ქართული გენის ზეიმი დიდ სცენაზე - დათო კენჭიაშვილის კონცერტმა ფილარმონიაში სრული ანშლაგით ჩაიარა - კვირის პალიტრა

ქართული გენის ზეიმი დიდ სცენაზე - დათო კენჭიაშვილის კონცერტმა ფილარმონიაში სრული ანშლაგით ჩაიარა

თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 7 მარტს გამართული კონცერტი დაუვიწყარ მოვლენად იქცა. „დედა ღვთისაა“ – ასე ერქვა საღამოს, რომელიც ქართველების უსაყვარლესი მომღერლის, დათო კენჭიაშვილის შემოქმედებას, მის დედას და ყველა იმ დედას ეძღვნებოდა, ვინც ამ დღეს დარბაზში შეიკრიბა.

ამ დღეს ქართული გენი და კულტურა ზეიმობდა – დარბაზში არ დარჩენილა თავისუფალი ადგილი, ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა. ქართული ჰანგებისა და „საქართველოს ბულბულის“ სიყვარულმა საზღვრები გაარღვია – დაღესტნიდან, ინგუშეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ევროპიდან, ემიგრაციიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სტუმრები დიდ საკონცერტო დარბაზში გაერთიანდნენ.

476662658-1164539751330921-7573119897118687051-n-1741596445.jpg

კონცერტი, რომელიც ტრადიციულად, ყოველ 7 მარტს იმართება, დათო კენჭიაშვილის დედის ხსოვნის პატივსაცემად ტარდება. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ პირადი ისტორია – ეს კონცერტი ყველა დედას ეძღვნება.

საათნახევრიანი პროგრამა, 16 შესრულებული სიმღერა, მათ შორის როგორც ძველი, ტრადიციული მელოდიები, ასევე ფოლკლორულ მოტივებზე შექმნილი ახალი კომპოზიციები - ეს იყო მუსიკის, ფოლკლორისა და ქართული გენის ზეიმი.

განსაკუთრებული მომენტი იყო მომღერლის დის, მუსიკოსის, თათია კენჭიაშვილის გამოსვლაც, რომელმაც სიმღერა დედას მიუძღვნა.

481718967-1169797767866850-7199690579607372167-n-1741596445.jpg

სცენაზე დათო კენჭიაშვილთან ერთად მისი ბენდის წევრები, სტუდიის მოსწავლეები ანსამბლი „თაობა“ და მუსიკოსები წარდგნენ, რამაც კონცერტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

ქართული ხალხური მუსიკის უნიკალური ხმოვანება ნაციონალურ ინსტრუმენტებთან ერთად გაცოცხლდა, ხოლო თითოეული სიმღერა მსმენელისთვის ემოციურ მოგზაურობად იქცა. დარბაზში შეკრებილმა მსმენელმა დათო კენჭიაშვილის მუსიკას საოცარი ენერგიით უპასუხა – ოვაციები არ წყდებოდა.

482671594-3255707387902247-9199755369734099720-n-1741596445.jpg

„განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც გრძელი გზა გამოიარა, რომ ამ დღეს ჩემთან ერთად ყოფილიყო – კავკასიიდან, ევროპიდან, ემიგრაციიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ეს კონცერტი კიდევ უფრო ემოციური გახადეს. მე ჩემს ქვეყანაში ამდენი ხალხი ჩემს კონცერტზე ჯერ არ მინახავს. მადლობა ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს – ეს ყველაფერი თქვენი სიყვარულის და ერთობის შედეგია. ეს ერთგვარი გამარჯვებაა – საკუთარ ქვეყანაში მიღებული ასეთი ემოცია და ოვაციები, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. უდიდესი ბედნიერებაა, როცა შენი ხალხი ასე გულწრფელად გიზიარებს სიყვარულს.“ - დათო კენჭიაშვილი

482983077-1738951566834844-2139711080389837050-n-1741596445.jpg

„დედა ღვთისაა“ კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ დათო კენჭიაშვილის ხელოვნება ქართველებისთვის მხოლოდ მუსიკა არ არის – ეს ქართული სულის გამოხატულებაა. დასტური იმისა, რომ ქართული სიმღერა კვლავაც აერთიანებს, ათბობს და აძლიერებს ყველას, ვისაც საკუთარი ფესვები არ ავიწყდება.