უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველი მატჩი 20 მარტს გაიმaრთება: სომხეთი-საქართველო. რამდენიმე კვირაა, სომეხთა ბანაკიდან მხოლოდ ნეგატიური (მათთვის) ამბები ისმის - გაიწელა ახალი მწვრთნელის დანიშვნის პროცესი, პრობლემები აქვს ქვეყნის მთავარ სტადიონს, ტრავმა მიიღო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა. თუმცა სახელგანთქმული ფეხბურთელი და მწვრთნელი - რევაზ ძოძუაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, საქმე არც ისე ცუდად (მათთვის!) არის და "კავკასიური დერბის" წინ, მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ყურადღების მოდუნებას ცდილობენ... - სომხებს ჩვევიათ ხოლმე ყურადღების გადასატანი სვლები: ყველგან წერენ - ბევრი პრობლემა გვაქვს, მწვრთნელი ძლივს ვიპოვეთ, საუკეთესო ფეხბურთელი დაშავდაო და სხვ. კარგა ხანია, გაურკვევლობაა მხითარიანთან დაკავშირებითაც... ეს იმისთვის კეთდება, რომ კონცენტრაცია დაგვაკარგვინონ - აქაოდა, მეტოქის ბანაკში არეულობაა და იოლად გავიმარჯვებთო... ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის ეს მეათე გუნდია, უმუშავია "ტვენტესა" და "აიაქსში", ავსტრალიურ კლუბში, საბერძნეთის ნაკრებში... როგორ შეიძლება, გამოცდილი და კარგი მწვრთნელი არ იყოს?! ასე რომ, იმის მიუხედავად, რომ სომხებზე ძლიერი ნაკრები გვყავს, პლეი-ოფის მატჩებს სრული კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ, ნაადრევად არ უნდა ჩავთვალოთ თავი გამარჯვებულად! - რატომ იყო ხოლმე სომხებთან მატჩები ასეთი პრინციპული? - საბჭოთა კავშირში ფეხბურთიც პოლიტიკის ნაწილი იყო. "კავშირი" კი ერქვა, მაგრამ რესპუბლიკების გაერთიანება არავის აწყობდა და რუსებს არასოდეს გადაუხვევიათ მართვის მთავარი პრინციპიდან - "დაყავი და იბატონე"! სპორტი ამის ნათელი მაგალითი იყო. ჰოდა, როცა ერევნის და თბილისის კლუბები თამაშობდნენ, მთელი რესპუბლიკა ფეხზე იდგა ხოლმე. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, ერევანში "არარატს" რომ მოეგო, თბილისში - "დინამოს". - "დინამოში" თამაშისას არაერთხელ ყოფილხართ "კავკასიური დერბის" მონაწილე: გამორჩეულად რომელი შეხვედრა გახსენდებათ? - თბილისის "დინამოს" მაისურით ბოლო მატჩი სწორედ ერევნის "არარატის" წინააღმდეგ ვითამაშე! ნოდარ ახალკაცმა ნახევარდაცვაში მიმიჩინა ადგილი და პერსონალური მეურვეობით ისე "ამოვკეტე" ჩემი ოპონენტი, ნამატჩევს ყველა მილოცავდა - საოცრად ითამაშე, შენი ადგილი ნახევარდაცვაში ყოფილაო... დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ ნაადრევად, 31 წლისამ დავასრულე ფეხბურთელის კარიერა, მაგრამ ბოლოს გული უკვე ისე მქონდა გაწყალებული თამაშების ჩაწყობის შემოთავაზებებით, ვიფიქრე - ვინმემ მეც არ დამაბრალოს გარიგებაში მონაწილეობა და სჯობს, კარიერა დავასრულო-მეთქი... მიშასთან და სლავასთან ძალიან ახლოს ვიყავი, სულ გვერდით ვედექი და ვიცოდი, როგორ იტანჯებოდნენ გუნდიდან წასვლის წინ. არ მინდა, მეც ასე დავიტანჯო, სჯობს, გულშემატკივარს მაღალ დონეზე მოთამაშე დავამახსოვრდე-მეთქი და... ვფიქრობ, ამ მხრივაც გამარჯვებული წამოვედი. მწვრთნელობა მაშინვე დავიწყე და ამის წყალობით, არც ფეხბურთთან განშორება გამჭირვებია და არც - ამით გამოწვეულ დეპრესიასთან ბრძოლა. - სტადიონი "რაზდანი" ერევანში 1970 წელს გაიხსნა და კარიერის დასრულებამდე, რამდენჯერმე მოასწარით სომხეთის მთავარ არენაზე თამაში. 54-ათასიანი სტადიონი დღეს ამორტიზებულია და 20 მარტის მატჩი სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 500) უნდა გაიმართოს... - "არარატის" ფეხბურთელები თბილისის "დინამოს" ყოველთვის გაორმაგებული მოტივაციით ეთამაშებოდნენ. ხელმძღვანელობა პირდაპირ ეუბნებოდა - ერთია მოსკოვის "დინამოს" დამარცხება, მაგრამ თუ თბილისელებს აჯობებთ, ჯილდოდ ავტომანქანებს მიიღებთო! რაც შეეხება 20 მარტის შეხვედრას, რადგან "რაზდანზე" ვერ გვიმასპინძლებენ, მატჩი თითქმის ოთხჯერ ნაკლები ტევადობის "ვაზგენ სარგსიანზე" გაიმართება. მასპინძლებს იმედი აქვთ, რომ პატარა, მაგრამ ბოლომდე სავსე და ხმაურიანი არენა გამარჯვებაში დაეხმარებათ. შესაძლოა, იმასაც ფიქრობენ - შესაძლოა, წავაგოთ და უკეთესი იქნება, მარცხს ცოტა მაყურებელი თუ ნახავსო (იცინის). - რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი "კოზირი" სომხეთთან მატჩებში? - თამაშს ფორმის პიკში უნდა შეხვდე! არსებობს კარგი, უკეთესი და საუკეთესო ფორმა. საუკეთესო კონდიციაში ყოფნა ნიშნავს, კონკრეტულ მატჩამდე დარჩენილი თვეები მთლიანად ფეხბურთს დაუთმო. 15 წლის განმავლობაში, ერთი მატჩი არ გამომიტოვებია. თანაც, ერთი-მეორეზე უკეთესად უნდა მეთამაშა და ამისთვის, ფეხბურთს ყველაფერს ვაძლევდი. თავში მქონდა "ჩაბეჭდილი": გინდა, კარგად ითამაშო? კარგად უნდა მოემზადო! - მარტის მატჩებს მოუთმენლად ველით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემოდგომაზე გასამართი შეხვედრები - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი! - როცა ფეხბურთელის "დოსიეში" წერია "მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე", ეს სხვა დონეს ნიშნავს, სწორედ ეს უნდა იყოს ყველა მოთამაშის მიზანი! მით უმეტეს, დღეს გაცილებით მეტი საშუალება და გზა არსებობს ამისთვის. თუ თავდაუზოგავად იშრომებ, შეგიძლია ძლიერ ევროპულ კლუბში ითამაშო და შენს ნაკრებსაც დაეხმარო დიდ ტურნირებზე მოხვედრასა და თამაშში. როცა მუნდიალზეც ითამაშებ, უკვე გაცილებით თამამად შეგიძლია თქვა, რომ ხარ "საფეხბურთო ქვეყანა". - 2024 წელს ამ გზაზე უკვე გადავდგით ერთი დიდი ნაბიჯი... - დიახ, თავი სწორედ ისეთ ტურნირებზე უნდა გამოიჩინო, სადაც მილიონობით ადამიანი გიყურებს. თუ მე, უბრალო ქუთაისელმა ბიჭმა შევძელი ეს, მით უმეტეს უნდა შეძლონ თანამედროვე ფეხბურთელებმა, რომლებსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ. ყველამ ყველაფერი უნდა შეწიროს მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ - მაშინ იქნებიან მსოფლიო დონის მოთამაშეები და გაახარებენ თავიანთ ქვეყანასაც. იმას, რაც გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს ჩვენმა ბიჭებმა, არავინ ველოდით დებიუტანტი ნაკრებისგან. გერმანელებს, მთელ ევროპას, მსოფლიოს დავანახეთ - რა საძირკველი, ტრადიციები, ნიჭი აქვს ქართულ ფეხბურთს, რა შეგვიძლია და საით მივდივართ. ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი რანგის ტურნირსაც გავუსინჯოთ გემო... მას შემდეგ, რაც ქართველმა ფეხბურთელებმა ნახეს, რამხელა პატივი, სიამაყე, გამოცდილებაა კონტინენტის პირველობაზე თამაში, კიდევ უფრო მეტად მოინდომებენ, რომ უფრო დიდი მასშტაბის ტურნირებზე თამაშიც დაიმსახურონ. ამის მიღწევა სულაც არ არის შეუძლებელი, თუ მოინდომებს და იშრომებს ყველა ჩვენთაგანი - ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაცია თუ გულშემატკივარი. არც ის დაგვავიწყდეს, რომ წარმატებას "ვარსკვლავური ავადმყოფობაც" მოსდევს ხოლმე, ამისგან ბრაზილიაც კი არ არის დაზღვეული! ჰოდა, პრევენციისთვის, აქედანვე უნდა ვიყოთ ყურადღებით, ყველა გავაფრთხილოთ: ბიჭებო, წარმატებას "გვერდითი ეფექტებიც" ახლავს ხოლმე (განსაკუთრებით ახალგაზრდულ ასაკში), ამიტომ, გვახსოვდეს რომ წარმატების გასაღები მხოლოდ ესაა: შრომა, დისციპლინა, ყოველ მატჩში ბოლომდე დახარჯვა! თანამედროვე ფეხბურთი, ლამის ყოველ კვირაში 2-3 მატჩს ნიშნავს. ამას მოჰყვა ის ცვლილებაც, რომ მწვრთნელებს შეხვედრის მსვლელობისაც 5-6 მოთამაშის შეცვლის უფლება აქვთ. არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ, ფეხბურთელების შეცვლის წესი კალათბურთისას დაემსგავსოს. დღეს, როცა მეტი თამაში გაქვს, მეტი ვარჯიში, მობილიზება, დასვენება, აღდგენა გჭირდება, გართობისთვის ნაკლები დრო და ენერგია გრჩება. ვინც ამ გზას წაჰყვება, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, თორემ როცა აურია, მარადონაც "გაფუჭდა". მინდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს შევახსენო, რომ ევროპისა თუ მსოფლიოს პირველობებზე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გვითამაშია და ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გააგრძელონ. არ დაივიწყონ, რომ შრომას, დისციპლინას, თავდაუზოგავ ბრძოლას შედეგი ყოველთვის მოაქვს. მეც ბევრი რამ ვისწავლე გივი ჩოხელის, მურთაზ ხურცილავას, გურამ ცხოვრებოვის, იუზა ლოსაბერიძისგან თუ სხვა ნიჭიერი და გამოცდილი მცველებისგან. ანდრო ჟორდანიას, იაკუშინის, კაჩალინის გაკვეთილებთან ერთად, შევკრიბე ეს ცოდნა და თქვენ გაძლევთ! 15 აპრილს 80 წლის ვხდები, ფიზიკურად გამიჭირდება მწვრთნელად მუშაობა, მაგრამ თეორია კარგად ვიცი და მინდა, სხვებსაც გავუზიარო... ფეხბურთში თეორიული ცოდნა აუცილებელია, ფეხბურთი თეორიით იწყება! ძლიერ სპეციალისტებთან მუშაობა ფეხბურთელისთვის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ თამაშის დროსაც ეხმარება და ახალ პერსპექტივას უჩენს კარიერის დასრულების შემდეგაც. - ვილი სანიოლზე რას იტყვით? - მადლობა იმისთვის, რაც მან საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთა. კი, დღეს კარგი ხარ, მაგრამ მომავალი თამაში უკეთესი უნდა იყოს... ვილი სანიოლმა ისე "ტექნიკურად შემოგვაპარა" კარგი მატჩები, ამ კაცმა უნდა შეძლოს საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა. მე იმდენი კარგი მწვრთნელის ხელში გამომივლია, იმდენი კარგი სპეციალისტი გვყავდა, მათი გამოცდილება არ დაიკარგება, მათი გზა აუცილებლად გაგრძელდება. გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი პლუსი... - რას გულისხმობთ? - იმას, რომ ფეხბურთელმა მამებმა გაზარდეს მათზე მაგარი ფეხბურთელი შვილები! ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ ამჯერად ხვიჩას მამაზე ვიტყვი: როცა ბადრი კვარაცხელია ჩემთან, თბილისის "დინამოში"“ მოვიდა, იცით, რა გუნდი მყავდა?! არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, შელია და სხვ. საგონებელში ჩავვარდი - სად უნდა ვათამაშო ეს ახალი ფეხბურთელი? არადა, ცენტრფორვარდია... მეგონა, გამოსავალი ვიპოვე - ხან მარცხენა ნახევარმცველად ვათამაშე (ბადრიც მემარცხენე იყო), ხან - მარცხენა მცველად, მაგრამ უარესი თავსატეხი გამიჩინა - .ყველა პოზიციიდან გაჰქონდა გოლები! ხვიჩას მსგავსად, მასაც სხვადასხვა პოზიციაზე შედეგიანად შეეძლო თამაში... მერე, ჩვენი გუნდი დაიშალა, ბადრი კი, საბოლოოდ აზერბაიჯანში წავიდა და იქ მაღალ დონეზე თამაშობდა ცენტრფორვარდის ამპლუაში - ძალიან ნიჭიერი იყო... წლებია, ბადრის და მურთაზ შელიას ოჯახები მეგობრობენ და ხვიჩა ორი ფეხბურთელის გარემოცვაში იზრდებოდა, რაც დიდი იღბალი და შესაძლებლობაა. - კვარა ვახსენეთ და... სიამოვნებით მოვისმენ მისი ნიჭისა და თამაშის თქვენეულ შეფასებას: - ხვიჩას და სხვა ნიჭიერი ქართველების გამოჩენა შემთხვევითი არ არის - ეს იმ ფესვების, გენის, ტრადიციების გაგრძელებაა, რომელსაც ბორია პაიჭაძემ, მიშა მესხმა, სლავა მეტრეველმა, გივი ჩოხელმა, სხვა დიდებულმა ფეხბურთელებმა ჩაუყარეს საფუძველი, მერე, მამა - ბადრი კვარაცხელიაც ჩაერთო ამ საქმეში და დღეს ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია... ჩემს თვალწინ უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდას გაუვლია და ამ თემაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია: დიდი ნიჭი ზოგჯერ, ხელისშემშლელიც არის ხოლმე - ახალგაზრდა მოთამაშეს ჰგონია, რომ უკვე ყველაფერი იცის და შეუძლია... მაგრამ ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი, მისი წარმატების ლამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ საოცარი ტექნიკისა და მოედნის ხედვის გარდა, ძალიან კარგად ესმის თამაში! იცის, როდის რა გააკეთოს. მაგალითად, როცა მიშა მესხი მიიღებდა ბურთს, პასს არ იძლეოდა, სანამ 5-6 მეტოქეს არ მოატყუებდა! შეეძლო და ატყუებდა! აი, კვარა კი... როცა ბურთს აწვდიან, მიღებისთანავე აძლევს თანაგუნდელს და მცველს პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებს, მოტყუების ნაცვლად პასს აკეთებს. მეორეთაც ასე იქცევა და როცა მცველი მომდევნო ჯერზეც იმავეს ელის, ხვიჩა ფინტებით თავბრუს ახვევს და საჯარიმოში შედის, ან სახიფათო გადაცემას აკეთებს... მიშა მესხის, ქინქლაძის, სხვა ინდივიდუალისტების მხრიდან, რაც შეიძლება მეტი მეტოქის მოტყუების მცდელობას ვხედავდით, ხვიჩამ კი, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ტექნიკურია, სიახლე შემოიტანა თამაშში, მას ისეთი საფეხბურთო სიბრძნე აქვს, მხოლოდ რჩეულებს რომ დააბერტყავს ხოლმე ღმერთი... ამ ყველაფრის მიუხედავად, იცით, რამდენი ტანჯვაა კვარაცხელიობა, მესხობა, ხურცილავობა? უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობაა, შენი ცხოვრებით არ ცხოვრობ, სულ თვითმფრინავში ხარ, სულ შეკრებაზე, თამაშზე, მიტოვებული გყავს ცოლ-შვილი, მშობლები... ამის გაძლებაში მთელმა ოჯახმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და მიხარია, რომ ხვიჩას ყველანაირად უწყობენ ხელს...