„კვირის პალიტრის“ პროექტის - „გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნული არქივის შენობაში, „კვირის პალიტრის“ პროექტის - „გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, 2005 და 2010 წლების შემდეგ, დღეს კიდევ ერთხელ გაიხსნა სპეციალური სკივრი და ადრესატები 25 წლის შემდეგ, 2000 წელს მათთვის გაგზავნილ წერილებს მიიღებენ.
როგორც „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორის ყოფილმა მოადგილემ, ნუცა დუმბაძემ აღნიშნა, ეს ძალიან საამაყო პროექტია და სკივრში მთელი საქართველოდან გაგზავნილი წერილებია მოთავსებული.
„ძალიან ემოციური დღე იყო. ბედნიერი არის ის, ვინც მოვა და წერილს წაიღებს. ეს წერილები არის მთელი საქართველოდან, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებიდანაც. ეს გზავნილები მთლიანად შლის იმ ეპოქის სურათს, რაც მაშინ იყო. ამ პროექტით ძალიან ვამაყობთ“, - აღნიშნა ნუცა დუმბაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის განცხადებით კი, ეროვნული არქივი 25 წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს „კვირის პალიტრასთან“, პროექტის ფარგლებში მოქალაქეების მიერ დაწერილი გზავნილები ეროვნული არქივის საცავში 2000 წლიდან ინახება.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 25 წელია ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობს „კვირის პალიტრასთან“. მათი ინიციატივით დაწყებული ძალიან საინტერესო პროექტის ფარგლებში, მოქალაქეების მიერ გაგზავნილი წერილები ეროვნული არქივის საცავში 2000 წლიდან ინახება. იმედი გვაქვს, რომ სკივრი 2050 წელს ასევე ეროვნულ არქივში გაიხსნება. ამ ყველაფერს კი უკვე მომდევნო თაობები გააკეთებენ. აღნიშნულ პროექტს წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა თეონა იაშვილმა.
პროექტის შესახებ ისაუბრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, მარიკა დარჩიამ.
„პროექტი 2000 წელს შეიქმნა, მაშინ, როდესაც საუკუნეების გასაყარი იყო. წერილები საინტერესო ისტორიებს ინახავს. გზავნილებია საქართველოს მომავალი თაობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ადრესატებს დაუვიწყარი ემოცები ელით“, - აღნიშნა დარჩიამ.
პროექტი 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელსაც ადრესატი, წერილის ავტორის სურვილისამებრ, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა და მიიღებს. წერილები მოთავსდა სპეციალურ სკივრში, დაილუქა და შესანახად მიებარა ეროვნულ არქივს. პროექტის „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში სკივრი უკვე გაიხსნა 2005 და 2010 წლებში, ადრესატებს წარსულიდან მიწერილი წერილები გადაეცათ. ამჯერად ადრესატები მიიღებენ წერილებს, რომლებიც მათ 25 წლის წინ გაუგზავნეს. წერილების გამგზავნებისა და ადრესატების ვინაობა გამოქვეყნდება 10 მარტიდან ვებგვერდზე www.kvirispalitra.ge., ასევე სრულია სია შეგიძლიახილოთ „კვირის პალიტრის“ 17 მარტის ნომერში.
მოქალაქეები წერილების მიღებას შეძლებენ შემდეგ მისამართზე - თბილისი, თ. იოსებიძის ქუჩა #49 („ბიბლუსის“ მაღაზიასთან დაგხვდებათ მიმანიშნებელი სტიკერი).
გზავნილების მიღების შესაძლებლობა იქნება 11 მარტიდან, ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ღონისძიების შემდეგ სკივრი ისევ დაილუქა, რომელიც 2050 წელს გაიხსნება.