქტიურ ზონაში და იმავე გეოგრაფიულ სარტყელშია, სადაც ეს ქვეყნები არიან. ამ მოვლენებში გასარკვევად თსუ გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორს მარიამ ახალკაციშვილს მივმართეთ:
- ევროპის დღევანდელი დრამატული სეისმური მოვლენები: გააქტიურებული ვულკანი იტალიაში, დაუსრულებელი გუნდური მიწისძვრები საბერძნეთში და თურქეთში უკანდახეული ზღვა. რამდენად კავშირშია ეს ჩვენთან, რადგან საქმე გეოგრაფიულ "მეზობლებს" ეხება?
- საქართველო ტერიტორიულად ზუსტად იმავე გეოგრაფიულ სარტყელში მდებარეობს, რომელზეც იტალია ან საბერძნეთი, სადაც ასე ინტენსიურია მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევა. ამ სარტყელს ხმელთაშუა ზღვიურ სარტყელს უწოდებენ და ჩვენც მისი მკვიდრი ვართ.
- საინტერესოა და ცოტა შემაშინებელიც, რატომ არის ამ რეგიონში ასეთი აქტიური მიწისძვრები?
- იმიტომ, რომ ამ სარტყელში ერთმანეთს ხვდება დედამიწის ორი ტექტონიკური ფილა. აქ არის დედამიწის ორი, ევრაზიისა და ევროპა-არაბეთის ფილების საზღვარი. ჩვენ ამ ქვეყნებთან ერთად ამ საზღვარზე ვცხოვრობთ. ტექტონიკური ფილები მოძრაობს, დროდადრო "საზღვარზე" ერთმანეთს ეჯახებიან და წარმოქმნება მიწისძვრები ან ვულკანები. ვულკანი ამოიფრქვევა იმ შემთხვევაში, თუ შეჯახების შედეგად ფილებს შორის დარჩება ერთგვარი "ვულკანური კარი", საიდანაც ცეცხლოვან ლავას ამოდინების საშუალება ექნება. ჩვენ ამ "კარს" დედამიწის ფანჯარას ვუწოდებთ.
- "დედამიწის ფანჯარა" იდუმალი ტერმინია. თუ დედამიწის ისტორიას გადავხედავთ, საქართველოში არაერთი ვულკანური "კარი" გვქონია. შეიძლება იფიქრო, რომ საქართველო სულაც ვულკანებით იყო დაფარული.
- საქართველოში არაერთი ვულკანური ადგილია და ყველა, ერთის გარდა, ჩამქრალია. ეს ვულკანები ოდესღაც მოქმედებდა, მაგრამ ახლა მოქმედების ნიშანი არა აქვთ და ნაკლებად უნდა ველოდოთ მათ გააქტიურებას. თუმცაღა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ამაშიც ასი პროცენტით დარწმუნებული ვერ ვიქნებით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩამქრალ ვულკანს გაუღვიძია, გააჩნია, დედამიწის ტექტონიკური ფილის მოძრაობა რას გამოიწვევს. ჩამქრალი ვულკანის გარდა, გვაქვს კიდევ ერთი, მიძინებული, ახალგაზრდა ვულკანი, რომელიც გეოლოგიური ქრონოლოგიით არც ისე დიდი ხნის წინ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7500 წლის წინ ამოიფრქვა. ეს ვულკანი ყაზბეგშია და ის მიძინებულ ვულკანად ითვლება.
- საოცარია... თუმცა ისიც გასაკვირია, რომ ისტორიკოსების კვლევებით, ამ ამბიდან 100 წლის შემდეგ ამავე ტერიტორიაზე, ყაზბეგში, ცივილიზებული ხალხი ცხოვრობდა და დიდ მეურნეობას ქმნიდა.
- რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, იმიტომ, რომ დრამატული მოვლენების გარდა, ვულკანებს სარგებელიც მოაქვთ, მათი ლავა იმდენად ამდიდრებს გარემოს თუ ნიადაგს ვულკანური ნარჩენებით, რომ ძალზე ნაყოფიერ რესურსებს აძლევს ადამიანს. როდესაც ჩამქრალ ვულკანებზე ვსაუბრობთ, ისიც შემიძლია გითხრათ, რომ მთელი სამხრეთი საქართველო, ახალციხე, ახალქალაქი, ადიგენი და ა.შ. მთლიანად ვულკანური წარმოშობისაა და ისიც ვიცით, რამდენად ნაყოფიერია ეს მიწები.
- მეც ახლა მივხვდი, რომ ქვები, რომლებითაც მთელი სამცხე-ჯავახეთი შენდებოდა, სწორედ ვულკანის ამონაფრქვევია. ალბათ, იგივე იქნებოდა ისტორიულ ტაო-კლარჯეთშიც, სადაც ვულკანური ქვებით მშვენიერი ქართული ხუროთმოძღვრება შექმნეს ქართველმა საეკლესიო მოღვაწეებმა.
- დიახ, რა თქმა უნდა. ვულკანური ნარჩენები არა მხოლოდ სამშენებლო ტუფებს გვაძლევს, არამედ მთელ მრავალფეროვნებას, მათ შორის, მიწის ნაყოფიერებასაც.
- სავარაუდოდ, ქალაქი ჭიათურაც ვულკანურ წარმონაქმნზე უნდა იდგეს.
- დიახ, მხოლოდ ლოკალური ტერიტორიაა სოფელ პერევისა და გორაძირის საზღვრებში, სადაც მრავალი ვულკანური ნაშთია.
- თბილისზე რას იტყვით? როდესაც შავნაბადასთან ახალი ტრასა გაკეთდა, ჩამოიჭრა კლდეები, რომელთაც თვალნათლივ ეტყობათ ვულკანის ახალ-ახალი ამოფრქვევის ფენების ნაშთი.
- კი შავნაბადაც ვულკანური წარმოშობისაა, თუმცა იქ იყო თუ არა ვულკანური ცენტრი, არ ვიცით.
- მეცნიერთა ვარაუდით, თურქეთის ტერიტორიაზე ზღვის უკან დახევა საბერძნეთის კუნძულების გუნდური მიწისძვრების შედეგია, რაც ერთი თვეა გრძელდება. დედამიწას თუ აქვს რაიმე ბარიერი, რომელიც თუნდაც ჩვენს სეისმურად აქტიურ სარტყელში დრამატული სეისმური მოვლენებისაგან დაგვიცავს?
- სამწუხაროდ, არაფერი. როგორც ხედავთ, ჩვენთან პატარ-პატარა მიწისძვრები ხშირია. თუმცა ვულკანური ამოფრქვევები ნამდვილად არ არის ისეთი შოკის მომგვრელი, როგორიც დიდი მიწისძვრებია, იმიტომ, რომ ყველა ვულკანზე ყოველთვის მიმდინარეობს დაკვირვება და შესწავლა. ვულკანის გააქტიურების წინ ბევრი რამ იცვლება. წყლის შემადგენლობაც კი. ასე რომ, ვულკანი ასე მოულოდნელად ვერ ამოიფრქვევა, შესაბამისად, მოსახლეობაც ასწრებს თავის დაცვას.
- მადლობა ღმერთს, მე კი ნამდვილად მეშინია, სარტყლიდან რყევები არ გადმოგვედოს.
- შიში არაფერ შუაშია. სწორედ იმიტომ, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია, მისგან იდენტურსა და იმავეს, ალბათ, არ უნდა ველოდოთ, რაც სხვაგან არის, მით უფრო ვულკანის ამოფრქვევის გამო ნამდვილად არა გვაქვს აღელვების მიზეზი.