"ტრამპმა ზელენსკის "ურო დაარტყა": დაიწყო ყველაზე რთული ეტაპი. მოუწევს თუ არა იგივე რუსეთსაც?" - რას წერს The Washington Post-ი
აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, დევიდ იგნატიუსის სტატია სათაურით - „ტრამპმა ზელენსკის „ურო დაარტყა“: დაიწყო ყველაზე რთული ეტაპი. მოუწევს თუ არა იგივე რუსეთსაც?“ სტატიაში სამშვიდობო მოლაპარაკებასთან დაკავშირებული დიპლომატიური მომენტებია განხილული. „თუ დონალდ ტრამპს მართლაც სურს, მშვიდობას მიაღწიოს, მაშინ მან მათრახიც და თაფლაკვერიც ორივე მხრის მიმართ უნდა გამოიყენოს, განსაკუთრებით მათრახი - რუსეთის წინააღმდეგ“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დიპლომატიისადმი თავისი ხისტი მიდგომით უკვე მიაღწია იმას, რომ უკრაინა თითქმის დასვა მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა მას სჭირდება ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავის სტატუსს - მშვიდობისმყოფელის რენომეს დაკარგავს.
კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპსაც თავისი უნდა მიეზღოს: იგი მართალია იმაში, რომ დროა, დამთავრდეს ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში; იგი, ასევე, მართალია იმაშიც, რომ შეერთებულ შტატებს აუცილებლად სჭირდება ურთიერთობის აღდგენა კრემლთან - ეფექტიანი შუამავლობისათვის. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, ტრამპს ექსპრომტებიც უყვარს. დევიდ იგნატიუსი წერს, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი თანამებრძოლის თქმით, ტრამპის საგარეო პოლიტიკა ჯაზს ჰგავს - ფორმა თავისუფალია, სტრუქტურა არ აქვს, მაგრამ რასაც ტრამპს ნამდვილად ვერ წაართმევ, ეს მუდმივი იმპროვიზაციაა. მას შეუძლია, ბევრი სიცოცხლე გადაარჩინოს ომში დაღუპვისაგან, მაგრამ, ასევე, შეუძლია ისე გააკეთოს, რომ კიდევ უფრო მეტი რუსი და უკრაინელი დაიხოცოსო.
ამ მოლაპარაკებებს საფუძვლად უდევს ერთი პარადოქსი: მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ზეწოლის გამო ზელენსკი უკმაყოფილოა, მას უკიდურესად სჭირდება ზავის დადება: უკრაინის არმია დაიღალა, გამოფიტულია და უახლოეს ექვს თვეში შეიძლება ბრძოლის უნარი საერთოდ დაკარგოს. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, იგი, მართალია, მხარს უჭერს ტრამპის სურვილს ზავის დადებაზე, მაგრამ პრინციპში, ისეთი დაზავება არ სჭირდება, რომელიც გამარჯვებას არ მოუტანს.
აქტუალური დიპლომატიური დღის წესრიგი კარგად შეაფასა ტრამპის წარმომადგენელმა კიტ კელოგმა: „ის, რასაც ახლა ხედავთ, არის გადაუდებელი ღონისძიებები, მიმართული იმისკენ, რომ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს, სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად შეიძლება გამოყენებული იქნას ზეწოლაც და სტიმულიც - მათრახიც და თაფლაკვერიც“, - განაცხადა მან გასულ კვირას საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში გამოსვლისას.
ბოლო დროს, ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ მათრახი ხვდებოდა: ამას წინათ, დონალდ ტრამპმა მას ისეთი "გაცოცხვა" მოუწყო (სიტყვიერად დაარტყა), რომ უკრაინელ ლიდერს დიდხანს არ დაავიწყდება. მართალია, სანახავად მაინცდამაინც სასიამოვნო სცენა არ იყო, მაგრამ შედეგი გამოიღო - იგი დათმობაზე წავიდა. სულ მალე ზელენსკიმ ტრამპს შეატყობინა, რომ მზადაა, ხელი მოაწეროს მინერალებით სარგებლობის ხელშეკრულებას, აგრეთვე, თანხმობა განაცხადა რუსეთზე საჰაერო და საზღვაო შეტევების შეწყვეტაზე, თუ მოსკოვიც თანახმა იქნება. უკრაინის ლიდერმა დასანანი უწოდა თეთრ სახლში მომხდარ ინციდენტს და ხაზი გაუსვა, რომ მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება.
უკრაინა გასაგებია, მაგრამ როგორ არის საქმე ვლადიმერ პუტინთან მიმართებით? 12 თებერვლის სატელეფონო ზარის შემდეგ პუტინსა და მის გარემოცვას სიხარული დაეუფლა: „ჩვენ მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებაზე მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთმა და აშშ-მა ერ-რიადში დიპლომატიური „გადატვირთვა“ დაიწყეს. კრემლმა აშშ-ში რუსეთის ელჩად გამოცდილი დიპლომატი ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა, რომელსაც ამერიკელი ჩინოვნიკებიც დადებითად აფასებენ.
ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპი მთელი თვე თაფლაკვერს აჭმევდა, მაგრამ გასულ კვირას კრემლმა მოულოდნელად გულმოცემულად დაიწყო ლაპარაკი: საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინადადებებმა, უკრაინაში „შემაკავებელი ძალების“ შეყვანაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ, სერგეი ლავროვის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია: „ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ და არ მოვითმენთ ასეთ მოქმედებას... ევროპული ჯარების ყოფნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში ნატოს ქვეყნების ოფიციალურ და ღია მონაწილეობას ნიშნავს“, - განაცხადა მან.
თუ დონალდ ტრამპი არ გეგმავს, რომ მოსკოვს მთლიანად მიეყიდოს (რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის შეიძლება), მაშინ მისთვის ყველაზე საუკეთესო დრო დგება, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მოლაპარაკება ცალ კარში თამაშს არ დაემსგავსოს. კიტ კელოგმა 6 მარტს, როგორც ჩანს, სავარაუდო ვერსია გააჟღერა: „ადმინისტრაცია აგრესიულ კამპანიას ახორციელებს, რუსებზე ზეწოლის მიზნით“ ანუ ამოცანა არა ახალი სანქციების დაწესებაა, არამედ, უკვე შემოღებულის შესრულების უზრუნველყოფა.
კიტ კელოგის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკვე წარმოადგინა იმ პუნქტების სია, რომელთა განხილვა მას მოლაპარაკებაზე სურს. ეს იმას მოასწავებს, რომ ახლა ზელენსკიმაც იგივე უნდა გააკეთოს, ტრამპი კი მათი უთანხმოების შერბილება-განეიტრალებას შეეცდება. ვუსურვოთ მას წარმატება! ჰენრი კისინჯერსაც კი ძალიან გაუჭირდებოდა ასეთ სიტუაციაში შუამავლობა, დონალდ ტრამპს კი, რბილად რომ ვთქვათ, კისინჯერამდე ბევრი უკლია.
ტრამპის უხეში მიდგომა ზელენსკის მიმართ საზარლად გამოიყურება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის დაზარალებული უკრაინა რუსეთის თავდასხმით, სამი წლის განმავლობაში. კიევზე სერიოზული ზეწოლა ჯერ კიდევ გასულ თვეში დაიწყო, როცა ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი კიევში ჩავიდა და ზელენსკის ხელმოწერა მოსთხოვა მინერალების სასწრაფოდ შედგენილ ხელშეკრულების პროექტზე, რომელიც უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის თითქმის ნახევრის აშშ-სათვის გადაცემას ითვალისწინებდა. რას მიიღებს სანაცვლოდ უკრაინა, დღემდე გაურკვეველია.
როგორც ერთ-ერთი წყარომ შემატყობინა, ზელენსკის გარემოცვიდან, უკრაინის პრეზიდენტის თეთრ სახლში ვიზიტის წინ, ერთი კვირით ადრე, ტრამპის ადმინისტრაცია გუნდურად გაიძახოდა: „მოაწერეთ! მოაწერეთ!“. ამერიკელები იმუქრებოდნენ, რომ თუ ზელენსკი ხელს არ მოაწერდა დოკუმენტს, მაშინ უკრაინული კორუფციის სკანდალურ ფაქტებს მთელ მსოფლიოს მოსდებდნენ. როგორც ირკვევა, თეთრი სახლი ზელენსკის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს - ვალერი ზალუჟნისაც კი დაუკავშირდა, ყოფილ მთავარსარდალს, ახლა კი - ელჩს დიდ ბრიტანეთში... ზეწოლის საჯარო კამპანიის კულმინაცია კი დონალდ ტრამპის მრისხანე ტირადა გახდა, ოვალურ კაბინეტში.
მაგრამ ტრამპის გაბრაზება რომ გვერდზე გადავდოთ, ყველაზე უარესი იცით, რა არის? რა და უკრაინისათვის [თანამგზავრული] სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეჩერება. კიევს იარაღი ასე თუ ისე ჯერ კიდევ აქვს, შეუძლია ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეჩერება იმას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიას შესაძლებლობა აღარ ექნება, დიდი სიზუსტით გაანადგუროს რუსული არმიის სამიზნეები.
უკრაინის საუკეთესო კოზირია ის „საღი აზრი“, რომელზეც ბოლო დროს დონალდ ტრამპი ხშირად ლაპარაკობს. სამშვიდობო შეთანხმება, რომელშიც არ იქნება ასახული უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები, დიდი ალბათობით, ტრამპის თვალწინ ჩაიშლება. იგი თავის პირად ავღანეთს მიიღებს.
კიევზე ზეწოლა საკმაოდ იოლი საქმე იყო. თუ დონალდ ტრამპს უკრაინაში მშვიდობის დამყარება უნდა, მისი ყველაზე რთული ფაზა მხოლოდ ახლა იწყება.
მოამზადა სიმონ კილაძემ