მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილ ქონებას დადებული ყადაღა მოხსნა - ადვოკატი ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ზიანის ანაზღაურების მიზნით ბაჩიაშვილთან სამოქალაქო დავას დაიწყებს - კვირის პალიტრა

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილ ქონებას დადებული ყადაღა მოხსნა - ადვოკატი ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ზიანის ანაზღაურების მიზნით ბაჩიაშვილთან სამოქალაქო დავას დაიწყებს

მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე. ასეთ დროს მოსამართლე ვალდებულია, [დაყადაღებული] ქონება მიაქციოს სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც არ გააკეთა. დასკვნითი სიტყვის დროსაც გავაჟღერე ჩემი ეჭვები, რომ ეს საქმე გამოყენებული იქნებოდა შემდეგ სამოქალაქო დავის დასაწყებად, ალბათ, ეს ასეც იქნება, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

დღეს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბაჩიაშვილის კუთვნილ ქონებას დადებული ყადაღა მოხსნა. ადვოკატი ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ზიანის ანაზღაურების მიზნით ბაჩიაშვილთან სამოქალაქო დავას დაიწყებს.

„ძალიან მოულოდნელი იყო-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თუმცა, წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, სადაც დეტალურად განვიხილეთ გამოძიების და სასამართლო განხილვის ყველა ხარვეზი, ასევე მოწმეთა ჩვენებების შეუსაბამობა, ცხადია, ამ ფორმით ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი. რაც შეეხება დასაბუთების ნაწილს და იმას, რაც მოსამართლემ აღნიშნა - აქცენტი გაამახვილა ჩანაწერზე, რომელზეც პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ ავთენტური იყო და ფაქტობრივად, აღიარა, რომ მონტაჟი არ არის, მაშინ გაურკვეველია, რატომ შეაფასა სამხარაულმა, რომ ეს დამონტაჟებული იყო. გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე და ასეთ დროს, მოსამართლეს არ აქვს არჩევანის უფლება, ვალდებულია, ქონება მიაქციოს სახელმწიფოს საკუთრებაში ავტომატურ რეჟიმში, ქონება არ გადასცა. მე მეგონა, გამომრჩა და დავაზუსტებინე, ქონება არ გადამიციაო. ანუ ეს რას ნიშნავს? რაც დასკვნითი სიტყვის დროს გავაჟღერე ჩემი ეჭვები, რომ ეს საქმე გამოყენებული იქნებოდა შემდეგ სამოქალაქო დავის დასაწყებად, ალბათ, ეს ასეც იქნება.

დღეს ეს ვარაუდია, მაგრამ ხვალ, ან ზეგ ამაში ჩვენ ყველანი ერთად დავრწმუნდებით. სავარაუდოდ, ზიანის ანაზღაურების ნაწილში წავა ეს დავა.

გიორგი ბაჩიაშვილი ნამდვილად უდანაშაულოა. ამას ვაცხადებ არამხოლოდ იმიტომ, რომ მისი ადვოკატი ვარ, არამედ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შესაბამისად, ეს ბრძოლის მხოლოდ ერთი ეტაპია ამ სასამართლოში, თან ერთ საქმეზე, ყველგან, ყველა სფეროში, მათ შორის, სამოქალაქო კუთხით თუ გახდება საჭირო, სტრასბურგის სასამართლოშიც ჩვენ ვიდავებთ, რომ დადასტურდეს ბაჩიაშვილის უდანაშაულობა“, - განაცხადა მახარაშვილმა.

გაასაჩივრებენ თუ არა ისინი საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ეს ჯერ უცნობია.

„ვინაიდან საქმის განხილვის ბოლო ეტაპი, ფაქტობრივად, დაუსწრებლად მოხდა, ორგვარი რეგულაციაა გასაჩივრების. პირველი, შემიძლია მე გავასაჩივრო ბაჩიაშვილის თანხმობით დღეიდან ერთი თვის ვადაში. მეორე, თვითონ ბრალდებულს შეუძლია გაასაჩივროს ნებისმიერ დროს, მას შემდეგ, რაც ის ამ გადაწყვეტილებას ჩაიბარებს. ამასთან დაკავშირებით მას დეტალები უნდა ავუხსნა და ჩამოვყალიბდეთ“, - განაცხადა მახარაშვილმა.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 - 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.